15.09.2026. მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

15.09.2026. მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

15.09.2026. სამშაბათი. ხსნილი. 

მოწამისა მამაჲსი (275), მამისა მისისა თეოდოტესი და დედისა მისისა რუფინასი (III); ღირსისა იოანე მმარხველისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (595); მოწამეთა 3628-თა (3608-თა) ნიკომიდიელთა (III-IV). 

დღის ლოცვები 

მოწამე მამანტის, მამისა მისისა თეოდოტესი და დედისა მისისა რუფინასი

კონდაკი: კუერთხითა, წმიდაო, ღმრთისა მიერ შენდა მოცემულითა, ერი შენი დამწყსე ცხორება-შემოსილთა საძოვართა ზედა, ხოლო მხეცნი უხილავნი და დაუმშვიდებელნი შემუსრენ ფერხთა ქუეშე მგალობელთა შენთასა, რამეთუ ყოველნი, რომელნი ვართ ძვირთა შინა, მხურვალედ ზედამდგომელად და შემწედ მოგიგებთ შენ, მამანტი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები 

 

ლიტ.: გალ. 4: 28 – 5: 10 (დას. 211). მკ. 6: 54-7: 8 (დას. 27) – ორშ.
გალ. 5: 11-21 (დას. 212). მკ. 7: 5-16 (დას. 28) – სამშ.

ლიტ.: გალ. 4: 28 – 5: 10 

28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. 29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც. 30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. 31. ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა. 

1. თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს. 2. აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, ვერაფერს ირგებთ ქრისტესაგან. 3. კვლავაც ვუმოწმებ ყველას, ვინც წინადაიცვეთს, რომ მთელი რჯულის აღსრულება მართებს. 4. ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს. 5. ჩვენ კი სულით მოველით სიმართლის სასოებას რწმენისგან. 6. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით. 7. მშვენივრად რბოდით და ვინ შეგაფერხათ, რომ აღარ ჰმორჩილებდეთ ჭეშმარიტებას? 8. ეს შეგონება მისეული როდია, ვინც გიხმობთ. 9. მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს. 10. მწამს თქვენი უფალში, რომ არ გექნებათ სხვა აზრი: ვინც უნდა იყოს თქვენი ამამღვრეველი, ვერსად წაუვა მსჯავრს.

ლიტ.: მკ. 6: 54-7: 8 

54. ნავიდან გადმოსვლისთანავე იცნეს იგი იქაურებმა. 55. შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი. 56. სადაც უნდა შესულიყო – სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა. 

1. შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი. 2. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი. 3. (რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ. 4. არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა). 5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს? 6. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. 7. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს. 8. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ.

გალ. 5: 11-21 

11. რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა. 12. ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი. 13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. 14. რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 15. მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი. 16. ჰოდა, მე ვამბობ: სულიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი, 17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი – ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ. 18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ. 19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

მკ. 7: 5-16 

5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს? 6. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. 7. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს. 8. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ. 9. და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა? 10. ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. 11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, – 12. ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის. 13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ. 14. მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ: 15. არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს. 16. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე მამაი (+275), მამა მისი თეოდოტე და დედა – რუფინე (III)
წმიდა მოწამე მამაი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინეს ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა მისი მშობლები შეიპყრეს და კაბადოკიის კესარიის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. უწყოდა რა საკუთარი ხორციელი უძლურების შესახებ, თეოდოტე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, წამებამდე მიეღო მისი სული. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა და იგი დილეგშივე გარდაიცვალა. მწუხარებით შეპყრობილმა რუფინემ, რომელიც იმ დროისათვის ფეხმძიმედ იყო, უჟამოდ შვა ძე, ღმერთს შეავედრა იგი და მეუღლის გვერდით აღმოხდა სული. ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა ამიამ, რომელმაც სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო ამის შესახებ, მიწას მიაბარა წმიდა ცხედრები, მათი ახალშობილი ყრმა კი თან წაიყვანა. ხუთი წლის ასაკში დედობილმა იგი წერა-კითხვის შესასწავლად მიაბარა _ „ფრიად სურვილითა სწავლისაჲთა მან მრავალთა თანამოჰასაკეთა სძლო სწავლულებითა“.
იმ ხანებში ტახტზე ავიდა უსჯულო ავრელიანე (270-275). იგი ყრმებსაც კი აიძულებდა, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. „ადვილ წარსატყუენველ ჰგონებდა მათ ვერაგი იგი სიჩოჲსათჳს ჰასაკთა მათთაჲსა“. ბავშვები, „ვითარცა ჭეშმარიტად ყრმანი“, ემორჩილებოდნენ ბილწი თვითმპყრობელის ნებას, გონებით ბრძენი მამაი კი მტკიცედ ერთგულებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და გვერდით მყოფ თანატოლებსაც ასწავლიდა, მხოლოდ ყოვლისმპყრობელი ღვთისთვის შეეწირათ „მსხუერპლი, სიტყჳერი და სულიერი“. როცა ამის შესახებ მმართველ დემოკრიტეს მოახსენეს, ყმაწვილი შეიპყრეს. მამაის ბრწყინვალე წარმომავლობის გამო დემოკრიტემ მისი წამება ვერ გაბედა და იმპერატორთან გაგზავნა. ავრელიანე ჯერ ალერსით, შემდეგ მუქარით ეცადა მის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ: წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე და უშიშრად ამხილა უსულო კერპების თაყვანისმცემელთა უგუნურება. გააფთრებულმა მტარვალმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა თავს მარტვილს. ბოლოს, ყელზე ლოდგამობმული, ზღვაში გადააგდეს; მაგრამ ანგელოზი შეეწია უფლის რჩეულს, დახრჩობას გადაარჩინა და უბრძანა კესარიის მახლობლად, უდაბნოში მდებარე მთას შეხიზნვოდა.
ორმოცი დღე მამაიმ უჭმელ-უსმელად გაატარა, შემდეგ ღვთისგან სასწაულებრივ კვერთხი ებოძა რომელიც ზეგარდმო ბრძანების თანახმად მიწას დაჰკრა და მისი წიაღიდან წმიდა სახარება ამოვიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მცირე ტაძარი ააგო და აქ ცხოვრობდა მარხვითა და ლოცვით.
მალე წმიდა აღმსარებელს ბუნების ძალებზე საკვირველი ხელმწიფება მიენიჭა: უდაბნოში მკვიდრი მხეცები მის სამკვიდრებელთან იკრიბებოდნენ და სახარების კითხვას უსმენდნენ. ნეტარი ქურციკებისა და ირმების რძით იკვებებოდა, მოყვასთა გასაჭირსაც არ ივიწყებდა და ამ რძისგან დამზადებულ ყველს გლახაკებს ურიგებდა.
მალე ხმა წმიდა მამის ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ მთელ კესარიას მოედო. შეშფოთებულმა მმართველმა მხედართა რაზმი გაგზავნა მის შესაპყრობად. უფლის რჩეული წინ მიეგება მეომრებს, თავისთან მიიწვია და კეთილად უმასპინძლა. ამის შემდეგ მამაიმ თავისი ვინაობა გაუმხილა სტუმრებს და ჩაბარდა. მმართველმა ალექსანდრემ საშინელი და ხანგრძლივი სატანჯველებით აწამა ნეტარი, შემდეგ ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ უვნებელი დარჩა, მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად, მაგრამ მათ კრძალვით თაყვანისსცეს და ამბორს-უყვეს… ეს სასწაულები „ქვისაცა მოლბობად კმა-იყვნეს“, მაგრამ მმართველი კიდევ უფრო გაფიცხდა და ერთ-ერთ მკლავმაგარ ქვეშევრდომთაგანს რკინის სამთითით მისი განგმირვა უბრძანა. სასიკვდილოდ დაჭრილმა მარტვილმა გაჭირვებით მიაღწია ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს, მიწვა და მიიძინა საუკუნო ძილით. წმიდანის აღსასრულის წინ „ჴმაჲ ზეგარდამო მოიწია, რომელი მოუწოდდა მოღუაწესა საყოფელთა მიმართ მკჳდრ წარუვალთა“.
მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი მისი მიცვალების ადგილზევე დაკრძალეს. 
წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულნი (III-IV)
წმიდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე ნიკომიდიაში აწამეს ქრისტესთვის იმპერატორების, დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს (284-305) დროს. ისინი იყვნენ ალექსანდრიელები, რომელთაც ქრისტე მაცხოვარი ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, პეტრეს (ხს. 25 ნოემბერს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ირწმუნეს. წმიდანები ოჯახებით ჩავიდნენ ნიკომიდიაში და ნებით ჩაბარდნენ საწამებლად. დიოკლეტიანე თავდაპირველად ცდილობდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფაზე დაეყოლიებინა აღმსარებლები, მაგრამ მათი შეურყევლობა რომ იხილა, ბრძანა, ყველასთვის თავები მოეკვეთათ, სხეულები კი ხრამში გადაეყარათ. უფლის სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები მრავალი წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი საღვთო გამოცხადებით. 
ღირსი იოანე მმარხველი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+595)
ღირსი იოანე IV მმარხველი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (582-595), ბავშვობიდანვე საოცარ ლტოლვას გრძნობდა მონაზვნობისკენ. კეთილმსახური ცხოვრებისთვის იგი დიაკვნად აკურთხეს, რამდენიმე ხანში კი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსადაც დაადგინეს. მღვდელმთავრობის წლების მანძილზე წმიდანს არ დაუგდია ცხოვრების ის წესი, რომელიც ყველაზე ასკეტი მეუდაბნოე მამებისთვის იყო დამახასიათებელი, ამიტომაც ეწოდა „მმარხველი“.
წმიდა მამა საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითით ასწავლიდა მორწმუნეებს ვნებების მოთოკვასა და თავის ფლობას. როცა კონსტანტინოპოლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, სულთმოფენობის დღესასწაულის მიმწუხრზე დოღის ცქერით დამტკბარიყვნენ და ეს, რა თქმა უნდა, შეამცირებდა დღესასწაულის აღქმას, ნეტარი მღვდელმთავარი მუხლებზე დაეცა და მხურვალედ ილოცა, რომ უფალს მისი სამწყსოს ეს უსჯულო განზრახვა განექარვებინა. და, აი, როგორც კი კონსტანტინოპოლელებმა ასპარეზზე თავი მოიყარეს, უეცრად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ატყდა ჭექა-ქუხილი, ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა და სანახაობაც ჩაიშალა. წმიდა იოანეს ისე უყვარდა გლახაკები, რომ უშურველად ურიგებდა მათ ყველაფერს, რაც გააჩნდა და, როცა მიიცვალა, ძველი სამოსლის გარდა არაფერი დარჩენია. ნეტარმა მამამ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი.