18.07.2026. მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

18.07.2026. მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

         …მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის  სასუფეველში (მთ. 13: 43) 

        …მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).

      …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

18.07.2026. შაბათი. ხსნილი

ღირსისა ათანასე ათონელისა და ექვსთა მოწაფეთა მისთა: დანიელისა და სხვათა (1000); მოწამეთა ანასი და კვირილასი, რომელსა ეწოდების კიპრილაც (304); ღირსისა ლამპადი ირინოპოლელისა, სასწაულთმოქმედისა (X); მოწამისა ბასილისა და მისთანა სამოცდაათთა სკვითოპოლისში წამებულთა ივლიანეს დროს (361-363); ღირსისა დომენტისა (VII); ღირსისა სერგისა, რადონეჟელ იღუმენისა, სასწაულთმოქმედისა (ნაწილთა პოვნა 1422).

დღის ლოცვები

ღირსი ათანასე ათონელის

ტროპარი: ხორციელი ცხორებაი შენი დაუკვირდა ანგელოზთა გუნდსა, რამეთუ, ვითარცა უხორცო, უხილავად შეერთე, ყოვლადქებულო, და ეშმაკთა მანქანებანი ყოველნი განაქარვენ, ათანასე; ამისთვისცა ქრისტემან მოგანიჭა შენ მდიდრად ნიჭნი საღმრთონი, მამაო ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: ვითარცა უნივთოთა არსებათა მხილველსა სახარულევანსა, მოქმედსა და მაუწყებელსა ჭეშმარიტისასა, გიწოდს შენ სამწყსო შენი, ღმრთისმეტყუელო: ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის ხსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან, რომელნი გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მამაო ათანასე. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: ლკ. 11: 27-30 (დას. 43).
ლიტ.: ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
რიგ.: რომ. 12: 1-3 (დას. 108). მთ. 10: 37 – 11: 1 (დას. 39). 

ცისკ.: ლკ. 11: 27-30 

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. 29. როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა. 30. ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის.

ლიტ.: ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ლიტ.: ღირ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები. 

რიგ.: რომ. 12: 1-3 

1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება. 2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული. 3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.

რიგ.: მთ. 10: 37 – 11: 1 

37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; 38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. 39. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. 40. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. 41. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. 42. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური. 

1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

ღირსი ათანასე ათონელი (+1000)
ღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში – აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. აბრაამი გამზრდელისაგან კეთილმსახური ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა მას ლოცვასა და მარხვაში.
დედობილის სიკვდილის შემდეგ ჭაბუკი კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ უფროსის (919-944) კარზე წაიყვანეს და სახელგანთქმულ რიტორს, ათანასეს დაუმოწაფეს.
იმ ხანებში კონსტანტინოპოლში ჩავიდა ღირსი მიქაელ მალეინი (ხს. 12 ივლისს) კიმინის მონასტრის იღუმენი. აბრაამმა მას უფლისთვის ცხოვრების შეწირვის გულწრფელი სურვილი გაუმჟღავნა. ღვთაებრივმა მოხუცებულმა ჭაბუკში სულიწმიდის რჩეული ჭურჭელი შეიცნო, სიყვარულით აღივსო მის მიმართ და დიდხანს გულმოდგინედ მოძღვრავდა მას ცხონების საკითხებზე. ერთხელ, სულიერ საკითხებზე საუბრის დროს, მათ შემოესწრო მიქაელის ნათესავი ნიკიფორე ფოკა – ცნობილი მხედართმთავარი, შემდგომში – იმპერატორი. აბრაამის სულის სიმაღლემ და გონების გამჭრიახობამ მისადმი ღრმა პატივისცემით განმსჭვალა იგი. წმიდანს ბერული ცხოვრების სურვილი დაუოკებელ სწრაფვად ექცა, მან მიატოვა ყველა და ყველაფერი, კიმინის სავანეს მიაშურა, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და ბერად აღკვეცა სთხოვა. იღუმენი დარწმუნდა რა აბრაამის სიბრძნესა და სიწმინდეში, მალე აღკვეცა იგი და სახელად ათანასე უწოდა.
ათანასე ღირსი მიქაელ მალეინის ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას: მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა და საოცარი გულმოდგინებით აღასრულებდა ნებისმიერი მორჩილების საქმეს. ღირს ათანასეს სურდა, კვირაში მხოლოდ ერთხელ ეჭამა პური, მაგრამ წმიდა მიქაელმა, მოწაფის ნება რომ აღეკვეთა, უბრძანა, საზრდელი ყოველ მესამე დღეს მიეღო, თან ჭილოფზე დაეძინა და არა სკამზე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ნეტარი ათანასე მშვიდად დაჰყვა კურთხევას. მორჩილების საქმეებისაგან თავისუფალ დროს იგი წიგნების გადაწერით იყო დაკავებული.
დაუცხრომელი მარხვით, მღვიძარებით, მეტანიებით, ღვთივსათნო მოღვაწეობით ათანასემ მალე ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ იღუმენმა მდუმარებასა და განკრძალულ ადგილას დაყუდებაზე მისცა კურთხევა, თან კანონად დაუდგინა: დღეგამოშვებით ეჭამა პური და მცირეოდენი წყალი ეხმია, დიდმარხვაში საზრდელი ხუთ დღეში ერთხელ მიეღო მხოლოდ, უწინდებურად ჯდომით დაეძინა, კვირადღეებსა და საუფლო დღესასწაულებში კი ლოცვასა და უფლის განდიდებაში ეფხიზლა მწუხრიდან დღის სამ საათამდე. ნეტარი გულმოდგინედ ასრულებდა კურთხევას, მაგრამ ფარული ღვაწლის სიყვარულმა და შიშმა, რომ წმიდა მიქაელს წინამძღვრობა მისთვის არ გადაებარებინა, ათანასემ კიმინის მთა დატოვა. მან მხოლოდ საკუთარი ხელით გადაწერილი სახარება წაიღო თან და ათონის მთის ყველაზე მივარდნილ ადგილს – მელანას მიაშურა. აქ წმიდანმა მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. ახოვანი მოსაგრეობით იგი თანდათან მაღლდებოდა სულიერი კიბის საფეხურებზე და სრულყოფილების მწვერვალს უახლოვდებოდა.
ადამიანთა მოდგმის მტერი ცდილობდა, ათანასეში მოღვაწეობის ადგილისადმი სიძულვილი გაეღვივებინა და ბოროტი გულისთქმებით აშფოთებდა მას. ნეტარმა გადაწყვიტა, ერთი წელი ეთმინა – უფლის ნების გაცხადებას დალოდებოდა. როცა დათქმული ვადის უკანასკნელ დღეს წმიდა ათანასე ლოცვად დადგა, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააცისკროვნა იგი, გამოუთქმელი სიხარულით აღივსო, დაიწმინდა ავი გულისზრახვებისაგან და თვალთაგან მადლმოსილი ცრემლები გადმოსდინდა. ამ დროიდან მოყოლებული ათანასე საოცრად ლმობიერი გახდა, ეს ადგილი კი ისე ძლიერ შეუყვარდა, როგორაც უწინ სძაგდა. ამ ხანებში ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი მოეწყო.
ნეტარ ათანასეს არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავებით დაემძიმებინა და უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, მაგრამ შემდეგ ყოველივე ამაში ღვთაებრივი ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი… და წმიდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა.
სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებსაც: იოანეს (ხს. 12 ივლისს) და ექვთიმეს (ხს. 13 მაისს), იოანე-თორნიკყოფილს (ხს. 12 ივნისს)…
წმიდა იღუმენმა ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა თავისი მონასტრის წეს-განგება.
თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ზეციური დედოფალი მფარველობდა წმიდანს. იგი მრავალჯერ გამხდარა ღირსი ყოვლადწმიდა ქალწულის ხილვისა. ერთხელ, ღვთის ნებით, ათონის მთაზე საშინელი შიმშილობა დაიწყო. სულითა და ხორცით დაუძლურებული ბერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ლავრას. მარტოდმარტო დარჩენილი ნეტარი ათანასეც წუთიერად სულმოკლეობამ შეიპყრო და წასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად გზაზე მის შესახვედრად მომავალი ქალბატონი გამოჩნდა ჰაეროვანი თავსაბურით. „ვინ ხარ და საით მიდიხარ?“ – ჩუმად იკითხა მან. უნებლიე მოწიწების გრძნობით აღვსილი წმიდა ათანასე შედგა. -„მე აქაური ბერი ვარ“, – უპასუხა და თავის გასაჭირზე მოუთხრო. -„და პურის ნატეხისთვის ტოვებ ამ სავანეს, რომელსაც განდიდება უწერია მოდგმიდან მოდგმამდე? სად არის შენი სარწმუნოება? გაბრუნდი და მე მიგულვე შემწედ!“ -„შენ ვინა ხარ?“ – ჰკითხა ათანასემ. „მე დედა ვარ შენი უფლისა“, – მიუგო უცნობმა და წმიდანს უბრძანა, მახლობლად მდებარე ლოდისთვის კვერთხი დაეკრა. ბზარიდან გადმოხეთქა მადლმოსილმა წყარომ, რომელიც დღემდე კეთილგემოვნებით ატკბობს და აგრილებს ბერებსა და მონასტერში მისულ მლოცველებს.
საძმო იზრდებოდა. ლავრაში სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა. ღირსმა ათანასემ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა, ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამსოფლიდან და ძმებს სთხოვდა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა, კაცობრივი გონება ხომ უძლურია შეიმეცნოს ღვთის განგებულება. ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს; სენაკში შევიდა, მანტია შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდგომ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათს მიმართა დასათვალიერებლად. უეცრად სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმიდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს: „დიდება შენდა, ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს (+1000). 
ღირსი ლამპადი ირინოპოლელი (დაახლ. X)
ღირსი ლამპადი ირინოპოლელი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და ღრმა მოხუცებულობამდე მოსაგრეობდა ირინოპოლის მახლობლად, უდაბნოს ერთ გამოქვაბულში. უფალმა თავისი სათნომყოფელი სასწაულებით განადიდა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც (+არა უგვიანეს X ს.).
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა (+1422)
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა (+1422)წმიდა სერგი რადონეჟელი 1392 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა. ნეტარი მამის ცხოვრება იხილეთ 25 სექტემბრის საკითხავში.