14.09.2025. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

14.09.2025. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

            ხოლო  თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. კვირა

14.09.2025. ხსნილი

გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა, ანუ საეკლესიო ახალი წელიწადისა.

ღირსისა სვიმეონ მესვეტისა ჰალაბელისა (ალეპო) (459); კრება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიასინეს სავანეში (წმ. ხატის პოვნისა 864). მოწამისა აითალა დიაკონისა (380); 40-თა მოწამეთა ქალწულთა მმარხველთა და მოწამისა ამუნი დიაკონისა, მოძღვრისა მათისა (IV); მოწამეთა: კალისტასი და ძმათა მისთა, ევოდისა და ერმოგენისა (309); მართლისა ისუ (ისო) ძისა ნავესი (XVI ს. ქრ.შ-მდე). 

დღის ლოცვები

 

გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა 

ტროპარი: ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა, უფალო, დაიცევ სამწყსო შენი, რომელი გევედრება ღმრთისმშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.

კონდაკი: რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა, ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი ერი შენი, მრავალმოწყალე. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

მწუხრ.: 1) ეს. 61: 1-9.
2) ლევ. 26: 3-12, 14-17, 19-20, 22, 33, 40-41.
3) სიბრძ. 4: 7-15.
ცისკ.: სახ. მე-3, მკ. 16: 9-20 (დას. 71).
ლიტ.: ახალი წლისა: 1 ტიმ. 2: 1-7 (დას. 282). ლკ. 4: 16-22 (დას. 13).

რიგ.: 2 კორ. 1: 21-2: 4 (დას. 170). მთ. 22: 1-14 (დას. 89).
ღირ.: კოლ. 3: 12-16 (დას. 258). მთ. 11: 27-30 (დას. 43).

მწუხრ.: 1) ეს. 61: 1-9

1. სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად. 2. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა; 3. დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები – საუფლო ნერგი, რომ იდიდონ. 4. ააშენებენ ძველთაძველ ნაოხარებს, აღადგენენ წინადროინდელ უკაცრიელ ადგილებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობაში უკაცრიელთ. 5. დადგებიან უცხონი და დამწყესავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი. 6. თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმეგათ; ხალხთა დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე. 7. სირცხვილის ნაცვლად ორმაგად მოგეზღვებათ; შეურაცხების ნაცვლად თავიანთ წილზე გაიხარებენ, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებენ. საუკუნო სიხარული ექნებათ მათ. 8. რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა და უკეთურება, სიყვარულით მივაგებ მათ საზღაურს და საუკუნო აღთქმას დავუდებ. 9. განითქმება მათი თესლი ხალხებში და მათი მოდგმა ერებს შორის, და ყოველი მათი დამნახველი აღიარებს, რომ ისინი უფლისაგან კურთხეული თესლია. 

2) ლევ. 26: 3-12, 14-17, 19-20, 22, 33, 40-41

3. თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ, 4. თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს. 5. ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ. 6. მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე. 7. გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე. 8. ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათიათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე. 9. მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებ თქვენთვის მოცემულ აღთქმას. 10. შეჭამთ ძველისძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს. 11. ჩემს სავანეს დავიდებ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. 12. ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით.

14. თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს, 15. თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას, 16. მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. 17. პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ. 

19. გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად – თქვენს მიწას, 20. ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები – თავის ნაყოფებს. 

22. მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს; გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენც დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები.

33. მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.

40. თუ გამოტყდებიან თავიანთ ცოდვებში და მამა-პაპის ცოდვებში, რომ მიმტყუნეს და ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდნენ, 41. მეც რომ წავედი მათ წინააღმდეგ და მათი მტრების ქვეყანაში გადავასახლე ისინი, თუ მოეთრგუნებათ დაუცვეთავი გულები, მაშინ გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს.

3) სიბრძ. 4: 7-15

7. მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო. 8. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო. 9. ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო. 10. ისმინე, შვილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები. 11. სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ. 12. გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ. 13. ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რადგან ის არის შენი სიცოცხლე. 14. ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე. 15. ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე. 

ცისკ.: სახ. მე-3, მკ. 16: 9-20 

9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ. 

ლიტ.: ახალი წლისა: 1 ტიმ. 2: 1-7. ლკ. 4: 16-22

1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის, 2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით, 3. ვინაიდან კეთილი და საამოა ღმერთის – ჩვენი მაცხოვრის თვალში, 4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას. 5. რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო, 6. რომელმაც თავი დადო ყველას გამოსასყიდად, რაც დამოწმებულ იქნა თავის დროზე; 7. რომლისთვისაც დადგენილი ვარ ქადაგად და მოციქულად (ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ), წარმართთა მოძღვრად რწმენითა და ჭეშმარიტებით. 

16. მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა. 17. მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა: 18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, 19. ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად. 20. დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას. 21. და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ. 22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო? 

რიგ.: 2 კორ. 1: 21-2: 4 

21. ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი, 22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში. 23. და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში; 24. იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.

1. ამიტომაც გადავწყვიტე, დამწუხრებული აღარ მოვსულიყავი თქვენთან. 2. რადგანაც თუ მე გამწუხრებთ, მაშ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც ჩემს მიერ წუხს? 3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. 4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი.

რიგ.: მთ. 22: 1-14 

1. კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ: 2. ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი. 3. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა. 4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში. 5. მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში. 6. დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. 7. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი. 8. მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. 9. მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შემხვდური. 10. გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი. 11. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი. 12. და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა. 13. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 14. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი – რჩეულნი.

ღირ.: კოლ. 3: 12-16 

12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. 13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. 14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. 15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით. 16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში. 

ღირ.: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.

 

დაწყება ინდიქტიონისა – ეკლესიურის ახლისა წელიწადისა. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე … ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4. 18-19).
312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.
შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს. ამ დღეს წმიდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“.

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 
მართალი ისუ, ძე ნავესი ებრაელთა ტომის წინამძღოლი იყო მოსეს სიკვდილის შემდეგ. სწორედ მას ხვდა წილად უფლის რჩეული ერის შეყვანა აღთქმულ ქვეყანაში. ღმერთი ისუს მიერ მრავალ სასწაულს აღასრულებდა: ნეტარის წინამძღვრობით ებრაელებმა ისე გაიარეს მდინარე იორდანეში, როგორც ხმელზე; იერიქონის კედლები ქალაქის ირგვლივ შვიდი დღის მანძილზე შჯულის კიდობანის შემოტარებით თავისით ჩამოიქცა, ბოლოს, გაბაონში ქანაანელებთან ბრძოლისას ისუს ბრძანებით „დადგა მზე საშუალსა ცისასა“ და მხოლოდ მაშინ ჩაესვენა, როცა მტერი საბოლოოდ დამარცხდა. ომის დამთავრების შემდეგ ისუ ნავემ აღთქმული ქვეყანა ისრაელის თორმეტ ტომს დაუნაწილა და ასათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (XVI ს. ქრისტეს შობამდე). სიკვდილის წინ მან ებრაელებს მოსეს სჯულის ერთგულება დაუბარა. ამ მოვლენათა შესახებ მოთხრობილია ბიბლიაში, ისუ ნავეს წიგნში (თავები: 3, 5, 7, 10).
წმიდა მოწამენი: ორმოცი ქალწულნი და ამონა დიაკონი, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს, IV საუკუნის დასაწყისში აღესრულნენ მოწამეობრივად მაკედონიის ქალაქ ადრიანოპოლში. მმართველმა ბაბდუსმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა მათ თავს, შემდეგ კი სხვა მტარვალთან გაგზავნა ჰერაკლიაში. ქრისტეს ტარიგებმა აქაც ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის უღმრთო ხელისუფლის ბრძანებით წმიდა ამონასა და მასთან ერთად რვა ქალწულს თავები მოჰკვეთეს, ათი დაწვეს, დანარჩენები კი მახვილებით განგმირეს. 
წმიდა მოწამენი კალისტა და ძმანი მისნი – ევოდი და ერმოგენი, ნიკომიდიელი ქრისტიანები, ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარდგნენ წარმართი მსაჯულის სამსჯავროს წინაშე. მათ უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს (სხვა ცნობით კი _ 309 წელს) მახვილებით განგმირეს.
ღირსი სვიმეონ მესვეტე კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში. სიყმაწვილეში იგი მამის ცხვრის ფარას მწყემსავდა და ამ თავის პირველ მორჩილებას კეთილსინდისიერად აღასრულებდა. ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა სახარებისეული ნეტარებები მოისმინა, გააოცა მათმა სიღრმემ და იქვე მდგომ ბერს სთხოვა საკითხავის განმარტება. სულიერებაში წარმატებული მოხუცის პასუხმა მასში ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად ამსოფლის დატევების სურვილი აღძრა, სალოცავად განმარტოვდა და დიდხანს მხურვალედ შესთხოვდა უფალს, წინ გასძღოლოდა ღვთისმსახურების ამ ურთულეს გზაზე. როცა ლოცვაში დაქანცულს ჩაეძინა, სიზმრისეული ჩვენებით იხილა, თითქოს რომელიღაც შენობისთვის საძირკველს თხრიდა. რამდენჯერმე გაჩერდა, რადგან ჩათვალა, რომ თხრილის სიღრმე საკმარისი იყო, მაგრამ გვერდით მდგომი კაცი საფუძვლის კიდევ უფრო და უფრო გაღრმავებას ავალებდა. ბოლოს სვიმეონი შეუჩერებლად შეუდგა თხრას და მანამ მუშაობდა, სანამ იმავე ხმამ არა „ჰრქუა კმაყოფაჲ სიღრმისაჲ და მიერითგან ამცნო შენებაჲ“. ამ ჩვენებით ჭაბუკმა გულისხმაყო, რომ ცხონებისთვის დაუცხრომელი და მოუწყინებელი ღვაწლი იყო საჭირო.
ხილვის შემდეგ უფლის რჩეული წამოდგა, მახლობლად მდებარე მონასტერს მიაშურა და შვიდი დღე ჭიშკართან მდგომი, მშიერ-მწყურვალი ცრემლებით ითხოვდა მიღებას. კვირის თავზე იგი საძმოში ჩარიცხეს. თვრამეტი წლის ასაკში სვიმეონი უკვე ბერად აღიკვეცა და მალე მკაცრი ცხოვრებით ყველა ძმას გადააჭარბა. ის იმდენად მკაცრად ეპყრობოდა საკუთარ თავს, რომ წინამძღვარი შეშინდა, სხვები, უფრო სუსტები, მისი მიბაძვით თვითმკვლელობამდე არ მისულიყვნენ და წმიდანს სავანის დატოვება უბრძანა. ახოვანმა მოსაგრემ ბევრი იხეტიალა უდაბნოსა და მთებში, ბოლოს კი ერთი ამომშრალი ჭის ფსკერზე დამკვიდრდა. რამდენიმე ხნის შემდეგ იღუმენმა ჩვენებით იხილა ანგელოზები, რომლებმაც მას სვიმეონის სავანეში დაბრუნება უბრძანეს. წინამძღვარმაც ძმებთან ერთად მოძებნა სიკვდილის პირას მისული მამა და მონასტერში მიიყვანა, მაგრამ აქ იგი დიდხანს არ დარჩენილა. უფლის რჩეულმა დაბა ტალანისის მახლობლად მდებარე ვიწრო გამოქვაბულს შეაფარა თავი, სადაც სამი წელი დაჰყო დაუცხრომელ ღვაწლში. ერთხელ მან გადაწყვიტა, მთელი დიდმარხვის მანძილზე არანაირი საჭმელი და სასმელი არ მიეღო. ღვთის შეწევნით შეასრულა კიდეც განზრახვა და ამის შემდეგ ყოველ წელიწადს წმიდა ორმეოცს ასე ატარებდა. ამასთან, ოცი დღე ფეხზე მდგომი ლოცულობდა, ოცი დღე კი – იჯდა. სამი წლის შემდეგ წმიდა სვიმეონმა მთის წვერზე დაიწყო მოსაგრეობა. აქ მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, თან ყველას კურთხევის მისაღებად წმიდანთან შეხება სურდა. ასეთმა თაყვანისცემამ და შფოთმა მეტად დაამძიმა ნეტარი და სათავე დაუდო მანამდე არნახულ ღვაწლს: ააგო ექვსი წყრთის სიმაღლის სვეტი, ზედ მოწყობილ ვიწრო სენაკში დამკვიდრდა და გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვას მიეცა. სვეტი თანდათან მაღლდებოდა: იგი ჯერ ოც, შემდეგ კი – ოცდათექვსმეტ წყრთამდე გაიზარდა. ღირსი მამა მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხს, მისი საზრდელი გამხმარი ხილი და წყალი იყო.
სვიმეონის ამგვარი ჯერ არ გაგონილი ღვაწლის შესახებ უდაბნოში მცხოვრებმა მამებმა შეიტყვეს და გამოცდის მიზნით სვიმეონთან მოციქულები გაგზავნეს, „რაჲთა შეჰრისხნენ მას უცხოჲსა მისთჳს მოგონებისა და ასწაონ სლვად გზასა განტკეცილსა, რომელი წარუვლიეს სხუათა წმიდათა პირველ მისსა“; თან წარგზავნილები დაარიგეს, რომ თუ სვიმეონი არ მოუსმენდა მათ, ძალით ჩამოეყვანათ სვეტიდან, ხოლო თუ ჩამოსვლას მოისურვებდა, დაეტოვებინათ, რადგან მაშინ ცხადი გახდებოდა, რომ მისი მოღვაწების ახალი სახე ღვთისგან იყო. როცა მოციქულები მივიდნენ წმიდანთან და მამათა კრებულის გადაწყვეტილება ამცნეს, მან მაშინვე ჩამოსვლა დააპირა. ეს რომ იხილეს, მივლინებულებმა შეაჩერეს იგი, მამათა ნება განუცხადეს და „ჰლოცვიდეს მას სამარადისოდ და შეუცვალებელად დგომად სვეტსა მას ზედა“.
ბოროტი გამუდმებით ცდილობდა, შეერყია წმიდანის სიმტკიცე, მაგრამ ნეტარი უფლის შემწეობით ყოველთვის სძლევდა საცდურებს. ერთხელ ეშმაკმა ანგელოზის სახე მიიღო, ცეცხლოვან ცხენებშებმულ ეტლში ეჩვენა სვიმეონს და ამცნო, შენი წმიდა ცხოვრება იმდენად სათნოეყო უფალს, რომ ზეცაში შენს ცოცხლად ასატაცებლად გამომგზავნაო. უფლის რჩეული ცდუნდა და მარჯვენა ფეხი გადადგა ეტლზე დასადგმელად, თან პირჯვარი გადაისახა, მაშინ დემონი გაქრა. სვიმეონი მიხვდა, რომ ყველაფერი მტრის ხრიკები იყო.
ღირსმა სვიმეონმა ოთხმოცი წელი დაჰყო ბერულ ღვაწლში, მათგან ორმოცდაშვიდი წელი სვეტზე იდგა. უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა.
ღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა (456-468) სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას. შემდგომში ნეტარი მამის ღვაწლის ადგილას მისმა მოწაფემ, ანტონიმ მონასტერი დააარსა.
სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მიასინეს. იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) მეფობაში, ხატთაყვანისმცემელთა დევნისას, მიასინეს სავანის (სომხეთში, ქ. მელიტინის მახლობლად) კუთვნილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ღვთისმბრძოლებმა აზურის ტბაში ჩააგდეს. ასზე მეტი წლის შემდეგ, როცა კვლავ იზეიმა მართლმადიდებლობამ, ხატი სრულიად დაუზიანებლად ამოტივტივდა ტბის ზედაპირზე. ეკლესია ყოველწლიურად იხსენებს 864 წლის 1 სექტემბერს მომხდარ ამ სასწაულს.