16.11.2025. 23-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI

16.11.2025. 23-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI

… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

1. … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

23-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI

16.11.2025.  ხსნილი

ღირსისა ნიკოლოზისა, ქართველთა მნათობისა, აკოლუთიათა აღმწერელისა (1308); განახლება ტაძრისა წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგი კაპადოკიელისა, იოპიის ლიდაში (IV ); მღვდელმოწამეთა: აკეფსიმე ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცისა და აითალა დიაკონისა (IV); ღირსისა აკეფსიმესი (IV); მართლისა სნანდულიასი. (IV).

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).
ლიტ.: ეფ. 2: 4-10 (დას. 220). ლკ. 8: 41-56 (დას. 39).
ღირს ნიკოლოზის საკითხავები საზიაროთაგან.

ცისკ.:  მთ. 28: 16-20 

16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.

ლიტ.: ეფ. 2: 4-10 

4. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა, 5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი), 6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში, 7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში. 8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა; 9. და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს. 10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.

ლიტ.: ლკ. 8: 41-56 

41. და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო. 42. რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს. 43. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა, 44. უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა. 45. და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო? 46. მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან. 47. რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა. 48. ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით. 49. ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს. 50. მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება. 51. ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა. 52. ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. 53. ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა. 54. ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ; 55. მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის. 56. მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

განახლება ტაძრისა წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგი კაპადოკიელისა, იოპიის ლიდაში (IV )

 

წმიდა მოწამენი: აკეფსიმე ეპისკოპოსი, იოსებ ხუცესი და აითალე დიაკონი (IV)

წმიდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე საპორმა ქრისტიანი ღმრთისმსახურების მოძებნა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმეც, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა: „ჩემო მეგობარო, უცნაური და უგნური საქმეა ამ მწირ ნაგებობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ზეცათა მეუფე მიბრძანებს გადასახლებას სახლში დიდებისა, რომელ არს ცათა შინა“. უფლის რჩეული ქალაქ არბელაში მზის კერპის ქურუმის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უარი განაცხადა სპარსთა ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს, სასტიკი წამების შემდეგ, მასთან გამოამწყვდიეს სამოცდაათი წლის ხუცესი იოსები და დიაკონი აითალეც. სამი წელი იტანჯებოდნენ წმიდანები ტყვეობაში.

არბელას მახლობლად მდებარე მზის ტაძარში მისულმა მეფე საპორმა სამი წმიდა მარტვილის ნახვა ისურვა. ქანცგამწყდარნი, წყლულებით სხეულდაფარულნი წარდგნენ წმიდანები მეფის წინაშე, მაგრამ კვლავ მხნედ აღიარეს ქრისტე და წარმართული ღვთაებების თაყვანისცემაზე მტკიცე უარი განაცხადეს. მაშინ წმიდა ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს, მღვდელი და დიაკონი კი ქალაქში გაიყვანეს ქვებით ჩასაქოლად.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსი აკეფსიმე (აკებშემა) სირიელი, ანტიოქიელი მონოზონი (IV) 
ღირსი აკეფსიმე (აკებშემა) სირიელი, ანტიოქიელი მონოზონი (IV) - 03 (16) ნოემბერი
ეს ყოვლადსაკვირველი ხუცესი სირიაში იმპერატორ თეოდოსის (379-395 წლები) ჟამს ცხოვრობდა, უვიწროეს სენაკში დაეყუდა და არც არავის ენახვებოდა და არც – ესაუბრებოდა, არამედ უფალთან გამუდმებული საუბრისას გამუდმებით იკრებდა გონებას გულში.
ყოველგვარ ხორციელ ნუგეშს მოკლებულს, ტანზე მძიმე ჯაჭვები აესხა, სიხარულს ოდენ უფალში პოვებდა, საზრდელად ოდენ დამბალი ოსპი ჰქონდა, რომელსაც კვირაში ერთხელ მიაწვდიდნენ ხოლმე სენაკის უვიწროეს სარკმელში, რომლიდანაც ბერის დანახვა შეუძლებელი გახლდათ, ხოლო როდესაც ღამღამობით მახლობელი ნაკადულიდან წყლის შესაგროვებლად გამოვიდოდა, ღამის სიჩუმეში მისი ჯაჭვების ხმაურს გაიგონებდით.
როდესაც ღვთისგან საკუთარი გარდაცვალების ჟამი ეუწყა, ყველას, ვისაც მისგან კურთხევის მიღება სურდა, სენაკის კარი განუხვნა და მოსიყვარულე მამასავით მიიღო, ხოლო როდესაც მასთან მისულმა იქაურმა ეპისკოპოსმა დაჟინებით სთხოვა, სამღვდელმთავრო პატივი მიეღო, ოდენ იმ მიზეზით დათანხმდა, რომ უწყოდა, რამდენიმე დღეში უნდა გარდაცვლილიყო.
სტატიის ავტორი: ჟურნალი “კარიბჭე”. admin
ღირსი აკეფსიმე (IV)

ღირსი აკეფსიმე სირიაში, ქალაქ კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა თეოდოსი დიდის მეფობის დროს. მან სამოცი წელი იცხოვრა ვიწრო მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, შემდგომ იგი პატრიარქის კურთხევით გამოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხებიათ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მართლისა სნანდულიასი. (IV)

ღირსი მამაჲ ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი (+1308)

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წწ.).

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერლის შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული.

წმიდა ნიკოლოზი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიმნოგრაფი და გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე იყო. სამწუხაროდ, მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე ძალიან ცოტა რამაა მოღწეული.

ანტონ კათალიკოსი (1720-1788 წწ.) წერს, რომ ნიკოლოზი იყო „ავქსონი კანონთ, მრავალ აკოლოთიათ“ და ასახელებს მის ერთ თხზულებას: „ამან უზომოდ წჳმისა გარდამოსვლის დასაყენები შექმნა აკოლოთია, მხურვალსავედრი ღვთისადმი ერისაგან, მაღალგამოთქმით“. ეს აკოლოთია გვხვდება ქართულ კურთხევანში.

წმიდა ნიკოლოზი ქართულ სასულიერო ლიტერატურას მთარგმნელობითი მოღვაწეობითაც ამდიდრებდა, ვარაუდობენ, რომ როგორც ლიტურგისტს, მას უნდა ეკუთვნოდეს ის წესები, კერძოდ, „განგება წყლის კურთხევისა“, რომელიც 1306-1308 წლებშია ნათარგმნი ბერძნულიდან ქართულად.

ცნობილი მეცნიერი და ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი (1809-1875) წერს, რომ მან წმიდა ნიკოლოზის სხვა აკოლოთიანიც ნახა ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერებში.

წმიდა მამა 1308 წელს აღესრულა მშვიდობით.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.