19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
15.10.2025. ხსნილი
წმიდათა დიდთა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინესი, არგვეთის მთავართა (740); მღვდელმოწამისა კვიპრიანესი და მოწამისა იუსტინა ქალწულისა და თეოქთისტესი (304); ნეტარისა ანდრიასი, ქრისტესთვის სალოსისა (936).
დღის ლოცვები
დიდმოწამეთა არგვეთის მთავართა: დავით და კონსტანტინე მხეიძეთა კონდაკი:
ვარდნო შუენიერნო ზეცისა მტილისანო, რომელნი ფშვით სუნნელებასა ყოველთა კიდეთა და კურნებასა აღმოუდინებთ სურვილით მედღესასწაულეთა თქუენთა, დავით უძლეველობითა გვირგვინოსანო და კონსტანტინე ჭურო სიმხნისაო, მაქებელთა თქუენთა სამღელვარენი განსაცდელნი თანა წარხადენით და ოხითა თქუენითა მომადლეთ მშვიდობაი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ლიტ.: ფლპ. 1: 12-20 (დას. 237). ლკ. 6: 46-7: 1 (დას. 28).
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19. (დას. 106).
ცისკ.: მთ. 10: 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
ლიტ.: ფლპ. 1: 12-20
12. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას. 13. ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის, 14. რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება. 15. თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს. 16. ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს. 17. მეორენი კი – სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ. 18. მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ, 19. რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით, 20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.
ლიტ.: ლკ. 6: 46-7: 1
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? 47. ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს: 48. ჰგავს იგი სახლის მაშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას ეკვეთა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ვერ შეარყია, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. 49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის.
1. როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა.
მოწ.: ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
მოწ.: ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე კვიპრიანე, წმიდა მოწამენი იუსტინა და თეოქტისტე (+304)
მღვდელმოწამე კვიპრიანე და წმიდა მოწამენი იუსტინა და თეოქტისტე ნიკომიდიაში აღესრულნენ 304 წელს.წმიდა კვიპრიანე დაიბადა ანტიოქიაში. წარმართმა მშობლებმა იგი ადრეული სიყმაწვილიდანვე ცრუღმერთებს შესწირეს მსახურად. შვიდიდან ოცდაათ წლამდე ნეტარი წარმართობის უდიდეს ცენტრებში: ოლიმპოს მთაზე, არგოსში, ტავროპოლში, მემფისში და ბაბილონში ეუფლებოდა მოგვობის ხელოვნებას, ბოლოს კი, წარმართულ ფილოსოფიასა და ჯადოქრობაში ღრმად განსწავლული, ოლიმპოზე ქურუმად აკურთხეს. კვიპრიანემ ისეთი კადნიერება მოიპოვა ბოროტი სულების წინაშე, რომ ისინი ცხადად ემსახურებოდნენ მას.
ანტიოქიაში დაბრუნებული მოგვი წარმართებმა მთავარ ქურუმად დაადგინეს. იგი ყველას აოცებდა სტიქიათა დამორჩილების, სენთა და წყლულებათა გავრცელებისა და სხვადასხვა ჯადოსნური წამლების გაკეთების უნარით. დიდმა ქურუმმა მრავალი ადამიანის სული დაღუპა ჯადოქრობასა და ეშმაკთა მსახურებაში განსწავლით.
იმავე ქალაქში ცხოვრობდა ქრისტიანი ქალწული იუსტინა. მას ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ერთხელ წმიდანს ყმაწვილმა აღლადოსმა ცოლობა სთხოვა, რაზეც მან უარით უპასუხა. ჭაბუკმა უკან არ დაიხია – კვიპრიანეს მიმართა და ევედრა, გრძნეულებით აღეძრა ასულში საპასუხო გრძნობა. მოგვს ცდა არ დაუკლია, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან წმიდა მოწამე დემონის მანქანებას ლოცვითა და მარხვით ერეოდა. ქურუმი ქალწულთან ავხორცი გულისთქმების გასაღვივებლად ეშმაკებს გზავნიდა, მაგრამ იუსტინა ჯვრის ნიშით და მხურვალე ლოცვით უკუაქცევდა მომხდურებს. ჯადოსნობის ძალით სახეცვლილი კვიპრიანე თავადაც რამდენჯერმე მიეახლა ქრისტეს სასძლოს საცდუნებლად, მტკიცე სარწმუნოებით შემოზღუდული მარტვილი კი ურყევი რჩებოდა. განრისხებულმა კვიპრიანემ შავი ჭირი შეჰყარა წმიდა ქალწულის ოჯახსა და მთელ ქალაქს, მაგრამ აქაც იძლია ნეტარის ლოცვით. მაშინ კვიპრიანემ ცხადად შეიგრძნო თავისი დაცემის სიღრმე და მათი არარაობა, ვისაც მსახურებდა. „თუ ჯვრის აჩრდილისაც კი გეშინია და ქრისტეს სახელის ხსენებაზეც კი ძრწი, რასა იქმ მაშინ, როცა თავად ქრისტე გამოვა შენს წინააღმდეგ“? _ ჰკითხა მან სატანას. იმავ წამს დემონი ეკვეთა მის უარმყოფელს, გვემდა და ცდილობდა, დაეხრჩო. კვიპრიანემ კი პირჯვარი გადაისახა, მაცხოვარს მოუხმო შემწედ და საკუთარ თავზე პირველად გამოსცადა ჭეშმარიტი ღვთის ძლევამოსილება. ჯოჯოხეთის ბნელი ძალების ოცდაათწლიანი მსახურების შემდგომ სინანულით განწმენდილი კვიპრიანე ქრისტეს შეუდგა: ეპისკოპოს ანთიმოზის კურთხევით საჯარო აღსარება წარმოთქვა და შუაგულ ქალაქში დაწვა შორეული გამოქვაბულიდან ჩამოტანილი თავისი ჯადოქრული წიგნები. ნეტარის სინანული ისეთი გულწრფელი იყო, რომ ნათლისღებიდან მეშვიდე დღეს მედავითნედ დაადგინეს, მეოცე დღეს – იპოდიაკვნად, ოცდამეათე დღეს – დიაკვნად, ერთი წლის შემდეგ კი – მღვდლად. მალე კვიპრიანეს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი. მღვდელმოწამემ იმდენი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რომ მის ეპარქიაში კერპთაყვანისმცემელი არავინ დარჩა. როცა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა წამოიწყო, ეპისკოპოსი კვიპრიანე და იღუმენია იუსტინა შეიპყრეს, ნიკომიდიაში ჩაიყვანეს და სასტიკი წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. წმიდათა მარტვილობის მხილველმა მხედარმა თეოქტისტემ ირწმუნა მაცხოვარი, აშკარად აღიარა თავი ქრისტიანად და უფლის რჩეულებთან ერთად სიკვდილით დაისაჯა.
წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე (+740)
წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. „მეცნიერნი ძუელისა და ახალისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა“.
უსჯულონი თავს დაესხნენ ფერსათის მთასთან დაბანაკებულ ქართველებს. ღვთის შეწევნით ქართველებმა გაიმარჯვეს. გაბრაზებულმა მურვან-ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა, არაბებმა მოაოხრეს ყველაფერი. გადარჩენილმა მოსახლეობამ ტყეებს შეაფარა თავი. უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს ძმები – დავითი და კონსტანტინე.
ტყვეები მურვან-ყრუს წარუდგინეს. უსჯულო სარდალმა დაცინვა დაუწყო შებორკილ ქრისტიანებს, მათ კი უპასუხეს: „სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩუენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაჲ შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათჳს იქმნა ძლევაჲ შენი ჩუენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელ გარდავჴედით მცნებათა ღმრთისათა, იქმნა მრავლობაჲ თქუენი ჩუენ ზედა, რათა გუწუართნეს ღმერთმან ჴელითა თქუენ უსჯულოთა და უღმთოჲთა“. ამ კადნიერ პასუხზე მურვანი განრისხდა და წმიდათა წამება ბრძანა.
დავითისა და კონსტანტინეს მხნეობით გაკვირვებულმა მურვანმა ლიქნით მოინდომა ძმების მოდრეკა. მან დავითს უთხრა: „გამიგია შენი ვაჟკაცობის ამბავი, ამიტომ გირჩევ, დაუტეო ცუდი და ამაო სიტყუაჲ სიცოფისა თქუენისაჲ და დაემორჩილო სჯულსა მუჰამედისა“. სასყიდლად პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა. წმიდა დავითმა პირჯვარი გამოისახა და უპასუხა: „ნუ უყოფინ ჩუენდა, რაჲთა დაუტეოთ ნათელი და შეუდგეთ ბნელსა, ღმერთმან ჩუენმან განგვანათლა, რაჟამს ძე თჳსი მოავლინა ქვეყნად და კაც იქმნა ჩვენთვის, ყოველი განგებულება თავს იდვა: ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა, ამაღლება; კვალად მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა. მაცხოვარმა წარავლინა მოწაფენი თჳსნი ყოველსა ქვეყანასა საქადაგებლად. ჩვენთან მისმა ორმა მოწაფემ იქადაგა და მოგვაქცია კერპთა მსახურებისაგან. ჩვენ, მის მიერ განსწავლულნი და განათლებულნი, არა ვმონებთ სხვასა სჯულსა, არამედ მზად ვართ ქრისტესთვის გვემისა, ტანჯვისა, ცეცხლისა, წყალისა, მახვილისა და სიკვდილისა“. შემდგომ ამხილა ყურანი და სჯული აგარიანთა: „მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთი ვერ შეგამეცნებინათ, ამიტომ ემსგავსებით იმ ნავდანთქმულთა, რომელნიც შუა ზღვაში გადარჩნენ, მაგრამ ნაპირს მიწევნულნი დაინთქნენ“.
დავითის პასუხით განრისხებული მურვანი კონსტანტინეს მიუბრუნდა და მისი გადაბირება მოინდომა, მაგრამ კონსტანტინემაც უშიშრად აღიარა წმიდა სამება: „ვითარწა წამა და აღიარა უფალმან ჩემმან დავით… მეცა ვწამებ და აღვიარებ, რამეთუ ერთსა სჯულსა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა განსწავლულ ვართ და მრწამს მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ და მისთჳს მოვკუდები“.
გამძვინვარებულმა მურვანმა ბრძანა, შიმშილითა და წყურვილით მოეუძლურებინათ ძმები. ათი დღის შემდეგ „მრავალფერი ტანჯვის“ შემდეგ მან მოგვნი და მისანნი წარავლინა არგვეთელ წმიდანთა წინაშე, მაგრამ მოწამეებმა ისევ უშიშრად აღიარეს ქრისტე.
ძმები წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად (შემდგომდროინდელი „ჯაჭვის ხიდის“ ქვემოთ), მდინარის ნაპირას გაიყვანეს, სასტიკად გვემეს, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს.
სიკვდილის წინ ძმებმა ილოცეს: „ჰოი, უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, ვითარცა ისმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს გუყვნენ წამებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა, აწცა შეისმინენ ვედრებანი და თხოვანი ჩუენ მონათა შენთანი და ვითარცა დავიმარხენით ჴორცნი ჩუენნი უხრწნელ და შეუგინებელ სახელისათჳს შენისა წმიდისა, ეგრეთვე შემდგომად წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ გუამნი ჩვენნი განუხრწნელად და დაურღვეველად და რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობაჲ შენი და მიეც შენდობაჲ ბრალთაჲ და ყვენ ასონი ჴორცთა ჩუენთანი მკურნალ ყოველ სენთა და უძლურებათა, დიდებად ყოვლად საგალობელისა სახელისა შენისა“.
ზეცით გაისმა ხმა, რომელიც მათი თხოვნის შესმენას ადასტურებდა. ზეციური ხმით შეშინებული მტარვალები გაიქცნენ.
ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეებს „ლოდნი შემოეძარცვნეს ქედთა მათთა“ და წმიდა სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მთავართა მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მათ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა: „აღიჴუენით გუამნი წმიდათა მაგათ მოწამეთანი და წარიყვანენით ტყით კერძო აღმოსავლეთით და სადა-იგი გთნდესთ, მუნ დაკრძალენით წმიდანი ეგე გუამნი მოწამეთანი, რამეთუ მუნ არს ბრძანებაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რათა გებისა თანა არსთასა იყვნენ მუნ გებულცა გუამნი წმიდათა მოწამეთანი“.
განკვირვებულმა მსახურებმა წმიდანთა ცხედრები მთელი ღამე ატარეს და ბოლოს წყალწითელას ხეობაში აღმართული კლდის თხემს მიატანეს. იმ ადგილას ადრე ხარების სახელობის ეკლესია მდგარა, რომელიც მურვან-ყრუს დაექცია. ნაეკლესიარის ქვემოთ, კლდეში ცარიელი აკლდამა იხილეს და მოწამენი სწორედ იმ აკლდამაში დაასვენეს. ამიერიდან გმირთა საფლავს და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა.
სამასი წელი ესვენენ დავით და კონსტანტინეს უხრწნელი სხეულები იმ აკლდამაში. XI საუკუნის პირველ ნახევარში მეფე ბაგრატ III ხელახლა აღაშენა სარკინოზთაგან დანგრეული ეკლესია და იმ ჟამამდე უჩინარქმნილი წამებული გმირები მასში გადაასვენა. წმიდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენ „ვითარცა – ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან“.
მაგრამ ძმათა მხეიძეთა წამებთა თურმე ამით არ დამთავრებულა. ახალი მარტვილობა მათ წინ ისევ ელოდათ…
განვლო თითქმის 12 საუკუნემ და საქართველოს კვლავ შემოესია მძვინვარე მტერი, ამჯერად ჩრდილოეთიდან მოსულ ღვთისმებრძოლთა წითელი ლაშქარი, რომელსაც წინ მურვან-ყრუზე უარესი, ამჯერად ნაქართველარი და ქრისტიანყოფილი წინამძღოლები მოუძღოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს აოხრების შემდეგ „წითელი ურდო“ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ისევე როგორც მურვან ყრუმ, „მოსრა და მოაოხრა ყოველი“. ბნელ ძალთაგან აღძრულ უფლის მტერთა ლაშქრის მეთაურმა – სერგო ორჯონიკიძემ თავის „სასახელო გმირობებს“ ახალი საშინელი „გამარჯვება“ შემატა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ვისი ნების აღმასრულებელი იყო თავისსავე სამშობლოში. 12 საუკუნის წინათ ძმათა მხეიძეთა მიერ შერცხვენილმა სატანამ მოწამეებზე კვლავ იძია შური. „რკინის სერგოს“ ბრძანებით, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირ ძმათა უხრწნელი ცხედრები აკლდამიდან ამოთხარეს, და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს… ხოლო შემდეგ, ისევე როგორც პირველ წამებისას, მათი უხრწნელი ნეშტები წყალში გადაყარეს… ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმიდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა და ისინი უფლის ნებით ყოველთა მორწმუნეთა მეოხად კვლავ თავის საუკუნო განსასვენებელს დაუბრუნდნენ.
ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი (+936)
ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი სლავი იყო. ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა. ნეტარს უყვარდა ქრისტე, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა, ხშირად ლოცულობდა და სულის ცხონებაზე ფიქრობდა. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდათა ცხოვრებებს და ბოლოს მათი მიბაძვის სურვილით აღენთო. ერთხელ სიზმრისეული ჩვენებით ანდრიამ იხილა ორი ლაშქარი: ერთი – ნათელმოსილი ჭაბუკებისა, მეორე კი – კუპრივით შავი, საზარელი ეშმაკებისა. უფლის ანგელოზმა, რომელსაც ხელში საკვირველი გვირგვინები ეპყრა, წმიდანს უთხრა: „ეს გვირგვინები ამსოფლიური სამკაული კი არა, ზეციური საუნჯეა. უფალი მათ შავბნელი მხედრობის დამთრგუნველებს ანიჭებს“, შემდეგ კი უბრძანა: „შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში“. ამ დღიდან მოყოლებული ანდრიამ შეშლილივით ძონძებით დაიწყო სიარული ქალაქის ქუჩებში. ღამით ლოცვად დამდგარი სალოსი უფალს ავედრებდა საკუთარ თავს, თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ასე განვლო მრავალმა წელმა. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისათვის თავის რჩეულს წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის მადლი გარდამოუვლინა. ამ დროს ქალაქში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარებას შეეპყრო. იგი ბაზრის მახლობლად დამკვიდრებულიყო იმ იმედით, რომ სავაჭროდ გამოსული სულიერი შვილები მასთან ხელცარიელები არ მოვიდოდნენ. ღმერთმა ქრისტესთვის სულელს გაუცხადა ამ მამის ჭეშმარიტი სახე: დაანახა საზარელი გველი, რომელიც მას ყელზე შემოხვეოდა. მწუხარებით შეპყრობილი წმიდანი მცირე ხნის შემდეგ მდაბლად მიეახლა ბერს, სიყვარულით ამხილა და უთხრა: „შენს სულს სერაფიმივით ფრთები ჰქონდა – ბოროტს რად მოაკვეცინე, ანგელოზის ხატი გემოსა, რად მიემსგავსე ეშმაკს, რისთვის აგროვებ საგანძურს, განა მასთან დაიმარხები? სულიერი შვილებისგან დაუცხრომლად რომ კრებ ვერცხლს და ხარობ, თავზე მათ ცოდვებს იგროვებ. ასეთი მძიმე ტვირთით როგორ წარსდგები ქრისტეს წინაშე? დაურიგე შენი საუნჯე გლახაკებს, ობლებს, ქვრივებსა და მწირებს, თორემ დაიღუპები. ხედავ დემონს?“ ამ სიტყვებზე ბერს სულიერი თვალები აეხილა და დაინახა ოთახის კუთხეში მდგარი მხეცისმაგვარი შავი გოლიათი, კბილებს რომ აღრჭენდა. ბერი შიშისაგან ათრთოლდა და ძლივსღა ამოთქვა: ამიერიდან მხოლოდ უფლის მცნებებით ვიცხოვრებო. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე აღმოსავლეთით ელვა გაიკლაკნა, ბოროტი სული გაქრა და ბერს მომღიმარე ანგელოზი მიეახლა. წმიდანმა პირუთვნელი მხილებით კიდევ მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული იხსნა დაღუპვისაგან.ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღირსი შეიქნა საკუთარი თვალებით ეხილა ღვთისმშობელი, რომელმაც თავისი თავსაბური გადააფარა იქ შემოკრებილ მლოცველებს (იხ. 1 ოქტომბრის საკითხავი). უფლის რჩეული 936 წელს გარდაიცვალა.