„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

32-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
16.01.2026. მსგეფსი
ნათლისღების წინადღესასწაული.
წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა (თაყაიშვილისა, 1953); იოანე ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსისა (XI); წინასწარმეტყველისა მალაქიასი (400 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამისა გორდისა, რომელი იყო კაბადუკიის კესარიით (307-323); ღირსისა აკაკი სასწაულთმოქმედისა (IX-X); ღირსისა მელიტონ ბივრიტელისა (ბეირუთელისა), საბაწმიდელი მამასახლისისა (537); ღირსისა მღვდელმოწამისა ბასილი ჰამელ ეპისკოპოსისა (III); ღირსისა თომაიდა ლესბოსის მკვიდრისა (X); ღირსისა ჟენევიევა პარიზელისა (500).
დღის ლოცვები
იწინასწარმეტყველე შენ ნიჭითა წინასწარმეტყველებისა სიმდიდრისათა და მოგვითხრენ ჩვენ ცხადად მოსლვაი ქრისტესი, სოფლისა მაცხოვრისა, რომლისა ბრწყინვალებითა განათლდა სოფელი.
საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან მტერთაისა განარინენ, და ექსორიობასა შინა ჭირნი მრავალნი დაითმინე, მამულისა სალმობათა მკურნალო, ღმრთისა კაცო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია არ აღესრულება.
დიდნი ჟამნი
I ჟამზე: ეს. 35: 1-10. საქმ. 13: 25-32 (დას. 33). მთ. 3: 1-11 (დას. 5).
III ჟამზე: ეს. 1: 16-20. საქმ. 19: 1-8 (დას. 42). მკ. 1: 1-8 (დას. 1).
VI ჟამზე: ეს. 12: 3-6. რომ. 6: 3-11 (დას. 91). მკ. 1: 9-15 (დას. 2).
IX ჟამზე: ეს. 49: 8-15. ტიტ. 2: 11-14; 3: 4-7 (დას. 302). მთ. 3: 13-17 (დას. 6).
I ჟამზე: ეს. 35: 1-10. საქმ. 13: 25-32. მთ. 3: 1-11
1. მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება. 2. აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს. 3. გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ! 4. უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ. 5. მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. 6. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე – ნიაღვრები. 7. დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება. 8. შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ. 9. არ გამოჩნდება იქ ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას, არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან. 10. უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ.
საქმ. 13: 25-32
25. ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე. 26. კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა. 27. ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს. 28. და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი. 29. ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს. 30. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით. 31. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე. 32. და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო.
მთ. 3: 1-11
1. ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად. 2. და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 3. რადგან ეს არის, ვისთვისაც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 4. ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი. 5. მაშინ გამოდიოდა მისკენ იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი შემოგარენი იორდანესი. 6. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 7. როდესაც დაინახა მისკენ მოსანათლად მომავალი ფარისეველნი და სადუკეველნი, უთხრა მათ: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას? 8. მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა. 9. ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. 10. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. 11. მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით.
III ჟამზე: ეს. 1: 16-20. საქმ. 19: 1-8. მკ. 1: 1-8
16. განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. 17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. 18. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. 19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; 20. თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.
საქმ. 19: 1-8
1. მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა. 2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა. 3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო. 4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე. 5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. 6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. 7. იყო სულ თორმეტიოდე კაცი. 8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.
მკ. 1: 1-8
1. დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. 2. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას. 3. ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 4. იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. 5. გამოდიოდა მის მიმართ მთელი იუდეის ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი, ნათელს იღებდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 6. ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს. 7. ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი. 8. მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით.
VI ჟამზე: ეს. 12: 3-6. რომ. 6: 3-11. მკ. 1: 9-15
3. სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან. 4. იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი. 5. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი. 6. იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
რომ. 6: 3-11
3. ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? 4. მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. 5. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით, 6. რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას. 7. რადგანაც მკვდარი ცოდვისაგან თავდახსნილია. 8. ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. 9. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. 10. რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს. 11. ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად – ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ.
მკ. 1: 9-15
9. და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. 10. წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. 11. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. 12. და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში. 13. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. 14. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას. 15. და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება.
IX ჟამზე: ეს. 49: 8-15. ტიტ. 2: 11-14; 3: 4-7. მთ. 3: 13-17
8. ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად, 9. გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი. 10. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს. 11. ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები მაღლა აიწევა. 12. აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი – ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი – სინიმის ქვეყნიდან! 13. გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი. 14. თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო. 15. განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ.
ტიტ. 2: 11-14
11. რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, 12. ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, 13. და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას, 14. რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე.
ტიტ. 3: 4-7
4. ხოლო როდესაც გამოჩნდა სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის – ღვთისა, 5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით, 6. რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, 7. რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.
მთ. 3: 13-17
13. მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეს პირას, იოანესთან, რათა მონათლულიყო მისგან. 14. იოანე კი არ უშვებდა და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდინარ ჩემთან? 15. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი. 16. და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხალა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. 17. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წინასწარმეტყველი მალაქია (დაახ. 400წ. ქრისტეს შობამდე)
წმიდა წინასწარმეტყველი მალაქია ქრისტეს შობამდე 400-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონის სამეფო სპარსეთის მეფე კვიროსმა დაიმორჩილა და იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. თავისი სიკეთითა და სათნოებით წინასწარმეტყველი ხალხს აოცებდა, ამიტომაც უწოდეს „მალაქია”, რაც ანგელოზს, მახარებელს ნიშნავს. მალაქიას წინასწარმეტყველება ჩართულია ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებს შორის. აქ იგი ამხელს იუდეველებს და წინასწარ ჭვრეტს იესო ქრისტესა და მის წინამორბედის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს (3,1-5; 4,1-6) მალაქიას „წინასწარმეტყველთა ბეჭედს” უწოდებენ, რადგან იგი უკანასკნელი იყო იმ მართალთაგან, ვისაც უფალი წინასწარხედვით მადლს ანიჭებდა. მალაქიადან იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა ებრაელთა შორის.წმიდა მოწამე გორდი (IV)
წმიდა მოწამე გორდი III საუკუნის დასასრულს დაიბადა კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა. IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნილობის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამ სოფელს და უდაბნოში განმარტოვდა, რომ ღვთის სათნო ღვაწლით მომზადებულიყო მაცხოვრის უტკბესი სახელის აღსარებისათვის. 320 წელს გორდი აშკარად გამოვიდა ქალაქის პრეფექტის წინაშე ქრისტიანთა დასაცავად, რისთვისაც იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს. სულ პატარას გარდაეცვალა მამა, სიმონ თაყაიშვილი, ხუთი წლისას კი – დედაც. სამიოდე წლისა ხიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა; წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა.
შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. იგი მოსწავლეებს უკითხავდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, ასწავლიდა ლექსებს.
ოზურგეთში სწავლისას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე თაყაიშვილი და შემდგომ ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი. ეს ნაცნობობა შემდეგ დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.
ექვთიმე ოზურგეთიდან ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. 1883 წ. გიმნაზიას ამთავრებს და პეტერბურგში მიემგზავრება უნივერსიტეტში სასწავლებლად. აქ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მსმენელად ჩაირიცხა. 1887 წ. დაამთავრა უნივერსიტეტი და საქართველოსკენ გამოემართა. საქართველოში მასწავლებლობას იწყებს. ასწავლის ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1887-94 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაშია. 1894-1904 წლებში განაგებს სათავადაზნაურო გიმნაზიას.
ექვთიმე თაყაიშვილი მთელი გატაცებით აგროვებს საქართველოს სიძველეებს: ხელნაწერებს, არქეოლოგიურ მასალას, შინამრეწველობის ნიმუშებს. ცდილობს მათ მეცნიერეულ შესწავლა-დამუშავებას. დაუახლოვდა სახელგანთქმულ მეცნიერს დიმიტრი ბაქრაძეს და საბოლოოდ გადაწყვიტა ისტორიკოსობა – ეს კეთილშობილური, მაგრამ მძიმე საქმე. დიმიტრი ბაქრაძეს მაშინ დაუახლოვდა, როცა საქართველოს წარსულის ძეგლები მიმოფანტული იყო და განწირული დასაღუპავად. „იმხანად, – იგონებს ე. თაყაიშვილი, – უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის…“
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მთელი ძალით შეუდგა „საზოგადოებაში“ მუშაობას. მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში და ეხმარებოდა სკოლებსა და სამკითხველოებს; აგროვებდა ძვირფას წიგნებს, სხვადასხვა სახის სიძველეებს, სიგელ-გუჯრებსა და ისტორიულ საბუთებს.
ექვთიმე თაყაიშვილმა 1907 წ. დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც იყო 1921 წლამდე (ემიგრაციაში წასვლამდე), ეწეოდა ფართო არქეოლოგიურ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტიანული ხანის სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფ. ვორნაკში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვაებასა და დაცვაში. კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს; მოახერხა განძის უმეტესი ნაწილის თავმოყრა და კავკასიის მუზეუმში დაბინავება. მეტად მნიშვნელოვანი იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში. პირველი ექსპედიცია 1902 წ. მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. შესწავლილი იქნა ახალციხისა და ახალქალაქის, აგრეთვე არტაანისა და ოლთისის ოლქების არქიტექტურული ძეგლები. 1907 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიკვლია არტაანის ოლქის კოლას რაიონის ეკლესია-მონასტრები და დაამთავრა ოლთისის ოლქის ეკლესია-მონასტრების შესწავლა. ექსპედიციაში მასთან ერთად იყვნენ ხუროთმოძღვარი ალექსანდრე კალგინი და ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1917 წ. მოწყობილ ექსპედიციას. მათ შეისწავლეს ხახულის, ოშკის, ექექისა და სხვ. ტაძრები, ოთხთა ეკლესია, თორთუმის ციხე და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა. გაარკვია მანამდე უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი. შეისწავლა მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლესიო ჭურჭელი, მინიატურები.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ყველა საორგანიზაციო საკითხი, უნივერსიტეტის წესდების შედგენიდან დაწყებული უმნიშვნელო წვრილმანებამდე, ექვთიმეს გარეშე არ წყდებოდა. იგი უნივერსიტეტის პირველი პროფესორი იყო. 1918 წ. 21 მაისს უნივერსიტეტის საბჭომ დირექტორის ხარისხი მიანიჭა.
![]() |
|
სიცოცხლის ბოლო წლებში |
1921 წ. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის უმალ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში – საფრანგეთში წავიდა. მთავრობამ გადაწყვიტა, არავისთვის დაენებებინა საქართველოს სამუზეუმო ნივთები, ძვირფასეულობა, ქართველი ხალხის ეს დიდი შემოქმედების ნაყოფი. განძეულობის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. განძეულობა გატანილი იქნა საფრანგეთში. 1921 წლიდან 1945 წლამდე ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და ღირსებით ასრულებდა განძის მეთვალყურის მოვალეობას. მისი უდიდესი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო საქართველო საგანძურის დაცვა მეტად რთულ პირობებში. გაუძლო ინგლისისა და აშშ მუზეუმების შემოტევებს (მათ უნდოდათ განძის გარკვეული ნაწილი ეყიდათ. ინგლისის მუზეუმი სანაცვლოდ პირობას დებდა, დანარჩენი განძი უფასოდ შეენახა), გაუძლო მეორე მსოფლიო ომის საშინელ წლებს, როცა შეიძლებოდა გერმანელებს განძი ოკუპირებული საფრანგეთიდან წაეღოთ. ვერ გატეხა შიმშილმა, დამცირებამ, მეტად მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და 1945 წ. მთელი განძი უკლებლივ ჩამოიტანა საქართველოში.
1945 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი მეცნიერი წერდა: „ორიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენია და, საბედნიეროდ, ისევ სამშობლოში მიწევს… მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას: ვეცდები, აღარც ერთი ჩემი ხელთ ნამყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დარჩეს გამოუცემელი, მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა დრომ“.
დრო მიდიოდა… წლები თავისას აკეთებდა… ღრმად მოხუცებული ექვთიმე სულიერ განსაცდელშიც იყო. ხელისუფლებას ყოველი ემიგრანტის მიმართ, როგორც ჩანს, გარკვეული ეჭვები ჰქონდა. მოხუცი ერთგვარ იზოლაციაში მოექცა, მაგრამ მაინც გულგაუტეხლად აგრძელებდა თავის საქმიანობას – იხდიდა ვალს ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის თებერვალში გარდაიცვალა, განისვენებს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმიდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 აინვარი.
ღირსი იოვანე ჭყონდიდელი (+1110) – 03 (16) იანვარი
როგორც ჩანს, წმიდა იოვანე დაწინაურებულ ქართველ თავადიშვილთა გვარიდან იყო. იოვანე მისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ღმრთისმეტყველი და უდიდესი პატრიოტი იყო.
1050 წელს, წმიდა იოვანე, ჯერ კიდევ ერისკაცობაში თავის ძმასთან, პეტრიკთან ერთად თან ახლდა საქართველოს მეფე ბაგრატ VI-ს (+1072) და დედოფალ მარიამს კონსტანტინეპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომაქოსის კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმიდელს და დიდი შესაწირავი გაატანეს ათონზე, რისთვისაც იოვანეს და მის ძმას ივერონში აღაპი დაუწესეს.
იოვანე 1054 წელს, ჯერ კიდევ ერისკაცი, აქტიურად მონაწილეობდა საერო და სასულიერო ცხოვრებაში. 1059 წელს წმიდა იოვანემ მეფე ბაგრატ IV-ის დავალებით საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმიდელი, რომლის ინიციატივითაც იოვანეს ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
იოვანე ჭყონდიდელი 1061-65 წლიდან მთავარეპისკოპოსის ხარისხით განაგებს იმ დროისათვის უკვე საკმაოდ დაწინაურებელ ჭყონდიდის კათედრას. იგი აქტიურად ამოუდგა მხარში გიორგი მთაწმიდელს, საქართველოში იმ დროისათვის საკმაოდ დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში.
1065 წელს წმიდა იოვანე, მის ძმასთან და ბედიელ მთავარეპისკოპოს იოვანესთან ერთად თან ახლდა საქართველოს მეფის ასულ მართას კონსტანტინეპოლში. ამის შემდეგ, 1066-67 წლებში, იოვანე ჭყონდიდელი კიდევ მიდის კონსტანტინეპოლშჲ ბიზანტიის იმპერატორთან, როგორც ბაგრატ მეფის წარმომადგენელი და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მღვდელმთავარი. ამ ელჩობის დროს იოვანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცესმონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. გიორგი ხუცესმონაზონი წმიდა იოვანეს მისი თხზულების ერთ-ერთ შემკვეთად ასახელებს: “ღმრთისმოყვარისაცცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა იოვანეს ვიტყვი ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა… დიდად იძულებულ იქნა უღირსებაჲ ჩუენი… რათა ყოველი სახე აღსრულებისა და გასლვისა წმიდისა ამის მამის ჩუენისაჲ უნაკლოდ მიუთხრა”.
1085 წლიდან იოვანე ჭყონდიდელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი დიმიტრის (1080-1090) თანაშემწეა – იგი სვინგელოზის პატივითაა დაჯილდოებული.
გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი სვინაქსარის გვიანდელ მინაწერის მიხედვით, დაახლოებით 1110 წლის 3 იანვარს “გარდაიცვალა სულკურთხეული მთავარეპისკოპოსი იოვანე ჭყონდიდელი”.
“ქართველ წმიდათა ცხოვრებანი”, თბილისი, 2007 წ.

