140. 1. ლეღვის ხის მაგალითის მნიშვნელობის შესახებ

მთ. 24

32. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. 33. ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. 34. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. 35. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. 36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან. 37. ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. 38. რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ. 40. მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს. 41. ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. 42. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. 43. ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. 44. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.

32. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. 34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვეს: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება. 35. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. 36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. 37. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.  38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, 39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 41. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.

მკ.13

28. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. 29. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. 30. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას. 31. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ. 32. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან. 33. არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. 34. ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს. 35. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად; 36. ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი. 37. ხოლო რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე იყვენით.

28. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 29. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რთმ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. 30. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება. 31. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.

32. მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. 33. ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი. 34. მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. 35. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან  არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას. 36. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ. 37. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.

ლკ. 21

29. და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღჳ და ყოველნი ხენი. 30. რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თჳთ უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. 31. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 32. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს. 33. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. 34. ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი. 35. რამეთუ ვითარცა საფრჴე მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა. 36. იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა.

29. და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც: 30. როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული. 31. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი. 32. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 33. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. 34. ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ. 35. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ. 36. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.

(შემდ. 21:37-38; # 132)