ხოლო „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
17.09.2025. მარხვა
ღირსისა სვიმეონ გარეჯელისა, წინასწარმეტყველისა და სასწაულთმოქმედისა (1773); მღვდელმოწამისა ბაბილასი, დიდისა ანტიოქიის ეპისკოპოსისა და მის თანა მოწამეთა სამთა ყრმათა: ურბანისა, პრილიდიასი (251); წინასწარმეტყველისა ღმრთისმზილველისა მოსესი (1531 წ. ქრ. შ-მდე); მოწამისა ერმიონიასი, 70-თაგან მოციქულისა ფილიპე დიაკონის ასულისა (117); მოწამისა ბაბილა ნიკომიდიელისა და მის თანა 84-თა ყრმათა (IV); მოწამეთა: თეოდორესი, მიანესი, იულიანესი და კიონისა (305-311); იოასაფ ბელგოროდელი ეპისკოპოსისა (წმ. ნაწ. პოვნა 1911); ღმრთისმშობლის ხატისა, რომელსა ეწოდების „მაყვალი შეუწველი“ (1680)·
დღის ლოცვები
წინასწარმეტყველი მოსეს, ღვთისმხილველის
ტროპარი: მართალო, მშვიდო და გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დამნთქმელო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინაისწარმეტყუელთა დასაბამო მოსე, მეოხ-გვეყავ ჩუენ.
ტროპარი: სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინაისწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ ხილვად დიდებასა ღმრთისასა, რომელმან ფიცარნი სჯულისა მის მადლისანი მოიხუენ და გამოსახულნი მადლნი თავსა შორის შენსა გიტვირთავს, და იქმენ წინაისწარმეტყუელთა დიდებაი, და პატივი და ღმრთისმსახურებისა დიდი მესაიდუმლოე.
კონდაკი: გუნდნი წინაისწარმეტყუელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით დღესასწაულობენ, რამეთუ აღსასრული წინაისწარმეტყუელებისა მათისა აღესრულა ჩუენ ზედა, რამეთუ ბრწყინავს დღეს ჯუარი, რომლითა გვიხსნა ჩუენ ქრისტემან; მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: გალ. 3: 15-22 (დას. 207). მკ. 6: 7-13 (დას. 23).
ღირსი სვიმეონის საკითხავები საზიაროთაგან.
ლიტ.: გალ. 3: 15-22
15. კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას. 16. ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე. 17. მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ. 18. რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს. 19. კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით. 20. მაგრამ შუამავალი შეუძლებელია ერთის მიმართ იყოს შუამავალი, ღმერთი კი ერთია. 21. მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე. 22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ.
ლიტ.: მკ. 6: 7-13
7. მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა. 8. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით: 9. არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს. 10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან. 11. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. 12. და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად. 13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა წინასწარმეტყველი და ღვთისმხილველი მოსე (+1531 ქრისტეს შობამდე)
წმიდა მოსე წინასწარმეტყველი, ებრაელთა წინამძღვარი და სჯულისმდებელი, ლევიტელთა ტომის ჩამომავალი იყო. იგი ეგვიპტეში დაიბადა მაშინ, როცა ტყვედ წასხმული ისრაელები აქ მონობის უღელქვეშ იტანჯებოდნენ. ფარაონის ბრძანებით უნდა დაეხოცათ ებრაელთა ახალშობილი ვაჟიშვილები, რომ ერი არ გამრავლებულიყო. ამ ბრძანების შიშით მოსეს დედა სამი თვე მალავდა შვილს, შემდეგ კი, „ვითარ იგი ვერღარა ეძლო დამალვად“, გაფისულ კიდობანში ჩააწვინა და მდინარის პირას, ლერწმოვანში დატოვა. აქ ყრმა საბანაოდ ჩასულმა ფარაონის ასულმა იპოვა, შეებრალა, იშვილა და დაარქვა მოსე, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს.მეფის სასახლეში მოსე ფუფუნებით ცხოვრობდა, ეგვიპტურ მწიგნობრობაში განისწავლა, მაგრამ თავს მშვიდად ვერ გრძნობდა: იცოდა, რომ ებრაელი იყო და აწუხებდა ის ჭირი და უბედობა, რომელსაც მისი თანატომელები ეგვიპტელთაგან ითმენდნენ. ერთხელ მოსემ დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მოკლა ეგვიპტელი, მიწაში ჩაფლა, შემდეგ კი, ფარაონის რისხვას განრიდებული, მადიამის ქვეყანაში გაიხიზნა. იქ უფლის რჩეული იოთორ მღვდელთან დაბინავდა და მისი ასული შეირთო ცოლად.
მოსე თავისი სიმამრის ცხვარს მწყემსავდა. ერთხელ, როცა ფარა ქორების მთის მახლობლად მიჰყავდა, მან იხილა ალმოდებული მაყვლის ბუჩქი, რომელიც არ იწვოდა. მიუახლოვდა ბუჩქს და იქიდან მოესმა: „მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი… აწ ესერა ღაღადება ძეთა ისრაელისათა მოიწევის ჩემდა, და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მას. აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა და გამოიყვანო ერი ჩემი, ძენი ისრაელისანი, ქუეყანით ეგჳპტით“. მოსე შეაძრწუნა თავისმა უძლურებამ, მაგრამ უფალმა აღუთქვა: „მე ვიყო შენ თანა“, სასწაულთ-ქმედების ძალა მისცა, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ის ღვთისგან იყო გამოგზავნილი და შემწედ მისი ძმა – აარონი დაუნიშნა. მოსე დაემორჩილა ზეგარდმო მიღებულ ბრძანებას და ეგვიპტეში წავიდა.
წინასწარმეტყველი აარონთან ერთად წარდგა ფარაონის წინაშე და უფლის ნება აუწყა, მაგრამ უღმრთო ხელისუფალმა უარი განაცხადა ებრაელთა გაშვებაზე. ღმერთმა ათი სასჯელი დაატეხა თავს ეგვიპტეს: მოსეს სიტყვით მდინარეებში, ტბებში და ჯურღმულებში წყალი სისხლად იქცა; სეტყვამ და კალიამ გაანადგურა ნათესები; სამდღიანი წყვდიადი ჩამოწვა ქვეყანაში… მაგრამ გაკერპებული ფარაონი მაინც თავისაზე იდგა. მეორედან დაწყებული, სასჯელად მოვლენილი ყოველი უბედურების ჟამს იგი პირობას დებდა, რომ გაათავისუფლებდა ისრაელებს, მაგრამ, როგორც კი სიმშვიდე დაისადგურებდა, კვლავ უკან მიჰქონდა თავისი სიტყვა. უსჯულომ მხოლოდ მაშინ შეასრულა უფლის ბრძანება, როცა, ღვთის ნებით, ანგელოზმა ეგვიპტელების ყველა პირველშობილი ძე დახოცა.
ეგვიპტიდან ექვსი ათასამდე კაცი გამოვიდა ქალებისა და ბავშვების გარდა. ისინი ღვთის მფარველობითა და მოსეს წინამძღვრობით გაუდგნენ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. მეწამულ ზღვას რომ მიუახლოვდნენ, ლტოლვილებმა მდევრები შენიშნეს: მოსემ კვერთხის დარტყმით გააპო ზღვა. ისრაელებმა მშრალ ფსკერზე გადაიარეს, მდევრებიც უკან მიჰყვნენ. მაშინ მოსემ კვლავ დაჰკრა ზღვას კვერთხი, წყალი შეერთდა და ყველა ეგვიპტელი დაიხრჩო.
უფალმა კიდევ ბევრი სასწაული აღასრულა თავისი რჩეულის მეშვეობით: მწარე წყალი სასმელად ვარგისი გახადა, მშრალი კლდიდან წყალი გადმოადინა…
რაფიდინში ებრაელებს თავს დაესხა უდაბნოში მოსახლე ამალეკთა ტომი. მოსემ მომხდურებთან საბრძოლველად ისუ ნავე გაგზავნა მხედრობით, თავად კი აარონთან და ორთან ერთად ბორცვის თხემზე ავიდა. როცა იგი ხელებს მაღლა აღაპყრობდა, ისრაელები ძლიერდებოდნენ, როცა დაუშვებდა – ამალეკს ემატებოდა ძალა. მაშინ აარონმა და ორმა მოსე ლოდზე დასვეს და „განამტკიცებდეს ჴელთა მისთა ერთი ამიერ და ერთი იმიერ“. მზის ჩასვლამდე ხელგანპყრობით იჯდა წინასწარმეტყველი და ებრაელებმაც სძლიეს მტერს.
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ორმოცდამეათე დღეს ისრაელები სინას მთას მიადგნენ. მთაზე ასულ მოსეს უფალმა ამცნო, თავისი ხალხისთვის ეუწყებინა: „აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმა ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპურო ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანა“. როცა წინასწარმეტყველმა ბრძანება შეასრულა, მთელმა ერმა ერთხმად იქუხა: „ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ“. კვლავ მთაზე ამაღლდა მოსე და ორმოცი დღე-ღამე იმარხულა, რის შემდეგაც უფლისგან მიიღო ქვის ორი ფილა, ზედ დაწერილი ათი მცნებით; ღმერთმა მას მისცა სხვა კანონებიც, რომლებიც ძველი აღთქმის პირველ ხუთ წიგნშია შესული, და უბრძანა, აეშენებინა სამლოცველო კარავი ანუ მოძრავი ტაძარი. უფლისავე ბრძანებით მოსემ თავისი ძმა – აარონი მღვდელმთავრად დაადგინა, მისი შვილები – მღვდლებად, ლევის დანარჩენი შთამომავლობა კი – მოძრავი ტაძრის მსახურებად.
სჯულის მიღების შემდეგ ებრაელები მალე მიუახლოვდნენ ქანაანის ქვეყანას, მაგრამ დრტვინვისა და მცირედმორწმუნეობისთვის ღმერთმა მათ უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობა მიუსაჯა. მეორმოცე წელს მოსემ უფლის რჩეული ერი ქანაანის საზღვართან მიიყვანა, თვითონ კი შორიდან შეხედა აღთქმულ ქვეყანას და მიიცვალა. ამ დროს იგი ასოცი წლისა იყო. მოსე წინასწარმეტყველის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.
წმიდა მოწამე ერმიონია, ასული ფილიპე დიაკონისა – მოციქულისა (+დაახლ. 117)
წმიდა მოწამე ერმიონია წმიდა მოციქულ ფილიპეს (ხს. 11 ოქტომბერს) ასული იყო.სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიჰგვარეს წმინდა ერმონია, როგორც ქრისტიანი და მამაპაპათა სჯულის უარმყოფელი. იმპერატორი თავდაპირველად ალერსიანი შეგონებებით შეეცადა ნეტარის გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, მისი წამების განკარგულება გასცა.
ერმიონია სიხარულით ითმენდა სატანჯველს. მას სიმტკიცე შეჰმატა საყდარზე მჯდომარე მაცხოვრის გამოცხადებამ. ტრაიანე მალე დარწმუნდა, რომ წმიდანის მოდრეკა შეუძლებელი იყო და გაათავისუფლა უფლის რჩეული.
იმპერატორ ტრაიანეს მემკვიდრემ, ადრიანემ (117-138) ბრძანა, ქრისტეს აღსარებისთვის კვლავ სამსჯავროზე წარედგინათ ნეტარი. უსჯულო თვითმპყრობელის განკარგულებით მარტვილი ჯერ დაუნდობლად გვემეს, შემდეგ ლურსმნები ჩააჭედეს ფეხისგულებში, ბოლოს კი მდუღარე ფისით, კალითა და გოგირდით სავსე ქვაბში ჩააგდეს. წმიდა ერმიონია ყველაფრისათვის მადლობას სწირავდა უფალს, ღმერთმაც წყალობის თვალით გადმოხედა და ქრისტეს მხევალი უვნებელი დარჩა. ეს სასწაული საკმარისი არ აღმოჩნდა უღმრთო ხელისუფლის გონს მოსაყვანად: ამჯერად მან წმიდანის გახურებულ ტაფაზე წამება ბრძანა. აქაც საკვირველება აღესრულა: ერმიონია ისე იდგა ტაფაზე, როგორც მწვანე მოლზე და გალობით განადიდებდა ღმერთს.
ქრისტეს მხევალი ჰერკულესის კერპისთვის მსხვერპლის შესაწრად წაიყვანეს. წარმართულ ტაძარში რომ შევიდნენ, ერმიონიას ლოცვის პასუხად საშინელი გრუხუნი გაისმა, ცრუღმერთის ყველა ქანდაკი დაიმსხვრა.
განრისხებულმა მეფემ განკარგულება გასცა, ქალაქგარეთ გაეყვანათ მოწამე და თავი მოეკვეთათ. განაჩენის აღსრულება ორ მსახურს – თეოდულეს და ტიმოთეს დაევალა. გზაში მათ დააპირეს, ძალა ეხმარათ უფლის რჩეულზე, მაგრამ, როგორც კი ეს ბილწი აზრი თავში გაივლეს, ხელები შეახმათ. მაშინ, შეშინებულებმა, ირწმუნეს ქრისტე და სინანულით ფეხებში ჩაუვარდნენ ერმიონიას. ჯალათები წმიდანს ევედრებოდნენ, ეთხოვა ღვთისთვის, რომ ისინი მასზე ადრე გაეყვანა ამსოფლიდან, რაც მარტვილის მეოხებით აღსრულდა კიდეც. ამის შემდეგ თავად ერმიონიამაც ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 117 წელს).
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი და მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა (III)
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი, მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა მესამე საუკუნეში, ქრისტიანთა სასტიკი დევნის დროს ეწამნენ. ერთხელ უღმრთო იმპერატორმა – ერთი ცნობით – დეკიუსმა (249-251), სხვა წყაროებით – ნუმერიანემ (283-284), საძაგელი კერპთმსახურების შემდეგ საღვთო ლიტურგიაზე დასწრება და ტაძარში თავისი შესვლით მისი შეგინება გადაწყვიტა. როცა ამის შესახებ მწირველს – ღვთისმოშიშ მღვდელმთავარ ბაბილას აუწყეს, იგი წინ აღუდგა უსჯულო ხელისუფალს, „მარჯუენითა თჳსითა სცა მკერდსა მისსა და ესრეთ დააყენა იგი ეკლესიად შესლვისაგან“. მტარვალს სურდა, იქვე ეძია შური წმიდანზე, მაგრამ შემოკრებილ ქრისტიანთა სიმრავლის აღშფოთებას დაერიდა, „აღჳრ-ასხნა ბოროტსა მას კადნიერებასა თჳსსა“ და სასახლეში გაბრუნდა.მეორე დღეს იმპერატორმა ბრძანა, ცეცხლისთვის მიეცათ ქრისტიანთა ტაძარი, ეპისკოპოსი ბაბილა კი მისთვის მიეგვარათ. უსჯულო მეფის კითხვაზე, ვისი იმედით გაბედეო ჩემი ღირსების შეურაცხყოფა და ტაძარში არშეშვება, ნეტარმა მამამ მიუგო: „ქუეყანასა ზედა არა ვისითა სასოებითა ვყავ ესე, გარნა ზეცისა მეუფისაჲთა, რომელმან-იგი მწყემსად თჳსთა ცხოვართა დამადგინა და მგლისა მიმართ მომავალისა ძილად უდებებით არა მიტევებს. ამისთჳსცა არა თუ მეფესა ვაგინე, რამეთუ ამისი ქმნაჲ გარეგან არს შჯულისა და არა მშორობელ სიბორგილისა, არამედ სიწმიდისა შეგინებად შემავალი და განმცდელი დავაყენე“.
იმპერატორმა წმიდა მღვდელმთავარს მოსთხოვა, თაყვანი ეცა კერპებისთვის და ამით გამოესყიდა დანაშაული; წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯით დაემუქრა. მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ მარტვილის სიმტკიცე შეურყეველი იყო, მხედართმთავარს უბრძანა, ბორკილები დაედო წმიდა მამისთვის, ქალაქში, „შორის თეატრონისა და ყოველთა სახილველისა“ ეტარებინა და ასე მიეყვანა საპყრობილეში. მტარვალი იმედოვნებდა, რომ წმიდანი ბრბოსგან აბუჩად აგდებას ვერ აიტანდა. პირველმა თავად დაუწყო დაცინვა: როგორ გშვენისო ეს საკვრელები და ბორკილები, „რამეთუ თჳს-ეყვიან იგინი მოხუცებულებრსა მაგას შენსა განშუენებით მოძრაობასა!“ ნეტარმა ბაბილამ უპასუხა: „შენ სამე კიცხევით და ლიქნით იტყჳ სიტყუათა მათ, ხოლო მე ესოდენ განვშუენდები ამათ მიერ, ვიდრეღა არცა თუ შენ, ჵ მეფე, ყუავილოვნებითა მაგით და პორფირითა და გჳრგჳნისა ბრწყინვალებითა“.
წმიდა ეპისკოპოსს თან ახლდა სამი ყრმა, „მოხუცებულნი სიბრძნითა გონებისაითა, რომელნი – იგი მოსწრაფებით ისწავებდეს ღმრთისმსახურებასა“. მათ განსაცდელის უმძიმეს წუთებშიც არ ისურვეს მოძღვრის დატოვება. როცა იმპერატორმა ბავშვების ვინაობა იკითხა, ბაბილამ უპასუხა: ესენი ჩემი სულიერი შვილები არიან, თუ მათ გამოცდი, მაშინ სცნობ, „თუ ვითარნი არიან თესლნი სიტყუათა ჩემთანი და უფროჲსღა მათისა მის ჩუენდა მომცემელისა ღმრთისანი“. მტარვალის წინაშე წარმდგარმა ყრმებმა და მათმა დედამ – ქრისტეს ერთგულმა მხევალმა ქრისტოდულამ მართლაც საოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს. როცა თვითმპყრობელმა ვერანაირი ღონისძიებით ვერ შეძლო წმიდანთა ცდუნება და ქრისტეს უარყოფაზე დაყოლიება, ბრძანა, იმდენ ალაგას დაესერათ მათი სხეული, რამდენი წლისაც იყო თითოეული. ყრმათაგან უფროსს თორმეტი ჭრილობა მიაყენეს, შუათანას – ათი, ნაბოლარას კი – შვიდი. იმპერატორმა ქრისტეს ტარიგთა ახოვნება რომ იხილა, მათთვის თავების მოკვეთის განკარგულება გასცა.
წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი (+305-311)
წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ცხოვრობდნენ და წარმოშობით სოფელ კანდაბლიდან (ნიკომიდიის მახლობლად) იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის ისინი დაატუსაღეს და აწამეს: ჯერ რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ აბანოში გამოკეტეს. მარტვილები რომ არ გაქცეულიყვნენ, კარებს სამეფო ბეჭედი დაადეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ისინი. მხედრებმა კვლავ შეიპყრეს წმიდანები და ქალაქგარეთ გაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. ქრისტეს ტარიგებმა ჯერ დრო ითხოვეს ლოცვისთვის, შემდეგ კი სიხარულით შეჰვედრეს სული უფალს. უსჯულოებმა მათი ცხედრები დაჩეხეს და დაწვეს. წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი (+305-311)
წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი ქალაქ ნიკომიდიაში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულო მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. როცა ნიკომიდიაში ჩასულმა იმპერატორმა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, სხვა ქრისტიანებთან ერთად მოძღვარი ბაბილაც დაასმინეს, რომელიც ბავშვებს მაცხოვრის სიყვარულითა და კეთილმსახურებით ზრდიდა. წმიდა ბაბილამ უღმრთო ხელისუფლების წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წამების დროს მარტვილი განუწყვეტლივ შეჰღაღადებდა ღმერთს: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ მე, მხცოვანი და უძლური, განმაჭაბუკე და განმამტკიცე“. ღვთისმოძულეებმა ქვები დაჰკრიბეს უფლის რჩეულს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ამის შემდეგ წმიდანის მოწაფეებიც წარადგინეს იმპერატორთან, მაგრამ ვერც ალერსიანმა შეგონებებმა, ვერც საჩუქრების აღთქმამ ვერ შეარყია ყრმების სარწმუნოება. ორმა მათგანმა, ამონიუსმა და დონატუსმა, მტკიცედ განაცხადა: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და დემონებს მსხვერპლს არ შევწირავთ!“ ბავშვებისგან მოულოდნელი პასუხით გააფთრებულმა თვითმპყრობელმა ბრძანა, ყველანი მოძღვართან ერთად თავების მოკვეთით დაესაჯათ. უკანასკნელ გზაზე მიმავალი ბაბილა გალობით მადლობას სწირავდა უფალს. წმიდა მღვდელმთავარ იოასაფ ბელგოროდელის ნაწილთა პოვნა (1911)
წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი (ერობაში _ იოაკიმე) გორლენკოვების დიდებული გვარის ჩამომავალი იყო. იგი დაიბადა პრილუკიში, ყოფილ პოლტავის გუბერნიაში 1705 წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე. წმიდანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი გზა და მალე აღიკვეცა კიდეც ბერად. 1728 წელს წმიდანი ბერ-დიაკვნად აკურთხეს, 1734 წელს – მღვდელ-მონაზვნად, 1748 წლის 2 ივნისს კი ბელგოროდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1754 წლის 10 დეკემბერს სიწმინდით გაბრწყინებულმა იოასაფ ბელგოროდელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი კანონიზაცია მოხდა 1911 წლის 4 სექტემბერს.