…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირიაკე. ხმა V
ქალწულმოწამისა პელაგია ტარსელისა (290); მღვდელმოწამისა ერაზმისა, თორმიელ ეპისკოპოსისა (303); მღვდელმოწამისა ალვიანე ანეელი ეპისკოპოსისა და მოწაფეთა მისთა (304); მღვდელმოწამისა სილვანე ღაზელი ეპისკოპოსისა და მის თანა 40-თა მოწამეთა (311); ღირსისა ნიკიფორე მიდიკიელი იღუმენისა (814); მოწამეთა: აფროდისა, მილდასი, მაკროვისა, უალერიანესი, გორდიანესი, ლეონტისა, ანტონისა და სამოცთა მოწამეთა, რომელნი სკვითოპოლისს იწამნეს; აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა, ქრისტეს მეგობრისა ლაზარესი და მარიამ მაგდალინელისა, ქრისტემოყვარე ლეონ მეფის დროს (886-912).
დღის ლოცვები
ქალწულმოწამე პელაგია ტარსელის კონდაკი:
საწუთო ესე უგულებელს-ჰყავ და ზეცათა კეთილთა ზიარ იქმენ, და გვირგვინი წამებისა მოიგე, პელაგია ყოვლადპატიოსანო, და, ვითარცა ძღვენი, შესწირენ ხორცნი შენნი სისხლითა შეღებულნი მეუფისა ქრისტესა, და აწ მას ევედრე ხსნად ჩუენდა ჭირთაგან, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა.
აღდგომიდან მე-6, შობიდან ბრმის კვირა
ტროპარი: თანა-დაუსაბამოსა მას სიტყუასა მამისა და ყოვლადწმინდისა სულისასა, რომელი იშვა ქალწულისაგან ცხორებად ჩუენდა, უგალობდეთ მორწმუნენო და თაყუანის-ვცემდეთ, რამეთუ სათნო იჩინა აღსვლაი ხორცითა ჯუარსა ზედა, სიკვდილი დასრთგუნა და აღადგინნა მკუდარნი დიდებულითა მით აღდგომითა თვისითა.
კონდაკი: თუალითა სულიერითა დაბრმობილი, ქრისტე ღმერთო, შენდა მოვივლტვი, ვითარცა შობითგან ბრმა ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლადბრწყინვალე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).
ლიტ.: საქმ. 16: 16-34 (დას. 38). ინ. 9: 1-38 (დას. 34).
ცისკ.: ინ. 20: 11-18
11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
ლიტ.: საქმ. 16: 16-34
16. მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის (მისანი) სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. 17. პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო. 18. ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე. 19. როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან, 20. რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს; 21. გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს. 22. მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. 23. ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. 24. ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო. 25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. 26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს. 27. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. 28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო. 29. მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას; 30. გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე? 31. ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც. 32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც. 33. ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად. 34. მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი.
ლიტ.: ინ. 9: 1-38
1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. 2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა? 3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშობლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში. 4. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას. 5. სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ. 6. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას 7. და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. 8. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა? 9. ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ. 10. მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი? 11. მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი. 12. კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი. 13. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან. 14. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა. 15. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ. 16. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის. 17. კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია. 18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს 19. და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს? 20. მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა; 21. მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია; თავისას თვითონ იტყვის. 22. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო. 23. ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო. 24. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია. 25. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცოდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. 26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი? 27. მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ? 28. მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. 29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის. 30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი. 31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს. 32. სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის? 33. ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა. 34. მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი. 35. იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე? 36. მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო? 37. უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის. 38. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი (+დაახლ. 290) წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ – შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე – ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე. პელაგიას ასეთმა პასუხმა განარისხა იმპერატორის მემკვიდრე, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერი ევნო ქალწულისთვის. წმიდა პელაგიამ დედას სთხოვა, გაეშვა თავის გამზრდელთან, გულში კი ფიქრობდა, მოეძებნა ქრისტიანთა დევნის გამო მთებს შეხიზნული ტარსის ეპისკოპოსი კლინონი და ნათელ-ეღო. წმიდა პელაგიას ძილში გამოეცხადა ეპისკოპოსი და ქალწულმა ზედმიწევნით დაიმახსოვრა მისი სახე. ერთხელ წმიდა ქალწული დედის ბრძანებით ძიძასთან წავიდა მდიდრული ეტლით და მრავალრიცხოვანი ამალით. ღვთის ნებით მის შესახვედრად გამოვიდა ეპისკოპოსი კლინონი. პელაგიამ უმალ იცნო იგი, ფეხებში ჩაუვარდა და მონათვლა სთხოვა. ეპისკოპოსის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. კლინონმა მონათლა წმიდა პელაგია. საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზებმა ნათელი შესამოსელით დაფარეს ღვთის რჩეული. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ეპისკოპოსმა წმიდა პელაგიასთან ერთად ილოცა და განუტევა იგი. გზად მომლოდინე მსახურებთან დაბრუნებულმა პელაგიამ მაცხოვარზე იქადაგა და ბევრი მათგანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა ქალწულს სურდა, სახარების მადლით გაეთბო თავისი დედაც, მაგრამ განრისხებულმა ქალმა იმპერატორის შვილობილს აუწყა, რომ პელაგია ქრისტიანია და არ სურს მასზე დაქორწინდეს. ჭაბუკი მიხვდა, რომ პელაგია მისთვის დაკარგული იყო, არ ისურვა მისი მომავალი წამება ეხილა და მახვილით განიგმირა თავი. პელაგიას დედას შეეშინდა იმპერატორის რისხვისა, თავისი ქალიშვილი შეკრა და დიოკლეტიანეს მიჰგვარა, როგორც ქრისტიანი და დამნაშავე მისი შვილის სიკვდილში. იმპერატორი მოიხიბლა ქალიშვილის სილამაზით და ათასგვარი დაპირებით ეცადა წარმართობისაკენ მის მოქცევას. წმიდა ქალწულმა უარყო იმპერატორის წინადადება და უპასუხა: მე არ შევასრულებ შენს ბრძანებას, რამეთუ მყავს ზეციური სასიძო – ქრისტე, არ მსურს ამაო გვირგვინოსნობა, რადგან უფალმა სასუფეველში სამი გვირგვინი მომიმზადა: რწმენისათვის, ქალწულობისათვის და მოწამეობისათვის. დიოკლეტიანემ ბრძანა, პელაგია გახურებულ სპილენძის ხარში შეეგდოთ. წმიდა ქალწულმა ჯალათებს უფლება არ მისცა, შეხებოდნენ, პირჯვარი გადაისახა და თვითონ შევიდა გავარვარებულ ღუმელში. ცეცხლში მისი სხეული ცვილივით გალღვა და კეთილსურნელებით აავსო მთელი ქალაქი, ძვლები კი უვნებლად იქნა დაცული. წარმართებმა წმიდა ნაწილები ქალაქგარეთ გადაყარეს. მას უდაბნოდან გამოსული ლომები იცავდნენ ეპისკოპოს კლინონის მოსვლამდე. მღვდელმთავარმა შეაგროვა ძვლები და პატივით დამარხა. იმპერატორ კონსტანტინეს დროს (306-337), როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა პელაგიას საფლავზე ეკლესია ააშენეს.წმიდა მღვდელმოწამე ერაზმი (+303)
წმიდა მღვდელმოწამე ერაზმი (+303) სიყრმითგანვე გულმოდგინედ მსახურებდა უფალს. ის აკურთხეს ფორმიის (იტალია) ეპისკოპოსად. დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ერაზმმა გადაწყვიტა გარიდებოდა სატანჯველს, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა და ქალაქში დაბრუნება უბრძანა. როცა შემხვედრი მხედრები წმიდანის აღმსარებლობით დაინტერესდნენ, მან ქრისტიანად გამოაცხადა თავი. წმიდა ერაზმი ანტიოქიაში დიოკლეტიანეს მიჰგვარეს. წმიდანმა უშიშრად აღიარა ქრისტე და უშჯულოებაში ამხილა იმპერატორი. წმიდა ერაზმი სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს. საპყრობილეში ჩაკეტილი ქრისტეს აღმსარებელი, ანგელოზმა სასწაულებრივად გამოიხსნა და უბრძანა: „მომყევი, იტალიაში წაგიყვან, იქ მრავალი ადამიანი ელოდება შენს სიტყვას“. ლუკიაში წმიდა ერაზმმა ხალხს ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა და მკვდრეთით აღადგინა ერთი დიდებულის ვაჟი. ამ სასწაულის შემდეგ 10000 კაცი მოინათლა. რომის იმპერიის დასავლეთის მფლობელმა მაქსიმიან პერკულმა ბრძანა წმიდანის შეპყრობა და სამსჯავროზე მიყვანა. წმიდა ერაზმმა კვლავ თამამად აღიარა ქრისტე. წმიდანი ცემეს და ძალით წაიყვანეს წარმართულ ტაძარში, მაგრამ, როგორც კი მან ტაძარში ფეხი შედგა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, სამსხვერპლოდან კი ცეცხლი გამოვარდა და მრავალი წარმართი დაწვა. გათავისუფლებულმა ერაზმმა უამრავი ხალხი მონათლა და ქალაქ სირმიაში წავიდა, სადაც კვლავ შეიპყრეს და აწამეს. წმიდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი და უვნებელი დარჩა. ამ სასწაულმა ისე შეძრა ხალხი, რომ იმპერატორს ამბოხების შეეშინდა და სასახლეში მიიმალა. ანგელოზმა ბორკილებისაგან გაათავისუფლა ერაზმი და დააბრუნა ფორმიაში, თავის საეპისკოპოსოში. ის აღესრულა 303 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ნეშტი.მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304)
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე (+304) ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო. ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს. წმიდა ალვიანეს უბრძანეს, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მან მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპმსახურებაზე უარი განაცხადა. წმიდანი აწამეს გახურებული რკინით, უმოწყალოდ ცემეს, მაგრამ ვერ მოტეხეს. მასთან ერთად აწამეს მისი მოწაფეებიც. ბოლოს წმიდანები გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.წმიდა მღვდელმოწამე სილვან ღაზელი ეპისკოპოსი და მისთანა 40 მოწამე (311)
წმიდა მღვდელმოწამე სილვან ღაზელი ეპისკოპოსი (+312) ერისკაცობაში მეომარი იყო. ზეციური მეუფის მსახურების მსურველი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ღაზის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა სილვანმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნისას წმიდანი მძიმე სამუშაოეზე გაგზავნეს სპილენძის საბადოებში. ამ სამუშაოებმა ეპისკოპოსი მოაუძლურა, მაგრამ სულით გაუტეხელი დაუღლელად ქადაგებდა ქრისტეს. ამან მისდამი წარმართთა სიძულვილი გააძლიერა. მათ წმიდა ეპიკოპოსს და მის მიერ მოქცეულ 40 ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს.ღირსი ნიკიფორე (XIV)
ღირსი ნიკიფორე წმიდა გრიგოლ პალამას (ხს. 14 ნოემბერს) მოძღვარი იყო. ნეტარი ბერი ათონის მთაზე მოსაგრეობდა XIV საუკუნეში. მას ეკუთვნის ღრმადსულიერი თხზულება იესოს ლოცვის შესახებ.