…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
17.08.2026. ორშაბათი. მარხვა.
7-თა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქესი, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი (ან იოანესი), კონსტანტინესი და ექსაკუსტოდიანესი (250,446); ღირსმოწამისა ევდუკიასი (362-364); მოწამისა ელევთერისა (IV).
დღის ლოცვები
სოფლის შინასა ხრწნილებისა მომძაგებელნი და უხრწნელთა ნიჭთა მიმღებელნი, მომკუდარნი თვინიერ ხრწნილებისა, დაადგრეს წმიდანი შვიდნი ყრმანი, რომლისათვის აღსდგეს შემდგომად მრავალთა წელთა, ყოველთა სიბოროტეთა ურწმუნოებისათა დამფვლელნი, რომელთაცა ქებით შემსხმელნი, მორწმუნენო, დღეს ქრისტესა უგალობდეთ.
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
2 კორ. 5: 10-15 (დას. 179). მკ. 1: 9-15 (დას. 2).
2 კორ. 5: 10-15
10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს. 11. და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც. 12. მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით. 13. რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, – თქვენთვის. 14. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათგის, ყველანი მოკვდნენ. 15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
მკ. 1: 9-15
9. და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. 10. წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. 11. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. 12. და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში. 13. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. 14. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას. 15. და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე (+დაახლ. 250)
შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე, ცხოვრობდნენ უსჯულო დეკიუსის (249-251) ზეობისას. წმიდა მაქსიმილიანე ეფესოს ქალაქის თავის ძე იყო, დანარჩენი ექვსი ჭაბუკი კი – სხვა ეფესელ დიდებულთა ვაჟიშვილები. ისინი სიყრმიდანვე მეგობრობდნენ და ერთად მსახურობდნენ. როცა მრისხანე იმპერატორი ეფესოში ჩავიდა, ბრძანა, ყველანი კერპებისთვის მსხვერპლის შესაწირად გამოცხადებულიყვნენ. ბრძანების პასუხად უამრავი ხალხი შეიკრიბა წარმართულ ტაძრებთან. „კუამლსა ბოროტსა შეეცვა ქალაქი იგი, და ბნელსა და არმულსა გებისა მის მათისასა დაეპყრა ქუეყანაჲ, რომელსა-იგი უგებდეს ცუდთა ღმერთთა“.ქრისტიანები, რომლებიც მეფის ბრძანებას არ დამორჩილდნენ, შეიპყრეს და სასტიკ სატანჯველებს მისცეს. მხედრები სამალავებშიც აგნებდნენ მათ, წამებით ხდიდნენ სულს, შემდეგ კი წმიდა ცხედრებს ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ, ციხე-გალავნებზე ჰკიდებდნენ ფრინველთა საჯიჯგნად, მოკვეთილ თავებს ძელებზე აცვამდნენ სხვათა დასაშინებლად… უსჯულოების ზეობის გამო მწუხარებას მოეცვა მართლმორწმუნეები. წუხდნენ ეფესელი ყრმებიც, რომლებიც „ღამის-თევასა და ლოცვასა დადგრომილ იყვნეს“. ბოლოს, ჭეშმარიტების მტრებმა ისინიც დაასმინეს – დეკიუსს მოახსენეს: „რომელნი-იგი შორს არიან, მოაახლებ გებად ღმერთთა, და აჰა მახლობელნი შენნი შეურაცხ-ყოფენ მეფობასა შენსა და მცნებათა შენთა“.
განრისხებულმა თვითმპყრობელმა თავისთან მოიხმო მხედრები და უბრძანა, დაუყოვნებლივ შეეწირათ მსხვერპლი კერპებისათვის. მაქსიმილიანემ მეგობრების ნაცვლადაც მიუგო: „გუაქუს ჩუენ ღმერთი ფარული, რომლისა დიდებითა ცაჲ და ქუეყანაჲ სავსე არიან, და მოვართუამთ მას ფარულად მსხუერპლსა აღსარებისა ჩუენისასა და საკმეველსა სულნელსა… ჩვენ ყროლასა მას კუამლისასა შესუარულსა წინაშე კერპთა არ შევწირავთ და გინებათა ეშმაკისათა არა შევავლინოთ სიწმიდ ჱ სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ“.
დეკიუსმა ბრძანა, პატივის აყრის ნიშნად აღმსარებლებისათვის მხედრული სარტყლები შეეხსნათ. მაგრამ არ დაუტუსაღებია ისინი – სალაშქროდ გამზადებულს, იმედი ჰქონდა, რომ სანამ ეფესოში მობრუნდებოდა, ჭაბუკები გონს მოეგებოდნენ და საქციელს შეინანებდნენ.
როგორც კი დრო მიეცათ, მაქსიმილიანემ და მისმა მეგობრებმა ქონება გლახაკებს დაურიგეს, დატოვეს ქალაქი და ოქლონის მთის გამოქვაბულს შეეხიზნნენ – სურდათ, დეკიუსის დაბრუნებამდე განკრძალული ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. ყველაზე უმცროსი მათ შორის – იამბლიქო გლახაკის სამოსელში გადაცმული მიდიოდა ხოლმე ეფესოში და პურს ყიდულობდა. ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს მან შეიტყო, რომ იმპერატორი უკვე დაბრუნებულიყო და მათ ეძებდნენ. მაქსიმილიანემ მოუწოდა მეგობრებს, ნებსით გამოცხადებულიყვნენ სამსჯავროზე, მაგრამ, ღვთის ნებით, შვიდივეს მიეძინა „ტკბილითა სიკუდილითა“; „არა აგრძნეს დაწოლაჲ იგი ძილისა მათისაჲ და გამოსულაჲ სულთა მათთაჲ. და ესრეთ დაიძინეს ქუეყანასა ზედა და შეჰვედრნეს სულნი თჳსნი ღმერთსა“. როცა უსჯულო ხელისუფალმა ნეტართა ადგილსამყოფელი გაიგო, ბრძანა, მღვიმის შესასვლელი ქვებით ამოექოლათ, რომ ყმაწვილები შიგ შიმშილითა და წყურვილით ამომწყდარიყვნენ, „რამეთუ ჰგონებდა მეფე და ყოველი ქალაქი, ვითარმედ ცოცხალ არიან წმიდანი იგი“. ორმა ფარულმა ქრისტიანმა, საჭურისებმა თევდორემ და ვარგოსმა ლოდებს შორის დაბეჭდილი ლუსკუმა ჩადეს, რომელშიც ორი კალის ფირფიტა იდო წმიდა ყრმათა სახელებითა და მათი ღვაწლისა და სიკვდილის გარემოებათა აღწერით.
განვლო თითქმის ორმა ასწლეულმა. ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს გამოჩნდნენ მწვალებლები, რომლებიც უარყოფდნენ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას. აი, სწორედ ამ დროს გზადაბნეულთა მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად უფალმა სასწაულის აღსრულება ინება: მისი ჩაგონებით, იმ მიწის მფლობელმა, სადაც ოქლონის მთა მდებარეობდა, ცხოვართათვის ბაკის მშენებლობა განიზრახა. მისმა მონა-მსახურებმა მღვიმის პირთან დახვავებული ქვები და ლოდები გადააგორეს და შესასვლელი გათავისუფლდა. ეფესელმა ყრმებმა ხანგრძლივი ძილისაგან გამოიღვიძეს. მათი სხეულები სრულიად უხრწნელი იყო. წმიდანებმა არც იცოდნენ, თუ რა დრომ განვლო მათი მიძინების შემდეგ და იამბლიქო კიდევ ერთხელ გაგზავნეს ქალაქში პურის საყიდლად. როცა ყრმა ეფესოს მიუახლოვდა, გაოცებამ შეიპყრო: ბჭეებზე ჯვრის ნიში იყო აღმართული; ქალაქში ქრისტეს სახელსაც თავისუფლად წარმოთქვამდნენ… ყოველივე ამან იგი დააეჭვა, გზა ხომ არ ამბნევია, სხვაგან ხომ არ მოვხვდიო, სურდა, ჩქარა მიბრუნებულიყო უკან, მაგრამ როცა პურის გამყიდველებს ვერცხლის დიდი მონეტა გაუწოდა დეკიუსის გამოსახულებით, იგი დააკავეს „ძუელთა მეფეთა საუნჯის“ პოვნისა და გადამალვისათვის.
ნეტარი მიჰგვარეს ქალაქის თავს, რომელთანაც იმ დროს ეფესოს ეპისკოპოსი იმყოფებოდა. უსმენდა რა ყრმის დაბნეულ პასუხებს, მან გაიფიქრა: „გამოცხადებაჲ რაჲმე უნებს ღმერთსა ჩუენდა დღეს ჴელითა ამის ჭაბუკისაჲთა“, და ქალაქის ხელისუფლებთან და ხალხთან ერთად იამბლიქოს გამოქვაბულისკენ გაჰყვა. მღვიმის შესასვლელთან, ქვების გროვებში მღვდელმთავარმა დაბეჭდილი ლუსკუმა იპოვა, გახსნა და კალის დაფებზე გაკეთებული წარწერები წაიკითხა. ყველამ ერთობლივ ადიდა ღმერთი „და ესრ ჱთ შემართეს ქუაბად და პოვნეს წმიდანი იგი მსხდომარენი სიხარულითა დიდითა ფრიად და პირნი მათნი ბრწყინვიდეს, ვითარცა მზ ჱ“. ეპისკოპოსმა, ქალაქის თავმა და ერის სიმრავლემ თაყვანი სცა წმიდანებს, „და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან ღირს-ყვნა იგინი ხილვად დიდებულსა ამას ხილვასა“. ყველა ხვდებოდა, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა ნეტარი მარტვილების საუკუნო ძილისაგან გამოფხიზლებით ეკლესიას მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო გაუცხადა. თავად იმპერატორი თეოდოსიც ჩავიდა ეფესოში და ესაუბრა ყრმებს. „შეხედვიდა მათ მეფ ჱ და ადიდებდა ღმერთსა და გული მისი იხარებდა აღსარებითა“. საუბრის დროს ყველას თვალწინ უფლის სათნომყოფელებმა „კუალად მიიდრიკეს თავნი მათნი ქუეყანად და დაიძინეს“, ამჟამად – საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე. იმპერატორს სურდა, წმიდათა ცხედრებისათვის ოქროს ლუსკუმები შეემზადებინა, მაგრამ იმავე ღამეს ყრმები ძილში ეჩვენნენ მას და უთხრეს: „მიწისაგან აღდგეს გუამნი ჩუენნი და არა ოქროჲსაგან და არცა ვეცხლისაგან. ამისთჳს ადგილსა ჩუენსა, სადაცა ვართ, ქუაბსა მას, მიწასა მას ზედა გჳტევენ ჩუენ, რამეთუ ღმერთმან მიერ მიწით კუალად მერმე აღმადგინნეს ჩუენ“.
შვიდი ეფესელი ყრმის ხსენება მეორედ 22 ოქტომბერს აღინიშნება. გადმოცემით, წმიდანებმა ამ დღეს მეორედ მიიძინეს, სხვა ცნობით კი მათ პირველად 4 აგვისტოს მიეძინათ, 22 ოქტომბერს კი გამოიღვიძეს.
წმიდა მოწამე ელეფთერი (IV)
წმიდა მოწამე ელეფთერი იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის (284-305; 307-310) ერთ-ერთი უახლოესი მსახური იყო. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ იგი განერიდა სასახლის კარს, ქალაქგარეთ მდებარე თავის მამულში განმარტოვდა და სახლში ტაძარი მოაწყო. სასახლეში თავის არყოფნას წმიდანი ავადმყოფობით ხსნიდა. ერთ-ერთმა მსახურმა იმპერატორს აცნობა, რომ ელეფთერი ქრისტიანი გახდა. განრისხებულმა თვითმპყრობელმა ნეტარს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. მარტვილმა მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. წმიდა ელეფთერის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში იყო დაცული, შემდეგ კი იტალიაში, ქალაქ ტეატში გადაასვენეს. ღირსმოწამე ევდოკია (+362-364)
ღირსმოწამე ევდოკია – დიდებული რომაელი ქალბატონი – IV საუკუნეში ცხოვრობდა. სპარსეთის მეფე საპორმა სხვა ცხრაათას ქრისტიანთან ერთად იგი ტყვედ ჩაიგდო. ტყვეობაში ნეტარი დედა ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა სპარსელ ქალებს შორის და მრავალი მათგანი მოაქცია. ამისათვის უფლის რჩეული ხანგრძლივი და მრავალგვარი სატანჯველებით აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 362-364). მოციქულთასწორი ღირსმოწამე კოზმა (+1779)
მოციქულთასწორი ღირსმოწამე კოზმა (ერობაში _ კონსტანტინე) ეტოლიიდან იყო. თავდაპირველად ის სამშობლოში განისწავლა მთავარდიაკონ ანანია დერვიშანის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი ათონის მთაზე მდებარე ვათოპედის სასწავლებელს მიაშურა.სასწავლებლის დასრულების შემდეგ წმიდანი ათონზე დარჩა, ფილოთეოსის სავანეში. აქ იგი ჯერ ბერად აღკვეცეს კოზმას სახელით, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მოძმეთა სარწმუნოებაში განმტკიცების სურვილით ანთებულმა მოღვაწემ სულიერი მამებისაგან კურთხევა გამოითხოვა და კონსტანტინოპოლში წავიდა საქადაგებლად.
წმიდა კოზმას მოციქულებრივი ღვაწლი 1779 წელს მოწამეობრივად დასრულდა: სამოცდახუთი წლის ასაკში იუდეველებმა მას ცილი დასწამეს და თურქებს ჩაუგდეს ხელში, მათ კი დაახრჩვეს წმიდანი და მდინარეში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ხუცესმა მარკოზმა იპოვა ნეტარის ცხედარი და სოფელ კალიკონტასის მახლობლად, არდევუზის მონასტერში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში დაკრძალა. მოგვიანებით მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სხვადასხვა ადგილებში იქნა დაბრძანებული.