…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
15.06.2026. ხსნილი თევზით
ნიკიფორე აღმსარებელისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (828).
დღის ლოცვები
ნიკიფორე აღმსარებლის, კონსტანტინეპოლელი პატრიარქის კონდაკი: ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ ძლევისა იგი გვირგვინი, ნიკიფორე ყოვლადდიდებულო, და ძლევაშემოსილად გამოსჩნდი; აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი შენნი, ვითარცა მღდელმთავარმან და ქადაგმან ქრისტემან.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რომ. 7: 1-13
1. ან იქნებ არ იცით, ძმებო, – რაკიღა რჯულის მცოდნეთ მივმართავ, – რომ ვიდრე კაცი ცოცხალია, სიკვდილი მბრძანებლობს მასზე. 2. რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან. 3. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად. 4. თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის. 5. ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი. 6. ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით. 7. მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს. 8. მაგრამ ცოდვამ მცნებისგან მიიღო საბაბი და ჩამინერგა ყველა სურვილი; რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია. 9. ხოლო მე ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი, და როცა მოიწია მცნება, ცოდვა გაცოცხლდა. 10. მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა. 11. რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა. 12. ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. 13. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.
მთ. 9: 36-10: 8
36. და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები. 37. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. 38. მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს თავის სამკალში.
8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. 9. ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს; 10. ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა. 11. რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე. 12. ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 13. და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ. 14. და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. 15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. 16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 23. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. 24. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი. 25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის – როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. 26. მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 27. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. 28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. 29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. 30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. 31. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. 32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 34. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. 35. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი – დედამისს, და რძალი – დედამთილს მისას. 36. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი. 37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; 38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. 39. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. 40. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. 41. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. 42. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+828)
წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+828) დაიბადა VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ქრისტეს აღსარებისათვის მისმა მშობლებმა მრავალი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმბრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმისაგან (740-775). წმიდა ნიკიფორემ კარგი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე ღრმად საღვთო წერილი შეისწავლა. მას ძლიერ უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა.ლეონ IV-ის (775-780) დროს ნიკიფორე მეფის მრჩეველი გახდა. სამეფო კარზე მოღვაწეობისას იგი განაგრძობდა თავშეკავებულ, კეთილმსახურ ცხოვრებას, შეურყვნელად ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მხურვალედ იცავდა ხატთაყვანისცემის წესს. 787 წელს, ლეონ IV-ის სიკვდილის შემდეგ, კონსტანტინე VI-ისა (780-797) და მისი დედის, წმიდა ირინეს ზეობისას ნიკეაში ჩატარდა VII მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ხატმბრძოლობის ერესი. ღრმად განსწავლული ნიკიფორე კრებაზე იმპერატორის სახელით გამოვიდა და მართლმადიდებლობა დაიცვა.
ამის შემდგომ ნიკიფორე კიდევ რამდენიმე წელი დარჩა სამეფო კარზე, მაგრამ ამაოებით სავსე ცხოვრება სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა მისთვის. ბოლოს, ღვთის სიყვარულით აღსავსემ ხელი აიღო ამა სოფლის ძლიერთა მსახურებაზე და განმარტოვდა ბოსფორის სანაპიროზე, სადაც მდუმარებაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დროს. მისი ღვაწლით აიგო რამდენიმე ტაძარი და დაარსდა მონასტერი.
იმპერატორ ნიკიფორე I (802-811) მეფობის დროს, წმიდა პატრიარქის (784-806) მიცვალების შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობლად წმიდა ნიკიფორე აირჩიეს. იგი ჯერ ბერად აღიკვეცა, შემდეგ მღვდლად ეკურთხა, ბოლოს კი, 806 წლის 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა.
ხატთაყვანისმცემელი იმპერატორის ლეონ V სომეხის (813-820) ზეობისას კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. იმპერატორმა გადასახლებიდან გამოიწვია VII მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები, მათი შემადგენლობით მოიწვია ერეტიკული კრება და რწმენის საკითხებზე საპაექროდ პატრიარქს უხმო. წმიდა ნიკიფორემ მწვალებლებთან ბჭობაზე უარი განაცხადა, რადგან ხატმბრძოლთა ერესი უკვე ანათემას იყო გადაცემული. ნიკიფორე ჯერ ქრისოპოლის მონასტერში გაგზავნეს, შემდეგ კი კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, მარმარილოს ზღვაში, სადაც 13 წლის შემდეგ აღესრულა ნატანჯი და შევიწროებული.
847 წლის 13 მარტს წმიდა პატრიარქის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიის ტაძარში.
ღირსი მარინი (X)
წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველი (+დაახლ. 1330-1340)
წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველი – ცხოვრობდა ტრაპიზონში, XIV საუკუნეში. იგი კეთილმსახურებით, მართლმადიდებლობის ერთგულებით, გულმოწყალებითა და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეული მდიდარი ვაჭარი იყო.ერთხელ მომავალ წმიდანს სავაჭრო საქმეებზე ხომალდით მგზავრობა მოუხდა. გემის კაპიტანი არამართლმადიდებელი იყო. იგი იოანესთან სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათში ჩაება, დამარცხდა და გულში ბოღმა ჩაიმარხა. როცა ხომალდი ბოსფორის ბელგრადში შეჩერდა, კაპიტანი ქალაქის ცეცხლთაყვანისმცემელ მმართველთან მივიდა და აუწყა, ჩემს გემზე იმყოფება ერთი სწავლული ადამიანი, რომელსაც თქვენი სჯულის მიღება სურსო.
ქალაქის თავმა პატივით მიიღო იოანე ცეცხლთაყვანისმცემლებთან შემოსაერთებლად. გაკვირვებულმა იოანემ ცეცხლთაყვანისმცემლებს ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა და დამაჯერებლად დაუმტკიცა მათი ცრუსარწმუნეობის არარაობა.
მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის წმიდანი სასტიკად აწამეს: სხეული დაუფლითეს, ნაკუწ-ნაკუწ აგლეჯდნენ ხორცს. იოანე კი მადლობას სწირავდა უფალს, რომელმაც მისთვის სატანჯველთა დათმენისა და სისხლის დანთხევის ღირსი გახადა. ბოლოს იგი ისევ საპყრობილეში შეაგდეს. დილით ქალაქის თავმა ბრძანა, კვლავ მოეგვარათ მისთვის მარტვილი. ისიც ნათელი და მხიარული სახით წარდგა მის წინაშე, ძველებური სიმტკიცით აღიარა ქრისტე და მმართველს სატანის იარაღი უწოდა. წმიდანი ახალ სატანჯველს მისცეს, ცემისაგან მთელი შიგანი გაუშიშვლდა და გარეთ გადმოეყარა. ხალხმა ეს ამაზრზენი სანახაობა ვერ აიტანა და აღშფოთებული შეძახილებით ამხილა ქალაქის თავი, რომელიც ასე არაადამიანურად ექცეოდა უდანაშაულო ადამიანს. მაშინ მმართველმა ვითომ შეწყვიტა წამება და ბრძანა, დიდმოწამე გაუხედნავ ცხენზე მიებათ და ქალაქის ქუჩებში ეთრიათ. ებრაული უბნების მცხოვრებნი დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ წმიდანს, ბოლოს ერთმა მათგანმა მახვილით წარკვეთა თავი ტანჯვისაგან ღონემიხდილ მარტვილს.
წმიდა იოანეს გვამის მოკვეთილი თავი საღამომდე ქუჩაში ეგდო. ღამით, წმიდა ცხედრის თავზე ნათლის სვეტი და მანათობელ ლამპართა სიმრავლე გამოჩნდა. სამი ნათლითმოსილი ჭაბუკი ფსალმუნებს უგალობდა და უკმევდა მოწამეს. ერთმა ებრაელმა იფიქრა, ქრისტიანები მოვიდნენო წმიდანის ნაწილების წასასვენებლად და მშვილდ-ისარს დასტაცა ხელი მაგრამ, ღვთის უხილავი ძალით შებოჭილი, უეცრად გაშეშდა. დილით ჩვენება გაქრა, მშვილდოსანი კი კვლავ გაუნძრევლად იდგა. იგი მხოლოდ მაშინ გათავისუფლდა უხილავ საკვრელთაგან, როცა შემოკრებილ ქალაქის მცხოვრებლებს აუწყა საოცარი ხილვისა და მასზე მოწეული სასჯელის შესახებ. ქალაქის თავმა, როცა მომხდარი შეიტყო, ქრისტიანებს დიდმოწამის დამარხვის უფლება მისცა. წმიდა ცხედარი ქალაქის ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 1330-1340 წლებს შორის.
კაპიტანმა, რომელმაც უსჯულოებს სატანჯველად გადასცა იოანე, შეინანა და გადაწყვიტა, მისი ცხედარი სამშობლოში გადაესვენებინა, მაგრამ წმიდანი ძილში გამოეცხადა ტაძრის ხუცესს და წინ აღუდგა ამ განზრახვის აღსრულებას. 70 წლის შემდეგ უხრწნელი ნაწილები მოლდო-ვლახეთის დედაქალაქ სოჩავში გადააბრძანეს და საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
წმიდა მოწამე დიმიტრი (+1657)
წმიდა მოწამე დიმიტრი ფილადელფიელი (მცირე აზია) ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. წმიდანი ადრეულ სიყმაწვილეში თურქებმა გაიტაცეს და გაამაჰმადიანეს. ოცდახუთი წლის ასაკში მან გააცნობიერა, რომ ჭეშმარიტი ღვთისათვის უქცევია ზურგი. გადაწყვიტა, ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა უსჯულოებთან და საჯაროდ აღიარა ქრისტე მაცხოვარი. ამისათვის თურქებმა ნეტარი მარტვილი აჩეხეს. საკუთარი სისხლით ცოდვებჩამორეცხილმა წმიდა მოწამემ 1657 წელს შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მოწამე კონსტანტინე ათონელი (+1819)
წმიდა მოწამე კონსტანტინე კუნძულ მიტილენზე დაიბადა. მისი მშობლები მაჰმადიანები იყვნენ. სიყმაწვილეში მომავალ წმიდანს ყვავილი შეეყარა. სასიკვდილოდ დასნეულებულმა მხედველობა დაკარგა და ძალა სრულიად გამოეცალა. ერთმა ქრისტიანმა ქალმა მართლმადიდებლურ ტაძარში მიიყვანა ნეტარი და ნაკურთხი წყლის საშუალებით განკურნა იგი. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა კონსტანტინე ათონის მთაზე წავიდა, მოინათლა და ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსასრულის სურვილიც გაუჩნდა. მოძღვარმა მას ურჩია, დაყუდებულიყო, სრულ მდუმარებაში, მარხვასა და ლოცვაში გაეტარებინა ორმოცი დღე და ღმერთს მინდობოდა.უფლის კურთხევით, მარტვილმა თურქების წინაშე აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი – დაახრჩვეს. წმიდა კონსტანტინემ თავისი მოწამეობრივი ღვაწლი ქრისტესთვის 1819 წლის 23 აპრილს დაიწყო და 2 ივნისს დაასრულა.