18.09.2025. მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

18.09.2025. მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

            ხოლო  თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

18.09.2025. ხსნილი

წინასწარმეტყველისა ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა – წმიდისა იოანე ნათლისმცემლის მშობელთა (I); მოწამეთა: თიფაილისა და დისა მისისა თიბეასი (ვევეასი) (98-138); მოწამისა სარვილესი; მოწამისა რაისასი (ირაიდასი) (308); მოწამეთა იუვენტინე და მაქსიმე მხედართა (361-363); მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა მოწესეთა, ნიკომიდიას წამებულთა (370); მოწამისა აბდისი (აბიდისი) სპარსეთში (V); წმიდისა მოწამისა პეტრე ათირელისა; ზაქარია წინასწარმეტყველისა, რომელი იყო იერუსალიმით, ძე იოდაე მღვდელისა, რომელსა ეწოდებოდა ბარაქია, რომელი მოკლა იოაზ მეფემან იუდაისმან.

დღის ლოცვები 

წინასწარმეტყველი ზაქარიასი და მართლისა ელისაბედის, მშობელთა იოანე ნათლისმცემელის

ტროპარი: მღუდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, ჰსჯულისაებრ ყოვლადდასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღუდელშვენიერად შესწირენ, ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოსჩნდი, ყოვლად-ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინაისწარმეტყველო, წინა-მორბედისა თანა მეოხ გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: დღეს წინაისწარმეტყუელმან და მღდელმან უფლისამან ზაქარია, მშობელმან წინამორბედისამან, წინადაგვიგო ტაბლაი წინაისწარმეტყუელებისა, მორწმუნეთა გამომზრდელი და სასუმელი სიმართლისა ყოველთა გვიწდია; ამისთვისცა იდიდა, ვითარცა საღმრთო მესაიდუმლოე ღმრთისა მადლისა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ლიტ.: გალ. 3: 23 – 4: 5 (დას. 208). მკ. 6: 30-45 (დას. 25).
წინასწარმეტყ.: ებრ. 6: 13-20 (დას. 314). მთ. 23: 29-39 (დას. 96).

ლიტ.: გალ. 3: 23 – 4: 5 

23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც.

ლიტ.: მკ. 6: 30-45 

30. შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ. 31. ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ ადგილას და ცოტა დაისვენეთ; – რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ. 32. და მარტონი გაემგზავრნენ უდაბურ ადგილას ნავით. 33. მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ. 34. გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება. 35. და რაკი დიდმა დრომ განვლო, მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე; 36. გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი. 37. ხოლო მან პასუხად თქვა: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ საჭმელად? 38. მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“. 39. მაშინ უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ ხალხი. 40. და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი. 41. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ მათთვის; და ორი თევზიც უწილადა ყველას. 42. ყველამ ჭამა და გაძღა. 43. და გაავსეს პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი კალათი. 44. ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი. 45. მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.

წინასწარმეტყ.: ებრ. 6: 13-20 

13. რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა, 14. და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“. 15. და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა. 16. ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული. 17. ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს. 18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს, 19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს, 20. სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.

წინასწარმეტყ.: მთ. 23: 29-39 

29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს; 30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. 31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ. 32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების. 33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? 34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას; 35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. 36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე. 37. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. 38. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. 39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურებდა. მართალი თანამეუღლენი „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“ (ლკ. 1,6), მაგრამ უშვილობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა“ (ლკ. 1,15) და „პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა“ (ლკ. 1,17). ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა. როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ „მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ და იტყოდა და აკურთხებდა ღმერთსა“ (ლკ. 1,64). სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე.
როცა უსჯულო ჰეროდემ მოგვებისგან შეიტყო მესიის შობის შესახებ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის შემოგარენში ამოეჟლიტა ყველა წული „ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2,16). ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი „შორის ტაძრისა და საკურთხეველისა“ (მთ. 23,35). მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.
წმიდა მოწამე თაიფალე და მისი და თიბეა (ანუ ბებეა) წარმართთა შორის ქრიატიანული სარწმუნოების გაბედული და წარმატებული ქადაგებისთვის აწამეს, ერთი ცნობით, ტრაიანეს (98-117), სხვა წყაროებით კი – ადრიანეს (117-138) მეფობაში. ხანგრძლივი და სასტიკი წამების შემდეგ წმიდა თაიფალე ხეზე დაკიდეს და გახერხეს, მისი და თიბეა კი ყელში შუბის დარტყმით მოკლეს (15 ოქტომბერს ეკლესია იხსენიებს წმიდანებს: სარვილეს და ბებეას. ვარაუდობენ, რომ ბებეა იგივე თაიფალეს და – თიბეაა; ზოგი სარვილეს თავად თაიფალესთან აიგივებს, სხვები კი თვლიან, რომ სარვილესა და ბებეასთან ერთად 15 ოქტომბრის წმიდანებს შორის თაიფალეს სახელი ცალკე უნდა იყოს ჩართული).
წმიდა მოწამე რაისა (ირიადა) ქალწული ქალაქ ალექსანდრიიდან იყო და ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. ერთხელ, მონასტრიდან მორჩილების საქმეზე გასულმა ნეტარმა შენიშნა ხომალდი, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ. ნეტარი რაისა ნებით შეუერთდა ტყვეებს. როცა ხომალდი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში გაჩერდა, რაისა (ირიადა) პირველი გადასცეს საწამებლად და მახვილით განგმირეს. მის შემდეგ სხვა მარტვილებმაც სისხლის დათხევით დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი.
წმიდა რაისა 23 ოქტომბერსაც იხსენიება ირიადას სახელით.
წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) პირადი მცველები იყვნენ. ერთხელ, ანტიოქიაში ყოფნისას, იულიანემ გადაწყვიტა, ბაზრებში ყველა საკვები პროდუქტისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა და ქრისტიანები შეებილწა. წმიდა იუვენტინემ და მაქსიმემ დაუფარავად დაგმეს მეფის საქციელი და ამხილეს იგი ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფაში. ორივე მათგანი უღმრთო ხელისუფლის ბრძანებით დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი საპყრობილეში დაახრჩვეს. მათ ეკლესია 9 ოქტომბერსაც იხსენიებს. 
წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და სამოცდაჩვიდმეტი მამანი სასულიეროთაგანნი ნიკომიდიაში ეწამნენ არიანელი იმპერატორის, ვალენტის (364-378) დროს. ვალენტის მეფობაში არიანელებმა კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან განდევნეს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ევაგრე, იმ ქრისტიანებს კი, რომელთაც არ ისურვეს მათ მწვალებლურ სწავლებას მიმხრობოდნენ, სასტიკი დევნა დაუწყეს. მართლმორწმუნეებმა გადაწყვიტეს, იმპერატორისთვის ეთხოვათ დახმარება და მასთან ელჩობა გაგზავნეს ოთხმოცამდე რჩეული სასულიერო პირით ურბანოსის, თეოდორესა და მედიმნეს წინამძღვრობით. მათი სამართლიანი საჩივარი რომ მოისმინა, უღმრთო თვითმპყრობელი გააფთრდა, მაგრამ შეძლო რისხვის დაოკება. მან ფარულად მოუწოდა ეპარქ მოდესტოსს და უბრძანა, მთელი ელჩიონი ამოეჟლიტა. მოდესტოსმა ხმები დაყარა, მეფესთან წარმოგზავნილებს გადასახლებაში აგზავნიანო, შემდეგ კი ხომალდზე აიყვანა ისინი და მენავეებს განკარგულება მისცა, ღია ზღვაში გემისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ (+370). 
წმიდა მოწამე აბდე (აბიდე), სპარსეთში წამებული (V)
წმიდა მოწამე აბდე (აბიდე), სპარსეთში წამებული (V)წმიდა მოწამე აბდე (აბიდე) იეზდიგერდ I-ის (408-420) ზეობისას ეწამა სპარსეთში მზისა და ცეცხლის თაყვანისცემაზე უარის თქმისთვის.
წმიდა მოწამე სარვილე