…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
…სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი (ებრ. 13: 9).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
16.09.2026. ოთხშაბათი. მარხვა.
მღვდელმოწამისა ანთიმოზისა, ნიკომიდიელ ეპისკოპოსისა, და მის თანა წამებულთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონისა, მიგდონისა, პეტრესი, ინდისისა, გორგონისა, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმესი (302); ღირსისა თეოქტისტესი, ეფთვიმე დიდის თანამმარხველისა (467); წმიდისა ფიბი დედათდიაკონისა (I); მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელისა (309); მღვდელმოწამისა არისტიონ ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა; იოანიკე II სერბელი პატრიარქისა (1354); აჰრონისა, ელიაზარისა და ფინეეზისა – მღვდელთა (XVI ს. ქრ. შობამდე).
დღის ლოცვები
მღვდელმოწამე ანთიმოზის, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის, და მისთანა მოწამეთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონიოსისა, მიგდონიოსისა, პეტრესი, ინდისისა, გორგონიოსისა, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმეს კონდაკი:
მღდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებითა ბრწყინვალე მქნელმან სამწყსოსა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ, ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო ანთიმოზ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
გალ. 6: 2-10 (დას. 214). მკ. 7: 14-24 (დას. 29).
მღვდმ.: ებრ. 13: 7-16. ინ. 10: 9-16.
გალ. 6: 2-10
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული. 3. რადგან ვისაც რაიმედ მოაქვს თავი და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს. 4. თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით. 5. რადგანაც თვითეული თავის საკუთარ ტვირთს იტვირთავს. 6. სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს. 7. ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის. 8. ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. 9. სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ. 10. მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.
მკ. 7: 14-24
14. მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ: 15. არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს. 16. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს: 17. ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი. 18. და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა? 19. ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო. 20. და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. 21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი, 22. სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება. 23. ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს. 24. წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა.
ებრ. 13: 7-16
7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
აჰრონისა, ელიაზარისა და ფინეეზისა – მართლმადიდებელ ეკლესიაში ძველი აღთქმის ამ წმინდა მღვდელმთავართა ხსენების დღე აღინიშნება 12 სექტემბერს (ძველი სტილით 30 აგვისტოს).
- წმიდა აჰრონი (აარონი): მოსე წინასწარმეტყველის უფროსი ძმა და ისრაელის ისტორიაში პირველი მღვდელმთავარი.
- წმიდა ელიაზარი: აჰრონის ძე, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა მღვდელმთავრის ტახტი და წინამძღოლობდა ხალხს მოსეს მომდევნო წინამძღოლის, იესო ნავეს ძის დროს.
- წმიდა ფინეეზი: ელიაზარის ძე, აჰრონის შვილიშვილი. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ღვთისმოსაობითა და მოშურნეობით, რის გამოც უფალმა მას და მის შთამომავლობას სამუდამო მღვდლობის აღთქმა მისცა.
წმიდა თებე დიაკონისა (I)
წმიდა თებე კენქრეის ეკლესიის (კორინთოს ნავსადგურში) დიაკონისა იყო. პავლე მოციქული მას იხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16.1-2). მღვდელმოწამე ანთიმოზი – ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან წმიდა მოწამენი: თეოფილე დიაკონი, დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი, გორგონიოსი, ზენონი, დომნა ქალწული და ექვთიმე (+302)
მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები მაშინ აღესრულნენ ქრისტესთვის, როცა დიოკლეტიანე და მაქსიმიანე (284-305) გააფთრებით იბრძოდნენ ქვეყანაში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმოსაფხვრელად. ქრისტიანთა დევნის გამძაფრების საბაბად მტარვალებმა ნიკომიდიის საიმპერატორო სასახლის დაწვა გამოიყენეს. უღმრთოებმა ხანძრის გაჩენაში ქრისტიანებს დასდეს ბრალი და ენით აუწერელი სისასტიკით დაიწყეს მათთან ანგარიშსწორება. ამან ვერ შეაკრთო მართლმორწმუნეები: ისინი მტკიცედ აღიარებდნენ ქრისტეს და სიხარულით ეწირებოდნენ მსხვერპლად მაცხოვარს. ამ დროს ეწამნენ: წმიდა დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი და გორგონიოსი. მხედარი ზენონი იმპერატორის გაბედული მხილებისათვის ქვებით ჩაქოლეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. იმავე ხანებში აღესრულნენ წარმართთა ხელით ყოფილი ქურუმი, წმიდა ქალწული დომნა და წმიდა ექვთიმე, რომლებიც მოწამეთა ცხედრებს კრძალავდნენ. ეპისკოპოსი ანთიმოზი სამწყსოს მოთხოვნით ნიკომიდიის მახლობელ სოფელში იყო გახიზნული, საიდანაც ეპისტოლეებით მიმართავდა მორწმუნეებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. დიაკონ თეოფილესთვის გამოტანებული ერთ-ერთი ეპისტოლე უსჯულოებს ჩაუვარდათ ხელში და იმპერატორ მაქსიმიანეს გადასცეს. თეოფილე დაკითხვაზე წარადგინეს და წამებით ამოხადეს სული, მაგრამ წმიდა მღვდელმთავრის ადგილსამყოფელი მაინც ვერ ათქმევინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანემ მაინც შეიტყო, სად იმყოფებოდა ნეტარი ანთიმოზი და მის შესაპყრობად მხედართა რაზმი გაგზავნა. ეპისკოპოსი მეომრებს გზაში შეხვდა, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი, წმიდანმა მთელი რაზმი ისტუმრა, კეთილად უმასპინძლა და მხოლოდ შემდეგ გაუმხილა თავისი ვინაობა. მხედრები შეწუხდნენ, სურდათ, დაეტოვებინათ მღვდელმთავარი და იმპერატორისთვის განეცხადებინათ, იგი ვერ ვიპოვეთო; მაგრამ წმიდა ანთიმოზი ამაზე არ დათანხმდა. მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ეპისკოპოსმა აიძულა ისინი, უღმრთო ხელისუფლის განკარგულება შეესრულებინათ. როცა ანთიმოზი იმპერატორთან წარადგინეს, მან ბრძანა, საწამებელი იარაღები მოეტანათ და მარტვილის წინ დაეწყოთ, რაზეც წმიდანმა განაცხადა: „მეფეო, ნუთუ გგონია, რომ იარაღებით შემაშინებ? არა, არ შეძრწუნდება ის, ვინც თავად ეძიებს ქრისტესთვის სიკვდილს. სასიკვდილო სასჯელს მხოლოდ სულმოკლეები უფრთხიან, ვისთვისაც წარმავალ ცხოვრებაზე ძვირფასი არაფერია!“ მაშინ თვითმპყრობელის ბრძანებით ნეტარი მღვდელმთავარი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს (+302). წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი (+309)
წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის, ამ დროს გოგონა ცხრა წლის იყო, მან ნიკომიდიის მმართველ ალექსანდრეს წინაშე ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველი ჯერ ალერსით ცდილობდა მის გადმობირებას, შემდეგ კი, გოგონას სიმტკიცით გააფთრებულმა, მისი წამება ბრძანა. ნეტარი სასტიკად გვემეს, ცეცხლზე დაკიდეს, გახურებულ ქურაში შეაგდეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად… მაგრამ ღვთის მადლით დაცულმა, ყველა ამ სატანჯველს უვნებლად გამოაღწია. ამ სასწაულმა ალექსანდრე უფლის ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნა, ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ყრმას და შენდობა და უფლის წინაშე მეოხება სთხოვა. წმიდა ბასილისამ სიხარულით ადიდა ღმერთი. მოუწოდეს ეპისკოპოსს, რომელმაც ალექსანდრე დამოძღვრა და კათაკმევლად დაადგინა. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მმართველმა კეთილმსახურებაში გაატარა. წმიდა ბასილისამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 309 წელს. ღირსი თეოქტისტე, თანამმარხველი ექვთიმე დიდისა (+467)
ღირსი თეოქტისტე, თანამმარხველი ექვთიმე დიდისა თავდაპირველად ღირს ექვთიმესთან (ხს. 20 იანვარს) ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ექვთიმეს მიერ იერუსალიმის მახლობლად დაარსებული სავანის წინამძღვრად აირჩიეს. გარდაიცვალა 467 წელს. წმიდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი (+1349)
წმიდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი წარმოშობით ქალაქ პრიზრენიდან იყო. ცნობილია, რომ თავდაპირველად იგი მეფე კარლოს სერბის მდივანი იყო, შემდეგ კი, 1339 წლიდან, – ეკლესიას განაგებდა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1346 წელს სრულიად სერბეთის მღვდელმთავართა კრებამ, რომელსაც ბულგარეთის პატრიარქიც ესწრებოდა, მეფე დუშანის სურვილით მთავარეპისკოპოსი იოანიკე სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქად აირჩია. წმიდა მამა 1349 წლის 3 სექტემბერს მიიცვალა. დაკრძალულია პეჩის სავანეში.