15.05.2026. აღდგომიდან მე-5 შვიდეული. პარასკევი

15.05.2026. აღდგომიდან მე-5 შვიდეული. პარასკევი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).     

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-5 შვიდეული. ხუთშაბათი. ხსნილი თევზით

ათანასე დიდისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა (აღმოყ. წმ. ნაწ. 373); მოწამეთა: ესპერისა და ზოიასი და ძეთა მათთა: კვირიაკესი და თეოდულესი (II); კეთილმსახურისა და მოციქულთასწორისა ბორისისა (მიხეილისა), ბულგარელთა მეფისა (907); კეთილმორწმუნეთა რუსეთის მთავართა: ბორისისა (რომანოზისა) და გლებისა (დავითისა) (აღმოყ. წმ. ნაწ. 1072 და 1115 წ.წ.); ათანასე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა, სასწაულთმოქმედისა (1654).

დღის ლოცვები

ათანასე დიდის, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის

ტროპარი: სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლესიისა, მღდელთმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა ქადაგებითა ძისათა სირცხვილეულ-ჰყავ არიოზ, ღირსო მამაო; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მართლმადიდებლობისა მოძღურებანი რა დანერგენ, ბოროტად მადიდებლობისა ეკალნი აღმოსჭრენ და აღაორძინე თესლი სარწმუნოებისა წვიმითა სულისა წმიდისათა, ღირსო; ამისთვის გიგალობთ შენ, ათანასე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

საქმ. 15: 5-34 (დას. 36). ინ. 10: 17-28 (დას. 37).
მღ.მთ. ებრ. 7: 26-8: 2 (დას. 318). მთ. 5: 14-19. (დას. 11).

საქმ. 15: 5-34 

5. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული. 6. მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. 7. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. 8. გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა. 9. ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან. 10. მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა? 11. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც. 12. დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. 13. როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ: 14. სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით. 15. მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია: 16. „შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას, 17. რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი“. 18. ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი. 19. ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას. 20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს. 21. ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში. 22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის. 23. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ! 24. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის, 25. ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, 26. რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. 27. ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. 28. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: 29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ! 30. წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, მეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს. 31. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. 32. ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები. 33. ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან. 34. სილამ კი იქვე დარჩენა ინება.

ინ. 10: 17-28 

17. იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. 18. ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან. 19. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველებს შორის. 20. ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას? 21. სხვები კი ამბობდნენ: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. სად შეუძლია ემშაკს თვალი აუხილოს ბრმებს? 22. ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა. 23. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან. 24. გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად. 25. მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის. 26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით. 27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. 28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.

მღ.მთ.: ებრ. 7: 26-8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს. 

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

მღ.მთ.: მთ. 5: 14-19 

14. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული. 15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს. 16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. 17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. 18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                     (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი კირიაკე და თეოდულე (II)
წმიდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი კირიაკე და თეოდულე მდიდარი წარმართ რომულის კატულუსის მონები იყვნენ (II). ისინი ეწამნენ ადრიანე იმპერატორის (117-138) მიერ ქრისტიანთა დევნისას. კატულუსის ვაჟის დაბადებასთან დაკავშირებით სასახლეში ქალღმერთ ფორტუნას სახელზე ზეიმი გამართეს. მონებს სადღესასწაულო ტრაპეზიდან გაუყვეს საჭმელი, რომელშიც ნაკერპავი ხორცი და ღვინოც შედიოდა. წმიდანები საჭმელს არ გაეკარნენ. ზოიამ ღვინო მიწაზე დაასხა, ხორცი კი ძაღლებს მიუგდო. მაშინ კატულუსმა ბრძანა, წმიდა ზოიას ვაჟები ეწამებინათ.
წმიდა კირიაკე და თეოდულე ხეზე მიაბეს და მშობლების თვალწინ სასტიკად აწამეს. წმიდა ესპერი და ზოია შვილებს განამხნევებდნენ და განსაცდელის ბოლომდე დათმენისკენ მოუწოდებდნენ. შემდეგ თვითონ მშობლებიც აწამეს, ბოლოს კი ოთხივე გახურებულ ღუმელში შეყარეს, სადაც ლოცვით მიაბარეს უფალს სული. მოწამეების სულებს სასუფევლისკენ ანგელოზთა გალობა მიაცილებდა, სხეულები კი უვნებლად იქნა დაცული.
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373)
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373) დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს და წამოაყენა წინადადება, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება – „ერთარსი მამისა“. წმიდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას 325-373 წლებში განაგებდა. ამ ხნის განმავლობაში მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა. იყო დრო, როცა ნეტარი ერთადერთ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად რჩებოდა და უკაცრიელი თავშესაფრიდან ეპისტოლეებითა და ტრაქტატებით ამხელდა არიანელებს.
მხცოვანმა მღვდელმთავარმა 373 წელს შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება -2 მაისს და 18 იანვარს, წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად (მისი ცხოვრება სრული სახით 18 იანვრის საკითხავშია მოთავსებული). 
წმიდა კეთილმსახური მთავარი, მოციქულთასწორი ბორის-მიხეილ ბულგარელი (+907)
ბულგარელები ხშირად ეომებოდნენ მეზობელ ტომებს, ქვეყანა შიმშილობდა, 860 წელს კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ბორის მეფე წარმართული ქვეყნის ხსნას ქრისტიანული რწმენის მიღებაში ხედავდა. ბერძნებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბულგარელებმა ტყვედ ჩაიგდეს სახელოვანი დიდებული თეოდორე კუფარა, რომელსაც ბერობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სახარების მარცვალი დათესა ბულგარელთა მეფის გულში. ამის შემდეგ ბულგარეთზე გამოლაშქრებულმა ბერძნებმა თავად იგდეს ხელთ ძვირფასი ტყვე – მეფის მცირეწლოვანი და, რომელიც შემდგომ ბიზანტიის იმპერატორის კარზე მართლმადიდებლურად იზრდებოდა. როცა იმპერატორი თეოფილე გარდაიცვალა, ბორის მეფემ გადაწყვიტა, შური ეძია ბერძნებზე. იმპერატორის ქვრივმა თეოდორამ ელჩები გაუგზავნა მეფეს და გააფრთხილა, რომ ის თვითონ დაიცავდა იმპერიას. ბორის მეფემ ზავი ირჩია და შერიგების ნიშნად ტყვეებიც გაცვალეს – თეოდორე კუფარა საბერძნეთში დაბრუნდა, ბულგარელთა მეფის ასული კი სამშობლოში. მან უფრო განამტკიცა ძმის გულში ქრისტეს სასოება. მოგვიანებით ბულგარეთში ჩამოვიდა წმიდა მეთოდე, რომელმაც ძმასთან, წმიდა კირილესთან ერთად მოაქცია სლავები. წმიდა მეთოდემ ნათელ-სცა მეფე ბორისს, მის ოჯახს და მრავალ ბულგარელს. წარმართმა ბულგარელებმა მეფის მოკვდინება გადაწყვიტეს, მაგრამ ახალმონათლულმა ბორისმა დაამარცხა შეთქმულები. მეამბოხე ბელადებისაგან თავდახსნილმა ბულგარელმა ხალხმა ნებით მიიღო ქრისტიანობა. ბიზანტიასა და ბულგარეთს შორის დაიდო ზავი, რომელიც არ დარღვეულა კეთილმსახური მეფის აღსასრულამდე. ბულგარელი ხალხის სულიერი განმტკიცებისთვის დიდი ღვაწლი გასწია პატრიარქმა ფოტიოსმა. 867 წელს ბულგარეთში ჩამოვიდნენ რომის პაპის წარგზავნილები. სამი წელი გრძელდებოდა ბულგარეთში დავა ბერძნულ და რომის ეკლესიებს შორის. 869 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარებულმა კრებამ უთანხმოებას ბოლო მოუღო. 870 წლის 3 მარტს კი ბულგარეთის ეკლესია საბოლოოდ შეუერთდა აღმოსავლეთის ეკლესიას. კეთილმსახურმა ბორის მეფემ ქვეყანა ტაძრებით შეამკო. შემდეგ ბულგარეთში საპატრიარქო კათედრაც დაარსდა. ხანშიშესული წმიდა ბორისი მონასტერში წავიდა, სამეფო კი შვილებს – ვლადიმირს და სიმეონს დაუტოვა. მონასტერში მყოფმა ბორისმა, ნათლობით მიხეილმა, გაიგო, რომ ძე მისი ვლადიმირი ქრისტიანობისგან განდგომის გზაზე იდგა. ამით შეძრწუნებული მეფე კვლავ სამეფო პორფირით შეიმოსა, ურჩი შვილი დასაჯა და საპყრობილეში ჩასვა, უმცროსი ძე, სიმეონი აღასაყდრა სამეფო ტახტზე და კვლავ მონასტერში განმარტოვდა. მხოლოდ ერთხელ გამოვიდა მეფე-ყოფილი მონასტრიდან – უნგრელთა შემოსევა მოიგერია – და კვლავ ღვთის სადიდებელ მოღვაწეობას შეუდგა.
წმიდა ბორისი მშვიდობით მიიცვალა 907 წლის 2 მაისს.