„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

32-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
15.01.2026. მსგეფსი
ნათლისღების წინადღესასწაული.
წმ. სილიბისტრო რომის პაპისა (335); მღვდელმოწამე თეოგენესი, ჰელესპონტოს პაროსის ეპისკოპოსისა (320); მოწამისა გიორგი ივერიელისა, ლესბოსის მკვიდრისა (1770/77); ღირსისა სერაფიმე საროველისა, სასწაულთმოქმედისა (1833); კოზმან I-ისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა, სასწაულთმოქმედისა (1081).
დღის ლოცვები
წმინდა სერაფიმე საროველის ტროპარი
სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადებელითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოი მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამისთვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოი, ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ. სილიბისტროსი: ებრ. 7: 26-28; 8: 1-2 (დას. 318). ინ. 15: 1-7 (დას. 50).
ებრ. 7: 26-28; 8: 1-2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
ინ. 15: 1-7
1. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა. 2. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას. 3. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. 4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. 5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ. 6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის. 7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი და სხვანი მის თანა (+257)
მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი ეწამა 257 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. წმიდა მამა 253-257 წლებში განაგებდა რომის ეკლესიას და დაუცხრომლად იბრძოდა ნოვაციანელთა ერესის წინააღმდეგ. მართლმორწმუნეთა დევნისას იგი ფარულად ცხოვრობდა, მაგრამ განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მათ შორის იყო სამხედრო ტრიბუნი ნემეზიოსი, რომელმაც მას შემდეგ ცნო ქრისტეს მაცხოვარება, რაც მღვდელმთავარმა სასწაულებრივ განკურნა მისი ასული ლუცილა. დიაკვნად ნაკურთხი ნემეზიოსი ასულთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა – ისინი მახვილით განგმირეს. მმართველმა სიმფრონიუსმა, რომელიც მარსის ტაძარში მიიყვანეს საწამებლად, ლოცვის ძალით დაადნო ოქროს კერპი. ამ სასწაულის მხილველმა ტრიბუნმა მეუღლესთან, ეკზუპერიასთან და ვაჟთან, თეოდულესთან ერთად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. უღმრთოებმა ყველანი ცეცხლში გამოწვეს. მარტვილთა წმიდა ნაწილები პაპმა სტეფანემ მიაბარა მიწას. იმავე ხანებში მოჰკვეთეს თავი თორმეტ კეთილმსახურს: ბონს, ფავსტოსს, მავრს, პრიმიტივს, კალუმნიოზს, იოანეს, ეკზუპერანციუსს, კირილეს, თეოდორეს, ბასილის, კასტელს, ჰონორატს და ტერტულინეს, რომლებიც ნეტარი მღვდელმთავრის მიერ ეზიარნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათელს. ბოლოს თავად პაპი მიიყვანეს იმპერატორ ვალერიანესთან. უსჯულო თვითმპყრობელმა წმიდანს მარსის ტაძარში თავის მოკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სანატრელი მამის ლოცვით ტაძრის დიდი ნაწილი ჩამოიქცა, დამფრთხალი მხედრები კი დაიფანტნენ. ეკლესიის წინამძღვარმა კატაკომბებს მიმართა – წმიდა ლუცილას აკლდამას შეაფარა თავი. მეომრებმა ქრისტიანთა შორის ქადაგების დროს მიაკვლიეს მას და სიცოცხლეს გამოასალმეს.აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს (დაახლ.428) და პოვნა ნაწილთა მართალთა ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა
აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს აღესრულა დაახლოებით 428 წელს.პირველმოწამე სტეფანე იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს, მისი წმიდა ცხედარი კი ღია ცის ქვეშ დააგდეს, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. მეორე ღამეს ცნობილმა იუდეველმა სჯულისმეცნიერმა, უკვე მაცხოვრის სარწმუნოებისკენ გადადრეკილმა გამალიელმა, რომელმაც მოციქულები დაიცვა სინედრიონზე (საქმე, 5.34-40), ერთგულ კაცებს გადაასვენებინა ნეტარის ნეშტი და თავის მამულში, იერუსალიმის მახლობლად, მღვიმეში დაფლა.
როცა მაცხოვრის ფარული მოწაფე, ნიკოდიმოსი (ინ. 3,1-21; 7,50-52; 19,38-42) გარდაიცვალა, გამალიელმა იგი სტეფანეს საფლავის მახლობლად დაკრძალა. შემდგომში იქვე დაასაფლავეს თავად გამალიელიც ნათელღებულ ძესთან, აბიბოსთან ერთად.
415 წელს მთავარეპისკოპოსმა იოანემ ეპისკოპოსებთან ელეფთერ სებასტიელთან და ელეფთერ იერიქონელთან ერთად სასწაულებრივ აღმოიყვანა წმიდანთა ნაწილები და საზეიმოდ გადაასვენა იერუსალიმში. ამ დროიდან მოყოლებული ამ სიწმიდეებთან მრავალი კურნება აღესრულებოდა.
შემდგომში, კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს, პირველმოწამე სტეფანეს ნაწილები იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადასვენდა და წმიდა დიაკონ ლავრენტის სახელობის ტაძარში იქნა დაბრძანებული. როცა წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი აიგო, უხრწნელი ნაწილებიც აქ გადაასვენეს (2 აგვისტოს).
ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი, მოსკოველი საკვირველთმოქმედი (+1557)
ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი 1468 წელს დაიბადა მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ელიხოვოში. როცა ყმაწვილი წამოიზარდა, მშობლებმა იგი ოსტატს მიაბარეს ხარაზობის შესასწავლად. ერთხელ, როცა წმიდანი თექვსმეტი წლისა იყო, სახელოსნოში ვაჭარმა შემოიარა და ჩექმები შეუკვეთა. ბასილის ცრემლები წასკდა, ვაჭარი ჩექმების ჩაცმას ვერც მოასწრებს, გარდაიცვლებაო. რამდენიმე დღეში მისი წინასწარმეტყველება ახდა. ამის შემდეგ ნეტარმა მოსკოვს მიაშურა და სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხში იგი ნახევრად შიშველი დადიოდა. უცნაური იყო მისი საქციელი: ხან პურის კვერებიან ხონჩას ააყირავებდა, ხან ბურახით სავსე დოქს ჰკრავდა ხელს. გაბრაზებული გამყიდველები უყვიროდნენ და სცემდნენ, შემდეგ კი ირკვეოდა, რომ პურის კვერები ცუდი გამომცხვარი იყო და ბურახიც უვარგისად შემზადებული. თანდათან ყველასათვის ცხადი ხდებოდა, რომ ნეტარი ბასილი ღვთისკაცი იყო, უსამართლობის მამხილებელი.ერთხელ ერთმა ვაჭარმა მოსკოვში ტაძრის აგება გადაწყვიტა, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოჰყავდა: თაღები სამჯერ ჩამოიქცა. შეშფოთებულმა, წმიდა სალოსს მიმართა რჩევისათვის, რომელიც ღარიბულ ქოხში იჯდა და ცარიელ აკვანს არწევდა. „ვის არწევ?“ – იკითხა მან. „მშობელ დედას ვუხდი გადაუხდელ ვალს ჩემი შობისა და აღზრდისათვის“, – იყო პასუხი. მხოლოდ მაშინ მოაგონდა ვაჭარს, რომ დედა სახლიდან გაგდებული ჰყავდა და მისთვის ცხადი შეიქნა, თუ რატომ ვერ ამთავრებდა მშენებლობას. იგი დაბრუნდა მოსკოვში, მშობელი სახლში დააბრუნა და კეთილი საქმეც ბოლომდე მიიყვანა.
ნეტარი, უწინარეს ყოვლისა, მათ ეხმარებოდა, ვინც სხვებზე მეტად საჭიროებდა დახმარებას, მაგრამ მოწყალების თხოვნა ერცხვინებოდა. იყო შემთხვევა, როცა მეფის მდიდრული ძღვენი მან უბოძა უცხოელ ვაჭარს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, სამი დღე ლუკმაც არ ჩასვლოდა პირში, მაგრამ წყალობას ვერ თხოულობდა, რადგან კარგი სამოსი ეცვა. მოყვასის სიყვარულის გამო უფლის რჩეული სამიკიტნოებშიც დადიოდა, სრულიად განადგურებულ ადამიანებშიც ეძებდა სიკეთის მარცვლებს. ბევრი ამჩნევდა, რომ, როცა ნეტარი ბასილი ჩაუვლიდა ხოლმე სახლებს, სადაც უაზროდ ლოთობდნენ და მხიარულობდნენ, მათ კუთხეებს კოცნიდა, კეთილმსახურთა სახლებს კი ქვებს ესროდა. როცა ამ საქციელის ახსნას სთხოვეს, წმიდანმა უპასუხა, იმ სახლებთან, სადაც თავაწყვეტილად ღრეობენ, მწუხარე ანგელოზები დგანან და ჭმუნავენ ადამიანთა უსჯულოების გამო. მე ცრემლებით ვევედრები მათ, ილოცონ ცოდვილთა მოსაქცევად. ღვთისმოშიშთა სახლებში კი ეშმაკებს ადგილი არა აქვთ – გარეთ დგანან, მე კი მათ ვდევნიო.
წმიდა ბასილი 1552 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა. მის კუბოს წმიდა სამების ტაძართან გამზადებულ საფლავამდე სხვებთან ერთად თავად ივანე მრისხანეც მიაცილებდა. 1554 წელს ნეტარის საფლავზე აიგო ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი. 1558 წელს მოხდა წმიდანის კანონიზაცია და ნაწილთა აღმოყვანება.