… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევი
17.04.2026 მსგეფსი
დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „წყარო ცხოვრებისა“. ღირსისა იოსებ მგალობელისა (883); ღირსისა გიორგი მალეელისა, მდუმარისა (IX); ღირსისა ზოსიმე მონაზონისა პალესტინელისა (560); ქალწულმოწამისა ფერბუთა სპარსისა და დისა მისისა და მხევლისა მისისა (341-343).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: საქმ. 3: 1-8 (დას. 7). ინ. 2: 12-22. (დას. 7).
ღმრთისმშობლის: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
ლიტ.: საქმ. 3: 1-8
1. პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში, რათა ელოცათ მეცხრე საათს. 2. იყო ერთი კაცი, დაბადებიდანვე დავრდომილი; ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის ბჭესთან, რომელსაც ერქვა „მშვენიერი“, რათა მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთათვის. 3. როდესაც პეტრე და იოანე დაინახა, ტაძარში შესვლას რომ აპირებდნენ, მოწყალება სთხოვა მათ. 4. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა და უთხრა მას: აბა, შემოგვხედე. 5. მანაც იმედით ახედა, ეგებ რამე მიწყალობონო. 6. მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე. 7. მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები. 8. წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს.
ლიტ.: ინ. 2: 12-22
12. ამის შემდეგ ჩავიდა იესო კაპერნაუმს დედამისთან, თავის ძმებსა და მოწაფეებთან ერთად, და რამდენიმე დღე დარჩა იქ. 13. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და ავიდა იესო იერუსალიმს. 14. ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი. 15. დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები. 16. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად. 17. მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: შენი სახლის შური მჭამს მე. 18. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? 19. ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. 20. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? 21. მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. 22. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც.
ღმრთისმშობლის: ფლპ. 2: 5-11
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
ღმრთისმშობლის: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოწამე ფერბუთა ქალწული (+341-343)
წმიდა მოწამე ფერბუთა ქალწული დასთან და მხევალთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 341-343 წლებს შორის. ფერბუთა და მისი და, რომლის სახელიც უცნობია, იყვნენ ქრისტესთვის აღსრულებული სელევკიის ეპიკოპოსის სიმეონის ღვიძლი დები. ისინი მოსამსახურესთან ერთად წაიყვანეს სპარსეთის მეფის, საპორის კარზე. წმიდა ფერბუთა საარაკო სილამაზით გამოირჩეოდა. დედოფალმა მას ურჩია, გათხოვილიყო, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა, რადგან ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. მალე დედოფალი დასნეულდა. მის სამკურნალოდ მოწვეული მოგვი დაატყვევა ქალწულის სილამაზემ და ცოლობა სთხოვა. წმიდა ფერბუთამ კი უპასუხა, რომ ის ქრისტეს სასძლოა.გაბოროტებულმა მოგვმა მეფეს მოახსენა, დედოფალი მოახლეების მიერ არისო მოწამლული, რის შემდეგაც, საპორის ბრძანებით, წმიდა ფერბუთა დასთან და მოახლესთან ერთად დაატყვევეს.
სასამართლოზე წმიდა მოწამეებმა უშიშრად აღიარეს ქრისტიანობა, განაცხადეს, რომ ბოროტება არ ჩაუდენიათ, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილის დასათმენად მზად არიან.
მთავარი მოსამართლე, მოგვი მავპტისიც დააბრმავა ქალწულის სილამაზემ და საიდუმლოდ შესთავაზა საპყრობილიდან განთავისუფლება, თუ ის ცოლობაზე დათანხმდებოდა. იმავე წინადადებით მიმართა ფერბუთას ორმა სხვა მსაჯულმაც. წმიდა ქალწულმა ყველა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ქრისტეს სასძლოა და მიწიერ ქორწინებაზე არასოდეს დათანხმდება.
ამის შემდეგ მოწამეებს ჯადოქრობაში და დედოფლის მოწამლვაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. ქრისტიანებმა მალულად ამოასვენეს წმიდა მოწამეთა ნეშტი და პატივით დაასაფლავეს.
ღირსი ზოსიმე (+დაახლ. 560)
ღირსი ზოსიმე პალესტინელი (+560) – ცნობები მის შესახებ იხილეთ ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში (ხს. 1 აპრილს).ღირსი გიორგი მცირე (IX)
ღირსი გიორგი მცირე (IX) ბერი იყო, პელოპონესში მოღვაწეობდა და იქვე გარდაიცვალა. წმიდა ცხოვრებისათვის მას მიწიერ ანგელოზს უწოდებდნენ.ღირსი იოსებ მგალობელი (+883)
წმიდა იოსებ მგალობელი (+883) – დაიბადა სიცილიაში, ღვთისმოსავი ქრისტიანის ოჯახში. მისი მშობლები, პლატონი და აღათია ბარბაროსების თავდასხმებს გაერიდნენ და პელოპონესში გადასახლდნენ. თხუთმეტი წლის იოსები თესალონიკეში წავიდა და მონასტერში დასახლდა. ღვთისმოსაობით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით გამორჩეული ღირსი იოსები პრესვიტერად აკურთხეს.ერთხელ მონასტერში მოვიდა ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი (ხს. 20 ნოემბერს). მან შეამჩნია ახალგაზრდა ბერი და თან წაიყვანა კონსტანტინეპოლში. ეს იყო ლეონ სომეხის (813-820) მეფობის ხანა – ხატმებრძოლობის ერესის აღზევების ჟამი. ღირსი გრიგოლი და იოსები უშიშრად იცავდნენ წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონს. ისინი ქადაგებდნენ ქალაქის მოედნებზე, მიდიოდნენ მართლმადიდებლებთან და განამტკიცებდნენ მათ რწმენას. კონსტანტინეპოლის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო: იმპერატორიც და პატრიარქიც ხატმბრძოლები იყვნენ.
მაშინ რომის ეპისკოპოსები ერთიანობაში იყვნენ მსოფლიო ეკლესიასთან და პაპ ლეონ III-ს, რომელიც დამოკიდებული არ იყო ბიზანტიის იმპერატორზე, შეეძლო დახმარების ხელი გაეწოდებინა მართლმადიდებლებისათვის. ბერებმა პაპთან გასაგზავნად ღირსი იოსები შეარჩიეს. ღირსმა გრიგოლმა აკურთხა წმიდა მამა.
გზად მიმავალი იოსები შეიპყრეს ხატმბრძოლებისაგან მოსყიდულმა არაბმა ყაჩაღებმა, კუნძულ კრეტაზე წაიყვანეს და ერეტიკოსებს გადასცეს. ტყვე საპყრობილეში ჩააგდეს. ღირსი იოსების ლოცვით და მაგალითით ერთი სულიერად მოუძლურებული ეპისკოპოსი ისე გამხნევდა, რომ მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.
ღირსმა იოსებმა ექვსი წელი გაატარა საპყრობილეში. 820 წლის შობის ღამეს მას გამოეცხადა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი და აუწყა ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის გარდაცვალება და წმიდა ხატთა დევნის შეწყვეტა. წმიდა ნიკოლოზმა ღირს მამას გადასცა გრაგნილი, რომელზეც ეწერა: „მსწრაფლ ჰყვნენ, მოწყალეო, და შეგვეწიენ“. იოსებმა გრაგნილი გადაყლაპა და თქვა: „რაბამ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“ (ფს. 118, 103). ამ გალობის შემდეგ წმიდა იოსებს ბორკილები შეეხსნა, საპყრობილის კარები განიხვნენ, ქარმა წმიდა მამა ცაში აიტაცა და კონსტანტინეპოლის მახლობლად ჩამოსვა. ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი გარდაცვლილიყო, დარჩენილიყო მხოლოდ მისი მოწაფე ნეტარი იოანე (ხს. 18 აპრილს). ისიც მალე გარდაიცვალა. ღირსმა იოსებმა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ეკლესია ააგო და ღირსთა – გრიგოლისა და იოანეს წმიდა ნაწილები იქ გადაასვენა. შემდგომ ამ ადგილას მონასტერი გაშენდა.
ღირსმა იოსებმა ერთი ღვთისმოსავი კაცისაგან მიიღო ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილი, ააშენა ეკლესია წმიდა მოციქულის სახელზე და გადაწყვიტა, მის განსადიდებლად საგალობელი შეეთხზა. ორმოცი დღე ლოცვითა და მარხვით, ცრემლით ემზადებოდა ღირსი იოსები წმიდა ბართლომეს დღესასწაულისათვის. მწუხრის ლოცვაზე მას მოციქული გამოეცხადა, მკერდზე წმიდა სახარება დაადო და საეკლესიო საგალობლების შეთხზვის კურთხევა მისცა. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ღირსმა იოსებმა დაწერა ჯერ წმიდა ბართლომეს, შემდეგ კი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა განსადიდებელი კანონები.
ხატმებრძოლობის ერესის განახლებისას, იმპერატორ თეოფილეს (829-842) დროს, ღირსმა იოსებმა მეორეჯერ დაითმინა დევნა ერეტიკოსთაგან: თერთმეტი წელი ხერსონში იყო გადასახლებული; 842 წელს წმიდა თეოდორა დედოფლის (ხს. 11 თებერვალს) ბრძანებით იგი გაანთავისუფლეს, მაგრამ დედოფლის ძმის, ბარდას მხილებისთვის კვლავ გადაასახლეს და დააბრუნეს მხოლოდ ბარდას გარდაცვალების შემდეგ, 867 წელს.
პატრიარქმა ფოტიოსმა (857-867, 877-886) წმიდანი ძველ ხარისხსა და უფლებებში აღადგინა და კონსტანტინეპოლელი ქრისტიანების მოძღვრად დანიშნა.
ღრმად მოხუცი ღირსი იოსები დაავადმყოფდა. დიდ პარასკევს უფალმა მას გამოუცხადა, რომ მალე განისვენებდა მართალთა ძილით. ღირსმა მამამ აღწერა სოფიის ტაძრის საგანძური და გაუგზავნა პატრიარქ ფოტიოსს; რამდენიმე დღე ემზადებოდა სიკვდილისათვის. ეზიარა, აკურთხა მასთან მყოფნი, ბოლოს კი სიხარულით შეავედრა სული უფალს.