18.05.2026. აღდგომიდან მე-6 შვიდეული. ორშაბათი

18.05.2026. აღდგომიდან მე-6 შვიდეული. ორშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).     

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

18.05.2026. აღდგომიდან მე-6 შვიდეული. ორშაბათი

დიდმოწამისა ირინე მაკედონელისა (I-II); ქალწულმოწამისა საგდუხტისა (I); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ბარძიმი შეუსმელი“ (1878).

დღის ლოცვები

ღვთისმშობლის ხატის “ბარძიმი შეუსმელი” ტროპარი:

თაყუანსა ვცემთ რწმენითა ღმრთიურსა და საკვირველსა ხატსა შენსა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რომელი ბარძიმისა შეუსმელისაგან გულმოწყალებისა შენისაგან დაარწყულებ ჩუენთა გულთა და კეთილმორწმუნეთა კაცთა მოუვლენ სასწაულთა. ჩუენცა, მხილველნი და მსმენელნი ამისა, ვიხარებთ სულითა და მხურვალედ გიღაღადებთ: დედოფალო უმოწყალესო, განკურნენ სნეულებანი და ვნებანი ჩუენნი, ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, დახსნისათვის სულთა ჩუენთა.
 
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები
 

საქმ. 17: 1-15 (დას. 39). ინ. 11: 47-57 (დას. 40).

საქმ. 17: 1-15 

1. ამფიპოლისი და აპოლონია გადაიარეს და თესალონიკეში ჩავიდნენ, სადაც იყო იუდეველთა სინაგოგა. 2. პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან; 3. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით; ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც მე გახარებთო. 4. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი. 5. მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი. 6. რაკიღა მათ ვერ მიაგნეს, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და თან ყვიროდნენ: ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან; 7. იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს. 8. აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი. 9. მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი. 10. მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. 11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო. 12. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი. 13. მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი. 14. მაშინ ძმებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს პავლე ზღვისაკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. 15. პავლეს მხლებლებმა ათენამდე მიაცილეს იგი, მიიღეს ბრძანება სილასა და ტიმოთეს მიმართ, რომ სასწრაფოდ ხლებოდნენ მას, და უკანვე გაბრუნდნენ.

ინ. 11: 47-57 

47. მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. 48. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც. 49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ 50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს. 51. ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის. 52. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები. 53. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი. 54. ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდეველთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად. 55. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო. 56. ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: როგორ გგონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზე? 57. ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                     (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა დიდმოწამე ირინე (I-II)
წმიდა დიდმოწამე ირინე ცხოვრობდა I საუკუნეში. ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მიგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის აღმზრდელ კარიეასთან ერთად თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღე მოდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე-მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ მტრედი – ზეთისხილის რტოთი, არწივი – გვირგვინით და ყვავი – გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა სათნოებათა – მორჩილებისა, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის რტო – მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისცემით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა – სულიერი სიმაღლის სიმბოლომ – მოართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისაგან მოძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნილობას მოუტანდა წმიდანს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქული ტიმოთესაგან და ეწოდა ირინე. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისათვის ეცა თაყვანი. როცა წმიდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმიდანის წინაშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს მარჯვენა მხარი მოტეხა და ფეხებით გათელა. წმიდა ქალწული გაათავისუფლეს. მისი ლოცვით, ყველას თვალწინ, ლიკინიუსს ხელი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე და უარყვეს წარმართობა. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმიდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა იესო ქრისტეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა ირინემ უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და განემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმიდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც 10 დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უფლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდა წმიდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმიდანს: „სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?“ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააგდო. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმიდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმიდა ირინეს მიერ მოქცეულ იქნა 10000 წარმართი. წმიდანი თავისი ქალაქიდან კალაპოლში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით თავადაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელ-იღეს წმიდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმიდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამიერ სოფლისაგან მისი განსვლის ჟამი. წმიდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლებს სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმიდანის ნეშტი ვერ იხილეს.