… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი
18.04.2026 მსგეფსი
მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონისა, თეოდულე წიგნისმკითხველისა და მათ თანათა (303); ღირსი პუპლი ეგვიპტელისა (IV); ღირსთა: თეონასი, სვიმეონისა და ფორბინესი (IV); ღირსისა მარკოზ ათენელისა (400); ღირსისა პლატონისა, სტუდიელ აღმსარებელისა (814); ღირსისა თეოდორა თესალონიკელისა (892); იობისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (აღმოყ. წმ. ნაწ. 1652 წ.).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 3: 11-16 (დას. 8). ინ. 3: 22-33 (დას. 11).
საქმ. 3: 11-16
11. რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ „სოლომონის ბჭესთან“. 12. ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი? 13. აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი. 14. მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის. 15. ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. 16. რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე.
ინ. 3: 22-33
22. შემდგომ ამისა, იესო თავისი მოწაფეებითურთ მივიდა იუდეას მხარეში; იყო იქ და ნათელს სცემდა მათ. 23. იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან. 24. რადგანაც იოანე ჯერ კიდევ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში. 25. მაშინ იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან მოუხდათ დავა განწმენდის გამო. 26. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან. 27. მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია. 28. თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე, არამედ – მის წინაშე მოვლინებული. 29. ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი. 30. ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე. 31. მაღლით მომავალი ყველაზე უმაღლესია; მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია. 32. რაც უხილავს და სმენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის მოწმობას არავინ იღებს. 33. ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ჭეშმარიტია ღმერთი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოწამენი აღათოპოდი დიაკონი, თეოდულე მკითხველი და სხვანი (+დაახლ. 303)
წმიდა მოწამენი აღათოპოდი დიაკონი და თეოდულე მკითხველი (+303) თესალონიკში ცხოვრობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანესა (284-305) და მაქსიმიანეს (284-305) დროს. წმიდა დიაკონი აღათოპოდი ღრმად მოხუცი იყო, წმიდა თეოდულე მკითხველი კი – ახალგაზრდა. ისინი ღვთივსათნო ცხოვრებით და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ.ერთხელ წმიდა თეოდულემ ძილში იხილა, რომ სპეტაკი სამოსლით შემოსილმა უცნობმა რაღაც ნივთი გადასცა. როცა გამოიღვიძა, ხელში ჯვრის გამოსახულებიანი ბეჭედი ეჭირა. თეოდულე მიხვდა, რომ ეს იყო ნიშანი მომავალი წამებისა. ბეჭედზე გამოსახული ჯვრის ძალით მან მრავალი ავადმყოფი განკურნა და წარმართებიც მოაქცია.
როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ (303), ბევრი მორწმუნე დაიმალა, მაგრამ წმიდა აღათოპოდი და თეოდულე უშიშრად აგრძელდებდნენ ქადაგებას.
თესალონიკის მმართველმა ფაუსტინმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ქრისტიანები. ის გააკვირვა წმიდა თეოდულეს სილამაზემ და დაკანონებული მსხვერპლშეწირვის შესრულება ურჩია. თეოდულემ უპასუხა, რომ დიდი ხანია თავი დაანება უსჯულო ცხოვრებას და ეცოდება ფაუსტინი, რომელიც მარადიულ სიკვდილს უმზადებს სულს. მმართველმა მოწამეს არჩევანი შესთავაზა: მშვიდი სიცოცხლე, ან სიკვდილი. წმიდანმა უპასუხა, რომ ირჩევს მარადიულ სიცოცხლეს და წარმავალი სიკვდილის არ ეშინია. როცა ფაუსტინმა თეოდულეს სიმტკიცე დაინახა, გადაწყვიტა, წმიდა აღათოპოდი მოედრიკა და უთხრა, ახალგაზრდა თეოდულემ კერპებს მსხვერპლი შესწირაო, მაგრამ წმიდა დიაკონმა არ დაიჯერა.
ღირსი პუბლი ეგვიპტელი (IV)
ღირსი პუბლი მეგვიპტელი (IV) მოღვაწეობდა ეგვიპტის უდაბნოში იმპერატორ იულიანე განდგომილის დროს. სპარსელებზე გალაშქრების წინ იმპერატორმა გრძნეული გაგზავნა გზის დასაზვერად. ღირსმა პუბლიმ სულიწმიდის მადლით გაიგო იმპერატორის განზრახვა და ლოცვად დადგა. იმპერიაში ცნობილი ჯადოქარი ათი დღის განმავლობაში ელოდა, როდის დაასრულებდა ღირსი მამა ლოცვას, ბოლოს კი იმპერატორთან მივიდა და აუწყა თავისი დამარცხება. გამძვინვარებულმა იულიანემ ფიცი დადო, რომ დაბრუნებისთანავე შურს იძიებდა წმიდანზე, მაგრამ ფიცის შესრულება ვერ შეძლო, რადგან მალე დაიღუპა.იულიანეს ერთ-ერთმა მხედართმთავარმა მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, წმიდა პუბლისთან წავიდა და ბერად აღიკვეცა.
მმართველმა მოწამეების საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა. ციხეში მოწამეები ისე ლოცულობდნენ და ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, რომ მრავალი პატიმარი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ციხის უფროსმა ევტინიმ ქრისტიანები მმართველთან დაასმინა.
ფაუსტინმა კვლავ უხმო სამსჯავროზე წმიდა მოწამეებს. თეოდულეს თვალწინ ყოფილი ქრისტიანები აიძულეს მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის. „უძლურებზე გაიმარჯვეთ, ქრისტეს ერთგულ მხედრებს კი ვერაფერს დააკლებთ!“ – უთხრა წმიდანმა მმართველს.
მმართველის ბრძანებით ქრისტეს მხნე აღმსარებელი დასასჯელად გაიყვანეს. ჯალათმა მახვილი იშიშვლა. მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
დილით ფაუსტინმა უკანასკნელად შესთავაზა მოწამეებს წარმართობაზე მოქცევა, მაგრამ პასუხად კვლავ უარი მიიღო. მაშინ მმართველის ბრძანებით წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ზღვაში ჩაყარეს (+303).
ზღვამ ნაპირზე გამორიყა წმიდანთა სხეულები სპეტაკი სამოსლებით, ქვებისა და თოკების გარეშე. ქრისტიანებმა წმიდა ნაწილები პატივით დაფლეს.
ღირსი მარკოზ ათინელი (+400)
ღირსი მარკოზ ათინელი (+400) დაიბადა ათენში. თავისი ცხოვრება მან მოუთხრო აბბა სერაპიონს, რომელმაც ღვთის ნებით სიკვდილის წინ მოინახულა.ბავშვობაში ღირსი მარკოზი ფილოსოფიას სწავლობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში წავიდა და დასახლდა თრაკიის მთის გამოქვაბულში. ღირსი მამა 95 წელი ცხოვრობდა დაყუდებულად და ამ ხნის განმავლობაში არამცთუ ადამიანები, ფრინველები და ცხოველებიც არ უნახავს. მოღვაწეობის პირველი ოცდაათი წელი ყველაზე მძიმე იყო ღირსი მარკოზისთვის. მისი საზრდელი იყო უდაბნოს მცენარეები და ზღვის მლაშე წყალი. არაწმიდა სულები დევნიდნენ ღირს მამას და უყვიროდნენ: „განვედ ჩვენი მიწისაგან! ქვეყნიერების დასაბამიდან ადამის ძეს აქ ფეხი არ დაუდგამს, შენ როგორ გაბედე მოსვლა?“
ოცდაათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მეუდაბნოეზე სულიწმიდის მადლი გადმოვიდა. ანგელოზებს საკვები მოჰქონდათ მასთან, სხეული თმებით შეემოსა, რაც ყინვისა და სიცხისგან იცავდა. „მე ვიხილე სამოთხე და ილია და ენოქ წინასწარმეტყველნი, რაც ვითხოვე, ყოველივე მაჩვენა უფალმა“, – უთხრა ღირსმა მამამ ბერ სერაპიონს. ღირსმა მარკოზმა სერაპიონს ჰკითხა, – თუ არიან ქვეყნად ისეთი წმიდანები, სასწაულთმოქმედნი, რომელთა შესახებაც უფალი ამბობს: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგვისაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (მთ. 17,20). როგორც კი წმიდანმა ეს სიტყვები წარმოთქვა, მთა იძრა და 5000 წყრთით გადაიწია ზღვისკენ. როდესაც ღირსმა მარკოზმა ეს დაინახა, მთას მიმართა: „მე არ მიბრძანებია შენთვის ადგილიდან დაძვრა, დაბრუნდი!“ მთა მართლაც დაბრუნდა ძველ ადგილას. აბბა სერაპიონი პირქვე დაემხო. ღირსმა მარკოზმა სერაპიონი წამოაყენა და ჰკითხა: „ნუთუ ასეთი სასწაულები არასოდეს გიხილავს?“ – „არა, მამაო“, – უპასუხა სერაპიონმა. ღირსმა მარკოზმა მწარედ ამოიგმინა: „ჰოი, უბედურო დედამიწავ, აღარ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები!“
ამის შემდეგ ღირსმა მარკოზმა აბბა სერაპიონი ტრაპეზზე დაპატიჟა. საჭმელი ანგელოზმა მოიტანა. სერაპიონმა თქვა, ამაზე ტკბილი საჭმელი არასოდეს მიგემიაო. „ძმაო სერაპიონ, – მიუგო ღირსმა მარკოზმა, – ყოველდღე უფალი თითო პურსა და თევზს მიგზავნის, დღეს კი ორი გამომიგზავნა, რადგან სტუმარი მყავს“.
მიცვალების წინ ღირსმა მარკოზმა უფალს შეავედრა ქრისტიანები და მთელი ქვეყანა, აბბა სერაპიონს კი სთხოვა, გამოქვაბულში დაემარხა იგი და შესასვლელი ქვებით ამოეგმინა. აბბა სერაპიონმა იხილა, თუ როგორ აღიყვანეს ცად ანგელოზებმა 130 წლის ბერის სული (+400).
ღირსი პლატონ აღმსარებელი, სტუდიელი (+814)
ღირსი პლატონი (+814) – დაიბადა 735 წელს ღვთისმოსავ ქრისტიანთა, სერგისა და ეფემიას ოჯახში. ადრე დაობლებული ყმაწვილი ნათესავებმა აღზარდეს და კარგი განათლება მისცეს. სრულწლოვანებას მიღწეულმა პლატონმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მან თავიდან მემკვიდრეობით მიღებული მამულის მოვლას მიჰყო ხელი და თავისი შრომისმოყვარეობის წყალობით დიდძალი ქონება დააგროვა, შემდეგ კი ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მონები გაანთავისუფლა და მონასტერში განმარტოვდა.მან ლოცვის მხურვალებით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით მთელი საძმოს სიყვარული დაიმსახურა. თავისუფალ დროს ღირსი პლატონი აღადგენდა კრებულებს წმიდა მამათა თხზულებებიდან, იწერდა ღვთისმსახურებისთვის საჭირო წიგნებს. 770 წელს გარდაიცვალა მონასტრის წინამძღვარი თეოქტიტე. ძმებმა ახალ იღუმენად ღირსი პლატონი აირჩიეს, თუმცა ის მხოლოდ 35 წლის იყო. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონომის (775) სიკვდილის შემდეგ წმიდანი კონსტანტინეპოლში ჩავიდა. მან უარი განაცხადა შემოთავაზებული ნიკომიდიის სამიტროპოლიტოს მართვაზე და ძმისშვილებთან, წმიდა თეოდორესთან (+826, ხს. 11 ნოემბერს) და იოსებთან (+830, ხს. 26 იანვარს) ერთად სოკუდიონის უდაბნოში განმარტოვდა. მათ მთაზე ააშენეს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და დააარსეს მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი პლატონი გახდა. ღირსმა მამამ მონაწილეობა მიიღო 787 წლის ნიკეის მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, სადაც ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და დაიცვა წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონი.
ასაკში შესულმა პლატონმა მონასტრის წინამძღვრობა ღირს თეოდორეს გადასცა.
795 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VI (780-797) თავისი მეუღლე, მარიამი, აიძულა მონაზვნად აღკვეცილიყო, თვითონ კი გადაწყვიტა ჯვარი დაეწერა თავის ნათესავ თეოდოტიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ წმიდა პატრიარქმა ტარასიმ დაგმო ეს ქორწინება, კონსტანტინეპოლის ერთ-ერთმა ცნობილმა მღვდელმა იოსებმა დაარღვია ტარასის ბრძანება და ჯვარი დასწერა იმპერატორს.
ეს რომ ღირსმა პლატონმა და თეოდორემ გაიგეს, ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადეს იმპერატორი და ამის შესახებ ეპისტოლეები გაუგზავნეს ყველა მონასტერს. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა პლატონი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ღირსი თეოდორე კი თესალონიკში გადაესახლებინათ. ნეტარი მამები მხოლოდ იმპერატორის სიკვდილის შემდეგ, 797 წელს განთავისუფლდნენ. ღირსი თეოდორე კონსტანტინეპოლში გადავიდა და სტუდიონის მონასტრის იღუმენი გახდა, ღირსი პლატონი კი იმავე მონასტერში ცხოვრობდა უბრალო ბერად, თავისი ძმისწულის მორჩილებაში.
როდესაც ახალმა იმპერატორმა ნიკიფორემ (802-811) ეკლესიაში თვითნებურად დააბრუნა განკვეთილი ღვთისმსახური იოსები, ღირსმა პლატონმა და თეოდორემ კვლავ გაბედულად ამხილეს მისი უკანონო ქმედება. ამისთვის ღირსი მამები ისევ დასაჯეს. ოთხი წლის პატიმრობისა და იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, 811 წელს, ისინი გაანთავისუფლეს. ღირსი პლატონი სტუდიონის მონასტერში დაბრუნდა.
მან კიდევ სამი წელი გაატარა მონასტერში და მიიცვალა შობითგან 79-ე წელს, 814 წლის 8 აპრილს, ლაზარეს შაბათს.
ღირსი თეოდორა თესალონიკელი (+892)
ღირსი თეოდორა თესალონიკელი (+892) – ქრისტიანი მშობლების, ანტონის და ქრიზანთას შვილი იყო. სრულწლოვანებას მიღწეული თეოდორა გათხოვდა და ეყოლა ქალიშვილი. სარკინოზთა შემოსევის (823) შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასახლდა. აქ ღირსმა თეოდორამ თავისი ქალიშვილი მონასტერში მიაბარა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც. როდესაც მონასტრის იღუმენია გარდაიცვალა, მისი კუბოს დასვენება უნდოდათ ღირსი თეოდორას კუბოს გვერდით, ღირსმა დედამ ცოცხალივით გაიწია განზე კუბოსთან ერთად – სიკვდილის შემდეგაც მორჩილების მაგალითი აჩვენა.