19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
17.10.2025. მარხვა
მღვდელმოწამისა ევდემოზ I-ისა, საქართველოს კათოლიკოსისა (1642, დაკრძ. ანჩისხატის ტაძარში); მღვდელმოწამისას იეროთესი, ათენელ ეპისკოპოსის; (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელ ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი და ორთა ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (350); ღირსისა პავლე უბრალოსი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).
დღის ლოცვები
მღვდელმოწამე იეროთეოსის, ათონელი ეპისკოპოსის
ტროპარი: სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო იეროთეოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა გოდოლი მტკიცე ზახებასა მტერთას არა შეშინდი, არამედ საცთურთა შინებანი დაარღვიენ, რამეთუ ვითარცა ქვა პატიოსანი გორვიდი, მამაო, ვინაიცა მეუფე განგამხნობდა შენ და ცხოველმყოფელითა მარჯვენითა გვირგვინოსან-გყო, რომელსა ჩუენ ყოველთათვის ევედრე.
სხვა კონდაკი: მღდელთავარსა ათინელთასა გაქებთ შენ, ვითარცა საკვირველად ბრძენთა შორის გამოჩინებულსა და გამოუთქმელთა საიდუმლოთა მხილველსა, და ღმრთისმეტყუელებად ღირს-ქმნილსა; ამისთვისცა ევედრე უფალსა, ყოვლადსანატრელო იეროთეოს, რაითა გვიხსნეს ჩუენ ყოვლისა ჭირისაგან, რომელნი გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ღმრთივგანბრძნობილო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ფლპ. 1: 27-2: 4 (დას. 239). ლკ. 7: 31-35 (დას. 32).
მღვდელმოწამე ევდემოზის საკითხავები საზიაროთაგან.
ლიტ.: ფლპ. 1: 27-2: 4
27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის. 28. ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის. 29. რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის, 30. იმავე ღვაწლით, რა ღვაწლიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი.
1. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა, 2. აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი. 3. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს. 4. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.
ლიტ.: ლკ. 7: 31-35
31. და თქვა უფალმა: ვის შევადარო ამ მოდგმის კაცნი? ან ვის ვამსგავსო ისინი? 32. ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ. 33. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო. 34. მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო; 35. და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი ათენის არეოპაგის წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე დიონისე არეოპაგელთან (ხს. 3 ოქტომბერს და 4 იანვარს) ერთად და შემდგომ ეპისკოპოსადაც აკურთხა. გადმოცემით, იეროთეოსი და წმიდა დიონისე ესწრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაკრძალვას. ნეტარი მამა I საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად.მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელი (III-IV)
მღვდელმოწამე პეტრე, კაპეტოლიელი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როგორც ქრისტიანთა მოძღვარი და წარმართობის შემმუსვრელი მღვდელმთავარი სპარსელებმა შეიპყრეს და კაპეტოლიიდან (ქალაქი იერუსალიმიდან დამასკოსკენ მიმავალ გზაზე) დამასკოში ჩაიყვანეს. აქ წმიდანი საშინლად აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. მარტვილის აჩეხილი სხეული ჯალათებმა ცეცხლს მისცეს, ფერფლი კი წყალს გაატანეს. ეს მოხდა III საუკუნის დასასრულს ან IV საუკუნის დასაწყისში.წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი – ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა) (+305-306)
წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი – ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა) ანტიოქიელები იყვნენ. ისინი სირიაში აღესრულნენ მოწამეობრივად 305-306 წლებში.ღირსი პავლე (IV)
ღირსი პავლე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IV საუკუნეში. იგი უკვე მხცოვანი იყო, როცა ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) დაემოწაფა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის განჭვრეტისა და სულიერ სენთა კურნების ნიჭით დაჯილდოებული მამა, რომელსაც თავისი წმიდა მოძღვარი ხან ელია წინასწარმეტყველს ადარებდა, ხან – იოანე ნათლისმცემელს და ხანაც – პავლე მოციქულს, საოცარი სიმდაბლითაც გამოირჩეოდა, ამიტომ „უბრალო“ შეარქვეს. ანტონი დიდი მასზე ამბობდა: „სარწმუნოებაში წარმატებულუბს მხოლოდ მცირე ეშმაკთა განსხმა ძალუძთ, თავმდაბლებს კი, როგორიც პავლე უბრალოა, თავად დემონთა მეუფებაზე აქვთ ხელმწიფება“.ნეტარი პავლე იხსენიება წელიწადში ორჯერ: 7 მარტს და 4 ოქტომბერს (იხილეთ 7 მარტის საკითხავი).
წმიდა მოწამე დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია (IV)
წმიდა მოწამე დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია ეფესოში ცხოვრობდნენ, სადაც დავიქტი ქალაქის თავი იყო. ღვთისმოშიშმა მამამ არ ისურვა, თავისი ქალიშვილი ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმინესთვის (305-313) მიეთხოვებინა, რისთვისაც იგი ქალაქ მელიტინში (სომხეთი) გადაასახლეს და თავი მოჰკვეთეს (+305-313). წმიდა კალისთენია მშვიდობით მიიცვალა ეფესოში დაახლოებით 318 წელს. ღირსი ამონი (+დაახლ. 350)
ღირსი ამონი, მონაზონთა წოდების ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ეგვიპტეში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მასზე ზრუნვა ბიძამ იტვირთა და ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზარდა. წმიდანი ბიძის სურვილითვე დაქორწინდა, მაგრამ, ქალწულებრივი ცხოვრების მოსურნემ, ცოლი უბიწოების დამარხვაზე დაიყოლია. მეუღლეებმა თითქმის ორი ათეული წელი იღვაწეს ფარული ქალწულებრივი სიწმინდით, მარხვით, ლოცვითა და შრომით, შემდეგ კი, ცალ-ცალკე განაგრძეს მოსაგრეობა. ამონის მეუღლე სახლში დარჩა და აქ დედათა სავანე მოაწყო, თავად ამონმა კი ნიტრიის უდაბნოს მიაშურა, სადაც 22 წელი დაჰყო, სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სასწაულთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.ღირსი მამა ხშირად აკითხავდა ხოლმე ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ერთხელ წმიდანთან მიმავალ მოსაგრეს უდაბნოში გზა დაებნა და დამაშვრალმა მხურვალედ შესთხოვა უფალს დახმარება. ლოცვის პასუხად ღრუბლებში გამოჩნდა ხელი, რომელმაც ნეტარს სავალ გზაზე მიანიშნა და წინ უძღოდა მას მანამ, სანამ მამა ანტონის მღვიმე არ გამოჩნდა.
ღირსი ამონი დაახლოებით 350 წელს გარდაიცვალა. ანტონი დიდმა იხილა, თუ როგორ ამაღლებდნენ ანგელოზები ზეცად მის სულს.
წმიდა მოწამე დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია (IV)
წმიდა მოწამე დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია ეფესოში ცხოვრობდნენ, სადაც დავიქტი ქალაქის თავი იყო. ღვთისმოშიშმა მამამ არ ისურვა, თავისი ქალიშვილი ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმინესთვის (305-313) მიეთხოვებინა, რისთვისაც იგი ქალაქ მელიტინში (სომხეთი) გადაასახლეს და თავი მოჰკვეთეს (+305-313). წმიდა კალისთენია მშვიდობით მიიცვალა ეფესოში დაახლოებით 318 წელს.წმიდა სტეფანე შალიანოვიჩი (+1515)
წმიდა სტეფანე შალიანოვიჩი სერბეთის ქალაქ ჟუპაში დაიბადა კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. იმ ხანებში სერბებს ხშირად ესხმოდნენ თავს თურქები, რომლებიც აოხრებდნენ ქვეყანას. წმიდანი მხედრად მსახურობდა ლაშქარში და მხნედ იცავდა სამშობლოს. როცა ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო, გულმოწყალე მეომარი თავის ულუფას დამშეულებს აძლევდა. ქველისსაქმე, სიწმიდე, ლოცვა, მართლმადიდებლური სარწმუნოება და მოყვასის გულწრფელი სიყვარული განუყოფელი იყო მისგან. ნეტარი 1515 წლის 4 ოქტომბერს გავიდა ამსოფლიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ თურქებმა მის საფლავზე ნათელი შენიშნეს. მათ იფიქრეს, რომ აქ განძი იყო დაფლული, სამარე გათხარეს და სტეფანეს უხრწნელი სხეული იპოვეს. სერბმა მონაზვნებმა ფაშასგან გამოისყიდეს წმიდანის ცხედარი და ფრუშტის მთაზე მდებარე შიშატოვეცის სავანეში გადაასვენეს.წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი (+1642)
წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ – დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ეს გვარი მტრისა და თანამემამულეთა უგუნური საქციელის გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა. ერთი შტო ქვემო და შიდა ქართლში დამკვიდრდა, მეორე კი – აჭარაში. წმიდა პატრიარქის შესახებ ძალიან მწირი ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს შემონახული. ვიცით მხოლოდ, რომ მის ძმას ლევანი ერქვა, რომლის ასული ელენე დავითის, თეიმურაზ I-ის ძის, მეუღლე იყო, ერეკლე I-ის დედა და არჩილ მეფის სიდედრი. ლევან დიასამიძე აქტიურად უჭერდა მხარს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან პოლიტიკურ კავშირს.როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს „იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. განმრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა… შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის სყიდვა თავადებისაგან“, აღზევდნენ „მეძავნი და ბილწების მოქმედნი“. მეფის ფუფუნებისადა ცოდვის მოყვარეობა თანდათანობით გადაედო ერს, „თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა… მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“.
„სიმართლის მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი“, უპატიოქმნილნი, ცუდებად და შეუძლებლებად წოდებულნი, სასოებით იტანდნენ ყოველგვარ გასაჭირს.
გაუჭირდა ერის სულიერ მამას, მას არ შეეძლო მშვიდად ეცქირა ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეჰკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით გარკვეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან. კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა – სადაც კი შეხვდებოდა როსტომ-ხანს, ყველგან ეუბნებოდა: „მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო“. კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი. წმიდა კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით, ქვეყანაში ისევ ცოცხლდებოდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.
როსტომ-ხანი კარგად ხედავდა კათოლიკოსის ორიენტაციასა და ავტორიტეტს, ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და კონკრეტულ გეგმებსაც ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის თეიმურაზის დასაბრუნებლად.
როსტომ-ხანი და მისი თანამოაზრენი პირდაპირ ვერ ბედავდნენ დაპირისპირებოდნენ უდრეკი კათოლიკოსის ავტორიტეტს, ისინი აშკარა კონფლიქტს ერიდებოდნენ და ფარულად ამჯობინებდნენ მოქმედებას. როსტომი შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა მართლმორწმუნე კათოლიკოსი გზიდან ჩამოეშორებინა. მართლაც, მაჰმადიანმა მეფემ სრულიად უმნიშვნელო მიზეზი გამოძებნა, რათა წმიდა ევდემოზი კათოლიკოსობიდან გადაეყენებინა, თუმცა მის დასჯას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.
მართალია ევდემოზის კათოლიკოსობიდან გადაყენების ამსახველი საბუთი შემორჩენილი არაა, მაგრამ არსებული ხელნაწერების მიხედვით 1638 წლიდან კათოლიკოსად ქრისტეფორე იხსენიება. ყოველივე ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ როსტომ-ხანის მმართველობით უკმაყოფილო ქართლის არისტოკრატიამ შეთქმულება მოაწყო, რათა მაჰმადიანი მმართველის ნაცვლად ქრისტიანი მეფე თეიმურაზ I დაესვათ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ტახტზე. ამ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელი ევდემოზ კათოლიკოსი იყო.
შეთქმულება გაიცა – ერთ-ერთმა მონაწილემ, სომხეთის მელიქმა როსტომ-ხანს ყველაფერი შეატყობინა. ურჯულო მეფეც საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, თან მზაკვარ ხერხს მიმართა და იახლა მარიამ დედოფალი და მისი სულიერ მოძღვარი ევდემოზ კათოლიკოსი. შეთქმულთა ერთ-ერთი თავკაცი ნოდარ ციციშვილი პირველსავე წარუმატებლობისას დაფრთხა და სამცხეში გაიქცა, ხოლო ქართლის საზღვარზე გადმოსული თეიმურაზ I კვლავ კახეთში გაბრუნდა. როსტომს მხოლოდ სეხნია და ზურაბ ჩხეიძეები შეებნენ და უთანასწორო ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ. როსტომ-ხანმა ატენის ციხე დაანგრია და ცხირეთში გამაგრდა, არც ამჯერად მოუცილებია დედოფალი და კათოლიკოსი გვერდიდან.
წმიდა ევდემოზმა მაინც მოახერხა და შეუთვალა თეიმურაზს, ღალატს არ დაებრკოლებინა და დრო არ დაეკარგა, მაგრამ მისი წერილი ჯერ როსტომ-ხანს მიართვეს, წააკითხეს და შემდეგ მიუტანეს თეიმურაზს. როსტომ-ხანი გორის ციხეში დაელოდა აჯანყებულებს, შემდეგ შეთქმულთა შეპყრობა და დასჯა ბრძანა. მართლაც, ისინი შეიპყრეს და დასაჯეს, ევდემოზ კათოლიკოსი კი თბილისში წამოიყვანეს და შურის ციხის (თბილისის ციხე, ნარიყალა) საპყრობილეში ჩაკეტეს.
წმიდა ევდემოზი რამდენიმე თვე იყო საკანში. მთელი ამ ხნის მანძილზე იგი მხურვალედ ლოცულობდა და მკაცრი ასკეტური ყოფით ცხოვრობდა; თითქოს უკვე იცოდა თავისი მომავალი განაჩენის შესახებ – იგი უფრო მეტად ამხელდა მეფის ურჯულოებას და ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა წმიდა კათოლიკოსი ციხეში მალულად მოაკვლევინა. მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბატონიშილი წერს: „შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ“. „ქართლის ცხოვრება“ კი გვიამბობს: „შეიპყრა კათოლიკოზი ევდემოზ… და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა“.
როგორც ეტყობა როსტომ-ხანს ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციაული დასჯის ხერხი გამოუყენებია – მშვილდის ლარით და საბლით დაუღრჩვიათ კათოლიკოსი და შემდეგ ცხედარი კოშკიდან გადმოუგდიათ აბანოების მხარეს. ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა.
ქრისტიანობისთვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ფარულად წამოიღეს ქრისტიანებმა და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გადმოგვცემს, მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ ქართლში განუკითხაობა გამეფდა: „არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ იყვნეს ფუფუნეულ და ხორცთმოყუარე, რამეთუ თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიაისა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღვინისა და ზმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდნენ ურთიერთას სიძვა-მრუშებასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა, ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“. მაგრამ თავდადებული კათოლიკოსის თავგანწირვას ამაოდ არ ჩაუვლია, სწორედ მისმა სიკვდილმა შეუნარჩუნა ქართველ ერს ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგიის ერთგულება, დამპყრობთა ვერაგული პოლიტიკით გზააბნეულ ერს აჩვენა სარწმუნოებისა და ერისთვის თავდადების მაგალითი და ყოველივე ამას შედეგად ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება მოჰყვა.
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა კი ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I წმიდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 4 (17) ოქტომბერი დააწესა.