14.06.2026. მე-2 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I.

14.06.2026. მე-2 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I.

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-2 კვირიაკე

14.06.2026. ხსნილი თევზით

კრება ყოველთა წმიდათა ქართველთა გაბრწყინვებულთა (საქართველოში, იერუსალიმში, პალესტინაში, სინაზე, ანტიოქიაში, შავ მთაზე, კონსტანტინეპოლში, ულუმბოს მთაზე, ათონის მთაზე, კვიპროსში, პეტრიწონში, უნგრო-ვლახეთში და სხვ.); ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის წმიდა მთაზე განბრწყინვებულთა; წმიდათა რუსეთს განბრწყინვებულთა; ღირსმოწამეთა: მღვდელმონაზონ შიო ახლისა, დავით მწირისა, გაბრიელისა, პავლესი და გაბრიელისა, გარეჯელთა, ლეკთაგან მოწყვედილთა (1696-1700); მოწამე იუსტინე ფილოსოფოსისა (138-161); მოწამე იუსტინესი და მის თანა მოწამეთა: ხარიტონისა, ზარისა, ეველპისა, იერაკოსი, პეონისა და ლივერისა (166); მოწამეთა 10000 (ბევრთა) ანტიოქიაში წამებულთა დეკეოზ მეფის ზე (249-251); ღირსისა იუსტინე ჩელისკელისა (პოპოვიჩი, 1978).

დღის ლოცვები

მოწამისა იუსტინე ფილოსოფოსის და სხვა იუსტინესი და მათ თანა: ხარიტონისა, ხარიტასი, ეველპისტესი, იერაქსისა, პეონისა და ვალერიანეს კონდაკი:
საღმრთოთა მათ და ბრძენთა სიტყუათა შენთა მიერ, იუსტინე, ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი შეიმკვებიან და ცხორებისა შენისა ბრწყინვალებითა სოფელი განათლდების, ხოლო სისხლთა დათხევითა გვირგვინი მოიღე და ანგელოზთა თანა სდგა წინაშე ქრისტესა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: რომ. 2: 10-16 (დას. 81 შუა). მთ. 4: 18-23 (დას. 9).

ცისკ.: მკ. 16: 1-8 

1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.

ლიტ.: რომ. 2: 10-16 

10. დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს. 11. რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის. 12. ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება. 13. რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან. 14. ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. 15. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს, 16. საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ.

ლიტ.: მთ. 4: 18-23 

18. და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 19. და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. 20. მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. 21. იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ. 22. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას. 23. მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166)
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას.
ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა მას და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, – თქვა ბერმა, – გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“.
30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, – წერდა ის.
იუსტინემ გახსნა სასწავლებელი, სადაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ასწავლიდა. წმიდანი მხურვალედ იცავდა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებას.
დაახლოებით 155 წელს, როცა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა (138-161) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა იუსტინემ პირადად გადასცა მას „აპოლოგია“ სამი სიკვდილმისჯილი ქრისტიანის დასაცავად, სადაც დამაჯერებლად დაამტკიცა ქრისტიანობის მიმართ წაყენებული ბრალდებების სიყალბე. „აპოლოგიამ“ იმპერატორზე ისეთი დიდი გავლენა მოახდინა, რომ დევნა შეწყვიტა. აზიაში, სადაც განსაკუთრებით ავიწროებდნენ ქრისტიანებს, თავად იუსტინე გაგზავნა, რომელმაც სიხარულით ამცნო მის მცხოვრებლებს იმპერატორის გადაწყვეტილება.
ეფესოში გაიმართა კამათი იუსტინესა და რაბინ ტრიფონს შორის. მართლმადიდებელმა ფილოსოფოსმა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით, დაადასტურა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტება. ეს კამათი წმიდა იუსტინემ გადმოსცა თხზულებაში „საუბარი იუდეველ ტრიფონთან“.
მეორე „აპოლოგიით“ წმიდა იუსტინემ რომის სენატს მიმართა. ეს მოხდა 161 წელს, ტახტზე მარკუს ავრელიუსის (161-180) ასვლის შემდეგ.
იტალიისკენ მომავალი იუსტინე მოციქულთა მსგავსად ქადაგებდა სახარებას და თავისი ღვთივსულიერი სიტყვით მრავალს მოაქცევდა ქრისტეს სჯულზე. რომში დაბრუნებული წმიდანის მიმართ მრავალი ცრუ ბრალდება აღძრა ვინმე კრისკენტიმ, რომელიც არაერთხელ დამარცხებულა ფილოსოფოსთან კამათში და მისადმი შური უღრღნიდა სულს. წმიდა იუსტინე დააპატიმრეს და სასტიკი წამებით ამოხადეს სული (+166).
ზემოთ უკვე ნახსენებ თხზულებათა გარდა წმიდა მოწამე იუსტინეს ეკუთვნის: „სიტყვა ელინთა წინააღმდეგ“, „ელინთა სამხილებლად“, „სულის შესახებ“. წმიდა იოანე დამასკელმა შემოგვინახა დიდი ნაწილი მისი ჩვენამდე მოუღწეველი ნაშრომისა „აღდგომის შესახებ“. ისტორიკოს ევსევის ცნობით, წმიდანს დაუწერია წიგნები: „ყველა არსებული ერესის სამხილებლად“, „მარკიონის წინააღმდეგ“ და სხვა.
წმიდა იუსტინე ფილოსოფოსის ნაწილები რომში განისვენებს.
წმიდა მოწამენი: იუსტინე, ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა ეწამნენ წმიდა იუსტინე ფილოსოფოსთან ერთად 166 წელს. ისინი რომის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ქალაქის თავის, რუსტიკეს წინაშე წმიდანებმა გაბედულად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება. რუსტიკემ იუსტინეს ჰკითხა: „ნუთუ მართლა გგონია, რომ დათმენილი სატანჯველის წილ ღმერთი სანაცვლოს მოგაგებს და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებს?“ წმიდა იუსტინემ უპასუხა: „კი არ მგონია, დანამდვილებით ვიცი და ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული“.
ქალაქის თავმა ტყვე ქრისტიანების სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტეს მხნე აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს.
ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელი და პავლე გარეჯელნი – ლეკთაგან მოწყვეტილნი (+1696-1700)
ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელ და პავლე – გარეჯელნი. დავით გარეჯის მონასტერი ყოველთვის ბერთა სიმრავლითა და მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდა, სოფლის ამაოებას განშორებული მოღვაწენი აქ პოულობდნენ სულის სიმშვიდეს. წმიდა სავანეში ერთნაირ პირობებში ცხოვრობდნენ სიმდიდრესა და პატივს გამოქცეული და უკიდურესი სიღარიბიდან გამოსული ბერ-მონაზონნი.
ღირსი შიო ქართლის სოფელ ვეძისიდან იყო. მისი მშობლები, პაპუნა და თამარი, იმ მხარეში სიმდიდრით იყვნენ ცნობილნი. მათ რვა შვილი – ხუთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდათ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ შიოს ძმებს ჩხუბი მოუვიდათ, უშვერი სიტყვებით გალანძღეს ერთმანეთი, შემდეგ კი უფროსმა დანით მოკლა უმცროსი.
როცა ეს ამბავი ნეტარმა შიომ გაიგო, გულისწყრომითა და მწუხარებით აღვსილმა გადაწყვიტა, გასცლოდა მაცდურ წუთისოფელს, რომლის სიყვარულმაც შეიძლება ძმას ძმა მოაკვლევინოს და შვილს – მამა. „აღარა მნებავს ყოფა სოფელსა ამას შინა“, – გაანდო მან მოძღვარს გულისნადები. მოძღვარმა მას დავით გარეჯის მონასტერში წასვლა და ბერად აღკვეცა ურჩია. ამ დროს გარეჯის წინამძღვარი იყო მამა ონოფრე მაჭუტაძე, რომელმაც მანამდეც რამდენიმეჯერ შესთავაზა ნეტარ შიოს: „მოდი, ძმაო შიო, მონასტერსა ჩემსა და აქ აღვასრულნეთ ჟამნი ჩვენნიო“.
ონოფრემ სიხარულით მიიღო ერში პატიოსნებით და ერთგულებით ცნობილი შიო, მიუჩინა მას ცალკე კელია და მორჩილების წესიც დაუდგინა.
ნეტარი შიოს დაუღალავმა მოღვაწეობამ, სიმდაბლემ, ძმათა სიყვარულმა შესაბამისი ნაყოფიც გამოიღო, მასთან ბევრი მოდიოდა რჩევისათვის, ხშირად იგი მონასტრის საქმეებსაც განაგებდა წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით.
ერთხელ წინამძღვარი მამა ონოფრე მონასტრის საქმეებზე სხვაგან წავიდა, ძმები და მონასტერი ნეტარ შიოს ჩააბარა. მწუხრის ლოცვის და ტრაპეზის შემდეგ შრომისა და ლოცვისაგან მოსვენებულ საძმოს ლეკთა მოთარეშე ბანდა დაესხა, მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები: დავითი, გაბრიელი და პავლე. ხმაურზე ზოგმა მოასწრო გაქცევა და დაიმალა, უსჯულოები გაქცეულებსაც მისწვდნენ და უწყალოდ აჩეხეს ხმლებით. სისხლმა აავსო ტაძარი და კელიები. შემდეგ ლეკებმა წამებულები გაძარცვეს, დაამტვრიეს და ცეცხლს მისცეს საეკლესიო ნივთები, სამღვდელო შესამოსელთაგან ზოგი წაიღეს, ზოგიც იქვე ჭაში ჩაყარეს, ნაჯახით დაჯეხეს წმიდა ხატები.
შეწუხდნენ მეფე ერეკლე და კათოლიკოსი იოანე, გაიკვირვეს კიდეც: „ვითარ მოიწივნეს ლეკნი აქამომდისო“. კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევითა და მეფის ბრძანებით, წმიდა მოწამეთა აჩეხილი ნაწილები წმიდა დავით გარეჯელის (ხს. 7 მაისს და ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს) საფლავის სამხრეთით დაკრძალეს.
– See more at: http://orthodoxy.ge/tveni/ivnisi/01-shio_akhali.htm#sthash.jt90m6s2.dpuf