…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
…სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი (ებრ. 13: 9).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
17.09.2026. ხუთშაბათი. ხსნილი.
ღირსისა სვიმეონ გარეჯელისა, წინასწარმეტყველისა და სასწაულთმოქმედისა (1773); მღვდელმოწამისა ბაბილასი, დიდისა ანტიოქიის ეპისკოპოსისა და მის თანა მოწამეთა სამთა ყრმათა: ურბანისა, პრილიდიასი (251); წინასწარმეტყველისა ღმრთისმზილველისა მოსესი (1531 წ. ქრ. შ-მდე); მოწამისა ერმიონიასი, 70-თაგან მოციქულისა ფილიპე დიაკონის ასულისა (117); მოწამისა ბაბილა ნიკომიდიელისა და მის თანა 84-თა ყრმათა (IV); მოწამეთა: თეოდორესი, მიანესი, იულიანესი და კიონისა (305-311); იოასაფ ბელგოროდელი ეპისკოპოსისა (წმ. ნაწ. პოვნა 1911); ღმრთისმშობლის ხატისა, რომელსა ეწოდების „მაყვალი შეუწველი“ (1680)·
დღის ლოცვები
წინასწარმეტყველი მოსეს, ღვთისმხილველის
ტროპარი: მართალო, მშვიდო და გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დამნთქმელო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინაისწარმეტყუელთა დასაბამო მოსე, მეოხ-გვეყავ ჩუენ.
ტროპარი: სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინაისწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ ხილვად დიდებასა ღმრთისასა, რომელმან ფიცარნი სჯულისა მის მადლისანი მოიხუენ და გამოსახულნი მადლნი თავსა შორის შენსა გიტვირთავს, და იქმენ წინაისწარმეტყუელთა დიდებაი, და პატივი და ღმრთისმსახურებისა დიდი მესაიდუმლოე.
კონდაკი: გუნდნი წინაისწარმეტყუელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით დღესასწაულობენ, რამეთუ აღსასრული წინაისწარმეტყუელებისა მათისა აღესრულა ჩუენ ზედა, რამეთუ ბრწყინავს დღეს ჯუარი, რომლითა გვიხსნა ჩუენ ქრისტემან; მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ეფ. 1: 1-9 (დას. 216). მკ. 7: 24-30 (დას. 30).
გალ. 5: 22-6: 2. მთ. 11: 27-30.
ეფ. 1: 1-9
1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, – ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში: 2. მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში. 4. ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით; 5. თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, 6. რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში, 7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით, 8. ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით, 9. და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით,
მკ. 7: 24-30
24. წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა. 25. რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას. 26. ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან. 27. მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. 28. ქალმა პასუხად მიუგო: დიახ, უფალო; მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასუფრალს? 29. და უთხრა მას: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან. 30. მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან.
გალ. 5: 22-6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
ღვთისმშობლის წინასახედ მიჩნეული მაყვლის ცეცხლოვანი ბუჩქი მოსე წინასწარმეტყველმა ხორების მთაზე იხილა. მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა. ისევე, როგორც ქალწულმა მარიამმა შვა მხსნელი სოფლისა და კვლავაც უბიწო ქალწულად დარჩა.
“მაყვალი შეუწველი” რვაქიმიანი ვარსკვლავის სახით გამოისახება, რომელიც ორი წაგრძელებული და მოხრილბოლოებიანი ოთხკუთხედების მეშვეობით არის აგებული. ოთხკუთხედების წაგრძელებული ბოლოები სიმბოლურად ცეცხლის ალს გამოსახავს. ერთი ოთხკუთხედი წითელია, რომელიც წინასწარმეტყველ მოსეს მიერ მაყვლოვანში ხილულ ცეცხლის ალს გვაგონებს, ხოლო მეორე ოთხკუთხედი კი – მწვანე და მაყვლის ბუჩქის ბუნებრივ ფერს წარმოაჩენს, რომელიც ცეცხლოვან რტოებს უცვლელად ჰქონდა შენარჩუნებული.
რვაკუთხა ვარსკვლავის შუაგულში თითქოს სასწაულებრივად აალებულ მაყვლოვანში, ღვთაებრივი ყრმით ხელში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედაა გამოსახული.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა წინასწარმეტყველი და ღვთისმხილველი მოსე (+1531 ქრისტეს შობამდე)
წმიდა მოსე წინასწარმეტყველი, ებრაელთა წინამძღვარი და სჯულისმდებელი, ლევიტელთა ტომის ჩამომავალი იყო. იგი ეგვიპტეში დაიბადა მაშინ, როცა ტყვედ წასხმული ისრაელები აქ მონობის უღელქვეშ იტანჯებოდნენ. ფარაონის ბრძანებით უნდა დაეხოცათ ებრაელთა ახალშობილი ვაჟიშვილები, რომ ერი არ გამრავლებულიყო. ამ ბრძანების შიშით მოსეს დედა სამი თვე მალავდა შვილს, შემდეგ კი, „ვითარ იგი ვერღარა ეძლო დამალვად“, გაფისულ კიდობანში ჩააწვინა და მდინარის პირას, ლერწმოვანში დატოვა. აქ ყრმა საბანაოდ ჩასულმა ფარაონის ასულმა იპოვა, შეებრალა, იშვილა და დაარქვა მოსე, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს.მეფის სასახლეში მოსე ფუფუნებით ცხოვრობდა, ეგვიპტურ მწიგნობრობაში განისწავლა, მაგრამ თავს მშვიდად ვერ გრძნობდა: იცოდა, რომ ებრაელი იყო და აწუხებდა ის ჭირი და უბედობა, რომელსაც მისი თანატომელები ეგვიპტელთაგან ითმენდნენ. ერთხელ მოსემ დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მოკლა ეგვიპტელი, მიწაში ჩაფლა, შემდეგ კი, ფარაონის რისხვას განრიდებული, მადიამის ქვეყანაში გაიხიზნა. იქ უფლის რჩეული იოთორ მღვდელთან დაბინავდა და მისი ასული შეირთო ცოლად.
მოსე თავისი სიმამრის ცხვარს მწყემსავდა. ერთხელ, როცა ფარა ქორების მთის მახლობლად მიჰყავდა, მან იხილა ალმოდებული მაყვლის ბუჩქი, რომელიც არ იწვოდა. მიუახლოვდა ბუჩქს და იქიდან მოესმა: „მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი… აწ ესერა ღაღადება ძეთა ისრაელისათა მოიწევის ჩემდა, და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მას. აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა და გამოიყვანო ერი ჩემი, ძენი ისრაელისანი, ქუეყანით ეგჳპტით“. მოსე შეაძრწუნა თავისმა უძლურებამ, მაგრამ უფალმა აღუთქვა: „მე ვიყო შენ თანა“, სასწაულთ-ქმედების ძალა მისცა, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ის ღვთისგან იყო გამოგზავნილი და შემწედ მისი ძმა – აარონი დაუნიშნა. მოსე დაემორჩილა ზეგარდმო მიღებულ ბრძანებას და ეგვიპტეში წავიდა.
წინასწარმეტყველი აარონთან ერთად წარდგა ფარაონის წინაშე და უფლის ნება აუწყა, მაგრამ უღმრთო ხელისუფალმა უარი განაცხადა ებრაელთა გაშვებაზე. ღმერთმა ათი სასჯელი დაატეხა თავს ეგვიპტეს: მოსეს სიტყვით მდინარეებში, ტბებში და ჯურღმულებში წყალი სისხლად იქცა; სეტყვამ და კალიამ გაანადგურა ნათესები; სამდღიანი წყვდიადი ჩამოწვა ქვეყანაში… მაგრამ გაკერპებული ფარაონი მაინც თავისაზე იდგა. მეორედან დაწყებული, სასჯელად მოვლენილი ყოველი უბედურების ჟამს იგი პირობას დებდა, რომ გაათავისუფლებდა ისრაელებს, მაგრამ, როგორც კი სიმშვიდე დაისადგურებდა, კვლავ უკან მიჰქონდა თავისი სიტყვა. უსჯულომ მხოლოდ მაშინ შეასრულა უფლის ბრძანება, როცა, ღვთის ნებით, ანგელოზმა ეგვიპტელების ყველა პირველშობილი ძე დახოცა.
ეგვიპტიდან ექვსი ათასამდე კაცი გამოვიდა ქალებისა და ბავშვების გარდა. ისინი ღვთის მფარველობითა და მოსეს წინამძღვრობით გაუდგნენ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. მეწამულ ზღვას რომ მიუახლოვდნენ, ლტოლვილებმა მდევრები შენიშნეს: მოსემ კვერთხის დარტყმით გააპო ზღვა. ისრაელებმა მშრალ ფსკერზე გადაიარეს, მდევრებიც უკან მიჰყვნენ. მაშინ მოსემ კვლავ დაჰკრა ზღვას კვერთხი, წყალი შეერთდა და ყველა ეგვიპტელი დაიხრჩო.
უფალმა კიდევ ბევრი სასწაული აღასრულა თავისი რჩეულის მეშვეობით: მწარე წყალი სასმელად ვარგისი გახადა, მშრალი კლდიდან წყალი გადმოადინა…
რაფიდინში ებრაელებს თავს დაესხა უდაბნოში მოსახლე ამალეკთა ტომი. მოსემ მომხდურებთან საბრძოლველად ისუ ნავე გაგზავნა მხედრობით, თავად კი აარონთან და ორთან ერთად ბორცვის თხემზე ავიდა. როცა იგი ხელებს მაღლა აღაპყრობდა, ისრაელები ძლიერდებოდნენ, როცა დაუშვებდა – ამალეკს ემატებოდა ძალა. მაშინ აარონმა და ორმა მოსე ლოდზე დასვეს და „განამტკიცებდეს ჴელთა მისთა ერთი ამიერ და ერთი იმიერ“. მზის ჩასვლამდე ხელგანპყრობით იჯდა წინასწარმეტყველი და ებრაელებმაც სძლიეს მტერს.
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ორმოცდამეათე დღეს ისრაელები სინას მთას მიადგნენ. მთაზე ასულ მოსეს უფალმა ამცნო, თავისი ხალხისთვის ეუწყებინა: „აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმა ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპურო ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანა“. როცა წინასწარმეტყველმა ბრძანება შეასრულა, მთელმა ერმა ერთხმად იქუხა: „ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ“. კვლავ მთაზე ამაღლდა მოსე და ორმოცი დღე-ღამე იმარხულა, რის შემდეგაც უფლისგან მიიღო ქვის ორი ფილა, ზედ დაწერილი ათი მცნებით; ღმერთმა მას მისცა სხვა კანონებიც, რომლებიც ძველი აღთქმის პირველ ხუთ წიგნშია შესული, და უბრძანა, აეშენებინა სამლოცველო კარავი ანუ მოძრავი ტაძარი. უფლისავე ბრძანებით მოსემ თავისი ძმა – აარონი მღვდელმთავრად დაადგინა, მისი შვილები – მღვდლებად, ლევის დანარჩენი შთამომავლობა კი – მოძრავი ტაძრის მსახურებად.
სჯულის მიღების შემდეგ ებრაელები მალე მიუახლოვდნენ ქანაანის ქვეყანას, მაგრამ დრტვინვისა და მცირედმორწმუნეობის-თვის ღმერთმა მათ უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობა მიუსაჯა. მეორმოცე წელს მოსემ უფლის რჩეული ერი ქანაანის საზღვართან მიიყვანა, თვითონ კი შორიდან შეხედა აღთქმულ ქვეყანას და მიიცვალა. ამ დროს იგი ასოცი წლისა იყო. მოსე წინასწარმეტყველის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.
წმიდა მოწამე ერმიონია, ასული ფილიპე დიაკონისა – მოციქულისა (+დაახლ. 117)
წმიდა მოწამე ერმიონია წმიდა მოციქულ ფილიპეს (ხს. 11 ოქტომბერს) ასული იყო.სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიჰგვარეს წმინდა ერმონია, როგორც ქრისტიანი და მამაპაპათა სჯულის უარმყოფელი. იმპერატორი თავდაპირველად ალერსიანი შეგონებებით შეეცადა ნეტარის გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, მისი წამების განკარგულება გასცა.
ერმიონია სიხარულით ითმენდა სატანჯველს. მას სიმტკიცე შეჰმატა საყდარზე მჯდომარე მაცხოვრის გამოცხადებამ. ტრაიანე მალე დარწმუნდა, რომ წმიდანის მოდრეკა შეუძლებელი იყო და გაათავისუფლა უფლის რჩეული.
იმპერატორ ტრაიანეს მემკვიდრემ, ადრიანემ (117-138) ბრძანა, ქრისტეს აღსარებისთვის კვლავ სამსჯავროზე წარედგინათ ნეტარი. უსჯულო თვითმპყრობელის განკარგულებით მარტვილი ჯერ დაუნდობლად გვემეს, შემდეგ ლურსმნები ჩააჭედეს ფეხისგულებში, ბოლოს კი მდუღარე ფისით, კალითა და გოგირდით სავსე ქვაბში ჩააგდეს. წმიდა ერმიონია ყველაფრისათვის მადლობას სწირავდა უფალს, ღმერთმაც წყალობის თვალით გადმოხედა და ქრისტეს მხევალი უვნებელი დარჩა. ეს სასწაული საკმარისი არ აღმოჩნდა უღმრთო ხელისუფლის გონს მოსაყვანად: ამჯერად მან წმიდანის გახურებულ ტაფაზე წამება ბრძანა. აქაც საკვირველება აღესრულა: ერმიონია ისე იდგა ტაფაზე, როგორც მწვანე მოლზე და გალობით განადიდებდა ღმერთს.
ქრისტეს მხევალი ჰერკულესის კერპისთვის მსხვერპლის შესაწრად წაიყვანეს. წარმართულ ტაძარში რომ შევიდნენ, ერმიონიას ლოცვის პასუხად საშინელი გრუხუნი გაისმა, ცრუღმერთის ყველა ქანდაკი დაიმსხვრა.
განრისხებულმა მეფემ განკარგულება გასცა, ქალაქგარეთ გაეყვანათ მოწამე და თავი მოეკვეთათ. განაჩენის აღსრულება ორ მსახურს – თეოდულეს და ტიმოთეს დაევალა. გზაში მათ დააპირეს, ძალა ეხმარათ უფლის რჩეულზე, მაგრამ, როგორც კი ეს ბილწი აზრი თავში გაივლეს, ხელები შეახმათ. მაშინ, შეშინებულებმა, ირწმუნეს ქრისტე და სინანულით ფეხებში ჩაუვარდნენ ერმიონიას. ჯალათები წმიდანს ევედრებოდნენ, ეთხოვა ღვთისთვის, რომ ისინი მასზე ადრე გაეყვანა ამსოფლიდან, რაც მარტვილის მეოხებით აღსრულდა კიდეც. ამის შემდეგ თავად ერმიონიამაც ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 117 წელს).
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი და მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა (III)
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი, მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა მესამე საუკუნეში, ქრისტიანთა სასტიკი დევნის დროს ეწამნენ. ერთხელ უღმრთო იმპერატორმა – ერთი ცნობით – დეკიუსმა (249-251), სხვა წყაროებით – ნუმერიანემ (283-284), საძაგელი კერპთმსახურების შემდეგ საღვთო ლიტურგიაზე დასწრება და ტაძარში თავისი შესვლით მისი შეგინება გადაწყვიტა. როცა ამის შესახებ მწირველს – ღვთისმოშიშ მღვდელმთავარ ბაბილას აუწყეს, იგი წინ აღუდგა უსჯულო ხელისუფალს, „მარჯუენითა თჳსითა სცა მკერდსა მისსა და ესრეთ დააყენა იგი ეკლესიად შესლვისაგან“. მტარვალს სურდა, იქვე ეძია შური წმიდანზე, მაგრამ შემოკრებილ ქრისტიანთა სიმრავლის აღშფოთებას დაერიდა, „აღჳრ-ასხნა ბოროტსა მას კადნიერებასა თჳსსა“ და სასახლეში გაბრუნდა.მეორე დღეს იმპერატორმა ბრძანა, ცეცხლისთვის მიეცათ ქრისტიანთა ტაძარი, ეპისკოპოსი ბაბილა კი მისთვის მიეგვარათ. უსჯულო მეფის კითხვაზე, ვისი იმედით გაბედეო ჩემი ღირსების შეურაცხყოფა და ტაძარში არშეშვება, ნეტარმა მამამ მიუგო: „ქუეყანასა ზედა არა ვისითა სასოებითა ვყავ ესე, გარნა ზეცისა მეუფისაჲთა, რომელმან-იგი მწყემსად თჳსთა ცხოვართა დამადგინა და მგლისა მიმართ მომავალისა ძილად უდებებით არა მიტევებს. ამისთჳსცა არა თუ მეფესა ვაგინე, რამეთუ ამისი ქმნაჲ გარეგან არს შჯულისა და არა მშორობელ სიბორგილისა, არამედ სიწმიდისა შეგინებად შემავალი და განმცდელი დავაყენე“.
იმპერატორმა წმიდა მღვდელმთავარს მოსთხოვა, თაყვანი ეცა კერპებისთვის და ამით გამოესყიდა დანაშაული; წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯით დაემუქრა. მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ მარტვილის სიმტკიცე შეურყეველი იყო, მხედართმთავარს უბრძანა, ბორკილები დაედო წმიდა მამისთვის, ქალაქში, „შორის თეატრონისა და ყოველთა სახილველისა“ ეტარებინა და ასე მიეყვანა საპყრობილეში. მტარვალი იმედოვნებდა, რომ წმიდანი ბრბოსგან აბუჩად აგდებას ვერ აიტანდა. პირველმა თავად დაუწყო დაცინვა: როგორ გშვენისო ეს საკვრელები და ბორკილები, „რამეთუ თჳს-ეყვიან იგინი მოხუცებულებრსა მაგას შენსა განშუენებით მოძრაობასა!“ ნეტარმა ბაბილამ უპასუხა: „შენ სამე კიცხევით და ლიქნით იტყჳ სიტყუათა მათ, ხოლო მე ესოდენ განვშუენდები ამათ მიერ, ვიდრეღა არცა თუ შენ, ჵ მეფე, ყუავილოვნებითა მაგით და პორფირითა და გჳრგჳნისა ბრწყინვალებითა“.
წმიდა ეპისკოპოსს თან ახლდა სამი ყრმა, „მოხუცებულნი სიბრძნითა გონებისაითა, რომელნი – იგი მოსწრაფებით ისწავებდეს ღმრთისმსახურებასა“. მათ განსაცდელის უმძიმეს წუთებშიც არ ისურვეს მოძღვრის დატოვება. როცა იმპერატორმა ბავშვების ვინაობა იკითხა, ბაბილამ უპასუხა: ესენი ჩემი სულიერი შვილები არიან, თუ მათ გამოცდი, მაშინ სცნობ, „თუ ვითარნი არიან თესლნი სიტყუათა ჩემთანი და უფროჲსღა მათისა მის ჩუენდა მომცემელისა ღმრთისანი“. მტარვალის წინაშე წარმდგარმა ყრმებმა და მათმა დედამ – ქრისტეს ერთგულმა მხევალმა ქრისტოდულამ მართლაც საოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს. როცა თვითმპყრობელმა ვერანაირი ღონისძიებით ვერ შეძლო წმიდანთა ცდუნება და ქრისტეს უარყოფაზე დაყოლიება, ბრძანა, იმდენ ალაგას დაესერათ მათი სხეული, რამდენი წლისაც იყო თითოეული. ყრმათაგან უფროსს თორმეტი ჭრილობა მიაყენეს, შუათანას – ათი, ნაბოლარას კი – შვიდი. იმპერატორმა ქრისტეს ტარიგთა ახოვნება რომ იხილა, მათთვის თავების მოკვეთის განკარგულება გასცა.
წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი (+305-311)
წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ცხოვრობდნენ და წარმოშობით სოფელ კანდაბლიდან (ნიკომიდიის მახლობლად) იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის ისინი დაატუსაღეს და აწამეს: ჯერ რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ აბანოში გამოკეტეს. მარტვილები რომ არ გაქცეულიყვნენ, კარებს სამეფო ბეჭედი დაადეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ისინი. მხედრებმა კვლავ შეიპყრეს წმიდანები და ქალაქგარეთ გაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. ქრისტეს ტარიგებმა ჯერ დრო ითხოვეს ლოცვისთვის, შემდეგ კი სიხარულით შეჰვედრეს სული უფალს. უსჯულოებმა მათი ცხედრები დაჩეხეს და დაწვეს. წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი (+305-311)
წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი ქალაქ ნიკომიდიაში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულო მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. როცა ნიკომიდიაში ჩასულმა იმპერატორმა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, სხვა ქრისტიანებთან ერთად მოძღვარი ბაბილაც დაასმინეს, რომელიც ბავშვებს მაცხოვრის სიყვარულითა და კეთილმსახურებით ზრდიდა. წმიდა ბაბილამ უღმრთო ხელისუფლების წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წამების დროს მარტვილი განუწყვეტლივ შეჰღაღადებდა ღმერთს: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ მე, მხცოვანი და უძლური, განმაჭაბუკე და განმამტკიცე“. ღვთისმოძულეებმა ქვები დაჰკრიბეს უფლის რჩეულს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ამის შემდეგ წმიდანის მოწაფეებიც წარადგინეს იმპერატორთან, მაგრამ ვერც ალერსიანმა შეგონებებმა, ვერც საჩუქრების აღთქმამ ვერ შეარყია ყრმების სარწმუნოება. ორმა მათგანმა, ამონიუსმა და დონატუსმა, მტკიცედ განაცხადა: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და დემონებს მსხვერპლს არ შევწირავთ!“ ბავშვებისგან მოულოდნელი პასუხით გააფთრებულმა თვითმპყრობელმა ბრძანა, ყველანი მოძღვართან ერთად თავების მოკვეთით დაესაჯათ. უკანასკნელ გზაზე მიმავალი ბაბილა გალობით მადლობას სწირავდა უფალს. ქართლ-კახეთში იმხანად ოცამდე მოქმედი მონასტერი იყო, მაგრამ იმერეთიდან სულის ხსნისთვის გადმოსულებს ყველაზე მეტად გარეჯის უდაბნო, მისი მკაცრი პირობები, სიგლახაკე და უპოვრება იზიდავდა.
ამაში, ალბათ, შაჰ-აბასისგან იმერეთში ლტოლვილ ქართლელთა და კახელთა მონათხრობსაც მიუძღოდა წვლილი.
როცა აგარიანთა რაზმებმა ააოხრეს კახეთის მონასტრები, სოფლები და ქალაქები და მოსახლეობა ტყვედ წაასხეს, მეფე თეიმურაზი ლიხთიმერს გადავიდა და 26 წელი იქ დაყო.
უკან დაბრუნებულმა მეფემ პირველად გარეჯის სავანის აღდგენა ბრძანა. იცოდა: მონასტრებში მოღვაწე წმინდა მამათა ლოცვა იყო მისი სამეფოს მტკიცე გოდოლი და აუღებელი გალავანი.
მონასტრის წინამძღვრად მეფეს მამა მარკოზი, წმინდა და ღმერთშემოსილი ბერი, დაუნიშნავს.
ღირს მამათა ლოცვითა და დაუცხრომელი ღვაწლით დავითის სავანე ფეხზე წამოდგა და თავის ფრთეთა ქვეშე მრავალი ქართველი თუ არაქართველი შეიფარა.
მაშინ იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მოძღვარი მამა სვიმეონი გახლდათ, ისიც მოხუცებული, ასაკისა და დიდი მოღვაწებისგან დაღლილი. მისი ხსენება საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ძველი სტილით – 4 სექტემბერს დააწესა.
ღირსი სვიმეონ გარეჯელი, დაახლოებით, 1700 წელს, კახეთში დაიბადა. ცნობილია, რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი – მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.
სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმინდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. ამბობენ, ერთხელ ღვთისმშობლის ხატიც კი გამოელაპარაკაო.
ერთხელ წმინდა მამა დასნეულდა, მცირე ხანს იავადა და ანაზდად მიიცვალა, მაგრამ ერთი ჟამის შემდეგ, ღვთის განგებით, ისევ გონს მოეგო, მოატანინა, რაც კი ფული ჰქონდა და თავისივე ხელით გაუყო წმინდა დავითისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს საწირავად და სულის საოხად.
როცა ეს ამბავი მამა სერაპიონმა შეიტყო, ძმების დახმარებით მივიდა, იხილა ღვთივსულიერი წინამძღვარი და “ცრემლითა ლმობიერითა” უთხრა:
– ჰოი, სასურველო მამაო, მომეცინ ხელნი ეგე წმინდანი, რათა ამბორს-ვუყო! მსუროდა, რაითამცა წმინდათა ამათ ხელთა მიერ მიცემულ ვიყავ მიწას და აწ შენ წარხვალ უწინარეს ჩემსა საუკუნოდ ცხოვრებად? არც მე დავრჩები აქ უშენოდ, არამედ მოსწრაფედ შეგიდგეს და მოგდევდეს სული ჩემი! – და სანატრელი მამები უკანასკნელად ეამბორნენ ერთმანეთს.
წმინდა სვიმეონმა განაგო თავისი და მონასტრის საქმენი და კვირის თავზე, – 1773 წლის 4 (17) სექტემბერს მიიცვალა.
ერთი კვირის შემდეგ აღესრულა წმინდა სერაპიონიც.
წმიდა მღვდელმთავარ იოასაფ ბელგოროდელის ნაწილთა პოვნა (1911)
წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი (ერობაში _ იოაკიმე) გორლენკოვების დიდებული გვარის ჩამომავალი იყო. იგი დაიბადა პრილუკიში, ყოფილ პოლტავის გუბერნიაში 1705 წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე. წმიდანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი გზა და მალე აღიკვეცა კიდეც ბერად. 1728 წელს წმიდანი ბერ-დიაკვნად აკურთხეს, 1734 წელს – მღვდელ-მონაზვნად, 1748 წლის 2 ივნისს კი ბელგოროდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1754 წლის 10 დეკემბერს სიწმინდით გაბრწყინებულმა იოასაფ ბელგოროდელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი კანონიზაცია მოხდა 1911 წლის 4 სექტემბერს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

