16.10.2026. მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

16.10.2026. მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში. 6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. 7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება. 8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე (ლკ. 4: 5-8). 

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

16.10.2026 პარასკევი

მღვდელმოწამისა დიონისე არეოპაგელისა, ათენელ ეპისკოპოსისა, რუსტიკე ზუცისა და ელევთერი დიაკონისა (96); ღირსისა იოანე ქოზიბელისა, კესარიელ ეპისკოპოსისა (VI); ნეტარისა ისიხი ქორებელისა (VI). 

დღის ლოცვები 

მღვდელმოწამეთა: დიონისე არეოპაგელისა, ათენელი ეპისკოპოსისა, რუსტიკე ხუცისა და ელევთერ დიაკონის

ტროპარი: სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო დიონისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ზეციერნი ბჭენი წიაღვლენ სულითა და ემოწაფე ზესთა სამთა ცათა აღწევნულსა მოციქულსა, დიონისე, და გამოუთქმელისა ცნობისა მიერ განმდიდრდი, და განაბრწყინვენ ბნელსა შინა უმეცრებისასა მსხდომარენი; ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსაკვირველო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ლიტ. (რიგ.) – ფილ. 3: 8-19 

8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის – ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე, 9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული; 10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს 11. და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. 12. იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო. 13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც. 16. ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ. 17. მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში. 18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები, 19. რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი – მუცელი, დიდება კი – სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.

ლიტ. (მღვ. მოწ.) – საქმ. 17: 16-34 

16. ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე. 17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი – იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. 18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. 19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს? 21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. 22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. 23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. 24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს. 25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი. 27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან. 28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ. 29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას. 30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ. 31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი. 32. მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო. 33. ასე გამოვიდა პავლე მათგან. 34. ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.

ლიტ. (რიგ.) – ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

ლიტ. (მღვ. მოწ.) – მთ. 13: 44-54 

44. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა. 45. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს. 46. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას. 47. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს; 48. ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან. 49. ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ; 50. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 51. ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო. 52. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც. 53. და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა. 54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი – ათენელი ეპისკოპოსი, რუსტიკე ხუცესი და ელეფთერ დიაკონი (+96)
მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი ათენის არეოპაგის – უზენაესი სამსჯავროს წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე, მონათლა, შემდეგ კი ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მოციქულთა თავის აღსრულების შემდეგ ნეტარი დიონისე რუსტიკე ხუცესთან და ელეფთერ დიაკონთან ერთად დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. 96 წელს გალიაში, ქალაქ ლიუტეციუსში (პარიზის ძველი სახელწოდება) წმიდანები შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს.
ჩვენამდე მოაღწია დიონისე არეოპაგელის თხზულებებმა, რომელთაც განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის.
წმიდა დიონისე 4 იანვარსაც იხსენიება (უფრო ვრცლად მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული).
ღირსი იოანე ქოზიბელი – კესარიელი ეპისკოპოსი (VI)
ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი დაიბადა ზემო ეგვიპტის ქალაქ თებეში და სიჭაბუკეშივე პაპასთან ერთად უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. როცა იოანეს წმიდა ცხოვრების ამბავი შეიტყვეს, ნეტარი კესარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა იოანე ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა სამწყსოს, წინასწარჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილ-დოებული მღვდელმთავარი შინაგანად ყოველთვის უბრალო ბერად რჩებოდა. მას უწევდა ბრძოლა იმ დროს გავრცელებული ნესტორის ერესის წინააღმდეგ, დაუცხრომლად იღვწოდა მართლმადიდებლური მოძღვრების განსამტკიცებლად და სამწყსოში არსებული მანკიერებების ამოსაფხვრელად. მას, ერთი ცნობით, 536 წლამდე ეპყრა მღვდელმთავრის კათედრა, სხვა ცნობით კი – 587-596 წლებში. ამის შემდეგ განმარტოების ტრფიალმა მამამ ქოზიბის უდაბნოს მიაშურა და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდა.
ნეტარი ისიხიოს ქორებელი (VI)
ნეტარი ისიხიოს ქორებელი ათონის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა VI საუკუნეში და თავდაპირველად გულმოდგინებით არ გამოირჩეოდა. მძიმე ავადმყოფობის შედეგად იგი გარდაიცვალა, მაგრამ ღვთის საკვირველი განგებულებით, ერთ საათში გაცოცხლდა. ამის შემდეგ ნეტარი თავის სენაკში გამოიკეტა და თორმეტი წელი სრულ მარტოობაში დაჰყო; იკვებებოდა მხოლოდ პურითა და წყლით, გამუდმებით ლოცულობდა და სინანულის ცრემლებს ღვრიდა. მიცვალების წინ წმიდანმა შემოკრებილ ბერებს უთხრა: „შემინდეთ, ძმებო. ვისაც სიკვდილის ხსოვნა აქვს, არასოდეს შესცოდავს“. ნეტარი მამის საკვირველმა მდუმარებამ ათონის მთაზე მდუმარე ისიხასტების მთელ სკიტს დაუდო სათავე.