…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-5 შვიდეული. შაბათი. ხსნილი
მამაჲ კათალიკოსისა (744); ღირსთა: მიქაელ და არსენ ქართველთა, ულუმბელთა (IX); მოწამეთა ტიმოთესი და მავრასი (286); ღირსისა პეტრე სასწაულთმოქმედისა, არგოსელ ეპისკოპოსისა (X); ღირსისა თეოდოსი კიევო-პეჩორელი იღუმენისა (1074).
დღის ლოცვები
მოწამეთა: ტიმოთეს და მავრას კონდაკი:
მრავალ სახენი წყლულებანი დაითმინენით და გვირგვინი ღმრთისა მიერ მოიხვენით, იოხეთ ჩუენთვისცა უფლის მიმართ სახსენებელთა თქუენთა საღმრთოთა აღმასრულებელთათვის, ყოვლადდიდო ტიმოთე და დიდებულო მავრა, რაითა მშვიდობით დაიცვას ქალაქი და ერი, რამეთუ იგი თავადი არს სიმტკიცე მორწმუნეთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 15: 35-41 (დას. 37). ინ. 10: 27-38 (დას. 38).
საქმ. 15: 35-41
35. ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას. 36. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან. 37. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი. 38. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ. 39. ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს. 40. პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. 41. დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
ინ. 10: 27-38
27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. 28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. 29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ. 30. მე და მამა ერთი ვართ. 31. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. 32. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას? 33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი. 34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ? 35. ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია), 36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა? 37. თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით. 38. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე – მასში.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა (დაახლოებით 286)
წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა (+დაახლ. 286). მოწამეობრივ აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. სოფელ პერაპიაში (ეგვიპტის თებაიდა) მცხოვრები წმიდა ტიმოთე მღვდლის შვილი იყო და მედავითნედ მსახურობდა. მის მორჩილებაში შედიოდა საღვთისმსახურო წიგნების დაცვა და გადაწერა. ბოროტმა ენებმა ტიმოთე მმართველ არიანესთან დაასმინეს: იმპერატორის მიერ აკრძალულ წიგნებს ინახავსო. არიანემ შეაპყრობინა წმიდანი და საეკლესიო წიგნების ჩაბარება მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ბრძანა, ეწამებინათ იგი. ტიმოთე მამაცურად იტანდა საშინელ ტკივილებს და მადლობდა უფალს. ჯალათებმა წმიდანი ფეხებით დაკიდეს და ლოდი გამოაბეს. შემდეგ არიანემ გაიგო, რომ მოწამეს ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა, სახელად მავრა და ისიც დაატუსაღებინა. წმიდანმა ცოლი გაამხნევა და მოუწოდა, მასთან ერთად ეღიარებინა ქრისტე. ქრისტეს ტარიგმა მიუგო: „მზად ვარ შენთან ერთად მოვკვდე“. არიანეს ბრძანებით ქალს თმები დააგლიჯეს და ხელის თითები დააჭრეს. წმიდა მავრამ სიხარულით დაითმინა წამება. შემდეგ წმიდანი ადუღებულ წყალში ჩააგდეს, მაგრამ მას ტკივილიც არ უგრძვნია, უვნებლად იქნა დაცული. მმართველმა იფიქრა, რომ მსახურებმა ქვაბში ცივი წყალი ჩაასხეს და მავრას მოსთხოვა, მისთვის ხელზე დაესხა წყალი. როცა მოწამემ ბრძანება შეასრულა, არიანემ ტკივილისაგან ამოიგმინა, შეცბუნდა მომხდარი სასწაულით, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მავრას გათავისუფლების განკარგულება გასცა, მაგრამ ისე ძლიერი იყო ეშმაკის ძალა მასზე, რომ უკან წაიღო სიტყვა და ბრძანა უფრო სასტიკი სატანჯველებით ეწამებინათ ქრისტეს აღმსარებელი. აღშფოთებულმა ხალხმა მმართველს მოსთხოვა, შეეწყვიტა უდანაშაულო ქალის ტანჯვა. წმიდა მავრა ხალხს მიუბრუნდა და დაამშვიდა: „ნუ მიცავთ, ჩემი ერთადერთი დამცველი ღმერთია, რომელსაც მე ვსასოებ“. წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (744)
წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (+744) საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე იჯდა 731-744 წლებში.ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. მამაჲ კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში. „ზედაძენს დაჯდა მამაჲ [ოცდა]გ წელს, მცხეთის კათალიკოსად დაჯდა ათოთხმეტ წელ“. როგორც ჩანს, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გამორჩეული სულიერებისათვის და მოღვაწეობისათვის საქართველოს კათოლიკოსად აურჩევიათ.
წმიდა მამაჲს მოღვაწეობით მადლიერი საქართველოს ეკლესია დღესაც იმედის თვალით შეჰყურებს თავის ბრძენ მწყემსმთავარს: „ვიხარებთ ხსენებასა შენსა ზედა, წმიდაო ღვთისა მამაჲ და ვითხოვთ წყალობასა, მოგვანიჭე საუკუნო სიყვარული ლოცვითა შენითა წმიდითა. ამინ“.
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი (IX)
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი – ულუმბოელნი, იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (843-859) თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი – არსენი არის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა“. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.
როცა ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი (ხს. 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი.
ორ მოწაფესთან ერთად ულუმბოზე მისულ წმიდა ილარიონ ქართველს ადგილობრივი ბერები მტრულად დახვდნენ. ბერძენთა ლავრის მამასახლისმა მათი გაძევება მოინდომა, ვითარცა „კაცთა უცხოთა და უმეცართა“ ელინთა ენისა, რომელთა შესახებ არ იცოდა, „კეთილად ზრახვენ ანუ მართალი წარმუნოებაჲ უპყრიეს“. ასეთი „უმშჯავრო“ განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამასახლისს: „ნუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკჳდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი?“
ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები მომრავლდნენ X საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა ღირსი იოანე (ხს. 12 ივლისს) და მისი შვილი – ღირსი ექვთიმე (ხს. 13 მაისს).
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსნი მამანი მიქაელი და არსენი.
ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი (X)
ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი ცხოვრობდა IX-X საუკუნეებში. იგი ღვთისმოშიში ოჯახის შვილი იყო: ჯერ მისი მშობლები, შემდეგ კი ძმები – პავლე, დიონისე და პლატონი – ბერებად აღიკვეცნენ. წმიდა პეტრემ გულმოდგინე მოღვაწეობა დაიწყო. მისი მსახურების შესახებ ეუწყა იტალიის ეპისკოპოს ნიკოლოზს (895 წლიდან კონსტანტინეპოლის პატრიარქს), რომელმაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა მოინდომა, მაგრამ წმიდა პეტრემ უღირსად მიიჩნია თავი და შორს დაიჭირა ეს წინადადება. მაშინ ნიკოლოზმა პეტრეს ძმას, პავლეს დაასხა ხელი კორინთოს ეპისკოპოსად, წმიდანი კი მასთან ცხოვრობდა, მდუმარების ღვაწლს შედგომილი. ერთი წლის შემდეგ ეპისკოპოს პავლესთან მოვიდნენ არგოსელები და ითხოვეს, მათ ეპისკოპოსად წმიდა პეტრე დაედგინათ. ხანგრძლივმა და მხურვალე ვედრებამ გაჭრა: წმიდანი დათანხმდა. ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა პეტრე გულმოდგინედ იღწვოდა სამწყსოსთვის. მფარველობდა ყველა გაჭირვებულს, განსაკუთრებით კი ქვრივ-ობლებზე ზრუნავდა. წმიდა პეტრემ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი მიცვალების დღე და აღესრულა 70 წლის ასაკში. მისი წმიდა ნეშტი 1421 წელს გადაასვენეს არგოსიდან ნავპოლიაში. მღვდელმთავრის მირონმდინარე ნაწილებთან სასწაულები და კურნებები აღესრულებოდა.