16.06.2026. მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

16.06.2026. მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

16.06.2026. ხსნილი თევზით

მოწამეთა: ლუკილიანესი, პავლასი და მათთანა ჩვილთა: კლავდისა, იპატისა, პავლესი და დიონისისა (270-275); მღვდელმოწამისა ლუკიანე ეპისკოპოსისა, მაქსიანე ხუცისა, ივლიანე დიაკონისა, მარკელინესი და სატურნინესი, ბელგიაში ვნებულთა (81-96).

დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

რომ. 7: 14-8: 2 (დას. 95). მთ. 10: 9-15 (დას. 35).

რომ. 7: 14-8: 2 

14. რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული. 15. ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. 16. ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია. 17. ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. 18. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში. 19. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. 20. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. 21. და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით. 22. ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები. 23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში. 24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? 25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი – ცოდვის რჯულს. 

1. ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში. 2. რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე. 

მთ. 10: 9-15

9. ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს; 10. ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა. 11. რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე. 12. ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 13. და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ. 14. და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. 15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე ლუკიანე და მისთანა მაქსიანე ხუცესი და დიაკონი იულიანე (+81-96)
მღვდელმოწამე ლუკიანე, რომელსაც წარმართობაში ლუკიუსი ერქვა, რომში ცხოვრობდა. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მანვე მონათლა. მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ლუკიანე ავრცელებდა ქრისტეს სწავლების ნათელს იტალიაში. ამ დროს რომში ჩამოვიდა პავლე მოციქულის მოწაფე დიონისე არეოპაგელი (ხს. 3 ოქტომბერს). წმიდა პაპმა კლიმენტიმ (ხს. 25 ნოემბერს) სთხოვა მას, თავისი ქადაგებით განემტკიცებინა დასავლეთ ქვეყნების ქრისტიანები და წარმართებშიც შეეტანა ქრისტეს ნათელი. თან გააყოლა ეპისკოპოსად ახალხელდასხმული წმიდა ლუკიანე, მაქსიანე ხუცესი, იულიანე დიაკონი, სატურნინი და მარკელინი.
იტალიიდან ჭეშმარიტების ქადაგნი გალიისკენ გაემგზავრნენ. მარკელინი თანამგზავრებთან ერთად ესპანეთში წავიდა, სატურნინი – გალიაში დარჩა. დიონისემ კი თანმხლებ პირებთან ერთად კიდით კიდემდე მოიარა პარისი, აქედან ნეტარი ლუკიანე მაქსიანთან და იულიანესთან ერთად ბელგიაში გადავიდა.
ლუკიანეს მადლმოსილმა ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მამა მკაცრი ასკეტი იყო. ადამიანებთან ურთიერთობაში სიმშვიდით გამოირჩეოდა, მუდამ სიხარულით აღსავსე სახე ზეციური მადლით ჰქონდა გაბრწყინებული. მალე ბელგიის თითქმის მთელი მოსახლეობა გაქრისტიანდა.
იმ ხანებში რომის იმპერატორმა დომიციანემ (81-96) ქრისტიანთა დევნა დაიწყო და გამოსცა ბრძანება, სასტიკად ეწამებინათ და სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც უარს განაცხადებდა წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე.
ბრძანების აღსასრულებლად ბელგიაშიც გაგზავნეს მეფის სამი კარისკაცი, წმიდა ლუკიანეს ღმერთმა წინასწარ განუცხადა, რომ ქრისტეს მარტვილთა დასს უნდა შერთვოდა. მან სამწყსო შეკრიბა და მოუწოდა, არ შეშინებოდათ მუქარის, ტანჯვისა და სიკვდილის, შემდეგ კი მადლობა შესწირა უფალს მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულისათვის. ლოცვის შემდეგ ლუკიანემ მაქსიანე ხუცესთან და დიაკონ იულიანესთან ერთად მთას შეაფარა თავი და აქედან განაგრძობდა ხალხის დამოძღვრას.
წმიდანებს იმპერატორის მეომრებმა მიაკვლიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ხანმოკლე დაკითხვის შემდეგ მაქსიანეს და იულიანეს თავები წარკვეთეს.
შემდგომ მსაჯულმა ლუკიანე დაჰკითხა. მას ბრალი ედებოდა ჯადოქრობაში და იმპერატორის დაუმორჩილებლობაში. წმიდანმა უპასუხა, რომ ის ჯადოქარი კი არა, ჭეშმარიტი უფლის, იესო ქრისტეს მსახურია და ადამიანთა ხელით ქმნილი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა.
მაშინ მხნე აღმსარებელი სასტიკად აწამეს. იგი მორჩილად ითმენდა ტკივილებს და დაუდუმებლად ადიდებდა ღმერთს. ბოლოს წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს. მის ცხედარს ზეციური ნათელი დაადგა და გაისმა ხმა, რომელიც ახოვან მოსაგრეს ცათა სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ღვთის ნებით წმიდა ლუკიანე წამოდგა, მოკვეთილი თავი აიღო, მდინარე გადალახა, მივიდა იმ ადგილას, სადაც სურდა, რომ დაკრძალულიყო და მშვიდად მიიძინა საუკუნო ძილით. ამ უდიდესმა სასწაულმა 500-ზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომ წმიდანის საფლავზე ტაძარი აღმართეს და აქ გადმოასვენეს მაქსიანესა და იულიანეს უხრწნელი ნაწილებიც. 
წმიდა მოწამენი ლუკიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა (270-275)
ლუკიანე წარმართი ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. უკვე ხანში შესული, იგი დარწმუნდა თავისი სარწმუნოების უსუსურობაში, გულით იწამა ქრისტეს მაცხოვარება და მოინათლა.
მისი ქადაგების გავლენით, მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იუდეველები ვერ შეურიგდნენ ქრისტიანების მომრავლებას და ნიკომიდიის გამგებელ სილვანთან დაასმინეს ლუკიანე. სილვანი შეეცადა კვლავ კერპთმსახურებისკენ მოექცია მოხუცი, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს ქურუმყოფილი, ყბები ჩაუმტვრიეს, კვერთხებით სცემეს, თავდაყირა დაკიდეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ იგი შეხვდა ქრისტეს აღსარებისათვის დატყვევებულ ოთხ ყრმას – კლავდის, იპატის, პავლეს და დიონისეს. ლუკიანემ თავისი საუბრებით განამტკიცა ისინი. მოკლე ხანში წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს და გახურებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ უეცრად ციდან წვიმა გარდამოხდა, ცეცხლი ჩააქრო და მოწამენი უვნებლად გადარჩნენ. მმართველმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მათ და დასასჯელად ბიზანტიაში გაგზავნა, სადაც წმიდა ყრმები მახვილით დახოცეს, ლუკიანე კი ლურსმნებით მიამსჭვალეს ჯვარზე.
მოწამეთა ღვაწლის თვითმხილველი იყო წმიდა ქალწული პავლა, რომელმაც მაცხოვრის სარწმუნოებისთვის ტანჯულთა მსახურება იდო თავს. მას საჭმელი დაჰქონდა ტყვე ქრისტიანებთან, წყლულებს ჰბანდა, წამლებს აწვდიდა, მოწამეთა ცხედრებს მარხავდა. ლუკიანესა და ოთხი ყრმის აღსრულების შემდეგ იგი დაბრუნდა ნიკომიდიაში და თავისი ღვაწლი განაგრძო, რისთვისაც მალე შეიპყრეს და გახურებულ ქურაში ჩააგდეს. ღვთის ნებით ქალწული უვნებლად გადარჩა. მაშინ ისიც ბიზანტიაში გააგზავნეს და მახვილით მოკლეს. 
ღირსი იერია (+დაახლ. 320)
ღირსი იერია დაიბადა და აღიზარდა წარმართულ ოჯახში. შემდეგ იგი რომაელი სენატორის მეუღლე გახდა, მაგრამ შვიდ თვეში დაქვრივდა. სირიის ქალაქ სევაპოლში მან შეიტყო, რომ ნიზიბიის მახლობლად, დედათა სავანეში ცხოვრობდა მკაცრი მოღვაწეობით განთქმული ახალგაზრდა მონაზონი თებრონია. მწირად გადაცმული იერია ესტუმრა ნეტარ დედას და მთელი ღამე საუბრობდა მასთან. შინ დაბრუნებული მომავალი წმიდანი მოინათლა და მშობლებსაც ჩააგონა, მიებაძათ მისთვის.
დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ნიზიბიის მონასტრის მკვიდრთა უმრავლესობა გაიხიზნა, წმიდა თებრონია კი სამსჯავროზე წარდგა და აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც მხეცურად აწამეს. იერიამ უშიშრად ამხილა ჯალათების სისასტიკე, მსაჯულმა ბრძანა, ისიც შეეპყროთ და ეწამებინათ, მაგრამ როცა შეიტყო, რომ საქმე რომაელი სენატორის ქვრივთან ჰქონდა, შეცვალა გადაწყვეტილება.
წმიდა იერია მწარედ დასტიროდა თავის მოწამეობრივად აღსრულებულ მოძღვარს – დედა თებრონიას (+დაახლ. 304, ხს. 25 ივნისს) და წუხდა, რომ ქრისტესთვის სიკვდილის ღირსი ვერ შეიქნა. მან ცრემლებით შესთხოვა იღუმენია ბრიენას, თებრონიას ნაცვლად მიეღო მონასტერში. შემდეგ მთელი ქონება სავანეს შესწირა და აღსასრულამდე აქ მოღვაწეობდა. ღირსი დედა მშვიდობით მიიცვალა 320 წელს.