…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
15.08.2026. შაბათი. მარხვა.
პირველმოწამისა, მთავარდიაკონისა სტეფანესი (ნაწილთა აღმოყვანება იერუსალიმით კონსტანტინეპოლს 428), და მართალთა: ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა (ნაწ. პოვნა); მღვდელმოწამისა სტეფანესი, რომის პაპისა და მის-თანათა (257).
დღის ლოცვები
ტროპარი: სამეუფო გვირგვინი დაიდგ თავსა შენსა ღუაწლთა მათ მიერ, რომელნი თავს ისხენ ქრისტეს ღმრთისათვის, მოწამეთა დასაბამო სტეფანე, რამეთუ შენ ურიათა სიცბილსა ამხილე და იხილე მაცხოვარი მამისა მჯდომარე, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: პირველად დათესულ იქმენ შენ ქუეყანასა ზედა ზეციერის მოქმედისა მიერ, ყოვლადქებულო, პირველად დასთხიე სისხლი შენი ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის, სანატრელო, პირველადვე მის მიერ ძლევისა გვირგვინითა შეიმკვე, მოწამეთა დასაბამო სტეფანე, პირველ ყოველთასა მოღუაწეო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: პირველმოწ.: საქმ. 6: 8 – 7: 5, 47-60 (დას. 17). მთ. 21: 33-42 (დას. 87).
რიგ.: 1 კორ. 1: 3-9 (დას. 123). მთ. 19: 3-12 (დას. 78).
ლიტ.: პირველმოწ.: საქმ. 6: 8 – 7: 5, 47-60
8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში. 9. მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს. 10. მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი. 11. მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო. 12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს. 13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს. 14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ. 15. მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.
1. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს? 2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე, 3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. 4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ. 5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას. 48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: 49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა – ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად? 50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“ 51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც. 52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით. 53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი. 54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე. 55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო. 56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს. 57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას. 58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე. 59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული. 60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.
ლიტ.: პირველმოწ.: მთ. 21: 33-42
33. სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნახელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან. 35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს. 36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს. 37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. 38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ. 39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. 40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს? 41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს. 42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.
რიგ.: 1 კორ. 1: 3-9
3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ. 4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ. 5. რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით. 6. ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში. 7. ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას, 8. ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. 9. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.
რიგ.: მთ. 19: 3-12
3. მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი? 4. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? 5. და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. 6. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი. 7. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა? 8. მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე. 9. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. 10. უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს. 11. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა. 12. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი და სხვანი მის თანა (+257)
მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი ეწამა 257 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. წმიდა მამა 253-257 წლებში განაგებდა რომის ეკლესიას და დაუცხრომლად იბრძოდა ნოვაციანელთა ერესის წინააღმდეგ. მართლმორწმუნეთა დევნისას იგი ფარულად ცხოვრობდა, მაგრამ განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მათ შორის იყო სამხედრო ტრიბუნი ნემეზიოსი, რომელმაც მას შემდეგ ცნო ქრისტეს მაცხოვარება, რაც მღვდელმთავარმა სასწაულებრივ განკურნა მისი ასული ლუცილა. დიაკვნად ნაკურთხი ნემეზიოსი ასულთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა – ისინი მახვილით განგმირეს. მმართველმა სიმფრონიუსმა, რომელიც მარსის ტაძარში მიიყვანეს საწამებლად, ლოცვის ძალით დაადნო ოქროს კერპი. ამ სასწაულის მხილველმა ტრიბუნმა მეუღლესთან, ეკზუპერიასთან და ვაჟთან, თეოდულესთან ერთად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. უღმრთოებმა ყველანი ცეცხლში გამოწვეს. მარტვილთა წმიდა ნაწილები პაპმა სტეფანემ მიაბარა მიწას. იმავე ხანებში მოჰკვეთეს თავი თორმეტ კეთილმსახურს: ბონს, ფავსტოსს, მავრს, პრიმიტივს, კალუმნიოზს, იოანეს, ეკზუპერანციუსს, კირილეს, თეოდორეს, ბასილის, კასტელს, ჰონორატს და ტერტულინეს, რომლებიც ნეტარი მღვდელმთავრის მიერ ეზიარნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათელს. ბოლოს თავად პაპი მიიყვანეს იმპერატორ ვალერიანესთან. უსჯულო თვითმპყრობელმა წმიდანს მარსის ტაძარში თავის მოკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სანატრელი მამის ლოცვით ტაძრის დიდი ნაწილი ჩამოიქცა, დამფრთხალი მხედრები კი დაიფანტნენ. ეკლესიის წინამძღვარმა კატაკომბებს მიმართა – წმიდა ლუცილას აკლდამას შეაფარა თავი. მეომრებმა ქრისტიანთა შორის ქადაგების დროს მიაკვლიეს მას და სიცოცხლეს გამოასალმეს. აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს (დაახლ.428) და პოვნა ნაწილთა მართალთა ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა
აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს აღესრულა დაახლოებით 428 წელს.პირველმოწამე სტეფანე იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს, მისი წმიდა ცხედარი კი ღია ცის ქვეშ დააგდეს, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. მეორე ღამეს ცნობილმა იუდეველმა სჯულისმეცნიერმა, უკვე მაცხოვრის სარწმუნოებისკენ გადადრეკილმა გამალიელმა, რომელმაც მოციქულები დაიცვა სინედრიონზე (საქმე, 5.34-40), ერთგულ კაცებს გადაასვენებინა ნეტარის ნეშტი და თავის მამულში, იერუსალიმის მახლობლად, მღვიმეში დაფლა.
როცა მაცხოვრის ფარული მოწაფე, ნიკოდიმოსი (ინ. 3,1-21; 7,50-52; 19,38-42) გარდაიცვალა, გამალიელმა იგი სტეფანეს საფლავის მახლობლად დაკრძალა. შემდგომში იქვე დაასაფლავეს თავად გამალიელიც ნათელღებულ ძესთან, აბიბოსთან ერთად.
415 წელს მთავარეპისკოპოსმა იოანემ ეპისკოპოსებთან ელეფთერ სებასტიელთან და ელეფთერ იერიქონელთან ერთად სასწაულებრივ აღმოიყვანა წმიდანთა ნაწილები და საზეიმოდ გადაასვენა იერუსალიმში. ამ დროიდან მოყოლებული ამ სიწმიდეებთან მრავალი კურნება აღესრულებოდა.
შემდგომში, კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს, პირველმოწამე სტეფანეს ნაწილები იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადასვენდა და წმიდა დიაკონ ლავრენტის სახელობის ტაძარში იქნა დაბრძანებული. როცა წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი აიგო, უხრწნელი ნაწილებიც აქ გადაასვენეს (2 აგვისტოს).