18.11.2025. 24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

18.11.2025. 24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

18.11.2025.  ხსნილი

მოწამეთა გალაქტიონისა და მეუღლისა მისისა ეპისტიმისი (III); მოციქულთა 70-თაგანთა: პატრობისა, ერმისა, ლინესი, გაიოზისა, ფილოლოგისა (I); გრიგოლი ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა (IX); იონასი, ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოსისა (1470); ღირსისა ქალწულისა კანონიკესი, კოსტანტინეპოლის მთავრის ასულისა.

დღის ლოცვები

მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიას კონდაკი:

მოწამეთა ქრისტესთა ახოვანთა კეთილთა მათ ბანაკთა აღირაცხენით და ბრწყინვალედ იღუაწეთ, გალაქტიონ დიდებულო, პატიოსნისა მის მოყუარისა და თანა მოღუაწისა შენისა ეპისტიმიას თანა, დაუცხრომელად ევედრენით მხოლოსა ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

1 თეს. 3: 9-13 (დას. 268). ლკ. 12: 42-48 (დას. 68).

1 თეს. 3: 9-13 

9. რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით? 10. დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება. 11. თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ. 12. თქვენ კი უფალმა აგავსოთ სიყვარულით ერთურთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენი სიყვარულით სავსენი, 13. რათა სიწმიდითა და უბიწოებით განვამტკიცოთ თქვენი გულები ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, როდესაც მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის ყველა წმიდასთან ერთად. ამინ.

ლკ. 12: 42-48 

42. და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ? 43. ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. 44. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. 45. მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყებს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას, 46. მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს. 47. ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება. 48. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

მოციქულთა: პატრობასი, ერმისა, ლინოსისა, გაიოზისა, ფილოლოგესი, 70-თაგანთა (I);

წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე (I) სხვადასხვა ქალაქებში ქადაგებდნენ სახარებას. წმიდა პატრობა (რომ. 16,14) ნეაპოლისა და პუტეოლის (იტალია) ეპისკოპოსი იყო, წმიდა ერმე (ერმი) (რომ. 16, 14) ფილიპოპოლისისა. ლინოსმა (2 ტიმ. 4,21) პეტრე მოციქულის შემდეგ დაიკავა რომის საეპისკოპოსო კათედრა, წმიდა გაიოზი კი ეფესოს ეპისკოპოსი იყო მოციქულ ტიმოთეს შემდგომ; წმიდა ფილოლოგე (რომ. 16,15) ანდრია პირველწოდებულმა სინოპის (შავიზღვისპირეთი) ეპისკოპოსად აკურთხა. უფლის რჩეულები მრავალ მწუხარებას ითმენდნენ, წარმართთა მრავალ გამოხდომას უმკლავდებოდნენ თავიანთი მღვდელმთავრული ღვაწლის დროს, ბოლოს კი ყველა მათგანმა (გარდა ერმესი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ერმე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა ქალაქ ფილიპოპოლისში (იხ. 8 მარტის და 31 მაისის საკითხავები).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

 

წმინდა მოწამენი: გალაქტიონი და მეუღლე მისი ეპისტიმია, ემესელნი (III) 

წმინდა მოწამენი: გალაქტიონი და მეუღლე მისი ეპისტიმია, ემესელნი (III) -ხსენება 05 (18) ნოემბერს
ფინიკიის ქალაქ ემესაში ცხოვრობდნენ მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია. ყოველი სიკეთის პატრონნი იყვნენ, მაგრამ მათ გულს დიდი დარდი ტანჯავდა-შვილი არ ეძლეოდათ… ქალს ამ “ცოდვის” გამო ხშირად უწევდა დამცირების ატანა ქმრისგან და სხვა ახლობელთაგან, თუმცა, “ღმერთთაგან” მათთვის ყველაზე საყვარელის, არტემიდასათვის შეწირული უხვი და ხშირი ძღვნის მიუხედავად, შვილი არ ეძლეოდათ.
იმ დროს ქალაქ ემესას განაგებდა რომაელი კეისრებისგან დადგენილი სირიელი სეკუნდუსი, ქრისტიანთა დაუნდობელი მდევნელი, მათ დასაშინებლად ქალაქის ქუჩებში წამების ამაზრზენი იარაღების გამოფენა რომ ბრძანა. მიუხედავად ამისა, ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენის მოსურნე მრავალი ქრისტიანი ნებით ბარდებოდა ჯალათებს.
ამ დროს ემესაში მღვდელ-მონაზონი ონოფრე ცხოვრობდა, გლახაკის ძონძებით რომ ფარავდა თავის სამღვდელო ღირსებებს, სახლიდან სახლში გადადიოდა და მოწყალებას ითხოვდა.
ყველგან, სადაც ადამიანების წარმართთა ცთომილებისგან დახსნის შესაძლებლობას ხედავდა, ნეტარი ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა.
ერთხელ მოხუცი ლევკიპიას მდიდრულ სახლშიც მივიდა.
როდესაც დიასახლისმა დაკონკილი მოხუცი იხილა, შინ შემოუშვა და ყოველივე მიაგო.
იმ დღეს ლევკიპია უგუნებოდ იყო-მეუღლემ კვლავ შეურაცხყო უნაყოფობის გამო, მის გულს ღრმა ოხვრა აღმოხდა, რაც ონოფრეს არ გამოჰპარვია და დაეკითხა:
– ქალბატონო, ასეთი რა ჯავრი გიღრღნით გულსო?
– შვილნი არ მყავს, მოხუცო, რამეთუ უნაყოფო ვარ. ამის გამო მეუღლე მიწყრება და ფიზიკურადაც შეურაცხმყოფს… მრავალი ოქრო და საბოძვარი გავიღე ღმერთების და ჯადოქრებისათვის, თუმცა, ამაოდ.
– რომელ ღმერთს მსახურებ?-ჰკითხა ონოფრემ.
– დიდ ქალღმერთ არტემიდას,-მიუგო ქალმა.
– უნაყოფო იმიტომაც ხარ, ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ მსახურებ.
– მაინც რომელი ღმერთი უნდა მეიმედებოდეს, რომ დედობის ღირსი გავხდე?-დაეკითხა ლევკიპია.
– ჭეშმარიტ ღმერთის, უფალი იესო ქრისტესი, მამისა და სულისა წმიდისა,-იყო პასუხი.
– იმ ღმერთზე მეუბნები, გალილეველნი რომ მსახურებენ?
– სწორედ მასზე, რომელმან შექმნა სამყარო.
– მეშინის, რომ ჩემი რწმენის გამო სეკუნდუსმა სხვა ქრისტიანთა დარად არ შემიპყროს და სიკვდილს არ მიმცეს, რამეთუ მრავალი იმსხვერპლა უკვე.
– თუ სეკუნდუსის გეშინის, ქრისტეს ფარულად ემსახურე ისე, როგორც თავად ვმსახურებ ამ ძონძებში გამოკრული, და ამით სულს იხსნი,-ურჩია ონოფრემ,
– თუ მე ამ რწმენას მივიღებ, მეუღლე კი კვლავ წარმართი დარჩება, ამით ჩემს რწმენას ხომ შევურაცხვყოფ?
– მთელი გულით მიიღე იგი, ნათელ იღე და თუ შენს რწმენას არ უღალატებ, საკუთარ სულსაც გადაირჩენ და მეუღლესაც!
– ღირსო მამაო, ძალგიძთ, ახლავე მომნათლოთ?-ჰკითხა ლევკიპიამ,
მოხუცმა წყალი მოატანინა და ქალი მონათლა.
ლევკიპიამ მსახურთ უბრძანა, ამის შესახებ არავისთვის არაფერი გაემხილათ, შემდეგ ნათლობის წმინდა საიდუმლოს შესანახად თავი მოიავადმყოფა, რომ შინ დაბრუნებულ მეუღლეს მასთან ურთიერთობა არ მონდომებოდა.
სანამ ონოფრე იქაურობას დატოვებდა, ლევკიპიამ სთხოვა, არ დაევიწყებინა, შეძლებისდაგვარად მოენახულებინა ხოლმე და ის ესწავლებინა, რაც სულის ხსნაში შეეწეოდა.
შვიდი დღის შემდეგ ქალს ჯვარზე გაკრული ქრისტე ეჩვენა და აღუთქვა,-შვილი გეყოლება, მაცხოვრის ჭეშმარიტი მიმდევარი, რომელიც მისი სამეუფოს მკვიდრი შეიქნებაო.
ამ გამოცხადებამ დიდი სიხარულით აღავსო ქალი, მალე კი სანატრელი ორსულობის შესახებ შეიტყო…
თავიდან მეუღლეს არაფერი გაუმხილა, ხოლო როცა ამის ჟამი დადგა, ქმარმა ძლიერ განიხარა და უთხრა:
ახლა კი მჯერა, რომ ღმერთთათვის სათნო ხარ, ამიტომ მოდი, წავიდეთ და მათ მსხვერპლი შევწიროთო,-შენ რომ მომიწოდებ, იმ ღმერთებმა კი არა, სულ სხვა, ჯვაცმულმა ღმერთმა მაჩუქა შვილი, იმან, მის ჩასახვამდე ძილად რომ გამომეცხადა და თუ მადლობის აღვლენა გსურს, სწორედ მას შევწიროთ მსხვერპლიო! იმ ღმერთს, შენ რომ გამოგეცხადა, გალილეველნი ეთაყვანებიან, მასზე მრავალი რამ მსმენია, ჯვარზე მართლაც გააკრეს და უამრავი სასწაული აღასრულაო,-მიუგო ქმარმა.
– მაშ, რატომ არ უნდა ვირწმუნოთ იმისი, ვინც ყოვლისშემძლეა და ჩვენდამი ისე გულმოწყალე, ჩემი უნაყოფობა განაქარვა და შვილი გვაჩუქა?
– ხომ უწყი, თუ რა სისასტიკით უსწორდება ამ მხარის თავკაცი ქრისტიანთ?
– თუ ეს გაბრკოლებს, შენც ჩემსავით ფარულად ემსახურე უფალს და ცხოვრებაც მის მცნებათა შესაბამისად წარვმართოთ!
– მაგრამ ვინ დაგვმოძღვრავს და გვიწინამძღვრებს ამ გზაზე?-იკითხა კლიტოფონმა,
რა დარწმუნდა, მეუღლის დაყოლიებას დიდი აღარაფერი აკლდა, იმ მოხუცის შესახებ გაუმხილა, ვის ხელთაგანაც ნათელ იღო.
გახარებულმა კლიტოფონმა თავადაც ისურვა მონათვლა და როგორც კი ნეტარი ონისიფორე ახალმოქცეულის სანახავად მივიდა, მეუღლე აჩვენა და მოანათვლინა.
ხოლო როდესაც ნანატრი ვაჟიშვილი შეეძინათ, წმინდა მოხუცმა ისიც მონათლა გალაქტიონის სახელით და იწინასწარმეტყველა:
– ეს ყრმა მიწიერზე მეტად ზეციურს შეიყვარებსო!
მშობლებმა ყრმა ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდეს და შესანიშნავი განათლება მისცეს. წმიდანს ბრწყინვალე საერო კარიერა ელოდა, მაგრამ იგი უბიწო ცხოვრებას,-განმარტოებასა და ლოცვას ესწრაფოდა.
როცა გალაქტიონს ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა და სასძლოც მოუძებნა,-მშვენიერი და დიდებული ქალწული, სახელად ეპისტიმია. ყმაწვილი მამის ნების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ, ღვთის განგებულებით, ჯვრისწერა დროებით გადაიდო.
გალაქტიონი ხშირად აკითხავდა თავის მშვენიერ საცოლეს, მაგრამ, როგორც იმ ხანად იყო მიღებული, შეხვედრისას არ ამბორსუყოფდა, რაც ძალზე აშფოთებდა ქალწულს.
მალე შვილის მწუხარება მამამაც შენიშნა და სასიძოს ჰკითხა:
– როგორც მიღებულია, რად არ ამბორსუყოფ ჩემს ასულს მისალმებისას? თუ არ გიყვარს, რაღად დაინიშნე მასზე?
გალაქტიონმა არაფერი უპასუხა, საცოლეს კი პირისპირ უთხრა:
– ეპისტიმია, იცი, რად არ გეამბორები შეხვედრისას?
– არა, ბატონო ჩემო და ეს ძალზე მამწუხრებს,-მიუგო ქალწულმა,
– იმიტომ, რომ ქრისტიანი არა ხარ, შენი ბაგენი ბილწ ღმერთთ ეამბორებიან, მე კი მათი შეხებით ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს შეურაცხყოფა არა მსურს და ამადაც გერიდები. თუ ჩემი სიყვარულის მოპოვება გსურს, ნათელ იღე და ისე მეყვარები, როგორც-საკუთარი თავი, მეუღლეს გიწოდებ და აღსრულებამდე ერთად ვიქნებით!
– ყოველივეს ვიქმ, ოღონდ შენი სიყვარული მოვიხვეჭო,-აღუთქვა ეპისტიმიამ,
– რადგან აქ არავინაა, ვის ხელთაგანაც ნათელს იღებ, მდინარეზე ვითომ საბანაოდ გამოდი, თეთრი სამოსი წამოიყოლე, იქ მოვალ და თავად მოგნათლავო,-დაჰპირდა გალაქტიონი.
ასეც მოხდა და მალე ნეტარმა ჭაბუკმა ერთ-ერთი მონა, ევტოლმიუსიც მონათლა. სწორედ მან აღწერა მოგვიანებით გალაქტიონის და ეპისტიმიას მარტვილობა.
ეპისტიმია მშობელთა სახლში დაბრუნდა და ფარულად ადიდებდა უფალს, ნათლობიდან მერვე დღეს კი საქმროს ახარა:
– რაც ნათელვიღე, ხშირად ვხედავ საოცარ ჩვენებებს,-შავად მოსილ კაცთ, მშვენიერ ქალწულთ და ფრთოსან, ცეცხლოვან და კეთილსახიერ ადამიანებს…
– შავოსანნი ისინი არიან, ქრისტეს გულისთვის ყოველივე ამსოფლიური რომ დაუტევეს და იწრო და ძნელი გზა ირჩიეს, ქალწულნი-ისინი, ვინაც საქმროები, მშობელნი, ძვირფასი სამოსი და წმინდად ცხოვრება არჩიეს, ცეცხლოვანი, პირმშვენიერი და ფრთიანი ადამიანები კი-ანგელოზნი, ვისთან ერთადაც ის ქალწულნი უფლის სასუფეველში ნეტარებენ…
– ნეტავ უფალმა მათთან ერთად ნეტარების ღირსი გაგვხადოს,-აღმოხდა ეპისტიმიას.
– თუ ქალწულობას შევინახავთ და მათებრ განვეკრძალებით წუთისოფელს, უფალი იმგვარადვე დაგვაჯილდოებს,-თქვა გალაქტიონმა.
– მზად ვარ, ქალწულობა დავიმარხო, მაგრამ შენთან განშორება კი არა მსურს,-მიუგო ეპისტიმიამ,-რადგან ამ სიხარულს სხვას ვერავის გავუზიარებ.
– თუ ამას იქმ, გპირდები, არასოდეს განგეშორები არც აქ და არც მარადისობაში,-აღუთქვა ნეტარმა.
მაშ, ვთხოვოთ უფალს, შეგვაძლებინოს ყოველი, შენ შინ წადი, მე ყოველივეს გავცემ, რაც გამაჩნია, შენც იგივე ჰქმენ, სამი დღის შემდგომ კი ერთად წავიდეთ იქ, სადაც უფალი წაგვიყვანს, შენ კი ევტოლმიუსიც წამოიყოლე, რომ ჩვენთან ერთად იღვაწოსო…
შემდეგ ერთურთს დაშორდნენ, როგორც დათქვეს, ყოველივე უპოვართ დაურიგეს და სამი დღის შემდგომ ევტოლმიუსითურთ სახლი დატოვეს…
მეათე დღეს პუბლიონის მთას მიადგნენ, სადაც ფარულად არსებობდა ორი-მამათა და დედათა მონასტერი.
სამივემ ჯერ მამათა სავანეს მიაშურა, რომლის იღუმენსაც თაყვანი სცეს და ანგელოზებრივი ცხოვრების სურვილი გაუმხილეს, შემდეგ იღუმენმა გალაქტიონი და ევტოლმიუსი მამათა სავანეში აღკვეცა, ეპისტიმია კი დედათა სავანეში წარგზავნა და იქ აღკვეცა.
ორივე სავანის მკვიდრნი ასაკოვანნი და უძლურნი იყვნენ, ამიტომ ყოველგვარი აუცილებელი ფიზიკური სამუშაოს შესრულება ახალმა მოწესეებმა იტვირთეს. ისინი რამდენიმე წელს მოსაგრეობდნენ შრომით, მარხვითა და ლოცვით.
ენა ვერ აღწერს წმინდა გალაქტიონის ღვაწლს და უდიდეს მორჩილებას, ხან კვირა ისე მიილეოდა, საკვებს არც ეკარებოდა, დედაკაცის სახე კი იმ დროის შემდეგ არ უხილავს, რაც მეუღლეს განშორდა.
არც მეზობელ მონასტერში იღუმენიასთან შესახვედრად წასულ ძმებს მიჰყვებოდა-ეპისტიმიას მაშინ შევხვდები, როცა უფალი ინებებსო!
თავად ეპისტიმია, ნეტარი გალაქტიონის სულიერი დაც მის მსგავსად წარემატებოდა სულიერ ცხოვრებაში წმინდა იღუმენიას ფრთის ქვეშ.
ორივე უფლის ტრაპეზზე დანთებულ წმინდა სანთელს მიაგავდა, თავიანთი ცხოვრებით მაგალითს რომ აძლევდნენ დანარჩენთ.
იმ დროისათვის დევნა გაძლიერდა, ზოგი სიკვდილის და საშინელი წამების შიშით კერპთ მსხვერპლს სწირავდნენ, დანარჩენთ კი სიცოცხლეს ასალმებდნენ…
მალე ვიღაცამ შეიტყო, რომ მთაში, ორ მონასტერში, მონაზვნები მოღვაწეობდნენ და მეთაურს შეატყობინა. მანაც მყისვე ჯარისკაცები აფრინა მონაზონთა დასარბევად.
ამ ამბამდე მცირე ხნით ადრე ეპისტიმიამ ძილში იხილა, თითქოს ის და გალაქტიონი საკვირველ სასახლეში იდგნენ ბრწყინვალე მეუფის წინაშე, რომელმაც მათ ოქროს გვირგვინები გამოუწოდა. ეს ნეტართა მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრულის წინასწარი განცხადება იყო.
ამ ხილვის შესახებ წერილობით ამცნო იღუმენს, რომელმაც ეპისტიმიასა და მისი სულიერი ძმის, გალაქტიონის ხვედრი იწინასწარმეტყველა და გაამხნევა, არ შეშინებოდა მტარვალთა ტანჯვას.
როგორც აღვნიშნეთ, წარმართებმა შეიტყვეს რა მონასტრების შესახებ, მის მკვიდრთა შესაპყრობად მეომართა რაზმი გაგზავნეს, მაგრამ ბერებმა და მონაზვნებმა მოასწრეს მთებში გახიზნვა. მხოლოდ გალაქტიონმა არ ისურვა გაქცეულიყო და, სენაკში დარჩენილი, წმინდა წერილს კითხულობდა.
როდესაც ეპისტიმიამ იხილა, რომ მეომრებს ნეტარი შებოჭილი მიჰყავდათ, მხურვალედ ევედრა იღუმენიას, ისიც გაეშვა:
– დედაო, არ ძალმიძს, მის წამებას შორიდან ვუყურო, არამედ მსურს, მეც მასთან ერთად მივიღო სიკვდილი!
– არა, შვილო, ჩემო, ნუ მისცემ შენს თავს წარმართთ, რამეთუ, ვშიშობ, ახალგაზრდა ხარ, მოწევნულ ტანჯვას ვერ გაუძლებ და უფალს უარყოფო!
– გალაქტიონის გარეშე სიცოცხლე არ ძალმიძს, მისი ხელით მივიღე ნათლობა, მისი წყალობით ვიპოვე ღმერთი და ამ წმინდა სავანეშიც მისი წყალობით მოვხვდი, მისი წმინდა ლოცვა შემეწეოდა ყოველგან, ამიტომ, თუ ის ქრისტესთვის მოკვდება, მზად ვარ, მეც მოვკვდე და უფლის საყდრის წინაშე წარვდგე!
იღუმენიას სხვა რა დარჩენოდა, თუ არა დათანხმებოდა და მოწამებრივი ღვაწლისთვის ეკურთხებინა…
– ძმაო და მოძღვარო, მარტო ნუ დამტოვებ, მსურს, შენს ტანჯვას თანავეზიარო, შენ ხომ დამპირდი, რომ არასოდეს განმეშორებოდი?!
ჯარისკაცებმა, რომელთაც გალაქტიონს წამების ადგილამდე მიაცილებდნენ, ეპისტიმიას ხელი სტაცეს და შეიპყრეს…
თავისი სულიერი დის მხნეობამ და სიმტკიცემ ისე გაახარა გალაქტიონი, თვალზე ცრემლი მოადგა, უფალი ადიდა და მხურვალედ შესთხოვა, ეპისტიმია განემტკიცებინა.
– დაო, ნუ შეგაშინებს თუნდ ამგვარი უმწარესი ტანჯვა, რამეთუ რაც უნდა საშინელი იყოს იგი, მაინც ხანმოკლეა და მის სანაცვლოდ მარადიულ ნეტარებას მივიღებთ!
როდესაც მმართველს წარუდგინეს, ჰკითხა:
– ვინ ხართ?
– ქრისტიანი მონაზვნები,-უპასუხა ნეტარმა გალაქტიონმა,
– ქრისტე ვინ არის?-იკითხა მეთაურმა,
– ცისა და ქვეყნის შემოქმედი, ჭეშმარიტი ღმერთი,
– თუ ქრისტე შემოქმედია, მაშ, ჩვენმა ღმერთებმა რაღა შექმნეს?
– თქვენი ღმერთები ხისა და ქვისგან შექმნილი უსულო საგანნი არიან, თავად შექმენით და თავადვე ეთაყვანებით!
ამ სიტყვამ ისე განარისხა მეთაური, ხელქვეითთ გალაქტიონის გაშიშვლება და ხარის ძარღვებით ცემა უბრძანა.
წმინდა ეპისტიმია კი ჯალათს ტირილით ამ სიტყვებით საყვედურობდა:
– უკეთურო ჯალათო, ნუთუ არ გრცხვენია, უბრალო კაცს ასე რომ ტანჯავ?!
მეთაური, სახელად ურსი უარესად გამხეცდა და ეპისტიმიას დასჯა ბრძანა:
– ეგეც ახლავე გააშიშვლეთ და უარესად გვემეთო!
ის იყო, ქალწულს სხეულზე სამონაზვნე კაბა შემოახიეს და პერანგის ამარა დატოვეს, ეპისტიმია ურსს მიუბრუნდა და უთხრა:
– წყეულიმც იყავ, უსჯულო ჯალათო! ჩემი შიშველი სხეული ჩვილობის შემდგომ არავის უხილავს, დაე, თვალისჩინი წაგერთვას, რომ ჩემი სიშიშვლე ვერ იხილოო!
ეს თქვა და ირგვლივ ყველა დაბრმავდა…
ამ მოულოდნელმა საშინელებამ ისე დაზაფრა ყველა, უმალ შესთხოვეს:-გვიშველე, ქრისტეს მონავ და შენს ღმერთს შევუვრდებითო!
ეპისტიმიას შეეწყალა ბრმადქმნილნი, ხელნი ზეცად აღაპყრო, ილოცა და თვალისჩინი ყველას მაშინევ დაუბრუნდა, მათგან 53 მართლაც მოიქცა და ნათელ იღო…
თუმცა, ურსი ისე შეეპყრო ბოროტს, მართალია, თვალნი აღეხილა, ეს სასწაული ქრისტეს კი არა, თავის უსულო “ღმერთებს მიაწერა”,-იმიტომ დაგვაბრმავეს, რომ ამ მონაზონთა მკრეხელობა ვითმინეთო!
მაშინ უარეს სატანჯველს სწია წმინდა მოწამენი-ცოცხლად გაატყავა, ისინი კი კვლავ ხმამაღლა აღიარებდნენ ქრისტეს.
გაცოფებულმა ხელნი და ფეხნი დააჭრა, მაგრამ როდესაც ვერც ამით დაადუმა ნეტარნი, ენები ამოართვა, რომ ქრისტეს დიდება შეეწყვიტათ, ბოლოს კი თავნი წარკვეთა…
ევტოლმიუსმა – ეპისტიმიას ყოფილმა მონამ, მისმა ქრისტესმიერმა ძმამ და თანამოსაგრემ, ფარულად მიაბარა მიწას წმინდა მარტვილთა ცხედრები. თავისი თანამედროვეებისა და შემდგომი თაობების დასამოძღვრად მანვე აღწერა უფლის რჩეულთა ცხოვრება და წამება.
……………………………….

ტროპარი:
მოწამეთა შენთა, უფალო, გალაქტიონ და ეპისტიმია, ღუაწლსა შინა თუისსა გუირგუინი მოიგეს უხრწნელებისაი, შენ მიერ, ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ-მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი:
მოწამეთა ქრისტესთა ახოვანთა კეთილთა მათ ბანაკთა აღირაცხენით, და ბრწყინვალედ იღუაწეთ, გალაქტიონ დიდებულო, პატიოსნისა მის მოყუსისა და თანამოღუაწისა შენისა ეპისტიმას თანა. დაუცხრომელად ევედრენით მხოლოსა ღმერთსა ჩუენ ყოველთათუის.

სტატიის ავტორი: ჟურნალი “კარიბჭე” admin
წმიდა გრიგოლი – ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (IX)

წმიდა გრიგოლი – ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ყოველგვარი სათნოებებით შემკული მღვდელმთავარი, იმპერატორ ლეონ სომეხის (813-320) დროს ეწამა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დაცვისათვის. ყოველგვარი წამების დამთმენი და ხატმბრძოლთა ერესის უშიშრად მამხილებელი წმიდანი გადასახლებაში აღესრულა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

იონასი, ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოსისა (1470)

 

ღირსისა ქალწულისა კანონიკესი, კოსტანტინეპოლის მთავრის ასულისა.