17.10.2026. მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

17.10.2026. მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში. 6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. 7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება. 8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე (ლკ. 4: 5-8). 

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

17.10.2026 შაბათი

მოწამისა ევდემოზ კათოლიკოსისა (დიასამიძე, 1642); მღვდელმოწამისა იეროთეოსისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი, ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (დაახ. 350); ღირსისა პავლესი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV). 

დღის ლოცვები 

მღვდელმოწამე იეროთეოსის, ათონელი ეპისკოპოსის

ტროპარი: სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო იეროთეოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა გოდოლი მტკიცე ზახებასა მტერთას არა შეშინდი, არამედ საცთურთა შინებანი დაარღვიენ, რამეთუ ვითარცა ქვა პატიოსანი გორვიდი, მამაო, ვინაიცა მეუფე განგამხნობდა შენ და ცხოველმყოფელითა მარჯვენითა გვირგვინოსან-გყო, რომელსა ჩუენ ყოველთათვის ევედრე.
სხვა კონდაკი: მღდელთავარსა ათინელთასა გაქებთ შენ, ვითარცა საკვირველად ბრძენთა შორის გამოჩინებულსა და გამოუთქმელთა საიდუმლოთა მხილველსა, და ღმრთისმეტყუელებად ღირს-ქმნილსა; ამისთვისცა ევედრე უფალსა, ყოვლადსანატრელო იეროთეოს, რაითა გვიხსნეს ჩუენ ყოვლისა ჭირისაგან, რომელნი გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ღმრთივგანბრძნობილო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები:

ლიტ. (რიგ.) – ფილ. 3: 8-19

8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის – ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე, 9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული; 10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს 11. და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. 12. იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო. 13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც. 16. ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ. 17. მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში. 18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები, 19. რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი – მუცელი, დიდება კი – სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.

ლიტ. (მღვ.მოწ.) – მოციქ. 17: 16-34 

16. ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე. 17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი – იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. 18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. 19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს? 21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. 22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. 23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. 24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს. 25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი. 27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან. 28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ. 29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას. 30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ. 31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი. 32. მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო. 33. ასე გამოვიდა პავლე მათგან. 34. ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და, სხვებთან ერთად, ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად.

ლიტ. (რიგ.) – ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი ათენის არეოპაგის წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე დიონისე არეოპაგელთან (ხს. 3 ოქტომბერს და 4 იანვარს) ერთად და შემდგომ ეპისკოპოსადაც აკურთხა. გადმოცემით, იეროთეოსი და წმიდა დიონისე ესწრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაკრძალვას. ნეტარი მამა I საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად. 
წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი (III)

წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი წმიდა დიონისე ალექსანდრიელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფეები იყვნენ. ფავსტო, ევსები და ქერიმონი დიაკვნებად მსახურობდნენ. ევსების შემდგომ სირიის ლაოდიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმიდა ფავსტო დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამა, დანარჩენები მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ. 

მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელი (III-IV)
მღვდელმოწამე პეტრე, კაპეტოლიელი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როგორც ქრისტიანთა მოძღვარი და წარმართობის შემმუსვრელი მღვდელმთავარი სპარსელებმა შეიპყრეს და კაპეტოლიიდან (ქალაქი იერუსალიმიდან დამასკოსკენ მიმავალ გზაზე) დამასკოში ჩაიყვანეს. აქ წმიდანი საშინლად აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. მარტვილის აჩეხილი სხეული ჯალათებმა ცეცხლს მისცეს, ფერფლი კი წყალს გაატანეს. ეს მოხდა III საუკუნის დასასრულს ან IV საუკუნის დასაწყისში. 
წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი – ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა) (+305-306)
წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი – ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა) ანტიოქიელები იყვნენ. ისინი სირიაში აღესრულნენ მოწამეობრივად 305-306 წლებში.
ღირსი პავლე (IV)
ღირსი პავლე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IV საუკუნეში. იგი უკვე მხცოვანი იყო, როცა ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) დაემოწაფა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის განჭვრეტისა და სულიერ სენთა კურნების ნიჭით დაჯილდოებული მამა, რომელსაც თავისი წმიდა მოძღვარი ხან ელია წინასწარმეტყველს ადარებდა, ხან – იოანე ნათლისმცემელს და ხანაც – პავლე მოციქულს, საოცარი სიმდაბლითაც გამოირჩეოდა, ამიტომ „უბრალო“ შეარქვეს. ანტონი დიდი მასზე ამბობდა: „სარწმუნოებაში წარმატებულუბს მხოლოდ მცირე ეშმაკთა განსხმა ძალუძთ, თავმდაბლებს კი, როგორიც პავლე უბრალოა, თავად დემონთა მეუფებაზე აქვთ ხელმწიფება“.
ნეტარი პავლე იხსენიება წელიწადში ორჯერ: 7 მარტს და 4 ოქტომბერს (იხილეთ 7 მარტის საკითხავი). 
ღირსი ამონი (+დაახლ. 350)
ღირსი ამონი, მონაზონთა წოდების ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ეგვიპტეში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მასზე ზრუნვა ბიძამ იტვირთა და ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზარდა. წმიდანი ბიძის სურვილითვე დაქორწინდა, მაგრამ, ქალწულებრივი ცხოვრების მოსურნემ, ცოლი უბიწოების დამარხვაზე დაიყოლია. მეუღლეებმა თითქმის ორი ათეული წელი იღვაწეს ფარული ქალწულებრივი სიწმინდით, მარხვით, ლოცვითა და შრომით, შემდეგ კი, ცალ-ცალკე განაგრძეს მოსაგრეობა. ამონის მეუღლე სახლში დარჩა და აქ დედათა სავანე მოაწყო, თავად ამონმა კი ნიტრიის უდაბნოს მიაშურა, სადაც 22 წელი დაჰყო, სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სასწაულთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.
ღირსი მამა ხშირად აკითხავდა ხოლმე ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ერთხელ წმიდანთან მიმავალ მოსაგრეს უდაბნოში გზა დაებნა და დამაშვრალმა მხურვალედ შესთხოვა უფალს დახმარება. ლოცვის პასუხად ღრუბლებში გამოჩნდა ხელი, რომელმაც ნეტარს სავალ გზაზე მიანიშნა და წინ უძღოდა მას მანამ, სანამ მამა ანტონის მღვიმე არ გამოჩნდა.
ღირსი ამონი დაახლოებით 350 წელს გარდაიცვალა. ანტონი დიდმა იხილა, თუ როგორ ამაღლებდნენ ანგელოზები ზეცად მის სულს. 
წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი (+1642)
წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ – დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ეს გვარი მტრისა და თანამემამულეთა უგუნური საქციელის გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა. ერთი შტო ქვემო და შიდა ქართლში დამკვიდრდა, მეორე კი – აჭარაში. წმიდა პატრიარქის შესახებ ძალიან მწირი ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს შემონახული. ვიცით მხოლოდ, რომ მის ძმას ლევანი ერქვა, რომლის ასული ელენე დავითის, თეიმურაზ I-ის ძის, მეუღლე იყო, ერეკლე I-ის დედა და არჩილ მეფის სიდედრი. ლევან დიასამიძე აქტიურად უჭერდა მხარს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან პოლიტიკურ კავშირს.

როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს „იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. განმრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა… შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის სყიდვა თავადებისაგან“, აღზევდნენ „მეძავნი და ბილწების მოქმედნი“. მეფის ფუფუნებისადა ცოდვის მოყვარეობა თანდათანობით გადაედო ერს, „თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა… მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“.
„სიმართლის მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი“, უპატიოქმნილნი, ცუდებად და შეუძლებლებად წოდებულნი, სასოებით იტანდნენ ყოველგვარ გასაჭირს.
გაუჭირდა ერის სულიერ მამას, მას არ შეეძლო მშვიდად ეცქირა ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეჰკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით გარკვეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან. კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა – სადაც კი შეხვდებოდა როსტომ-ხანს, ყველგან ეუბნებოდა: „მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო“. კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი. წმიდა კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით, ქვეყანაში ისევ ცოცხლდებოდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.
როსტომ-ხანი კარგად ხედავდა კათოლიკოსის ორიენტაციასა და ავტორიტეტს, ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და კონკრეტულ გეგმებსაც ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის თეიმურაზის დასაბრუნებლად.
როსტომ-ხანი და მისი თანამოაზრენი პირდაპირ ვერ ბედავდნენ დაპირისპირებოდნენ უდრეკი კათოლიკოსის ავტორიტეტს, ისინი აშკარა კონფლიქტს ერიდებოდნენ და ფარულად ამჯობინებდნენ მოქმედებას. როსტომი შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა მართლმორწმუნე კათოლიკოსი გზიდან ჩამოეშორებინა. მართლაც, მაჰმადიანმა მეფემ სრულიად უმნიშვნელო მიზეზი გამოძებნა, რათა წმიდა ევდემოზი კათოლიკოსობიდან გადაეყენებინა, თუმცა მის დასჯას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.
მართალია ევდემოზის კათოლიკოსობიდან გადაყენების ამსახველი საბუთი შემორჩენილი არაა, მაგრამ არსებული ხელნაწერების მიხედვით 1638 წლიდან კათოლიკოსად ქრისტეფორე იხსენიება. ყოველივე ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ როსტომ-ხანის მმართველობით უკმაყოფილო ქართლის არისტოკრატიამ შეთქმულება მოაწყო, რათა მაჰმადიანი მმართველის ნაცვლად ქრისტიანი მეფე თეიმურაზ I დაესვათ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ტახტზე. ამ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელი ევდემოზ კათოლიკოსი იყო.
შეთქმულება გაიცა – ერთ-ერთმა მონაწილემ, სომხეთის მელიქმა როსტომ-ხანს ყველაფერი შეატყობინა. ურჯულო მეფეც საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, თან მზაკვარ ხერხს მიმართა და იახლა მარიამ დედოფალი და მისი სულიერ მოძღვარი ევდემოზ კათოლიკოსი. შეთქმულთა ერთ-ერთი თავკაცი ნოდარ ციციშვილი პირველსავე წარუმატებლობისას დაფრთხა და სამცხეში გაიქცა, ხოლო ქართლის საზღვარზე გადმოსული თეიმურაზ I კვლავ კახეთში გაბრუნდა. როსტომს მხოლოდ სეხნია და ზურაბ ჩხეიძეები შეებნენ და უთანასწორო ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ. როსტომ-ხანმა ატენის ციხე დაანგრია და ცხირეთში გამაგრდა, არც ამჯერად მოუცილებია დედოფალი და კათოლიკოსი გვერდიდან.
წმიდა ევდემოზმა მაინც მოახერხა და შეუთვალა თეიმურაზს, ღალატს არ დაებრკოლებინა და დრო არ დაეკარგა, მაგრამ მისი წერილი ჯერ როსტომ-ხანს მიართვეს, წააკითხეს და შემდეგ მიუტანეს თეიმურაზს. როსტომ-ხანი გორის ციხეში დაელოდა აჯანყებულებს, შემდეგ შეთქმულთა შეპყრობა და დასჯა ბრძანა. მართლაც, ისინი შეიპყრეს და დასაჯეს, ევდემოზ კათოლიკოსი კი თბილისში წამოიყვანეს და შურის ციხის (თბილისის ციხე, ნარიყალა) საპყრობილეში ჩაკეტეს.
წმიდა ევდემოზი რამდენიმე თვე იყო საკანში. მთელი ამ ხნის მანძილზე იგი მხურვალედ ლოცულობდა და მკაცრი ასკეტური ყოფით ცხოვრობდა; თითქოს უკვე იცოდა თავისი მომავალი განაჩენის შესახებ – იგი უფრო მეტად ამხელდა მეფის ურჯულოებას და ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა წმიდა კათოლიკოსი ციხეში მალულად მოაკვლევინა. მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბატონიშილი წერს: „შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ“. „ქართლის ცხოვრება“ კი გვიამბობს: „შეიპყრა კათოლიკოზი ევდემოზ… და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა“.
როგორც ეტყობა როსტომ-ხანს ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციაული დასჯის ხერხი გამოუყენებია – მშვილდის ლარით და საბლით დაუღრჩვიათ კათოლიკოსი და შემდეგ ცხედარი კოშკიდან გადმოუგდიათ აბანოების მხარეს. ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა.
ქრისტიანობისთვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ფარულად წამოიღეს ქრისტიანებმა და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გადმოგვცემს, მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ ქართლში განუკითხაობა გამეფდა: „არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ იყვნეს ფუფუნეულ და ხორცთმოყუარე, რამეთუ თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიაისა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღვინისა და ზმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდნენ ურთიერთას სიძვა-მრუშებასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა, ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“. მაგრამ თავდადებული კათოლიკოსის თავგანწირვას ამაოდ არ ჩაუვლია, სწორედ მისმა სიკვდილმა შეუნარჩუნა ქართველ ერს ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგიის ერთგულება, დამპყრობთა ვერაგული პოლიტიკით გზააბნეულ ერს აჩვენა სარწმუნოებისა და ერისთვის თავდადების მაგალითი და ყოველივე ამას შედეგად ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება მოჰყვა.
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა კი ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I წმიდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 4 (17) ოქტომბერი დააწესა.