… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-2, თომას კვირიაკე. ანტიპასქა. აღდგომის განახლება.
კვირაცხოვლობა. ხმა I.
19.04.2026 მსგეფსი
ევტიქი კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (582); მეთოდე მორავიელ მთავარეპისკოპოსისა (885); ღირსისა პლატონიდა ასურისა (308); 120-თა სპარსელ მოწამეთა (344-347); მოწამეთა იერემიასი და არქილე ხუცისა (III); ხსენება ზოსიმესი და შიშველმართალთა.
დღის ლოცვები
აღდგომიდან მე-2 თომას კვირა, კვირაცხოვლობა
ტროპარი: დაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაი აღმობრწყონდა, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ ყოველთა აღდგომაი, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდთა შენითა წყალობითა.
კონდაკი: გამომეძიებელითა მარჯუენითა გვერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შერახვედ კართა დახშულთა და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ჰყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.
საღმრთოსა ევტიქის სარწმუნოებით ვაქებდეთ, ერნო, და გალობით და სიყუარულით ვნატრიდეთ, ვითარცა დიდსა მწყემსმთავარსა და მასწავლელსა ბრძენსა, და მწვალებელთა მომსრველს, და მეოხსა მარადის უფლის მიმართ ჩუენ ყოველთასა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).
ლიტ.: საქმ. 5: 12-20 (დას. 14). ინ. 20: 19-31 (დას. 65).
ცისკ.: მთ. 28: 16-20
16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
ლიტ.: საქმ. 5: 12-20
12. ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან. 13. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ. 14. და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა. 15. ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ. 16. ახლომახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს, მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ. 17. მაშინ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, სადუკეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდნენ, აღდგნენ და შურით აღივსნენ. 18. ხელი დაადეს მოციქულებს და საჯარო საპყრობილეში ჩაყარეს. 19. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა: 20. წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.
ლიტ.: ინ. 20: 19-31
19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! 20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. 22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. 24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. 25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ. 26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! 27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. 28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. 30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. 31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსი პლატონიდა ასური (+308)
ღირსი პლატონიდა ასური (+308) – დიაკონისა იყო, შემდეგ ნიზიბიის უდაბნოში წავიდა და დააარსა დედათა მონასტერი.მისი სავანის ტიპიკონი სიმკაცრით გამოირჩეოდა. დები დღეში ერთხელ იღებდნენ საკვებს. ლოცვისგან თავისუფალ დროს ხელსაქმობდნენ. პარასკევს, მაცხოვრის ჯვარცმის ხსენების დღეს, ყოველგვარი საქმიანობა წყდებოდა და დედები დილიდან საღამომდე ტაძარში იყვნენ. მსახურების შუალედებში იკითხებოდა წმიდა წერილი და მისი განმარტება.
ღირსი პლატონიდა დებისთვის მკაცრი მონასტრული მოღვაწეობისას, სიმდაბლისა და მოყვასის სიყვარულის ცოცხალი მაგალითი იყო. ღრმა მოხუცებულობას მიღწეული ღირსი პლატონიდა მშვიდობით მიიცვალა 308 წ.
120 მოწამე სპარსთაგან წამებული (+344-347); მოწამე იერემია და არქილე ხუცესი (IV)
120 მოწამე სპარსთაგან წამებული, მოწამე იერემია და არქილე ხუცესი. სპარსეთის მეფე საპორმა საბერძნეთიდან ტყვედ წაყვანილ ქრისტიანებს სჯულის შეცვლა მოსთხოვა. ტყვეთაგან მტკიცე უარითა და ქრისტიანობის მხნე აღსარებით განრისხებულმა მეფემ მათი წამება ბრძანა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ქრისტეს მხედართა სულებს წამებით ვერ გატეხდა, ისინი ცეცხლში დააწვევინა. წამებულთა შორის ცნობილია იერემიასა და არქილე ხუცესის სახელი. გადმოცემით მოწამეთა შორის იყო ღვთის სამსახურისთვის შეწირული 9 ქალწული. ეს მოხდა IV საუკუნეში, დაახლოებით 344-347 წლებში. მათი წამების შესახებ მწირ ცნობებს გვაწვდის წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი.წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+582)
წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+592) – დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ პირველდაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა ბაბუასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი. თორმეტი წლის ევტიქი კონსტანტინეპოლში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ყმაწვილმა ბრწყინვალედ აითვისა სხვადასხვა მეცნიერება და მიხვდა, რომ ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. მან გადაწყვიტა, ბერად აღკვეცილიყო. წმიდა ევტიქი ამასიის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მალე ის მთელი ამასიის მონასტრების არქიმანდრიტად აირჩიეს.როცა კეთილმსახური იმპერატორის, იუსტინიანეს (527-565) დროს V მსოფლიო კრება მზადდებოდა, ამასიის მიტროპოლიტი დასნეულდა და თავის ნაცვლად წმიდა ევტიქი გაგზავნა კონსტანტინეპოლში. აქ წმიდანი მოხუცმა პატრიარქმა წმიდა მინამ (536-552, ხს. 25 აგვისტოს) ნახა და პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. წმიდა მინას სიკვდილის შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს პეტრე მოციქული გამოეცხადა და უფლის ნება აუწყა: დაქვრივებულ ტახტზე ევტიქი უნდა აღსაყდრებულიყო.
წმიდა ევტიქის საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისში მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება (553), რომელზეც მამებმა წარმოქმნილი ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეს არ განუცდია ვნებანი.
წმიდა ევტიქიმ უშიშრად ამხილა ეს ერესი, რის გამოც იგი გადაასახლეს.
პატრიარქი მორჩილად იტანდა გადასახლებას, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს და მრავალ სასწაულს და კურნებას იქმოდა: მისი ლოცვით კეთილმსახური ანდროგინის მეუღლეს, რომელიც მანამდე ყოველთვის მკვდარ შვილებს შობდა, ორი ჯანმრთელი ვაჟი ეყოლა, ორმა ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, ზეთის ცხებით და ჯვრის გადასახვით მხატვარი განიკურნა, განიკურნა ორი მძიმედ სნეული ბავშვიც. წმიდა პატრიარქი კურნავდა არა მარტო ხორციელ, არამედ სულიერ სნეულებებსაც: ჩვილისაგან განდევნა ბოროტი სული, რომელიც წმიდა ზიარებაზე არ უშვებდა ბავშვს, ბოროტი სული განდევნა მონასტრიდან გაქცეული ყმაწვილისაგანაც; კურნავდა კეთროვანებს, ლოთებს.
როცა ამასიას სპარსელები შემოესივნენ და ქალაქში შიმშილობამ დაისადგურა, პატრიარქის მითითებით დაიწყეს მონასტრის საცავებიდან ხორბლის გატანა და მოსახლეობისთვის დარიგება, მაგრამ მონასტერში წმიდა ევტიქის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა.
წმიდა ევტიქიმ ღვთისგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა იუსტინიანეს ორი მემკვიდრის სახელი – იუსტინე (565-578) და ტიბერიუსი (578-582).
წმიდა პატრიარქის, იოანე სქოლასტიკოსის გარდაცვალების შემდეგ, 577 წელს, წმიდა ევტიქი დაბრუნდა თორმეტწლიანი გადასახლებიდან და კვლავ ჩაიბარა სამწყსო.
პატრიარქის ტახტზე დაბრუნებიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ, 582 წლის თომას კვირიაკეს წმიდა ევტიქიმ მრევლი შეკრიბა, აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და მშვიდად ჩააბარა სული უფალს.