…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43)
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
16.07.2026. ხუთშაბათი. ხსნილი
ღირსისა გიორგი ლმერთშემოსილისა, დაყუდებულისა, ღირსი გიორგი მთაწმიდელის მოძღვრისა (1068); მოწამისა იაკინთე რომაელისა (108); მოწამეთა: დიომიდესი, ევლამპისა, ასკლიპიოდოტესი და გოლინდუხტისა (II); მოწამეთა მოკისა და მარკოზისა (IV); ღირსისა ალექსანდრესი, მღვიძარეთა სავანის დამაარსებელისა (430); ანატოლისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (458).
გერგეტის სამებობა.
დღის ლოცვები
მოწამე იაკინთეს კონდაკი:
ხედ ცხორებად სულსა შორის თვისსა სარწმუნოებაი შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან და იქმნა ედემს სამოთხისა უპატიოსნეს, და ხე გუელისა საცთურისა წარსწყმიდა კადნიერებითა სულისათა; ამისთვისცა გვირგვინოსან-ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალმოწყალე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რიგ.: 1 კორ. 7: 24-35 (დას. 138). მთ. 15: 12-21 (დას. 61).
რიგ.: 1 კორ. 7: 24-35
24. ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე. 25. უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ. 26. მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის. 27. ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს. 28. მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ. 29. აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი, 30. თვალცრემლიანნი – როგორც უცრემლონი; მოხარულნი – როგორც გაუხარელნი და მქონენი – როგორც არას მქონენი; 31. ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი – როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი. 32. მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს. 33. ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. 34. განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს. 35. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს.
რიგ.: მთ. 15: 12-21
12. მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ? 13. ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. 14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან. 15. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი. 16. ბოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? 17. ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. 18. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს. 19. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი; 20. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს. 21. წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე იაკინთე (+108)
წმიდა მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს (98-117) კარზე მსახურობდა.ერთხელ იაკინთე ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო.
წმიდანი შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს. უსჯულო თვითმპყრობელმა ნაკერპავი ხორცი შესთავაზა უფლის რჩეულს, მან კი მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა თავისი სარწმუნოება. ტრაიანეს ბრძანებით აღმსარებელი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილს შიმშილითა და წყურვილით ტანჯავდნენ და ნაკერპავის ჭამას აიძულებდნენ. 38-ე დღეს ერთმა მცველმა, რომელიც ნაკერპავით შედიოდა წმინდანთან, იხილა, თუ როგორ მიეახლნენ მას უფლის ანგელოზები, ნათლის სამოსლით შემოსეს და გვირგვინით შეამკეს.
მტარვალებმა გადაწყვიტეს, კვლავ სამსჯავროზე გაეყვანათ იაკინთე, მაგრამ საკანში შესულებმა იხილეს, რომ მას უკვე სული უფლისთვის შეევედრებინა. წმიდა მოწამე ოცი წლის ასაკში აღესრულა ქალაქ რომში (+108). მისი წმიდა ნაწილები მოგვიანებით კესარიაში გადაასვენეს.
წმიდა მოწამენი მოკიოსი და მარკოზი (IV)
წმიდა მოწამენი მოკიოსი და მარკოზი ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და მმართველ მაქსიმიანეს სამსჯავროზე წარადგინეს. მარტვილებმა უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც თავები მოჰკვეთეს (IV). ღირსი ალექსანდრე, მღვიძარეთა სავანის დამაარსებელი (+დაახლ. 430)

წმიდა ანატოლი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, ალექსანდრიაში დაიბადა IV საუკუნის მეორე ნახევარში. მან ფილოსოფიური განათლება მიიღო, შემდეგ კი ქრისტეს სამსახურში ჩადგა. 431 წელს ეფესოში გამართულ III მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმიდანი დიაკვნის ხარისხში ახლდა ღირს კირილე ალექსანდრიელს (ხს. 18 იანვარს). კრების მამებმა დაგმეს ნესტორის ცრუსწავლება.444 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ტახტი მწვალებელმა დიოსკორემ დაიკავა. დიოსკორე იყო ევტიქის ერესის მიმდევარი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს განხორციელების შემდეგ მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ კაცობრივი მთლიანად შთანთქა. ეს ცრუსწავლება არყევდა თვით საძირკველს ეკლესიის სწავლებისა კაცობრიობის გამოხსნისა და გამოსყიდვის შესახებ. 449 წელს ეფესოში დიოსკორემ მოიწვია ერეტიკული კრება, რომელიც ისტორიაში „ავაზაკთა კრების“ სახელით შევიდა. მწვალებელთა ამ თავყრილობამ, რომელსაც თვით იმპერატორმაც დაუჭირა მხარი, ტახტიდან ჩამოაგდო და ხარისხი აჰყარა მართლმადიდებლობის ერთგულ დამცველს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფლაბიანეს.
დაქვრივებული კათედრა წმიდა ანატოლიმ დაიჭირა და გაბედულად შეუდგა ბრძოლას მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის დასაცავად. უკვე 450 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე ნეტარმა მღვდელმთავარმა დაგმო ევტიქისა და დიოსკორეს ერეტიკული სწავლებანი. დევნილობაში აღსრულებული აღმსარებელი პატრიარქი – ფლაბიანე წმიდანად შეირაცხა, მისი ნეშტი კი დედაქალაქში გადაასვენეს.
მომდევნო, 451 წელს პატრიარქ ანატოლის მონაწილეობით ქალაქ ქალკედონში შედგა IV მსოფლიო კრება, რომელმაც ქრისტოლოგიური დოგმატის ამომწურავი სარწმუნოებრივი განსაზღვრება დაადგინა.
ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებული – წმიდა გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი (X)
წმიდა გიორგი ღმერთშემოსილი განდეგილობისა და ამა სოფლის შფოთისაგან განრიდების სურვილით საქართველოდან წავიდა და შავ, ანუ საკვირველ მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამ დროს იქ უამრავი ეკლესია-მონასტერი იყო. ყველა ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას და არცთუ იშვიათი იყო სხვადასხვა ეროვნების ბერმონაზონთა შორის გაუგებრობანი. წმიდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში ჰპოვა თავშესაფარი და იქ დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.გიორგი დაყუდებულის წმიდა ცხოვრების შესახებ კარგად იცოდნენ იქაურმა მოღვაწე ბერებმა. დღეს ჩვენ მის შესახებ ძალზე ცოტა რამ ვიცით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ის ერთდროულად იყო უდიდესი ასკეტიც და ქვეყნიური მოღვაწეც, ყოველგვარ ეროვნულზე ამაღლებულიც და უდიდესი პატრიოტიც. მის პიროვნებაზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი წოდება – ღმერთშემოსილი.
როდესაც საქართველოდან ფარულად წასულმა დიდმა მამამ, გიორგი მთაწმინდელმა (ხს. 27 ივნისს) შავი მთის მონასტრები მოილოცა და თაყვანი სცა წმიდა სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, ნეტარი მართას საფლავებს, დაიწყო სულიერი მამის მოძიება, რადგან იცოდა, რომ თვინიერ მოძღვრისა „არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ“. მან საკვირველ მთაზე იპოვა კლდის ნაპრალში დაყუდებული წმიდა ბერი, „ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ“. ეს იყო გიორგი ღმერთშემოსილი, ბერი „განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელ ზრუნვათაგან, გონებით ღმრთისა მიცვალებული“. წმიდა გიორგი შეყენებულმა დაიმოწაფა ღირსი გიორგი, მონასტერში დაამკვიდრა და სამი წელი შრომასა და მოღვაწეობაში, მარხვასა და მღვიძარებაში აცხოვრა.
სამი წლის შემდეგ ნეტარმა ბერმა იხილა, რომ მისი მოწაფე „ყოვლითა სრულქმნილ არს ჰასაკისა თანა სიბრძნითა და გონიერებითა“, სქიმით აკურთხა და „ამით სრულჰყო მონაზონობა მისი“.
მოძღვრის კურთხევით წმიდა გიორგიმ იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა და კვლავ შავ მთაზე დაბრუნდა. გიორგი დაყუდებულმა აკურთხა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელი, ათონზე წასულიყო და გაეგრძელებინა წმიდა ექვთიმე ათონელის (ხს. 13 მაისს) საქმე, ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა საღმრთო წიგნები, თან შეურყეველი რწმენითა და სასოებით განმსჭვალული სიტყვებით გაამხნევა: „შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი (ექვთიმე ათონელი) სიკუდილისაგან იხსნა და ქართული ენაჲ განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი“.
ღირსი გიორგი წმიდა ათონის მთაზე გაემგზავრა, მაგრამ წიგნების თარგმნის ნაცვლად შვიდი წლის მანძილზე ასრულებდა მორჩილის საქმეს. ეს რომ გიორგი შეყენებულმა გაიგო, ათონზე თავისი მოწაფე გაგზავნა და „დიდი მდურვა მიუმცნო“ გიორგის „არღა აღსრულებისათვის ნებისა მისისა“. გიორგი მთაწმინდელმა, თანახმად მოძღვრის სურვილისა, მღვდლობის ხარისხი მიიღო და შემდგომ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც მიჰყო ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ წმიდა გიორგი დაყუდებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან, საიდანაც, მისი სიტყვით, „სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველი აღმოსავლეთი საღმრთოჲთა ნათლითა განაბრწყინვა და წმიდანი ეკლესიანი ქართლისანი ახლად შეამკვნა“. მან ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა წმიდა გიორგი მთაწმინდელი. მისივე თხოვნითა და დავალებით აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმიდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. წმიდა გიორგი დაყუდებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა.
წმიდა გიორგი დაყუდებული გარდაიცვალა 1068 წელს, თავისი სახელოვანი მოწაფის გარდაცვალების შემდეგ.