14.11.2026. სულთმოფენობიდან მე-24 შვიდეული. შაბათი

14.11.2026. სულთმოფენობიდან მე-24 შვიდეული. შაბათი

     …მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა (ინ. 5: 28-29). 

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-24 შვიდეული

14.11.2026. შაბათი. ხსნილი 

უვერცხლოთა და სასწაულთმოქმედთა კოზმა და დამიანე ასიელთა და დედისა მათისა ღირსისა თეოდოტიასი (III); მღვდელმოწამეთა იოანე ეპისკოპოსისა და იაკობ ხუცისა, სპარსეთს წამებულთა (დაახლ. 345); მოწამეთა: კვირიენასი და იულიანასი (305-311); მოწამისა ერმინინგელდისა, გუთების უფლისწულისა (586); მოწამეთა: კესარიოსისა, დასისა და მათთანა ხუთთა მოწამეთა (VII). 

დღის ლოცვები 

კოზმა და დამიანესი, ასირიელთა (აზიელთა) უვერცხლოთა, და დედისა მათისა ღირსისა თეოდოტიას

ტროპარი: წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.
კონდაკი: რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხრვეთ, სოფლისა მკურნალნო, საკვირველებათა მიერ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ლიტურგია (რიგ.) – 2 კორინთელთა მიმართ 11:1-6; ლიტურგია (უვეცხ.) – 1 კორინთელთა მიმართ 12:27-13:8; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 8:16-21; ლიტურგია (უვეცხ.) – მათეს სახარება 10:1, 10:5-8.

ლიტ. (რიგ.) – 2 კორ. 11: 1-6 

1. რა იქნება, ცოტათი მაინც რომ იტანდეთ ჩემს უგუნურებას?! მაგრამ ამიტანეთ. 2. რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. 3. მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს. 4. რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ – სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, – დიახაც შეიწყნარებთ მას. 5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები. 6. მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ.

ლიტ. (უვერცხ.) – 1 კორ. 12: 27-13: 8 

27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი – მისი ასონი, 28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა. 29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი? 30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი? 31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ. 

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.

ლიტ. (რიგ.) – ლკ. 8: 16-21 

16. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს, 17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს. 18. მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა. 19. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა. 20. და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ. 21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.

ლიტ. (უვერცხ.) – მთ. 10: 1, 10: 5-8 

1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. 

5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდანი უვერცხლონი მკურნალნი კოზმა და დამიანე, რომელნი იყვნენ ასიით და დედა მათი ღირსი თეოდოტია (III)
წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე ქრისტიანი თეოდოტია ადრე დაქვრივდა. კეთილმსახურებით აღზრდილი ძმები საოცარი ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ. მოყვასთათვის კიდევ უფრო მეტი სარგებელი რომ მოეტანათ, ისინი მკურნალობის ხელოვნების დაუფლებას შეუდგნენ: ბალახებისა და მცენარეების სამკურნალო თვისებებს ეძიებდნენ და მალე საქმეში ღრმად ჩახედული ექიმები გახდნენ. უფალმა აკურთხა თავისი რჩეულები და ლოცვის ძალით სულიერი და ხორციელი ავადმყოფობების კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანები მკურნალობდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც და გაწეული დახმარებისთვის არანაირ საზღაურს არ ღებულობდნენ. ხალხმა მათ უვერცხლონი შეარქვა.
ერთხელ წმიდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, პალადიასთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა. პალადიას სარწმუნოებითა და ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა.
მადლიერებით აღსავსე ქალი მივიდა დამიანესთან, სამი კვერცხი გაუწოდა და უთხრა: „მიიღე ეს მცირედი საბოძვარი ყოვლადწმიდა სამების – მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“. წმიდა სამების სახელი რომ ესმა, უვეცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა.
კოზმა ძალიან დაღონდა – მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა და სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. ყველანი გაუგებრობაში აღმოჩნდნენ – ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმიდა მკურნალი. მაშინ, ღვთის ნებით, სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია ძღვენი დედაკაცისაგან, არამედ უფლის სახელით. ნეტარი ძმების წმიდა ნეშტი ერთად დაკრძალეს ფერემანში (მესოპოტამია).
წმიდანი უვეცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. ფერემანში, კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძრის მახლობლად მცხოვრებმა ქრისტიანმა კაცმა, მალქოზმა შორეული მგზავრობის წინ მისი ახალგაზრდა მეუღლე წმიდა ძმებს შეავედრა და მათ ზეციურ მფარველობას მიანდო. მალქოზის ერთი ახლობელი კაცი რამდენიმე ხნის შემდეგ ქალთან სახლში მივიდა და უთხრა, შენმა ქმარმა გამომგზავნა, რომ მასთან მიგიყვანოო. მალქოზის მეუღლე ენდო სტუმარს და გაჰყვა, კაცმა კი იგი უდაბურ ადგილას გაიყვანა და შეეცადა, ჯერ ძალა ეხმარა მასზე, შემდეგ კი მოეკლა. უეცრად საიდანღაც ორი ჭაბუკი გამოჩნდა. მზაკვარმა კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ ხრამში გადაიჩეხა. ჭაბუკებმა მალქოზის ცოლი შინ დააბრუნეს. სასწაულებრივ გადარჩენილმა ქალმა სახლის ზღურბლთან მათ მდაბალი მადლი უძღვნა და ჰკითხა: „რა გქვიათ, ჩემო მხსნელებო, ვის ვუმადლოდე სიცოცხლეს?“ „ჩვენ ქრისტეს მონები კოზმა და დამიანე ვართ“, – უპასუხეს ჭაბუკებმა და გაუჩინარდნენ. შეძრწუნებულმა და გახარებულმა ქალმა ყველას მოუთხრო, რაც თავს გადახდა, ღვთისადმი მადლიერებით აღსავსემ, აცრემლებულმა, კოზმასა და დამიანეს ხატს მიმართა და სამადლობელი ლოცვა აღავლინა გადარჩენისთვის. ამ დღიდან მოყოლებული, წმიდა უვეცხლო მკურნალ ძმებს თაყვანს სცემენ, როგორც ქრისტიანული ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის მფარველებს. 
წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა (IV)
წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. კილიკიის მმართველის, მარკიანეს ბრძანებით, გაშიშვლებულ, თმებმოკვეცილ წმიდა კვირიენას ბრბოს დასაცინად დაატარებდნენ თავისი მშობლიური ქალაქის, ტარსოსის ირგვლივ, შემდეგ კი წმიდა იულიანასთან ერთად ქალაქ როსაში გაგზავნეს, სადაც ორივენი ცეცხლში დაწვეს. 
მღვდელმოწამენი: იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი, რომელსა ეწოდა მოშურნე – სპარსეთს წამებულნი (+დაახლ. 345) 
მღვდელმოწამენი: იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი, რომელსა ეწოდა მოშურნე - სპარსეთს წამებულნი (+დაახლ. 345) - 01 (14) ნოემბერი
ეს მარტვილნი სპარსეთს შაპურ მეორის მეფობისას, 309-379 წლებში ცხოვრობდნენ და ქადაგებით მრავალი თანამემამულე მოაქციეს.
ერთხელ ეპისკოპოსმა იოანემ სიზმრად საკვირველი კაცი იხილა, ხელში მახვილით, რომელზედაც გვირგვინი წამოეგო და აუწყა: – აჰა, გვირგვინი, რომელიც ასე გწყუროდა! რის შემდეგაც თავზე საკუთარი ხელით, მოწიწებით დაადგა იგი.
რამდენიმე დღის შემდგომ შაპურ მეორის ბრძანებით, იოანე თანამოღვაწე იაკობთან ერთად შეიპყრეს და საზარელი წამებით ამოხადეს სული.
წმიდა მოწამე ერმინინგელდი, გუთების უფლისწული (+586)
წმიდა მოწამე ერმინინგელდი იყო გუთთა მეფის შვილი, იგი ესპანეთის ეპისკოპოსმა ლეანდრემ არიანელთა მწვალებლობიდან მართლმადიდებლობაზე მოაქცია. ერმინინგელდის მამა მტკიცედ იდგა არიანობაზე. ის ყოველმხრივ ეცადა, ძე კვლავ არიანელობაზე გადაედრიკა, მაგრამ ამაოდ. სარწმუნოებრივ ნიადაგზე მამა-შვილს შორის ატეხილი ბრძოლის დროს ერმინინგელდი შეიპყრეს და ბორკილებასხმული ვიწრო და ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. აღდგომის წინა დღეს პყრობილი მეფისწულის საზიარებლად არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნეს, მაგრამ უფლის რჩეულმა არ მიიღო ერეტიკოსი. გამძვინვარებულმა არიანელებმა ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 586 წელს, 13-14 აპრილს. ძის სარწმუნოების სიმტკიცითა და სიმამაცით გაოცებულმა მამამ შეინანა თავისი საქციელი, მაგრამ მართლმადიდებლობის მიღება ვერ გადაწყვიტა და ეპისკოპოს ლეანდრეს უბრძანა, მისი მემკვიდრე რიჰარდი მაინც მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. გამეფების შემდეგ რიჰარდმა მთელს ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა.
წმიდა მოწამენი: კესარიოსი, დასიოსი და მათ თანა ხუთნი მოწამენი (VII)
წმიდა მოწამენი: კესარიოსი, დასიოსი და მათ თანა ხუთნი მოწამენი, VII საუკუნეში, როცა ქალაქი დამასკო მაჰმადიანებმა დაიპყრეს, ქრისტეს მხნე აღსარებისთვის კესარიოსსა, დასიოსს და კიდევ ხუთ ქრისტიანს, რომელთა სახელები არ შემონახულა თავები მოჰკვეთეს.