171. უფლის მიერ მოციქულთა წარგზავნა სახარების მთელი ქვეყნისთვის საქადაგებლად

მთა გალილეაში

30 წელი

მთ. 28

16. ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. 17. იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. 18. მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, 20. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.

16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.

მკ. 16 (წინ. 16:14; # 168)

15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან.

15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.  18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.

ლკ.

ინ.

 1 კორ. 15

3. რამეთუ მიგეც თქუენ პირველად, რომელცა-იგი მოვიღე, რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, 4. და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს, 5. და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ, 6. და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისუენეს, 7. მერმე ეჩუენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა, 8. უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა.

3. რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, 4. დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა, 5. და გამოეცხადა კეფას, მერე კი – თორმეტს; 6. ხოლო შემდეგ ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა; 7. მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი – ყველა მოციქულს; 8. ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს.