„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

27-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II
14.12.2025. ხსნილი თევზით
წინასწარმეტყველისა ნაუმისა (VIIს. ქრ. შ-მდე); მართლისა ფილარეტ მოწყალისა (792); მოწამისა ანანია სპარსისა.
დღის ლოცვები
წინასწარმეტყველი ნაუმის კონდაკი:
განათლდა სულითა წმიდითა გული შენი და იქმნა წინაისწარმეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედვიდა, ვითარცა აწინდელსა ყოფადსა მას; ამისთვის პატივს გცემთ შენ, წინასწარმეტყუელო, ნეტარო ნაუმ დიდებულო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-5, ლკ. 24: 12-35 (დას. 113).
ლიტ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 18: 18-27 (დას. 91)
ცისკ.: ლკ. 24: 12-35
12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა. 13. იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი; 14. და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო. 15. ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ. 16. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი. 17. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი? 18. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ? 19. და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, – 20. სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი. 21. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. 22. თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან 23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. 24. ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი. 25. იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! 26. განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? 27. მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. 28. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. 29. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. 30. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. 31. მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის. 32. და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში? 33. მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი, 34. რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს. 35. მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
ლიტ.: ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ლიტ.: ლკ. 18: 18-27
18. ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? 19. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმერთისა. 20. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას? 21. ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან. 22. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. 23. ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. 24. დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 25. ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში. 26. ამის გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? 27. ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წინასწარმეტყველი ნაუმი (VII ს. ქრისტეს შობამდე)
წინასწარმეტყველი ნაუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ. წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა: ძველი მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი ქალაქი მტრებმა ერთიანად დაანგრიეს და გაძარცვეს, მდინარე ტიგროსის ადიდებამ კი საბოლოოდ გაანადგურა იგი.წინასწარმეტყველი ნაუმი ახალი აღთქმის მოვლენებსაც წინასწარ ჭვრეტდა: „მალეობენ, ეგერა, ფერჴნი მთათა ზედა მახარებელისა და მიმთხრობელისათა მშჳდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინონ მერმე განვლაჲ დასაძუელებლად მოესრულოს, მოიკლას“ (ნაუმ. 1,15).
უფლის რჩეულის ცხოვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა. იგი ორმოცდახუთი წლის ასაკში მიიცვალა და თავის სამშობლოში დაკრძალეს.
მართალი ფილარეტ მოწყალე (+792)
მართალი ფილარეტ მოწყალე პაფლაგონიის ოლქის (მცირე აზია) სოფელ ამნიაში დაიბადა VIII საუკუნეში. მშობლებმა იგი კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. წმიდანის მეუღლე თეოზვა მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახის ჩამომავალი იყო. მათ ჰყავდათ შვილები: ძე – იოანე და ორი ასული – იპატია და ევანთია.ფილარეტი დიდ ქონებას ფლობდა და უხვად გასცემდა მოწყალებას.
ერთხელ პაფლაგონიას არაბები დაესხნენ თავს, ქვეყანა ააოხრეს და ფილარეტიც გაძარცვეს. წმიდანს მხოლოდ ორი ხარი, ცხენი, რამდენიმე სკა, მცირე მამული და სახლი შერჩა. იგი თვითონ ამუშავებდა მიწას, რომ თავისი ოფლით მოეპოვებინა სარჩო ოჯახისათვის და ყველაფრისთვის ჰმადლობდა უფალს. თანდათან ფილარეტის ოჯახს ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ იგი უკანასკნელ ქონებასაც გლახაკებს უყოფდა, რისთვისაც ხშირად უხდებოდა ცოლ-შვილისაგან საყვედურის მოსმენა.
ამ დროს ბიზანტიის იმპერატორმა ირინემ (797-803) თავისი ძისთვის – მომავალი თანამმართველის, კონსტანტინე პორფიროგენეტისთვის (780-797) საცოლის ძიება დაიწყო და მთელს იმპერიაში დაგზავნა ელჩები. დესპანებმა შორიდანვე შენიშნეს სხვა სახლებისაგან სიდიდით გამორჩეული ფილარეტის სასახლე და გადაწყვიტეს, იქ გაჩერებულიყვნენ. წმიდანმა მეზობლებისაგან ითხოვა საჭმელ-სასმელი და მალე მდიდრული სუფრა გაიშალა. ელჩებმა მასპინძელთან საუბარში შეიტყვეს, რომ მას სამი შვილიშვილი ჰყავდა, მოუხმეს მათ და ერთ-ერთი – მარიამი სხვა რჩეულ ქალწულებთან ერთად მეფეს წარუდგინეს. სიკეთითა და სიმდაბლით აღმატებული მარიამი დედოფალი გახდა, კონსტანტინე პორფიროგენეტმა კი ფილარეტი გულუხვად დაასაჩუქრა. ასე დაუბრუნდა უფლის რჩეულს დიდებაცა და პატივიც.
წმიდანმა მსახურს სამი ყუთი დაამზადებინა – ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტებისთვის. პირველი ყუთიდან იგი სრულიად უქონლებს აძლევდა მოწყალებას, მეორედან – გაღატაკებულებს, მესამედან კი – მათ, ვინც პირფერობით ცდილობდა ფულის გამოძალვას.
ასე გალია ნეტარმა ფილარეტმა ცხოვრების ოთხმოცდაათი წელი. მას უფლისაგან წინასწარ განეცხადა აღსასრულის მოახლოება, კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, როდოლფიას მონასტერში მივიდა, თავისი ქონების ნაწილი ამ სავანეს შესწირა, დანარჩენი გლახაკებს დაურიგა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+792). წმიდანი კონსტანტინოპოლში, როდოლფიას სავანეში დაკრძალეს. მართალი ფილარეტის სიწმიდე და ღვთივრჩეულობა მისი სიკვდილის შემდეგ აღსრულებულმა სასწაულებმაც ცხადყო.
ნეტარი ფილარეტის მიცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ, თეოზვამ, ბევრი იღვაწა პაფლაგონიაში უცხოტომელთა შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრების ასაღორძინებლად.
წმიდა მოწამე ანანია სპარსი
