16.10.2025. მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

16.10.2025. მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

     19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

16.10.2025. ხსნილი

მღვდელმოწამისა დიონისე არეოპაგელისა, ათენელ ეპისკოპოსისა, რუსტიკე ხუცისა და ელევთერი დიაკონისა (96); ღირსისა იოანე ქოზიბელისა, კესარიელ ეპისკოპოსისა (VI); ნეტარისა ისიხი ქორებელისა (VI).

დღის ლოცვები

მღვდელმოწამეთა: დიონისე არეოპაგელისა, ათენელი ეპისკოპოსისა, რუსტიკე ხუცისა და ელევთერ დიაკონის

ტროპარი: სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო დიონისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ზეციერნი ბჭენი წიაღვლენ სულითა და ემოწაფე ზესთა სამთა ცათა აღწევნულსა მოციქულსა, დიონისე, და გამოუთქმელისა ცნობისა მიერ განმდიდრდი, და განაბრწყინვენ ბნელსა შინა უმეცრებისასა მსხდომარენი; ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსაკვირველო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: ფლპ. 1: 20-27 (დას. 238). ლკ. 7: 17-30 (დას. 31).
მღ.მოწ.: საქმ. 17: 16-34 (დას. 40). მთ. 13: 44-54 (დას. 55).

ლიტ.: ფლპ. 1: 20-27 

20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით. 21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი – მონაგები. 22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო. 23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია. 24. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის. 25. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის, 26. რათა თქვენმა სიქადულმა ჩემი მეოხებით იმრავლოს ქრისტე იესოში, როცა ხელახლა გეწვევით. 27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.

ლიტ.: ლკ. 7: 17-30 

17. და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს. 18. ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს. 19. ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 20. ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 21. ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა. 22. მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ. 23. ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში. 24. ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? 25. რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან. 26. რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. 27. ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. 28. რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. 29. მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით. 30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.

მღ.მოწ.: საქმ. 17: 16-34 

16. ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე. 17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი – იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. 18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. 19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს? 21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. 22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. 23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. 24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს. 25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი. 27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან. 28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ. 29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას. 30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ. 31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი. 32. მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო. 33. ასე გამოვიდა პავლე მათგან. 34. ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.

მღ.მოწ.: მთ. 13: 44-54 

44. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა. 45. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს. 46. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას. 47. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს; 48. ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან. 49. ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ; 50. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 51. ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო. 52. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც. 53. და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა. 54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი ათენის არეოპაგის – უზენაესი სამსჯავროს წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე, მონათლა, შემდეგ კი ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მოციქულთა თავის აღსრულების შემდეგ ნეტარი დიონისე რუსტიკე ხუცესთან და ელეფთერ დიაკონთან ერთად დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. 96 წელს გალიაში, ქალაქ ლიუტეციუსში (პარიზის ძველი სახელწოდება) წმიდანები შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს.
ჩვენამდე მოაღწია დიონისე არეოპაგელის თხზულებებმა, რომელთაც განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის.
წმიდა დიონისე 4 იანვარსაც იხსენიება (უფრო ვრცლად მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული).
ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი დაიბადა ზემო ეგვიპტის ქალაქ თებეში და სიჭაბუკეშივე პაპასთან ერთად უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. როცა იოანეს წმიდა ცხოვრების ამბავი შეიტყვეს, ნეტარი კესარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა იოანე ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა სამწყსოს, წინასწარჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილ-დოებული მღვდელმთავარი შინაგანად ყოველთვის უბრალო ბერად რჩებოდა. მას უწევდა ბრძოლა იმ დროს გავრცელებული ნესტორის ერესის წინააღმდეგ, დაუცხრომლად იღვწოდა მართლმადიდებლური მოძღვრების განსამტკიცებლად და სამწყსოში არსებული მანკიერებების ამოსაფხვრელად. მას, ერთი ცნობით, 536 წლამდე ეპყრა მღვდელმთავრის კათედრა, სხვა ცნობით კი – 587-596 წლებში. ამის შემდეგ განმარტოების ტრფიალმა მამამ ქოზიბის უდაბნოს მიაშურა და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდა.
ნეტარი ისიხიოს ქორებელი ათონის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა VI საუკუნეში და თავდაპირველად გულმოდგინებით არ გამოირჩეოდა. მძიმე ავადმყოფობის შედეგად იგი გარდაიცვალა, მაგრამ ღვთის საკვირველი განგებულებით, ერთ საათში გაცოცხლდა. ამის შემდეგ ნეტარი თავის სენაკში გამოიკეტა და თორმეტი წელი სრულ მარტოობაში დაჰყო; იკვებებოდა მხოლოდ პურითა და წყლით, გამუდმებით ლოცულობდა და სინანულის ცრემლებს ღვრიდა. მიცვალების წინ წმიდანმა შემოკრებილ ბერებს უთხრა: „შემინდეთ, ძმებო. ვისაც სიკვდილის ხსოვნა აქვს, არასოდეს შესცოდავს“. ნეტარი მამის საკვირველმა მდუმარებამ ათონის მთაზე მდუმარე ისიხასტების მთელ სკიტს დაუდო სათავე.