17.08.2025. მე-10 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I

17.08.2025. მე-10 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-10 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I

კვირა. მარხვა. 17.08.2025

          7-თა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქესი, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი (ან იოანესი), კონსტანტინესი და ექსაკუსტოდიანესი (250,446); ღირსმოწამისა ევდუკიასი (362-364); მოწამისა ელევთერისა (IV).

დღის ლოცვები
       7-თა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანეს, იამბლიქოსის, მარტინიანეს, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინესი) და ანტონინეს კონდაკი:
       სოფლის შინასა ხრწნილებისა მომძაგებელნი და უხრწნელთა ნიჭთა მიმღებელნი, მომკუდარნი თვინიერ ხრწნილებისა, დაადგრეს წმიდანი შვიდნი ყრმანი, რომლისათვის აღსდგეს შემდგომად მრავალთა წელთა, ყოველთა სიბოროტეთა ურწმუნოებისათა დამფვლელნი, რომელთაცა ქებით შემსხმელნი, მორწმუნენო, დღეს ქრისტესა უგალობდეთ. 
 
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-10, ინ. 211-14 (დას. 66).
ლიტ.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). მთ. 17: 14-23 (დას. 72).

ცისკ.: ინ. 211-14 

1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ: 2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. 3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. 4. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. 5. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. 6. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. 7. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. 8. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. 9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. 10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. 11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. 12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. 14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.

ლიტ.: 1 კორ. 4: 9-16 

9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.

ლიტ.: მთ. 17: 14-23 

14. როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე 15. და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება. 16. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი. 17. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ. 18. შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს. 19. მაშინ მოწაფეებმა დაიმარტოხელეს იესო და ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა? 20. ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის. 21. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება. 22. გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში. 23. მოკლავენ მას, და მესამე დღეს აღდგება. და დიდად დამწუხრდნენ ისინი.

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 
შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე, ცხოვრობდნენ უსჯულო დეკიუსის (249-251) ზეობისას. წმიდა მაქსიმილიანე ეფესოს ქალაქის თავის ძე იყო, დანარჩენი ექვსი ჭაბუკი კი – სხვა ეფესელ დიდებულთა ვაჟიშვილები. ისინი სიყრმიდანვე მეგობრობდნენ და ერთად მსახურობდნენ. როცა მრისხანე იმპერატორი ეფესოში ჩავიდა, ბრძანა, ყველანი კერპებისთვის მსხვერპლის შესაწირად გამოცხადებულიყვნენ. ბრძანების პასუხად უამრავი ხალხი შეიკრიბა წარმართულ ტაძრებთან. „კუამლსა ბოროტსა შეეცვა ქალაქი იგი, და ბნელსა და არმულსა გებისა მის მათისასა დაეპყრა ქუეყანაჲ, რომელსა-იგი უგებდეს ცუდთა ღმერთთა“.
ქრისტიანები, რომლებიც მეფის ბრძანებას არ დამორჩილდნენ, შეიპყრეს და სასტიკ სატანჯველებს მისცეს. მხედრები სამალავებშიც აგნებდნენ მათ, წამებით ხდიდნენ სულს, შემდეგ კი წმიდა ცხედრებს ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ, ციხე-გალავნებზე ჰკიდებდნენ ფრინველთა საჯიჯგნად, მოკვეთილ თავებს ძელებზე აცვამდნენ სხვათა დასაშინებლად… უსჯულოების ზეობის გამო მწუხარებას მოეცვა მართლმორწმუნეები. წუხდნენ ეფესელი ყრმებიც, რომლებიც „ღამის-თევასა და ლოცვასა დადგრომილ იყვნეს“. ბოლოს, ჭეშმარიტების მტრებმა ისინიც დაასმინეს – დეკიუსს მოახსენეს: „რომელნი-იგი შორს არიან, მოაახლებ გებად ღმერთთა, და აჰა მახლობელნი შენნი შეურაცხ-ყოფენ მეფობასა შენსა და მცნებათა შენთა“.
განრისხებულმა თვითმპყრობელმა თავისთან მოიხმო მხედრები და უბრძანა, დაუყოვნებლივ შეეწირათ მსხვერპლი კერპებისათვის. მაქსიმილიანემ მეგობრების ნაცვლადაც მიუგო: „გუაქუს ჩუენ ღმერთი ფარული, რომლისა დიდებითა ცაჲ და ქუეყანაჲ სავსე არიან, და მოვართუამთ მას ფარულად მსხუერპლსა აღსარებისა ჩუენისასა და საკმეველსა სულნელსა… ჩვენ ყროლასა მას კუამლისასა შესუარულსა წინაშე კერპთა არ შევწირავთ და გინებათა ეშმაკისათა არა შევავლინოთ სიწმიდ ჱ სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ“.
დეკიუსმა ბრძანა, პატივის აყრის ნიშნად აღმსარებლებისათვის მხედრული სარტყლები შეეხსნათ. მაგრამ არ დაუტუსაღებია ისინი – სალაშქროდ გამზადებულს, იმედი ჰქონდა, რომ სანამ ეფესოში მობრუნდებოდა, ჭაბუკები გონს მოეგებოდნენ და საქციელს შეინანებდნენ.
როგორც კი დრო მიეცათ, მაქსიმილიანემ და მისმა მეგობრებმა ქონება გლახაკებს დაურიგეს, დატოვეს ქალაქი და ოქლონის მთის გამოქვაბულს შეეხიზნნენ – სურდათ, დეკიუსის დაბრუნებამდე განკრძალული ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. ყველაზე უმცროსი მათ შორის – იამბლიქო გლახაკის სამოსელში გადაცმული მიდიოდა ხოლმე ეფესოში და პურს ყიდულობდა. ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს მან შეიტყო, რომ იმპერატორი უკვე დაბრუნებულიყო და მათ ეძებდნენ. მაქსიმილიანემ მოუწოდა მეგობრებს, ნებსით გამოცხადებულიყვნენ სამსჯავროზე, მაგრამ, ღვთის ნებით, შვიდივეს მიეძინა „ტკბილითა სიკუდილითა“; „არა აგრძნეს დაწოლაჲ იგი ძილისა მათისაჲ და გამოსულაჲ სულთა მათთაჲ. და ესრეთ დაიძინეს ქუეყანასა ზედა და შეჰვედრნეს სულნი თჳსნი ღმერთსა“. როცა უსჯულო ხელისუფალმა ნეტართა ადგილსამყოფელი გაიგო, ბრძანა, მღვიმის შესასვლელი ქვებით ამოექოლათ, რომ ყმაწვილები შიგ შიმშილითა და წყურვილით ამომწყდარიყვნენ, „რამეთუ ჰგონებდა მეფე და ყოველი ქალაქი, ვითარმედ ცოცხალ არიან წმიდანი იგი“. ორმა ფარულმა ქრისტიანმა, საჭურისებმა თევდორემ და ვარგოსმა ლოდებს შორის დაბეჭდილი ლუსკუმა ჩადეს, რომელშიც ორი კალის ფირფიტა იდო წმიდა ყრმათა სახელებითა და მათი ღვაწლისა და სიკვდილის გარემოებათა აღწერით.
განვლო თითქმის ორმა ასწლეულმა. ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს გამოჩნდნენ მწვალებლები, რომლებიც უარყოფდნენ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას. აი, სწორედ ამ დროს გზადაბნეულთა მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად უფალმა სასწაულის აღსრულება ინება: მისი ჩაგონებით, იმ მიწის მფლობელმა, სადაც ოქლონის მთა მდებარეობდა, ცხოვართათვის ბაკის მშენებლობა განიზრახა. მისმა მონა-მსახურებმა მღვიმის პირთან დახვავებული ქვები და ლოდები გადააგორეს და შესასვლელი გათავისუფლდა. ეფესელმა ყრმებმა ხანგრძლივი ძილისაგან გამოიღვიძეს. მათი სხეულები სრულიად უხრწნელი იყო. წმიდანებმა არც იცოდნენ, თუ რა დრომ განვლო მათი მიძინების შემდეგ და იამბლიქო კიდევ ერთხელ გაგზავნეს ქალაქში პურის საყიდლად. როცა ყრმა ეფესოს მიუახლოვდა, გაოცებამ შეიპყრო: ბჭეებზე ჯვრის ნიში იყო აღმართული; ქალაქში ქრისტეს სახელსაც თავისუფლად წარმოთქვამდნენ… ყოველივე ამან იგი დააეჭვა, გზა ხომ არ ამბნევია, სხვაგან ხომ არ მოვხვდიო, სურდა, ჩქარა მიბრუნებულიყო უკან, მაგრამ როცა პურის გამყიდველებს ვერცხლის დიდი მონეტა გაუწოდა დეკიუსის გამოსახულებით, იგი დააკავეს „ძუელთა მეფეთა საუნჯის“ პოვნისა და გადამალვისათვის.
ნეტარი მიჰგვარეს ქალაქის თავს, რომელთანაც იმ დროს ეფესოს ეპისკოპოსი იმყოფებოდა. უსმენდა რა ყრმის დაბნეულ პასუხებს, მან გაიფიქრა: „გამოცხადებაჲ რაჲმე უნებს ღმერთსა ჩუენდა დღეს ჴელითა ამის ჭაბუკისაჲთა“, და ქალაქის ხელისუფლებთან და ხალხთან ერთად იამბლიქოს გამოქვაბულისკენ გაჰყვა. მღვიმის შესასვლელთან, ქვების გროვებში მღვდელმთავარმა დაბეჭდილი ლუსკუმა იპოვა, გახსნა და კალის დაფებზე გაკეთებული წარწერები წაიკითხა. ყველამ ერთობლივ ადიდა ღმერთი „და ესრ ჱთ შემართეს ქუაბად და პოვნეს წმიდანი იგი მსხდომარენი სიხარულითა დიდითა ფრიად და პირნი მათნი ბრწყინვიდეს, ვითარცა მზ ჱ“. ეპისკოპოსმა, ქალაქის თავმა და ერის სიმრავლემ თაყვანი სცა წმიდანებს, „და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან ღირს-ყვნა იგინი ხილვად დიდებულსა ამას ხილვასა“. ყველა ხვდებოდა, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა ნეტარი მარტვილების საუკუნო ძილისაგან გამოფხიზლებით ეკლესიას მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო გაუცხადა. თავად იმპერატორი თეოდოსიც ჩავიდა ეფესოში და ესაუბრა ყრმებს. „შეხედვიდა მათ მეფ ჱ და ადიდებდა ღმერთსა და გული მისი იხარებდა აღსარებითა“. საუბრის დროს ყველას თვალწინ უფლის სათნომყოფელებმა „კუალად მიიდრიკეს თავნი მათნი ქუეყანად და დაიძინეს“, ამჟამად – საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე. იმპერატორს სურდა, წმიდათა ცხედრებისათვის ოქროს ლუსკუმები შეემზადებინა, მაგრამ იმავე ღამეს ყრმები ძილში ეჩვენნენ მას და უთხრეს: „მიწისაგან აღდგეს გუამნი ჩუენნი და არა ოქროჲსაგან და არცა ვეცხლისაგან. ამისთჳს ადგილსა ჩუენსა, სადაცა ვართ, ქუაბსა მას, მიწასა მას ზედა გჳტევენ ჩუენ, რამეთუ ღმერთმან მიერ მიწით კუალად მერმე აღმადგინნეს ჩუენ“.
შვიდი ეფესელი ყრმის ხსენება მეორედ 22 ოქტომბერს აღინიშნება. გადმოცემით, წმიდანებმა ამ დღეს მეორედ მიიძინეს, სხვა ცნობით კი მათ პირველად 4 აგვისტოს მიეძინათ, 22 ოქტომბერს კი გამოიღვიძეს. 
წმიდა მოწამე ელეფთერი იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის (284-305; 307-310) ერთ-ერთი უახლოესი მსახური იყო. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ იგი განერიდა სასახლის კარს, ქალაქგარეთ მდებარე თავის მამულში განმარტოვდა და სახლში ტაძარი მოაწყო. სასახლეში თავის არყოფნას წმიდანი ავადმყოფობით ხსნიდა. ერთ-ერთმა მსახურმა იმპერატორს აცნობა, რომ ელეფთერი ქრისტიანი გახდა. განრისხებულმა თვითმპყრობელმა ნეტარს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. მარტვილმა მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. წმიდა ელეფთერის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში იყო დაცული, შემდეგ კი იტალიაში, ქალაქ ტეატში გადაასვენეს. 
ღირსმოწამე ევდოკია – დიდებული რომაელი ქალბატონი – IV საუკუნეში ცხოვრობდა. სპარსეთის მეფე საპორმა სხვა ცხრაათას ქრისტიანთან ერთად იგი ტყვედ ჩაიგდო. ტყვეობაში ნეტარი დედა ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა სპარსელ ქალებს შორის და მრავალი მათგანი მოაქცია. ამისათვის უფლის რჩეული ხანგრძლივი და მრავალგვარი სატანჯველებით აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 362-364). 
მოციქულთასწორი ღირსმოწამე კოზმა (ერობაში _ კონსტანტინე) ეტოლიიდან იყო. თავდაპირველად ის სამშობლოში განისწავლა მთავარდიაკონ ანანია დერვიშანის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი ათონის მთაზე მდებარე ვათოპედის სასწავლებელს მიაშურა.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ წმიდანი ათონზე დარჩა, ფილოთეოსის სავანეში. აქ იგი ჯერ ბერად აღკვეცეს კოზმას სახელით, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მოძმეთა სარწმუნოებაში განმტკიცების სურვილით ანთებულმა მოღვაწემ სულიერი მამებისაგან კურთხევა გამოითხოვა და კონსტანტინოპოლში წავიდა საქადაგებლად.
წმიდა კოზმას მოციქულებრივი ღვაწლი 1779 წელს მოწამეობრივად დასრულდა: სამოცდახუთი წლის ასაკში იუდეველებმა მას ცილი დასწამეს და თურქებს ჩაუგდეს ხელში, მათ კი დაახრჩვეს წმიდანი და მდინარეში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ხუცესმა მარკოზმა იპოვა ნეტარის ცხედარი და სოფელ კალიკონტასის მახლობლად, არდევუზის მონასტერში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში დაკრძალა. მოგვიანებით მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სხვადასხვა ადგილებში იქნა დაბრძანებული.