14.07.2026. მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

14.07.2026. მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

         …მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის  სასუფეველში (მთ. 13: 43) 

        …მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).

      …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.

14.07.2026. სამშაბათი ხსნილი 

სასწაულთმოქმედთა უვერცხლოთა მკურნალთა კოზმან და დამიანესი, რომში წამებულთა (284); მოწამისა პოტიტე ყრმისა (II); ღირსისა პეტრე პატრიკისა (854); ნერსე სომხეთის მთავარეპისკოპოსისა (V). 

დღის ლოცვები
მოწამეთა კოზმა და დამიანესი, რომაელთა უვერცხლოთა

ტროპარი: წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ, და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.
კონდაკი: რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმართლესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხვრეთ, სოფლის მკურნალნო, საკვირველებათა მიერ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

რიგ.: 1 კორ. 6: 20 – 7: 12 (დას. 136). მთ. 14: 1-13 (დას. 57).
უვერცხ.: 1 კორ. 12: 27-31; 13: 1-8 (დას. 153). მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).

რიგ.: 1 კორ. 6: 20 – 7: 12 

20. რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა. 

1. ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს. 2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს – თავისი ქმარი. 3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი – ქმარს. 4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ცოლი. 5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. 6. თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად. 7. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს – ასე, ზოგს – ისე. 8. დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ. 9. მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას. 10. ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს. 11. მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს. 12. დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.

რიგ.: მთ. 14: 1-13 

1. იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა; 2. და უთხრა თავის მსახურთ: ეს არის იოანე ნათლისმცემელი; მკვდრეთით აღმდგარა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში. 3. ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის – ფილიპეს ცოლის გამო. 4. რადგანაც იოანე ეუბნებოდა: არ შეიძლება შენ გყავდესო იგი. 5. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 6. ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე. 7. ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო. 8. ხოლო მან, დედამისისგან წინასწარ გაზრახებულმა, სთხოვა ლანგრით მიეცათ იოანე ნათლისმცემლის თავი. 9. შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა. 10. წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში. 11. მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს. 12. იოანეს მოწაფეები მივიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და დამარხეს: მერე კი წავიდნენ და აუწყეს იესოს. 13. ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.

უვერცხ.: 1 კორ. 12: 27-31; 13: 1-8 

27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი – მისი ასონი, 28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა. 29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი? 30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი? 31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ. 

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.

უვერცხ.: მთ. 10: 1, 5-8 

1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. 

5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

წმიდა მოწამე პოტიტე ყრმა (II)
წმიდა მოწამე პოტიტე წარმართთა ოჯახში დაიბადა, ცამეტი წლისა ქრისტიანთა სწავლებას გაეცნო, ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნა და მოინათლა. როცა ამის შესახებ შეიტყო, მამამისი ძალიან დამწუხრდა. ის ჯერ ალერსითა და შეგონებებით, შემდეგ კი მუქარით შეეცადა შვილის გადაბირებას, მაგრამ ვერაფერს გახდა; მაშინ, ყმაწვილის სიმტკიცით ძლეული, თავადაც ქრისტეს შეუდგა. წმიდა პოტიტემ მრავალი ქვეყანა შემოიარა სახარების ქადაგებით. ღვთის მადლით მის ქადაგებებს სასწაულები და კურნებები განამტკიცებდა.
ეპირის ოლქში ცხოვრობდა დიდებული ქალბატონი კვირიაკია, სენატორის მეუღლე, რომელიც კეთრით დასნეულდა. როცა წმიდა პოტიტეს შესახებ შეიტყო, მან თავისთან მოიწვია წმინდანი და წამლობა სთხოვა. წმინდანმა უპასუხა, თუ ქრისტეს ირწმუნებ, განიკურნებიო. კვირიაკია მოინათლა და სასწაულებრივად განიკურნა. საკვირველების მხილველმა მთელმა სახლეულმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო.
ამის შემდეგ პოტიტე გარგარის მთაზე დამკვიდრდა და განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. აქ მას შეხვდნენ იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) მსახურები და სთხოვეს, სასახლეში გაჰყოლოდა მათ იმპერატორის ეშმაკეული ასულის განსაკურნებლად. წმიდა პოტიტემ განკურნა სნეული, ანტონინუსმა კი სიკეთე არაადამიანური სისასტიკით გადაუხადა ნეტარს. მან თავისი ქალიშვილის განკურნება წარმართულ ღვთაებებს მიაწერა და პოტიტეს მათთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმინდანმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ქრისტე. ამით განრისხებულმა თვითმპყრობელმა მას ენა ამოგლიჯა და თვალები დასთხარა. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს (+138-161). 
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე – რომსა შინა წამებულნი (+284)
წმიდანი უვეცხლონი, კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით. ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებით“. როცა მშობლებისგან მდიდარი მემკვიდრეობა მიიღეს, მათ ქონების გაყიდვა და გლახაკთა დახმარება დაიწყეს. თავიანთი სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით წმიდანებმა მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
კოზმასა და დამიანეს ღვთივსათნო ცხოვრებამ, საზოგადოებაში მათმა ავტორიტეტმა, რომის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრო და მკურნალთა შესაპყრობად მეომრები გაგზავნეს. ძმები რომ ვერ იპოვეს, მეომრებმა სხვა ქრისტიანები დაატუსაღეს. მაშინ კოზმა და დამიანე მხედრებს ჩაბარდნენ იმ პირობით, რომ პყრობილები გაეთავისუფლებინათ. რომში უფლის რჩეულები თავდაპირველად საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი სამსჯავროზე წარადგინეს. მათ იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება.
იმპერატორ კარუსს (282-283), ღვთის განგებით, სნეულება შეეყარა და საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა უფლის ყოვლისშემძლეობაში. ამაყმა თვითმპყრობელმა შემწეობა ითხოვა წმიდა ძმებისაგან და აღთქმა დადო, რომ ქრისტეს შეუდგებოდა. კოზმამ და დამიანემ უწამლეს იმპერატორს, რის შემდეგაც ორივენი გაათავისუფლეს.
რაც ვერ შეძლო წარმართთა სიძულვილმა და რომაელ ხელისუფალთა სისასტიკემ, მოახერხა შურმა: მხცოვანი მკურნალი – მასწავლებელი, რომელთანაც ძმები თავის დროზე ექიმობას სწავლობდნენ, მათმა დიდებამ შურით აღავსო, მოწაფეები ტყეში გაიტყუა თითქოსდა იშვიათი სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად. აქ, ბოროტისგან გონდაბინდულმა, ვერაგულად მოკლა ძმები და მათი წმიდა ცხედრები მდინარეს მისცა (ამ დღის წმინდანები, კოზმა და დამიანე უნდა განვასხვაოთ მათი მოსახელე წმინდანებისგან, რომელთა ხსენებაც აღინიშნება 17 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს). 
ღირსი პეტრე პატრიკიოს-ყოფილი (+854)
ღირსი პეტრე VIII საუკუნის დასასრულს დაიბადა კონსტანტინოპოლში. იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობისას იგი მხედართმთავრად დანიშნეს და ბულგარეთის წინააღმდეგ ბერძენთა ლაშქრობებში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ ბრძოლაში ბერძნები დამარცხდნენ. იმპერატორი სასიკვდილოდ დაიჭრა, პეტრე კი, მრავალ სხვა მეომართან ერთად, ტყვედ ჩავარდა. ერთხელ, ღამით, ლოცვის დროს, მას გამოეცხადა წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი და ტყვეობიდან დაიხსნა. კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა პეტრემ გადაწყვიტა, განრიდებოდა ამაოებით სავსე წუთისოფელს, ოლიმპის მთაზე (მცირე აზია) მდებარე მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. აქ მან ოცდათოთხმეტი წელი დაჰყო იოანიკე დიდის (ხს. 4 ნოემბერს) ხელმძღვანელობით. წმიდანი მკაცრად მარხულობდა, ლოცვაში ათენებდა ღამეებს, უხეშ, ჯვალოს სამოსს ატარებდა, უხამლოდ დადიოდა… უკანასკნელი რვა წელი მან კონსტანტინოპოლში გაატარა, სადაც წმიდა ევანდრეს სახელობის ტაძარი და მონასტერი ააგო.
ღირსი პეტრე სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა (+854) და თავისსავე სავანეში დაკრძალეს.