…მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა (ინ. 5: 28-29).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-25 შვიდეული. ოთხშაბათი
18.11.2026. მარხვა
მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიასი (III); მოციქულთა: პატრობისა, ერმისა, ლინესი, გაიოზისა, ფილოლოგისა, 70-თაგანთა (I); წმ. გრიგოლი ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (IX).
დღის ლოცვები
მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიას კონდაკი:
მოწამეთა ქრისტესთა ახოვანთა კეთილთა მათ ბანაკთა აღირაცხენით და ბრწყინვალედ იღუაწეთ, გალაქტიონ დიდებულო, პატიოსნისა მის მოყუარისა და თანა მოღუაწისა შენისა ეპისტიმიას თანა, დაუცხრომელად ევედრენით მხოლოსა ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია (რიგ.) – 2 თესალონიკელთა მიმართ 2:1-12; ლიტურგია (მოწ.) – ებრაელთა მიმართ 11:33-12:2; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 11:42-46; ლიტურგია (მოწ.) – ლუკას სახარება 21:12-19.
ლიტ. (რიგ.) – 2 თეს. 2: 1-12
1. გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, 2. იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. 3. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, 4. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. 5. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? 6. ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს. 7. რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. 8. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, 9. მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, 10. ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით – წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. 11. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, 12. და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო.
ლიტ. (მოწ.) – ებრ. 11: 33-12: 2
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 11: 42-46
42. მაგრამ ვაი თქვენდა, ფარისეველნო, რომელნიც იხდით მეათედს პიტნისას, ტეგანისას და ყოველი მწვანილისას, ღმრთის სამართალს და სიყვარულს კი უგულებელყოფთ. ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ. 43. ვაი თქვენდა ფარისეველნო, ასე რომ გიყვართ სინაგოგებში წინა რიგში ჯდომა და საკრებულოებში სალმის ძღვნა. 44. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ უჩინო საფლავებს, რომლებსაც ფეხით თელავენ კაცნი და არ კი იციან. 45. მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც გვაგინებ? 46. მაგრამ მან თქვა: და თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი, რადგან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ შეაშველებთ ტვირთს.
ლიტ. (მოწ.) – ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე – სამოცდაათთაგანნი (I)
წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე (I) სხვადასხვა ქალაქებში ქადაგებდნენ სახარებას. წმიდა პატრობა (რომ. 16,14) ნეაპოლისა და პუტეოლის (იტალია) ეპისკოპოსი იყო, წმიდა ერმე (ერმი) (რომ. 16, 14) ფილიპოპოლისისა. ლინოსმა (2 ტიმ. 4,21) პეტრე მოციქულის შემდეგ დაიკავა რომის საეპისკოპოსო კათედრა, წმიდა გაიოზი კი ეფესოს ეპისკოპოსი იყო მოციქულ ტიმოთეს შემდგომ; წმიდა ფილოლოგე (რომ. 16,15) ანდრია პირველწოდებულმა სინოპის (შავიზღვისპირეთი) ეპისკოპოსად აკურთხა. უფლის რჩეულები მრავალ მწუხარებას ითმენდნენ, წარმართთა მრავალ გამოხდომას უმკლავდებოდნენ თავიანთი მღვდელმთავრული ღვაწლის დროს, ბოლოს კი ყველა მათგანმა (გარდა ერმესი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ერმე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა ქალაქ ფილიპოპოლისში (იხ. 8 მარტის და 31 მაისის საკითხავები). წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია (III)
წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია. მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია ფინიკიის ქალაქ ემესაში ცხოვრობდნენ. ისინი უხვად სწირავდნენ ოქროებს წარმართ ქურუმებს, მაგრამ მემკვიდრე მაინც არ ეძლეოდათ.III საუკუნეში ქალაქ ემესას განაგებდა რომაელი კეისრებისგან დადგენილი სირიელი სეკუნდუსი. იგი ქრისტიანთა დაუნდობელი მდევნელი იყო და მათ დასაშინებლად ქალაქის ქუჩებში წამების ამაზრზენი იარაღების გამოფენა ბრძანა. მიუხედავად ამისა, ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენის მოსურნე მრავალი ქრისტიანი ნებით ბარდებოდა ჯალათებს.
ამ დროს ემესაში ცხოვრობდა მღვდელ-მონაზონი ონოფრე, რომელიც გლახაკის ძონძებით ფარავდა თავის სამღვდელო ღირსებებს, სახლიდან სახლში გადადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ყველგან, სადაც ადამიანების წარმართთა ცთომილებისგან დახსნის შესაძლებლობას ხედავდა, ნეტარი ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა. ერთხელ მოხუცი ლევკიპიას მდიდრულ სახლშიც მივიდა. როცა ქალისგან მოწყალებას იღებდა, ონოფრემ იგრძნო, რომ იგი დამწუხრებული იყო და სევდის მიზეზი ჰკითხა. ლევკიპიასაც არ დაუმალავს თავისი უბედურება. ბერმა ანუგეშა უშვილო დედაკაცი, მოუთხრო ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და დაარწმუნა ის ქრისტეს ყოვლისშემძლეობასა და გულმოწყალებაში. ლევკიპია იმედით აღივსო, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ღვთისმოსავ ქალს ძილში ეუწყა, რომ შობდა ძეს, რომელიც მაცხოვრის ჭეშმარიტი მიმდევარი შეიქნებოდა. თავდაპირველად ლევკიპია მეუღლეს არ უცხადებდა თავის სიხარულს, მაგრამ როცა ყრმა იშვა, გაუმხილა საიდუმლო და ნათლობაზეც დაიყოლია.
ახალშობილს გალაქტიონი დაარქვეს. მშობლებმა იგი ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდეს და შესანიშნავი განათლება მისცეს. წმიდანს ბრწყინვალე საეროკარიერის გაკეთება შეეძლო, მაგრამ იგი უბიწო ცხოვრებას – განმარტოებასა და ლოცვას ესწრაფოდა.
როცა გალაქტიონს ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა და სასძლოც მოუძებნა – მშვენიერი და დიდებული ქალწული, სახელად ეპისტიმია. ყმაწვილი მამის ნების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ, ღვთის განგებულებით, ჯვრისწერა დროებით გადაიდო. გალაქტიონმა, რომელიც ხშირად დადიოდა თავის საცოლესთან, თანდათან ისიც მოაქცია ქრისტიანობაზე და ფარულად მონათლა. ეპისტიმიასთან ერთად ნათელიღო მისმა ერთ-ერთმა მონამ – ევტოლმიუსმაც. ახალმოქცეულებმა გალაქტიონის მიბაძვით გადაწყვიტეს, მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდნენ. მათ დატოვეს ქალაქი და მიაშურეს პუბლიონის მთას, სადაც ფარულად არსებობდა ორი – მამათა და დედათა მონასტერი. ორივე სავანის მკვიდრნი ასაკოვანნი და უძლურნი იყვნენ, ამიტომ ყოველგვარი აუცილებელი ფიზიკური სამუშაოს შესრულება ახალმა მოწესეებმა იტვირთეს. ისინი რამდენიმე წელს მოსაგრეობდნენ შრომით, მარხვითა და ლოცვით. ერთხელ ეპისტიმიამ ძილში იხილა ჩვენება, თითქოს ის და გალაქტიონი საკვირველ სასახლეში იდგნენ ბრწყინვალე მეუფის წინაშე, რომელმაც მათ ოქროს გვირგვინები გამოუწოდა. ეს ნეტართა მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრულის წინასწარი განცხადება იყო.
წარმართებმა შეიტყვეს მონასტრების შესახებ და მის მკვიდრთა შესაპყრობად მეომართა რაზმი გაგზავნეს, მაგრამ ბერებმა და მონაზვნებმა მოასწრეს მთებში გახიზნვა. მხოლოდ გალაქტიონმა არ ისურვა გაქცეულიყო და, სენაკში დარჩენილი, წმიდა წერილს კითხულობდა. როცა ეპისტიმიამ იხილა, რომ მეომრებს ნეტარი შებოჭილი მიჰყავდათ, მხურვალედ ევედრა იღუმენიას, ისიც გაეშვა – სურდა, რომ თავის დაწინდულთან და მოძღვართან ერთად წამებულიყო ქრისტესთვის. წინამძღვარმაც, ცრემლმორეულმა, აკურთხა იგი მოწამეობრივ ღვაწლზე.
წმიდა გალაქტიონმა და ეპისტიმიამ ლოცვა-ვედრებითა და ქრისტეს დიდებით დაითმინეს უმძიმესი სატანჯველები. ბოლოს უღმერთოებმა ისინი ცოცხლად გაატყავეს და ისე ამოხადეს სული.
ევტოლმიუსმა – ეპისტიმიას ყოფილმა მონამ, მისმა ქრისტესმიერმა ძმამ და თანამოსაგრემ, ფარულად მიაბარა მიწას წმიდა მარტვილთა ცხედრები. თავისი თანამედროვეებისა და შემდგომი თაობების დასამოძღვრად მანვე აღწერა უფლის რჩეულთა ცხოვრება და წამება.
წმიდა გრიგოლი – ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (IX)
წმიდა გრიგოლი – ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ყოველგვარი სათნოებებით შემკული მღვდელმთავარი, იმპერატორ ლეონ სომეხის (813-320) დროს ეწამა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დაცვისათვის. ყოველგვარი…