ხოლო „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
16.09.2025. ხსნილი
მღვდელმოწამისა ანთიმოზისა, ნიკომიდიელ ეპისკოპოსისა, და მის თანა წამებულთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონისა, მიგდონისა, პეტრესი, ინდისისა, გორგონისა, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმესი (302); ღირსისა თეოქტისტესი, ეფთვიმე დიდის თანამმარხველისა (467); წმიდისა ფიბი დედათდიაკონისა (I); მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელისა (309); მღვდელმოწამისა არისტიონ ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა; იოანიკე II სერბელი პატრიარქისა (1354); აჰრონისა, ელიაზარისა და ფინეეზისა – მღვდელთა (XVI ს. ქრ. შობამდე).
დღის ლოცვები
მღვდელმოწამე ანთიმოზის, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის, და მისთანა მოწამეთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონიოსისა, მიგდონიოსისა, პეტრესი, ინდისისა, გორგონიოსისა, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმეს კონდაკი:
მღდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებითა ბრწყინვალე მქნელმან სამწყსოსა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ, ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო ანთიმოზ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: გალ. 2: 21-3: 7 (დას. 204). მკ. 6: 1-7 (დას. 22).
წმ.მოწ.: ებრ. 13: 7-16 (დას. 334). ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.: გალ. 2: 21-3: 7
21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე.
1. ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული? 2. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? 3. ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ? 4. ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ! 5. ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით? 6. როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას. 7. მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან.
ლიტ.: მკ. 6: 1-7
1. წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში. 2. შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით? 3. განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში. 4. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში. 5. და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა. 6. უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ. 7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.
წმ.მოწ.: ებრ. 13: 7-16
7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
წმ.მოწ.: ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა თებე დიაკონისა (I)
წმიდა თებე კენქრეის ეკლესიის (კორინთოს ნავსადგურში) დიაკონისა იყო. პავლე მოციქული მას იხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16.1-2). მღვდელმოწამე ანთიმოზი – ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან წმიდა მოწამენი: თეოფილე დიაკონი, დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი, გორგონიოსი, ზენონი, დომნა ქალწული და ექვთიმე (+302)
მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები მაშინ აღესრულნენ ქრისტესთვის, როცა დიოკლეტიანე და მაქსიმიანე (284-305) გააფთრებით იბრძოდნენ ქვეყანაში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმოსაფხვრელად. ქრისტიანთა დევნის გამძაფრების საბაბად მტარვალებმა ნიკომიდიის საიმპერატორო სასახლის დაწვა გამოიყენეს. უღმრთოებმა ხანძრის გაჩენაში ქრისტიანებს დასდეს ბრალი და ენით აუწერელი სისასტიკით დაიწყეს მათთან ანგარიშსწორება. ამან ვერ შეაკრთო მართლმორწმუნეები: ისინი მტკიცედ აღიარებდნენ ქრისტეს და სიხარულით ეწირებოდნენ მსხვერპლად მაცხოვარს. ამ დროს ეწამნენ: წმიდა დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი და გორგონიოსი. მხედარი ზენონი იმპერატორის გაბედული მხილებისათვის ქვებით ჩაქოლეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. იმავე ხანებში აღესრულნენ წარმართთა ხელით ყოფილი ქურუმი, წმიდა ქალწული დომნა და წმიდა ექვთიმე, რომლებიც მოწამეთა ცხედრებს კრძალავდნენ. ეპისკოპოსი ანთიმოზი სამწყსოს მოთხოვნით ნიკომიდიის მახლობელ სოფელში იყო გახიზნული, საიდანაც ეპისტოლეებით მიმართავდა მორწმუნეებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. დიაკონ თეოფილესთვის გამოტანებული ერთ-ერთი ეპისტოლე უსჯულოებს ჩაუვარდათ ხელში და იმპერატორ მაქსიმიანეს გადასცეს. თეოფილე დაკითხვაზე წარადგინეს და წამებით ამოხადეს სული, მაგრამ წმიდა მღვდელმთავრის ადგილსამყოფელი მაინც ვერ ათქმევინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანემ მაინც შეიტყო, სად იმყოფებოდა ნეტარი ანთიმოზი და მის შესაპყრობად მხედართა რაზმი გაგზავნა. ეპისკოპოსი მეომრებს გზაში შეხვდა, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი, წმიდანმა მთელი რაზმი ისტუმრა, კეთილად უმასპინძლა და მხოლოდ შემდეგ გაუმხილა თავისი ვინაობა. მხედრები შეწუხდნენ, სურდათ, დაეტოვებინათ მღვდელმთავარი და იმპერატორისთვის განეცხადებინათ, იგი ვერ ვიპოვეთო; მაგრამ წმიდა ანთიმოზი ამაზე არ დათანხმდა. მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ეპისკოპოსმა აიძულა ისინი, უღმრთო ხელისუფლის განკარგულება შეესრულებინათ. როცა ანთიმოზი იმპერატორთან წარადგინეს, მან ბრძანა, საწამებელი იარაღები მოეტანათ და მარტვილის წინ დაეწყოთ, რაზეც წმიდანმა განაცხადა: „მეფეო, ნუთუ გგონია, რომ იარაღებით შემაშინებ? არა, არ შეძრწუნდება ის, ვინც თავად ეძიებს ქრისტესთვის სიკვდილს. სასიკვდილო სასჯელს მხოლოდ სულმოკლეები უფრთხიან, ვისთვისაც წარმავალ ცხოვრებაზე ძვირფასი არაფერია!“ მაშინ თვითმპყრობელის ბრძანებით ნეტარი მღვდელმთავარი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს (+302). წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი (+309)
წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის, ამ დროს გოგონა ცხრა წლის იყო, მან ნიკომიდიის მმართველ ალექსანდრეს წინაშე ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველი ჯერ ალერსით ცდილობდა მის გადმობირებას, შემდეგ კი, გოგონას სიმტკიცით გააფთრებულმა, მისი წამება ბრძანა. ნეტარი სასტიკად გვემეს, ცეცხლზე დაკიდეს, გახურებულ ქურაში შეაგდეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად… მაგრამ ღვთის მადლით დაცულმა, ყველა ამ სატანჯველს უვნებლად გამოაღწია. ამ სასწაულმა ალექსანდრე უფლის ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნა, ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ყრმას და შენდობა და უფლის წინაშე მეოხება სთხოვა. წმიდა ბასილისამ სიხარულით ადიდა ღმერთი. მოუწოდეს ეპისკოპოსს, რომელმაც ალექსანდრე დამოძღვრა და კათაკმევლად დაადგინა. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მმართველმა კეთილმსახურებაში გაატარა. წმიდა ბასილისამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 309 წელს.ღირსი თეოქტისტე, თანამმარხველი ექვთიმე დიდისა (+467)
ღირსი თეოქტისტე, თანამმარხველი ექვთიმე დიდისა თავდაპირველად ღირს ექვთიმესთან (ხს. 20 იანვარს) ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ექვთიმეს მიერ იერუსალიმის მახლობლად დაარსებული სავანის წინამძღვრად აირჩიეს. გარდაიცვალა 467 წელს. მღვდელმოწამე არისტიონი – ალექსანდრიელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე არისტიონი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისათვის შეიპყრეს და სირიის ალექსანდრიის მმართველს მიჰგვარეს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც ცეცხლში დაწვა მიესაჯეს. ნეტარის მარტვილობის თარიღი უცნობია.წმიდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი (+1349)
წმიდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი წარმოშობით ქალაქ პრიზრენიდან იყო. ცნობილია, რომ თავდაპირველად იგი მეფე კარლოს სერბის მდივანი იყო, შემდეგ კი, 1339 წლიდან, – ეკლესიას განაგებდა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1346 წელს სრულიად სერბეთის მღვდელმთავართა კრებამ, რომელსაც ბულგარეთის პატრიარქიც ესწრებოდა, მეფე დუშანის სურვილით მთავარეპისკოპოსი იოანიკე სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქად აირჩია. წმიდა მამა 1349 წლის 3 სექტემბერს მიიცვალა. დაკრძალულია პეჩის სავანეში.