17.03.2026. დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. სამშაბათი

17.03.2026. დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. სამშაბათი

           „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

          ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

          ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-4 შვიდეული 

17.03.2026. სამშაბათი

ღირსისა გერასიმე იორდანელისა (475); მოწამეთა პავლესი და იულიანასი (დაახ. 273); ღირსისა იაკობ მმარხველისა (VI); გრიგოლისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა; კეთილმორწმუნე მთავრისა დანიელ მოსკოველისა (1303).

დღის ლოცვები

 

ღირსი გერასიმე იორდანიელის კონდაკი:
აღეტყინე შენ ზეცისა სურვილითა და სიფიცხე იგი იორდანისა უდაბნოსა აღირჩიენ უფროს ყოვლისა სოფლისა სიტკბოებათა, ვინაიცა მხეცი დაგამორჩილა შენ ვიდრემდე სიკუდიდმდე, მამაო მორჩილებისაო, და მწუხარებით საფლავსა შენსა ზედა აღესრულა, და აწ ჩუენთვისცა ევედრე ესრეთ მადიდებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, მამაო გერასიმე, რომელნი მოგიხსენებთ შენ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დღის საკითხავები

VI ჟამზე: ეს. 25: 1-9

1. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი – ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო. 2. რადგან ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი – ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება. 3. ამიტომ მოწიწებით გახსენებენ ძლიერი ხალხები, მტარვალთა ქალაქებს შიში ექნებათ შენი. 4. რადგან შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა კედელს მიხლილი ქარიშხალია, 5. როგორც ხვატი უდაბნოში. უცხოთა ხმაურს შენ აცხრობ; როგორც ხვატი ღრუბლის ჩრდილში, ასე ითრგუნება მტარვალთა სიმღერა. 6. გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით. 7. გააუქმებს ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს, ხალხებს რომ ბურავთ. 8. შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა. 9. იტყვიან იმ დღეს: აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით!

მწუხრზე: დაბ. 9: 8-17

8. უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად: 9. აჰა, გიდებთ აღთქმას თქვენ და თქვენს შთამომავლობას, 10. ყოველ სულდგმულს, რომელიც კი თქვენთან არის, ფრინველს, პირუტყვს, მიწის ყველა მხეცს, რომელიც კი თქვენთან არის, ყველას, კიდობნიდან გამოსულს, 11. გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად. 12. თქვა უფალმა ღმერთმა: ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, სამარადისოდ; 13. ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის. 14. როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა, 15. მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად. 16. გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამქვეყნად. 17. უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს იყოს ნიშანი ჩემი აღთქმისა, რომელიც დაგიდევით თქვენ და ყოველ ხორციელს, რაც კი არის ამქვეყნად.

მწუხრზე: იგავ. 12: 8-22

8. კაცს თავისი ჭკუის მიხედვით აქებენ, გულუკუღმართი კი შეძულებულია; 9. ათვალწუნებული, მაგრამ მსახურიანი კაცი სჯობს თავმომწონეს, მაგრამ ულუკმაპუროს. 10. მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, ბოროტეულთა გული კი სასტიკია. 11. თავისი მიწის მუშაკი პურით გაძღება, ჭკუათხელი კი ამაოთა მდევნელია. 12. ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება, მართალთა ფესვი კი გაიხარებს. 13. ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს. 14. კაცი თავისი პირის ნაყოფით კეთილად დანაყრდება, თავისი ხელის საზღაური ადამიანს უკან უბრუნდება. 15. ბრიყვს თავისი გზა სწორედ ეჩვენება, ბრძენი კი რჩევის გამგონეა. 16. ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას. 17. ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი – თავის სიყალბეს. 18. გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია. 19. მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი – წამიერია. 20. ავისმზრახველთ გულში სიცრუე აქვთ, მშვიდობისმყოფელთ კი – სიხარული. 21. არანაირი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ხოლო ბოროტეულნი ჭირით არიან სავსე. 22. ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოწამენი: პავლე და დაჲ მისი, იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატინიკე (+273). წმიდა მოწამენი, პავლე და იულიანა იმპერატორ ავრელიანეს დროს (270-275) აღესრულნენ ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდაში. ერთხელ ამ ქალაქში იმპერატორი ჩავიდა თავისი ამალით. დამხდურთა შორის მყოფმა პავლემ პირჯვარი გადაისახა. კარისკაცებმა ის შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. პავლეს დამ, იულიანამ, საჯაროდ ამხილა იმპერატორი უსამართლობასა და სისასტიკეში, რის შემდეგაც მანაც ძმის ხვედრი გაიზიარა. წმიდანთა მოთმინებით გაოცებულმა სამმა ჯარისკაცმა – კვადრატიმ, აკაკიმ და სტრატონიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტეს ახალი აღმსარებლები დაუყონებლივ დახოცეს.
უსჯულო იმპერატორმა იულიანას ცდუნება გადაწყვიტა და ცოლად შერთვას შეჰპირდა იმ პირობით, თუ ქრისტეს უარყოფდა. წმიდანმა შორს დაიჭირა იმპერატორის წინადადება. ავრელიანეს ბრძანებით, წმიდა იულიანა საროსკიპეში შეაგდეს, მაგრამ უფალმა დაიცვა: ყველა, ვინც მასთან შეხებას ეცადა, დაბრმავდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ და-ძმა. ქრისტიანთა წამებით შეძრწუნებული ხალხი აბობოქრდა. იმპერატორი შეშინდა და მოწამეებისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
სიკვდილის წინ ქრისტესთან მიახლოების სიხარულით გაბრწყინებული და-ძმა გალობდა: „შენ მაცხოვნე ჩვენ მაჭირვებელთა ჩვენთაგან და მოძულეთა ჩვენთა არცხვინე“ (ფს. 43,8).
ღირსი გერასიმე, რომელიც იყო იორდანეს (+475), წარმოშობით ლიკიიდან (მცირე აზია) იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ იგი თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, დაახლოებით 450 წელს კი, პალესტინაში ჩამოვიდა და იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა.
ერთ დროს ღირსი გერასიმე ევტიხისა და დიოსკორეს ერესით იყო ცდუნებული და იესო ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდა, მაგრამ ღირსი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) თანადგომით ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდა.
სავანეში წმიდა ბერმა მკაცრი წესები განაჩინა: კვირაში ხუთი დღე მეუდაბნოეები განმარტოებით ცხოვრობდნენ, ცეცხლზე გამზადებულ საზრდელს არ ღებულობდნენ, მხოლოდ გამხმარი პურით, ბალახითა და წყლით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას საღვთო ლიტურღიაზე იკრიბებოდნენ და ეზიარებოდნენ.
თითოეულ ბერს გააჩნდა მხოლოდ ძველი სამოსელი და ჭილოფი დასაძინებლად. კელიიდან გასვლისას მამები კარს არ კეტავდნენ, რათა გამვლელი შემოსულიყო, დაესვენა და საჭირო ნივთები წაეღო.
თვით ღირსი გერასიმე სამაგალითო იყო თავისი ღვაწლით. დიდმარხვაში ბრწყინვალე აღდგომამდე არაფერს ჭამდა, მთელ მარხვას უდაბნოში ატარებდა საყვარელ მოწაფესთან, ნეტარ კირიაკესთან (ხს. 29 სექტემბერს) ერთად, რომელიც ექვთიმე დიდმა გამოგზავნა მასთან.
როცა ექვთიმე დიდი გარდაიცვალა, ღირსმა გერასიმემ იხილა, თუ როგორ აღიყვანეს წმიდანის სული ანგელოზებმა ზეცად, ნეტარი კირიაკე ეახლა, წმიდა ექვთიმეს სავანეში წავიდა და მისი ცხედარი მიწას მიაბარა.

 

ღირსი იაკობ მმარხველი (IV) ფინიკიის ქალაქ პროთირიონთან ახლოს მოღვაწეობდა. ის 15 წელი ცხოვრობდა გამოქვაბულში და, განსაკუთრებული ღვთისმოსაობის გამო, უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მისი გავლენით, ბევრი იქაური მცხოვრები მოექცა ქრისტეს სჯულზე. შემდეგ იაკობი სხვა გამოქვაბულში გადავიდა და იქ 30 წელი გაატარა. ეშმაკმა საშინელი განსაცდელი მოუვლინა წმიდანს: ერთხელ იაკობმა ბოროტი სულით შეპყრობილი გოგონა განკურნა, შემდეგ კი ცოდვით დაეცა მასთან. ჩადენილი ცოდვის გამო სინდისის ქენჯნით შეძრწუნებული ბერი დიდხანს დაეხეტებოდა უდაბნოში, ვერსად პოულობდა თავშესაფარს და იქამდეც კი მივიდა, რომ ბერობის დაგდება და ერში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მრავალმოწყალე უფალმა არ დაუშვა მონანული სულის დაცემა. უდაბნოში მოხეტიალე იაკობი მონასტერს გადააწყდა და იღუმენის და საძმოს წინაშე აღიარა თავისი ცოდვა. მიუხედავად იღუმენის რჩევისა, დარჩენილიყო მათთან, იაკობმა კვლავ უდაბნოს მიაშურა, ბოლოს იგი შეხვდა ერთ მადლითა და სიბრძნით აღსავსე მეუდაბნოეს, მანაც თავისთან დარჩენა შესთავაზა იაკობს. იაკობი არ დარჩა, მაგრამ მეუდაბნოესთან საუბრით გაძლიერებული და დაიმედებული გამოქვაბულში ჩაიკეტა და ათი წლის განმავლობაში სინანულით, ცრემლითა და გოდებით შესთხოვდა უფალს ცოდვის მიტევებას. ღმერთმა შეივრდომა ლოცვებით განძლიერებული ბერი და კვლავ მიჰმადლა სასაწაულთქმედების ნიჭი. წმიდა იაკობი სიკვდილამდე თავის გამოქვაბულში ცხოვრობდა და იქვე დაიმარხა.
წმიდა კეთილმსახური დანიელ მოსკოველი (+1303) ვლადიმირში დაიბადა 1261 წელს. ის იყო მეოთხე ძე წმიდა ალექსანდრე ნეველისა (ხს. 30 აგვისტოს და 23 ნოემბერს).
1272 წელს მთავარმა დანიელმა მემკვიდრეობით მიიღო ქალაქი მოსკოვი და მისი მიმდებარე მიწები. კეთილმსახურმა მთავარმა მდინარე მოსკოვის პირას ააშენა ტაძარი თავისი ზეციური მფარველის, ღირსი დანიელ მესვეტის (ხს. 11 დეკემბერს) სახელზე. მოსკოვის სამთავრო მაშინ პატარა და უბადრუკი იყო.
1300 წელს ღირსი დანიელის წინამძღოლობით მოსკოველებმა გაანადგურეს თათართა ლაშქარი, რომელიც დედაქალაქის დაპყრობას აპირებდა. ეს იყო პირველი გამარჯვება თათრებზე. მთავარს გამარჯვებით არ უსარგებლია, არ გაუძარცვავს, არ დაურბევია დამარცხებული სამთავრო და არც მისი მიწები მიუტაცნია. მას ერთხელაც არ აუღია ხელთ მახვილი თავისი სამთავროს გასაფართოებლად. ასეთი ღვთისმოსაობისთვის უფალმა დააჯილდოვა ღირსი დანიელი: ძმისწულმა, პერეიასლავლ-პალესკის მთავარმა, იოანე დიმიტრის ძემ, 1302 წელს თავისი სამთავრო მას გადასცა. ამ შემოერთებამ მოსკოვი დააწინაურა სხვა სამთავროთა შორის, სწორედ აქედან დაიწყო რუსეთის მიწების გაერთიანება.
1303 წელს წმიდა დანიელი მძიმედ დაავადდა, სქემა შეიმოსა და ანდერძად დაიბარა დაესაფლავებინათ დანილოვის მონასტერში. კეთილმსახური მთავარი გარდაიცვალა 4 მარტს.
დიდი მთავრის იოანე III-ის (1462-1505) დროს ღირსმა დანიელმა თავი შეახსენა გულმავიწყ შთამომავლობას. ის ერთ ყმაწვილს გამოეცხადა და უთხრა: „ნუ გეშინია, მე ქრისტიანი ვარ და ამ მხარის ბატონი ვარ. ჩემი სახელია დანიელი, მთავარი მოსკოვისა. ღვთის ნებით აქა ვარ დაფლული. უთხარი დიდ მთავარ იოანეს: დამივიწყე, მაგრამ არ მივიწყებს უფალი!“ ამის შემდეგ მთავარმა იოანემ, ეკლესიებში წინაპართა სულის საოხად, პანაშვიდების გადახდა დააწესა. იოანე მრისხანეს მეფობის დროს ღირსი დანიელის საფლავთან განიკურნა კოლომნელი ვაჭრის მომაკვდავი ვაჟი. ამ სასწაულით შეძრულმა მეფემ ბრძანა ძველი დანილოვის მონასტრის აღდგენა. 1652 წელს მოხდა ღირსი დანიელის წმიდა ნაწილების აღმოყვანება.