16.02.2026. ყველიერის შვიდეული. ორშაბათი

16.02.2026. ყველიერის შვიდეული. ორშაბათი

           „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

           „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

         ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

         ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).        

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

16.02.2026. ყველიერის შვიდეული. ორშაბათი

მიგებების შემდგომი დღესასწაული.

მართლისა სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანა წინასწარმეტყველისა (I); წინასწარმეტყველისა აზარიასი (X ს. ქრ. შ.-მდე); მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (308-309); მოწამისა ვლასი კესარიელისა (III); მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონელ მთავარეპისკოპოსისა (1912).

მსგეფსი (შვიდეული) ხსნილია (ხორცის გარდა).

დღის ლოცვები

 

მართლისა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის და ანა წინასწამეტყველისა

ტროპარი: სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომელმან ახარა ადამს გამოხსნა ბნელისაგან და აღმოყვანებაი კვალად მუნვე სამოთხედ, და ჩუენ, მგალობელთა მისთა, მოგვმადლოს ცოდვათა მოტევებაი.

კონდაკი: მოხუცებული დღეს განხსნასა ევედრების საკრველისაგან ამის ხორციელისა ცხორებისათა და ქრისტესა მიიქვამს მკლავთა ზედა, შემოქმედსა და უფალსა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

ლიტ.: რიგ.: 3 ინ.1: 1-15 (დას. 76). ლკ.19: 29-40; 22: 7-39 (დას. 96).
მართ.: ებრ. 9: 11-14 (დას. 321, შუა). ლკ. 2: 25-38 (დას. 8).

ლიტ.: რიგ.: 3 ინ. 1: 1-15 

1. უხუცესი – საყვარელ გაიუსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებით. 2. საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილად გევლოს და კარგად იყო, როგორც კეთილად ვალს შენი სული. 3. რადგანაც დიდად გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და მიმოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით. 4. რა უნდა იყოს ჩემთვის უფრო სასიხარულო, ვიდრე იმის გაგება, თუ როგორ დადიან ჭეშმარიტებით ჩემი შვილები. 5. საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც აკეთებ ძმებისა და უცხოთათვის, 6. ეკლესიის წინაშე რომ გვიმოწმეს შენი სიყვარული; კარგს იზამ, თუ ისე წარგზავნი მათ, როგორც შეშვენის შენს ღვთისმსახურებას. 7. რადგანაც მისი სახელისათვის გამოემართნენ და არაფერი წამოუღიათ წარმართთაგან. 8. ხოლო ჩვენ გვმართებს შევიწყნაროთ ამნაირნი, რათა შევეწიოთ ჭეშმარიტებას. 9. ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ. 10. ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ მის საქმეებს, უკეთური სიტყვით რომ გვიხსენიებს, და ამასაც არ სჯერდება: თვითონ ხომ არ ღებულობს ძმებს, მაგრამ მათი მიმღების მსურველთაც უკრძალავს ამას და ეკლესიიდან აძევებს მათ. 11. საყვარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიჰბაძე, ვინაიდან კეთილისმოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტმოქმედს კი არ უხილავს ღმერთი. 12. დიმიტრის არა მარტო ყველა უმოწმებს, არამედ თვით ჭეშმარიტებაც; ჩვენც ვმოწმობთ და იცით, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია. 13. ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მინდა მელნითა და კალმით მოგწერო. 14. რადგანაც იმედი მაქვს რომ მალე გნახავ და პირისპირ ვილაპარაკებთ. 15. მშვიდობა შენდა. მოგიკითხავენ მეგობრები. სათითაოდ გადაეცი მოკითხვა ჩვენს მეგობრებს.

ლიტ.: ლკ.19: 29-40; 22: 7-39 

29. როდესაც მიუახლოვდნენ ბეთბაგეს და ბეთანიას, რომელსაც ჰქვია ზეთისხილის მთა, გაგზავნა ორი მოწაფე, 30. და უთხრა მათ: წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში და მასში შესვლისთანავე დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და აქ მომიყვანეთ. 31. ხოლო თუ ვინმე გკითხავთ, რატომ ხსნითო, ასე მიუგეთ: უფალს სჭირდება-თქო. 32. წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა. 33. ჩოჩორს რომ ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა ჰკითხეს: რატომ ხსნით ჩოჩორს? 34. ხოლო მათ უთხრეს: იმიტომ, რომ უფალს სჭირდებაო. 35. მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ შესვეს იგი. 36. ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს. 37. როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ. 38. ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა! 39. ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები. 40. ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.

მართ.: ებრ. 9: 11-14 

11. ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით. 12. კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა. 13. ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი, 14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?

მართ.: ლკ. 2: 25-38 

27. სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც დაწესებული იყო რჯულით, 28. ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა: 29. აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით. 30. რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, 31. რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, 32. ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად. 33. ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით. 34. აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად. 35. და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი. 36. იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში; 37. ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. 38. სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14) 

 

წინასწარმეტყველი აზარია (Xს. ქრისტეს შობამდე)
 წინასწარმეტყველი აზარია (Xს. ქრისტეს შობამდე)

 

ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ლუკა მახარებლის მოწმობით, „კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშისცემასა ისრაელისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა” (ლკ. 2,25). მისდა უწყებულ იყო სულისგან წმიდისა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ აღთქმულ მესიას – განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს არ იხილავდა.
ძველი ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს II ფილადელფოსმა (285-247 ქრისტეს შობამდე) ისურვა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმიდა წერილის წიგნებით შეევსო. ამ მიზნით, მან მწიგნობრები მოიწვია იერუსალიმიდან. წმიდა წერილის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად ალექსანდრიაში ჩასულ 72 სწავლულს შორის იყო მართალი სვიმეონიც. იგი ესაია წინასწარმეტყველი წიგნს თარგმნიდა. როცა მივიდა ადგილამდე: „აჰა ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ” (7: 14), მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა, „ქალწულის” ნაცვლად „დედაკაცი” ჩაეწერა, მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა, ხელი დაუჭირა და უთხრა: „ირწმუნე ამ სიტყვების და თავად დარწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს”. ამ დღიდან მოყოლებული, სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა.
და აი, ერთხელ, სულიწმიდამ აუწყა: „აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!” და ისიც „ესე მართალი უკუანაჲსკნელი. პირველიცა და უკუანაჲსკნელიცა; დასასრული შჯულისაჲ და დასაბამი მადლისაჲ; ნათესავით ჰურიაჲ, არამედ მადლითა ქრისტიანე; მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით; ფარისეველთა, მათ შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშოვრებულ” – ტაძრისაკენ გაეშურა. მრავალ დედას შორის წმიდა მოხუცმა გამოარჩია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყრმა იესო და შეჰღაღადა: „აწ განუტევე, მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა (ლკ. 2,29-32). შემდეგ აკურთხა მართალი იოსები და ღვთისმშობელს წინასწარმეტყველურად მიმართა: „აჰა, ესერა, ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყჳსსაგებლად; და თვით შენსაცა სულისა განვიდეს მახვილი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი” (ლკ.2,34-35).
წმიდა და მართალმა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა 360 წელი იცხოვრა. VI საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.
 
წმიდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო „ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელს სიქალწულითგან თჳსით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხი წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე-ღამე” (ლკ .2,36-37). უფლის ნებით, „ესე მასვე ჟამსა მოიწია”, ჩვილში შეიცნო მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.
 
მოწამენი: კლავდიანე, პაპი და დიოდორე (+250)

 

წმიდა სვიმეონი, ტვერელი ეპისკოპოსი, პოლოცკელ მთავართა გვარის ჩამომავალი, პოლიცკის მეშვიდე და ტვერის ეპარქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. მეუფის კათედრა თავდაპირველად პოლიცკში იმყოფებოდა, მაგრამ ლიტველი მთავრის მტრულმა გამოხდომებმა და შფოთმა, 1263 წელს კი – პოლიცკის მთავრის ვერაგულმა მკვლელობამ წმიდანი აიძულა, რეზიდენცია ტვერში გადაეტანა (ტვერელი მთავარი იაროსლავ იაროსლავის ძე ამ დროს დიდი მთავარი გახდა და ტვერი თავის სატახტო ქალაქად აირჩია).
ნეტარი სვიმეონი, შემწყნარებელი და მოწყალე ხასიათის მღვდელმთავარი, უდიდესი სიმტკიცითა და სიმართლისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისტორიამ შემოგვინახა წმიდანის საუბარი პოლოცკელ მთავარ კონსტანტინესთან. ამ უკანასკნელს თავისი მსაჯულის დაცინვა მოუნდომებია და სადილობის დროს მღვდელმთავრისთვის უკითხავს: „სად მოხვდებიან მსაჯულები იმქვეყნად?” სვიმეონს უპასუხნია: „მსაჯული თავისი მთავრის გვერდით მოხვდება”. კონსტანტინე არ მოსწონებია პასუხი: „მსაჯული არასწორად სჯის, ქრთამს იღებს, ხალხს ტანჯავს, მე კი რას ვაკეთებ ცუდს?” „თუ მთავარი კეთილი და ღვთისმოშიშია, სიმართლეც ეყვარება და მსაჯულად თავისსავე მსგავს, კეთილ და ღვთისმოშიშ, ბრძენ და სიმართლისმოყვარე ადამიანს დანიშნავს. მაშინ მთავარიც სამოთხეში მოხვდება და მსაჯულიც. თუ მთავარს ღვთის შიში არა აქვს, ქრისტიანები არ ებრალება და ობლებსა და ქვრივებზეც არ ფიქრობს, მოსამართლედ ბოროტ და განუსჯელ ადამიანს აირჩევს მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან სარგებელი მიიღოს. ასეთი მთავარიც ჯოჯოხეთში მოხვდება და მსაჯულიც“, _ განუმარტავს ღირს მამას.
წმიდა სვიმეონი გარდაიცვალა 1289 წლის 3 თებერვალს.