„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

14.03.2026. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული.
შაბათი. მარხვა
ღირსისა მოწამისა ევდოკიასი (დაახ. 160-170); მოწამეთა ნესტორისა და ტრივიმისა (III); მოწამისა ანტონინასი (III-IV); მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა (დაახ. 450-460).
დღის ლოცვები
ღუაწლთა შინა შენთა კეთილად იღუაწე და შემდგომად სიკუდილისა განგვწმედ ჩუენ სასწაულთა აღმოცენებითა, ყოვლადქებულო, სარწმუნოებით მოლტოლვილთა საღმრთოსა მიმართ ტაძრისა შენისა, ვინა მედღესასწაულენი შენნი გევედრებით შენ, ღირსო მოწამეო ევდოკია, რაითა ვიხსნნეთ სულიერთა და მადლი სასწაულთა აღმოვივსოთ.
ლოცვა მიცვალებულთათვის
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა (სახელები), სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
მიცვალებულთა ხსენება. ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.
ლიტ.: ებრ. 10: 32-38 (დას. 325). მკ. 2: 14-17 (დას. 8).
მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17 (დას. 270). ინ. 5: 24-30 (დას. 16).
ლიტ.: ებრ. 10: 32-38
32. გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი; 33. როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ. 34. ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში. 35. მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის. 36. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. 37. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი. 38. მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული.
ლიტ.: მკ. 2: 14-17
14. გზად მიმავაღმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა. 15. ხოლო როცა ინახად იჯდა მის სახლში, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად, ვინაიდან მრავალნი იყვნენ და მისდევდნენ მას. 16. როცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაინახეს, რომ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად? 17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17
13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. 14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. 15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. 16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. 17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.
მიცვ.: ინ. 5: 24-30
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსმოწამე ევდოკია (+160-170)
ღირსმოწამე ევდოკია (+160-170) იყო სამარიტელი, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში.ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოდვილთა სამსჯავროს შეახსენებს. ქალის გულს ღვთის მადლი მიეხალა და იგრძნო, რომ ცოდვები მძიმე ტვირთად აწვა მის სულს.
კათაკმევლად დადგინებისა და გამოცდის შემდეგ ილიოპოლისის ეპისკოპოსმა თეოდოტიმ ევდოკია მონათლა. ახალნათელღებულმა მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მონასტერს მიაშურა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა.
ერთხელ, როცა ღირსი დედა უკვე მონასტრის წინამძღვარი იყო, ახალგაზრდა წარმართი, ფილოსტრატე, ბერის შესამოსელით შეიპარა მონასტერში და შეეცადა იგი ილიოპოლისში გაეტყუებინა ძველი ცხოვრებისაკენ მისაბრუნებლად. „ღმერთმან შურისგებისამან შეგრისხოს შენ!” _ მრისხანედ უპასუხა ევდოკიამ და მაცდური მკვდარი დაეცა მიწაზე. დედებს შეეშინდათ, რომ ღვთის სასჯელს მკვლელობად ჩაუთვლიდნენ მათ წინამძღვარს და უფალს შეევედრნენ, გამოეჩინა თავისი ძალა. მაშინ უფალი გამოეცხადა წმიდანს და უთხრა: „აღდეგინ, ევდოკია, მოიდრიკე მუხლი, ილოცე და აღსდგება მაცდუნებელი შენი”. ევდოკიას ლოცვით ფილისტრატე მკვდრეთით აღსდგა, ღირს დედას შენდობა სთხოვა, მოინათლა და მონათლული დაბრუნდა ილიოპოლისში.
მალე ახალი განსაცდელი დაემუქრა წმიდანს. ილიოპოლისის მცხოვრებლებმა ქალაქის მთავარს ავრელიანეს მოახსენეს, ევდოკიამ თავისი სიმდიდრე მონასტერში გადამალაო. ავრელიანემ მეომართა რაზმი გაგზავნა არარსებული სიმდიდრის ამოსაღებად, მაგრამ, ღვთის წყალობით, მეომრებს ტყეში გზა დაებნათ. ავრელიანემ თავის განზრახვაზე ხელი არ აიღო: კვლავ გაგზავნა მონასტერში რაზმი, ამჯერად, თავისი ვაჟის წინამძღოლობით. ფილოსტრატეს ვაჟი პირველსავე დღეს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა. დამწუხრებულ ავრელიანეს ფილოსტრატემ ურჩია, ევდოკიასთვის ეთხოვა ლოცვა გარდაცვლილის სულის საოხად. და კიდევ ერთი სასწაული: ყოვლადსახიერმა უფალმა, ღირსი დედის ლოცვით, გააცოცხლა ჭაბუკი. სასწაულის მხილველმა ავრელიანემ და მისმა მხლებლებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.
როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, ღირსი ევდოკია შეიპყრეს და საწამებლად მიჰგვარეს გამგებელ დიოგენს. ტყვექმნილი წმიდანის ლოცვით უფალმა მკვდრეთით აღადგინა მთავარსარდალ დიოდორეს მეუღლე თერმინა. ღვთის მადლში ხილულად დარწმუნებული დიოდორე და დიოგენი ოჯახებით მოინათლნენ. ღირსი ევდოკია რამდენიმე ხანი დიოდორეს სახლში ცხოვრობდა და ახალმოქცეულებს მოძღვრავდა, შემდეგ კი თავის მონასტერში დაბრუნდა და იქ მოღვაწეობდა 56 წლის განმავლობაში.
დიოგენის გარდაცვალების შემდეგ გამგებელი გახდა ქრისტიანთა მკაცრი მდევნელი ბიკენტი. მან ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ქრისტიანობის უშიშარი აღმსარებელი. წმიდა ღირსმოწამე ევდოკიას თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 160-170 წლებში, 1 მარტს.
წმიდა მოწამე ანტონინა (III-IV)
წმიდა მოწამე ანტონინა (III-IV) ეწამა ნიკეაში, იმპერატორ მაქსიმილიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (284-305). სასტიკი ტანჯვის შემდეგ წმიდა ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ვერაფრით აიძულეს ქრისტეს უარყოფა. წმიდანს ანგელოზები გამოეცხადნენ და გაამხნევეს. წმიდა ანტონინა გახურებულ რკინის გრდემლზე დააწვინეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა მოწამე ტომარაში ჩასვეს და ტბაში გადააგდეს.წმიდა მოწამენი ნესტორი და ტრივიმი (III)
წმიდა მოწამენი: ნესტორი და ტრივიმი (III ს) იყვნენ მცირე აზიის პამფილიიდან. უსჯულო იმპერატორ დეკიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (249-251) წმიდანები უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს. აღმსარებლები შეიპყრეს, ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე ჩამოკიდეს, სხეული დაუსერეს, მაგრამ სარწმუნოება ვერ გამოაცვლევინეს. ბოლოს ნესტორსა და ტრივიმს თავი მოჰკვეთეს.ღირსი დომნინა სირიელი (+450-460)
ღირსი დომნინა სირიელი (+450-460) წმიდა მირონის (ხს. 14 თებერვალს) მოწაფე იყო. მან მშობლების ბაღში ისლით დახურული ქოხი ააშენა და იქ დასახლდა. საზრდელად მხოლოდ წყალში დამბალ ოსპს ღებულობდა. ღირსი დედა ყოველ განთიადს და მწუხრს ტაძარში დადიოდა ისე თავდაბურული, რომ ვერავინ ცნობდა. მისი ცხოვრების აღმწერლის, ღირსი თეოდორიტეს სიტყვებით, „ღირს დომნინას ძალიან გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა და მის სიტყვებს ყოველთვის სინანულის ცრემლები ახლდა”.წმიდა დომნინა მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 450-460 წლებში.
ღირსი აღაპი
ღირსი აღაპი ვატოპედის სავანეში მოღვაწე მდუმარე ბერის მორჩილი იყო. ის წმიდა ათონის ნაპირზე გადმოსულმა თურქებმა შეიპყრეს და მაგნეზიაში წაიყვანეს. 12 წელი იყო აღაპი ტყვეობაში, მაგრამ განთავისუფლების იმედი არ დაუკარგავს, მხურვალედ ევედრებოდა შემწეობას ღვთისმშობელს. ერთხელ ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა მას, გაამხნევა და მოძღვართან დაბრუნება აღუთქვა. ბორკილებისაგან სასწაულებრივად განთავისუფლებულმა აღაპიმ ჩამოაღწია მოძღვრამდე, ამ უკანასკნელმა კი, მორჩილების გამოსაცდელად, უკან დაბრუნება უბრძანა სულიერ შვილს. ღირსი აღაპი უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს, უკანვე დაბრუნდა და ყველაფერი მოუყვა თავის ბატონს, ასეთი საქციელითა და ზნეობით განცვიფრებულმა ბატონმა არა მარტო გაათავისუფლა აღაპი, არამედ თავის ორ ვაჟთან ერთად თვითონაც გაჰყვა მას წმიდა მთაზე, ბერად აღიკვეცა და სიცოცხლის დარჩენილი დღეები ღვთის სამსახურში გალია.