15.09.2025. მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

15.09.2025. მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

            ხოლო  თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

15.09.2025. ხსნილი

მოწამისა მამაჲსი (275), მამისა მისისა თეოდოტესი და დედისა მისისა რუფინასი (III); ღირსისა იოანე მმარხველისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (595); მოწამეთა 3628-თა (3608-თა) ნიკომიდიელთა (III-IV).

დღის ლოცვები

მოწამე მამანტის, მამისა მისისა თეოდოტესი და დედისა მისისა რუფინასი

კონდაკი: კუერთხითა, წმიდაო, ღმრთისა მიერ შენდა მოცემულითა, ერი შენი დამწყსე ცხორება-შემოსილთა საძოვართა ზედა, ხოლო მხეცნი უხილავნი და დაუმშვიდებელნი შემუსრენ ფერხთა ქუეშე მგალობელთა შენთასა, რამეთუ ყოველნი, რომელნი ვართ ძვირთა შინა, მხურვალედ ზედამდგომელად და შემწედ მოგიგებთ შენ, მამანტი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ლიტ.: გალ. 2: 11-16 (დას. 202). მკ. 5: 24-34 (დას. 21).
მოწ.: რომ. 8: 28- 39 (დას. 99). ინ. 15: 1-7 (დას. 50).

ლიტ.: გალ. 2: 11-16 

11. მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო; 12. ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით. 13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ. 14. მაგრამ, როდესაც დავრწმუნღი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ? 15. ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილი წარმართნი. 16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.

ლიტ.: მკ. 5: 24-34 

24. ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა. 25. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, 26. ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, – 27. იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო. 28. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო. 29. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან. 30. მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს? 31. ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო? 32. იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი. 33. მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა. 34. ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან. 

მოწ.: რომ. 8: 28- 39 

28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. 29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

მოწ.: ინ. 15: 1-7 

1. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა. 2. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას. 3. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. 4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. 5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ. 6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის. 7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე მამაი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინეს ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა მისი მშობლები შეიპყრეს და კაბადოკიის კესარიის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. უწყოდა რა საკუთარი ხორციელი უძლურების შესახებ, თეოდოტე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, წამებამდე მიეღო მისი სული. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა და იგი დილეგშივე გარდაიცვალა. მწუხარებით შეპყრობილმა რუფინემ, რომელიც იმ დროისათვის ფეხმძიმედ იყო, უჟამოდ შვა ძე, ღმერთს შეავედრა იგი და მეუღლის გვერდით აღმოხდა სული. ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა ამიამ, რომელმაც სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო ამის შესახებ, მიწას მიაბარა წმიდა ცხედრები, მათი ახალშობილი ყრმა კი თან წაიყვანა. ხუთი წლის ასაკში დედობილმა იგი წერა-კითხვის შესასწავლად მიაბარა _ „ფრიად სურვილითა სწავლისაჲთა მან მრავალთა თანამოჰასაკეთა სძლო სწავლულებითა“.
იმ ხანებში ტახტზე ავიდა უსჯულო ავრელიანე (270-275). იგი ყრმებსაც კი აიძულებდა, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. „ადვილ წარსატყუენველ ჰგონებდა მათ ვერაგი იგი სიჩოჲსათჳს ჰასაკთა მათთაჲსა“. ბავშვები, „ვითარცა ჭეშმარიტად ყრმანი“, ემორჩილებოდნენ ბილწი თვითმპყრობელის ნებას, გონებით ბრძენი მამაი კი მტკიცედ ერთგულებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და გვერდით მყოფ თანატოლებსაც ასწავლიდა, მხოლოდ ყოვლისმპყრობელი ღვთისთვის შეეწირათ „მსხუერპლი, სიტყჳერი და სულიერი“. როცა ამის შესახებ მმართველ დემოკრიტეს მოახსენეს, ყმაწვილი შეიპყრეს. მამაის ბრწყინვალე წარმომავლობის გამო დემოკრიტემ მისი წამება ვერ გაბედა და იმპერატორთან გაგზავნა. ავრელიანე ჯერ ალერსით, შემდეგ მუქარით ეცადა მის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ: წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე და უშიშრად ამხილა უსულო კერპების თაყვანისმცემელთა უგუნურება. გააფთრებულმა მტარვალმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა თავს მარტვილს. ბოლოს, ყელზე ლოდგამობმული, ზღვაში გადააგდეს; მაგრამ ანგელოზი შეეწია უფლის რჩეულს, დახრჩობას გადაარჩინა და უბრძანა კესარიის მახლობლად, უდაბნოში მდებარე მთას შეხიზნვოდა.
ორმოცი დღე მამაიმ უჭმელ-უსმელად გაატარა, შემდეგ ღვთისგან სასწაულებრივ კვერთხი ებოძა რომელიც ზეგარდმო ბრძანების თანახმად მიწას დაჰკრა და მისი წიაღიდან წმიდა სახარება ამოვიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მცირე ტაძარი ააგო და აქ ცხოვრობდა მარხვითა და ლოცვით.
მალე წმიდა აღმსარებელს ბუნების ძალებზე საკვირველი ხელმწიფება მიენიჭა: უდაბნოში მკვიდრი მხეცები მის სამკვიდრებელთან იკრიბებოდნენ და სახარების კითხვას უსმენდნენ. ნეტარი ქურციკებისა და ირმების რძით იკვებებოდა, მოყვასთა გასაჭირსაც არ ივიწყებდა და ამ რძისგან დამზადებულ ყველს გლახაკებს ურიგებდა.
მალე ხმა წმიდა მამის ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ მთელ კესარიას მოედო. შეშფოთებულმა მმართველმა მხედართა რაზმი გაგზავნა მის შესაპყრობად. უფლის რჩეული წინ მიეგება მეომრებს, თავისთან მიიწვია და კეთილად უმასპინძლა. ამის შემდეგ მამაიმ თავისი ვინაობა გაუმხილა სტუმრებს და ჩაბარდა. მმართველმა ალექსანდრემ საშინელი და ხანგრძლივი სატანჯველებით აწამა ნეტარი, შემდეგ ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ უვნებელი დარჩა, მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად, მაგრამ მათ კრძალვით თაყვანისსცეს და ამბორს-უყვეს… ეს სასწაულები „ქვისაცა მოლბობად კმა-იყვნეს“, მაგრამ მმართველი კიდევ უფრო გაფიცხდა და ერთ-ერთ მკლავმაგარ ქვეშევრდომთაგანს რკინის სამთითით მისი განგმირვა უბრძანა. სასიკვდილოდ დაჭრილმა მარტვილმა გაჭირვებით მიაღწია ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს, მიწვა და მიიძინა საუკუნო ძილით. წმიდანის აღსასრულის წინ „ჴმაჲ ზეგარდამო მოიწია, რომელი მოუწოდდა მოღუაწესა საყოფელთა მიმართ მკჳდრ წარუვალთა“.
მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი მისი მიცვალების ადგილზევე დაკრძალეს.
წმიდა სამასიათასექვსასოცდარვა მოწამე ნიკომიდიაში აწამეს ქრისტესთვის იმპერატორების, დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს (284-305) დროს. ისინი იყვნენ ალექსანდრიელები, რომელთაც ქრისტე მაცხოვარი ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, პეტრეს (ხს. 25 ნოემბერს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ირწმუნეს. წმიდანები ოჯახებით ჩავიდნენ ნიკომიდიაში და ნებით ჩაბარდნენ საწამებლად. დიოკლეტიანე თავდაპირველად ცდილობდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფაზე დაეყოლიებინა აღმსარებლები, მაგრამ მათი შეურყევლობა რომ იხილა, ბრძანა, ყველასთვის თავები მოეკვეთათ, სხეულები კი ხრამში გადაეყარათ. უფლის სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები მრავალი წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი საღვთო გამოცხადებით.
ღირსი იოანე IV მმარხველი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (582-595), ბავშვობიდანვე საოცარ ლტოლვას გრძნობდა მონაზვნობისკენ. კეთილმსახური ცხოვრებისთვის იგი დიაკვნად აკურთხეს, რამდენიმე ხანში კი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსადაც დაადგინეს. მღვდელმთავრობის წლების მანძილზე წმიდანს არ დაუგდია ცხოვრების ის წესი, რომელიც ყველაზე ასკეტი მეუდაბნოე მამებისთვის იყო დამახასიათებელი, ამიტომაც ეწოდა „მმარხველი“.
წმიდა მამა საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითით ასწავლიდა მორწმუნეებს ვნებების მოთოკვასა და თავის ფლობას. როცა კონსტანტინოპოლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, სულთმოფენობის დღესასწაულის მიმწუხრზე დოღის ცქერით დამტკბარიყვნენ და ეს, რა თქმა უნდა, შეამცირებდა დღესასწაულის აღქმას, ნეტარი მღვდელმთავარი მუხლებზე დაეცა და მხურვალედ ილოცა, რომ უფალს მისი სამწყსოს ეს უსჯულო განზრახვა განექარვებინა. და, აი, როგორც კი კონსტანტინოპოლელებმა ასპარეზზე თავი მოიყარეს, უეცრად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ატყდა ჭექა-ქუხილი, ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა და სანახაობაც ჩაიშალა. წმიდა იოანეს ისე უყვარდა გლახაკები, რომ უშურველად ურიგებდა მათ ყველაფერს, რაც გააჩნდა და, როცა მიიცვალა, ძველი სამოსლის გარდა არაფერი დარჩენია. ნეტარმა მამამ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი.