„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

28-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
17.12.2025. ოთხშაბათი. მარხვა
დიდისა მოწამისა ბარბარესი და მის თანა მოწამისა იულიანასი (306); ღირსისა იოანე დამასკელისა (780); ღირსისა იოანესი, პოლივოტელ ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (VIII).
დღის ლოცვები
დიდმოწამე ბარბარეს და მოწამე იულიანას
ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, მოწამეო ბარბარე, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.
ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯვარისათა.
კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისაებრ მისისა, პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველნი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე, წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყვენ, და ხმამაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 ტიმ. 4: 9-22 (დას. 299). ლკ. 21: 5-7, 10-11, 20-24 (დას. 104).
დიდმოწ: გალ. 3: 23-29 (დას. 208). მკ. 5: 24-34 (დას. 21).
ლიტ.: 2 ტიმ. 4: 9-22
9. ეცადე მალე მოხვიდე ჩემთან. 10. რადგანაც დემასმა მიმატოვა, შეიყვარა ეს საწუთრო და თესალონიკეში წავიდა, კრესკე – გალატეას, ტიტე – დალმაციას; ლუკაღა დარჩა ჩემთან. 11. მარკოზი დასძარი და წამოიყვანე, რადგანაც მსახურებისთვის მჭირდება. 12. ტიქიკოსი ეფესოს წარვგზავნე. 13. როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპესთან რომ დავტოვე; აგრეთე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი. 14. ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი. 15. შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს. 16. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ. 17. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას. 18. უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 19. მომიკითხე პრისკილა და აკვილა, აგრეთვე ონესიფორეს სახლი. 20. ერასტოსი კორინთოში დარჩა, ტროფიმე კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში. 21. ეცადე ზამთარს დაასწრო მოსვლა. მოგიკითხავენ ევბულე, პუდე, ლიმოსი, კლავდია და ყველა ძმანი. 22. უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ.
ლიტ.: ლკ. 21: 5-7, 10-11, 20-24
5. როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა: 6. მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზედაც აღარ დარჩება, არამედ ყველაფერი დაინგრევა. 7. ჰკითხეს: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?
10. მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; 11. და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ – შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.
20. ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი. 21. მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში. 22. ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი. 23. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე. 24. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.
დიდმოწ: გალ. 3: 23-29
23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც.
დიდმოწ: მკ. 5: 24-34
24. ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა. 25. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, 26. ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, – 27. იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო. 28. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო. 29. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან. 30. მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს? 31. ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო? 32. იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი. 33. მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა. 34. ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა დიდმოწამე ბარბარე და მოწამე იულიანა (+დაახლ. 306)
უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.
ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებპდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოებით და სურდა გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ.
ერთხელ, როდესაც მისი არსება მოიცვა განსაკუთრებით ძლიერმა სურვილმა შემოქმედის ხილვისა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“.
კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც „შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17, 27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული – ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.
მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ქალწულმა კი მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“.
ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.
ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.
ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.
ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.
ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ“. ამის შემდეგ მშენებნლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“.
რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.
დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო: „ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა“. „გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად“. …„ მე მნებავს მოქცევაჲ შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ“.
დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.
დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.
მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა.
მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა.
მიუგო მას ბარბარემ: „არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“.
მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, ბრძანა ქალწულის ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.
შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“.
სიხარულით აღივსო წმიდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.
მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.
ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: „ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა“.
მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაჲთა არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე“.
მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.
შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.
ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.
მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.
წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.
დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.
ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო“.
დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი.
ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.
წამებულის წმიდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.
დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს).
დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა – ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.
წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.
ღირსი იოანე პოლივოტელი ეპისკოპოსი (VIII)
ღირსი იოანე პოლივოტელი სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდანი უშიშრად ამხელდა ხატმბძროლ იმპერატორ ლეონ ისავრიელს (717-741). ღვთივსათნო ცხოვრებისათვის მას უფლისაგან სნეულთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა (VIII).ღირსი იოანე დამასკელი (VIII)
ღირსი იოანე დამასკელი 680 წელს დაიბადა სირიის დედაქალაქ დამასკოში, მართლმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში. მამამისი – სერგი მანსური ხალიფას კარის ხაზინადარი იყო. იოანეს გარდა მას შვილობილიც ჰყავდა – ადრეულ სიყრმეში დაობლებული კოზმა. იოანემ და კოზმამ ოჯახშივე მიიღეს ბრწყინვალე განათლება კალაბრიელი ბერის, კოზმას ხელმძღვანელობით, რომელიც სერგიმ დამასკოს მონათა ბაზარზე ტყვეობისგან გამოისყიდა. ყმაწვილებმა, განსაკუთრებით კი იოანემ, საკვირველი ნიჭი გამოავლინეს და ადვილად შეითვისეს რიტორიკა, დიალექტიკა, ფილოსოფია, არითმეტიკა, ასტრონომია, მუსიკა, პოეზია, საღვთო წერილი. ამგვარად განსწავლული იოანე მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფას პირველი მრჩეველი გახდა და ქალაქის თავის თანამდებობაც მიიღო.ამ დროს ბიზანტიაში აღმოცენდა ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელმაც იმპერატორ ლეონ III ისავრიელის (717-741) მხარდაჭერით სწრაფად იწყო გავრცელება. იოანემ მართლმადიდებლობის სიწმიდის დასაცავად დაწერა სამი ტრაქტატი ხატმბრძოლთა წინააღმდეგ. წმიდანის ღვთივგაბრძნობილმა ნაწერებმა იმპერატორი გაააფთრა, მაგრამ რადგან მათი ავტორი ბიზანტიის ხელქვეითი არ იყო, მისი არც შეპყრობა შეეძლო და არც სიკვდილით დასჯა. მაშინ უსჯულო ლეონმა ცილისწამებას მიმართა: მისი ბრძანებით, დახელოვნებულმა კალიგრაფებმა იოანეს ხელწერით დაწერეს ეპისტოლე, რომელშიც დამასკელი მინისტრი იმპერატორს თითქოს სირიის დედაქალაქის დაპყრობაში ხელშეწყობას აღუთქვამდა. ეს ეპისტოლე უღმრთო თვითმპყრობელმა თავისი პირფერობითა და ლიქნით სავსე წერილთან ერთად ხალიფას გაუგზავნა. განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე, რომ წმიდანს თავის მართლების საშუალება არ მისცა, ბრძანა, თანამდებობიდან გადაეყენებინათ ნეტარი, მარჯვენა მოეკვეთათ მისთვის და სხვათა დასაშინებლად ბაზრის მოედანზე ჩამოეკიდათ. მოკვეთილი მტევანი იოანეს იმავე საღამოს დაუბრუნეს დასამარხად, რის შემდეგაც წმიდანი ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და ყოვლადწმიდას მხურვალედ შესთხოვა, ხელი გაემრთელებინა. ამ ვედრებაში იოანეს ჩაეძინა. სიზმრისეულ ჩვენებაში ზეციური დედოფალი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „აჰა, განკურნებულ არს ხელი შენი და დაცხრომილ ტკივილთაგან, ამიერიდან ისწრაფე მიცემად ღმრთისა ლოცვათა შენთა“. გამოღვიძებულმა წმიდანმა იხილა, რომ მოკვეთილი მტევანი, მართლაც, მაჯასთან მკლავს მიერთებოდა, სიხარულითა და მადლიერებით აღივსო და უფალს შეჰღაღადა: „მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა. მარჯვენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი“ (გამოსვლ. 15,16); ღვთისმშობლის ხატზე, რომლის წინაშეც განიკურნა, იოანემ ვერცხლის ხელი მიამაგრა სამადლობლად (იხ. 28 ივნისის საკითხავი).
მომხდარი სასწაული რომ შეიტყო, ხალიფამ ირწმუნა ვეზირის უდანაშაულობა და პატივი დაუბრუნა, მაგრამ ანგელოზებრივი ცხოვრებისაკენ მოსწრაფე იოანემ ამსოფელთან კავშირის გაწყვეტა განიზრახა, ხელისუფალს სთხოვა, წინ არ აღდგომოდა მის გადაწყვეტილებას და დაითანხმა კიდეც.
შინ დაბრუნებულმა უფლის რჩეულმა მთელი ქონება მოწყალებად გასცა, მონები გაათავისუფლა და თანაშეზრდილ კოზმასთან ერთად იერუსალიმის მოსალოცად გაეშურა. აქ, საბა განწმენდილის ლავრაში იოანე უბრალო მორჩილად შედგა, მაგრამ იღუმენს ძალიან გაუჭირდა მისთვის სულიერი წინამძღვრის მოძებნა: ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს გვარიშვილობითა და სიბრძნით განთქმული კაცი ბერისათვის შესაფერ მორჩილებას გამოიჩენდა. ბოლოს გამოჩნდა ერთი მოხუცი, ღვთივგაბრძნობილი ბერი, რომელმაც განაცხადა, რომ თავს იდებდა იოანეზე ზრუნვას. მოძღვარმა სენაკში წაიყვანა წმიდანი და ასე დაარიგა: „ნუ ჰლაღობ შენ შორის მყოფისა მაგის სიბრძნისა და მეცნიერებისათვის. და სწავლულობათა მაგათ, რომელნი გისწავლიან, რამეთუ არარაჲთ უდარეს მათსა არს სასწავლო მონაზონთაჲ, არამედ ფრიადცა რაჲმე უმეტეს და უმაღლეს არს ფილოსოფოსობაჲ ამათი“. შემდეგ ბერმა ნეტარ მოწაფეს უბრძანა, მისი რჩევის გარეშე წერილიც არ მიეწერა არავისთვის და არასოდეს გაეხსენებინა და წარმოეთქვა ის, რაც საერო წიგნებში ჰქონდა ამოკითხული. იოანე უდრტვინველად დამორჩილდა კურთხევას. ცოტა ხნის შემდეგ მოძღვარმა გადაწყვიტა, სულიერი შვილი სიმდაბლეში გამოეცადა და დაავალა, მონასტერში დამზადებული კალათები დამასკოში წაეღო გასაყიდად. ბერმა ძმების ნახელავს ღირებულებაზე ბევრად აღმატებული ფასი დაადო, წმიდა იოანემ, დამასკოს საუკეთესო ოჯახის შვილმა, მშობლიური ქალაქის ქუჩებში გლახაკივით ჩამოძონძილმა დაიწყო ბერების ნახელავის გაყიდვა. გამვლელები წმიდანის საქონლის ფასს რომ გებულობდნენ, დასცინოდნენ, მაგრამ ბოლოს ერთმა ყოფილმა მსახურმა იცნო და ისე, რომ არც გამოცნაურებია, ყველა კალათა შეისყიდა.
გამოხდა ხანი. საბაწმიდის ლავრაში მცხოვრებ ერთ ბერს ძმა გარდაეცვალა და იოანეს სთხოვა, რაიმე შეექმნა მის სანუგეშოდ. წმიდანი დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს მოყვასისადმი თანალმობამ სძლია და დაწერა თავისი ცნობილი ტროპრები შესვენებულსა ზედა. „ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრება ესე უმედგრეს აჩრდილისა და სიზმრისა, რამეთუ ცუდად ჰშფოთებს ყოველი მიწითშობილი“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ მათგანში. სულიერი შვილის ურჩობამ მეტად განარისხა იოანეს მოძღვარი და იგი სენაკიდან გააძევა. ამაო იყო წმიდანის ცრემლიანი მუდარა და ვერც ძმების შუამდგომლობამ გაჭრა. მაშინ ერთ-ერთმა მოსაგრემ მოძღვარს სთხოვა, ეპიტიმიით განესწავლა შემცოდე და ამ უკანასკნელმაც იოანეს მონასტრის ყველა არაწმიდა ადგილის დასუფთავება დაავალა. უფლის რჩეულმა სიხარულით მიჰყო ხელი დავალებულ საქმეს, მისმა სულიერმა მამამ კი, ნეტარის ასეთი სიმდაბლე და მორჩილება რომ იხილა, სიხარულით ჩაიკრა იგი გულში და ცოდვაც შეუნდო.
იმავე ღამეს მოძღვარს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეჩვენა და უბრძანა, იოანესთვის მწერლობა არ აეკრძალა: „ამიერიდან უბრძანე მას თქუმად, რაცა სთნდეს, რამეთუ ნუგეშინის-მცემელი და ყოვლადწმიდა სული იტყვის ენით მისით“.
როცა ღირსი მამის შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა შეიტყო, მას მღვდლად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში ქადაგება დაავალა, მაგრამ განმარტოებული ცხოვრებისკენ მოსწრაფე იოანე მალე დაუბრუნდა თავის სავანეს და აღსასრულამდე ღვთივსულიერ წიგნებსა და საგალობლებს ჰქმნიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მხოლოდ ერთხელ დატოვა ლავრა – 754 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე გაემგზავრა და ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. ამისთვის იგი საპყრობილეში ჩააგდეს და აწამეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. წმიდა იოანე დაახლოებით 780 წელს (სხვა ცნობით – 754 წლამდე) გარდაიცვალა, 104 წლის ასაკში.
იოანე დამასკელს ეკუთვნის მრავალი საგალობელი, საღვთისმეტყველო შრომა და ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ მიმართული ეპისტოლე და აპოლოგია; მის ნაშრომებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს „ცოდნის წყაროს“, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება: „სიბრძნისმეტყველება“ („ფილოსოფიური თავები“), „მწვალებლობათა აღწერა“ და „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“. საგალობლებს შორის უნდა გამოვყოთ „შენდამი იხარებს, მიმადლებულო“, რომელიც თავისი მარჯვენის სასწაულებრივი განკურნების სამადლობლად შექმნა.
იოანე დამასკელს ხატებზე თავზე სახვევით გამოსახავენ. ეს ის სახვევია, რომელშიც მისი მოკვეთილი მარჯვენა იყო გახვეული და რომელსაც შემდგომში თავზე შემოკრულს ატარებდა ღვთისმშობლის დიდი წყალობის მოსაგონებლად.