…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

19.05.2026. აღდგომიდან მე-6 შვიდეული. სამშაბათი
მართლისა იობ მრავალვნებულისა (2000-1500 წწ. ქრ.შ-მდე); მოწამეთა: ბარბაროს მხედრისა, ბაქოსი, კალიმაქესი და დიონისესი (362); მოწამისა ბარბაროს ავაზაკყოფილისა.
დღის ლოცვები
ტროპარი: სიმდიდრესა რა სათნოებათასა იობისა ხედვიდა მართალთა იგი მტერი, წარპარვასა მისსა განიზრახვიდა და ამისთვის განარღვევდა გოდოლსა მას გვამისა მისისასა, გარნა საუნჯესა მას უბიწოსა გვამისა მისისასა ვერ შეუძლებდა წარპარვად, რამეთუ პოვებდა მას შეჭურვილად, ხოლო მე უბადრუკი ესე შიშველ და ტყვე-მყო; ამისთვის ისწრაფე, მაცხოვარ, პირველ აღსასრულისა ხსნად ჩემდა მზაკვარისა მისგან და მაცხოვნე მე.
კონდაკი: ვითარცა ჭეშმარიტად მშვიდი და ღმრთისა თანამზრახველი, წმიდა ქმნილად გამოსჩნდი შენ, დიდებულო იობ, მონაო მართალო, და განანათლე სოფელი მოთმინებითა შენითა, ჭირთა თავსდებითა და მოქალაქეობითა შენითა, ვინაცა ყოველნი ვაქებთ აღმასრულებელნი სახსენებელსა შენსა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 17: 19-28 (დას. 40 შუა). ინ. 12: 19-36 (დას. 42).
საქმ. 17: 19-28
19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს? 21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. 22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. 23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. 24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს. 25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი. 27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან. 28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ. 29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.
ინ. 12: 19-36
19. ხოლო ფარისევლებმა ერთმანეთს უთხრეს: ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას. 20. დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. 21. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს. 22. მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს. 23. იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს. 25. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. 26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. 27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ! 29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას. 30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს. 32. და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან. 33. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 34. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე? 35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. 36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მართალი იობ მრავალვნებული (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი. ღმერთმა აკურთხა მისი კეთილმსახურება და ურიცხვი სიმდიდრე მიმადლა: უამრავი საქონელი ჰყავდა და ყოველგვარი სიკეთით იყო აღსავსე. მისი შვიდი ვაჟი და სამი ასული ურთიერსიყვარულით ცხოვრობდა. ისინი მორიგეობით იკრიბებოდნენ ერთმანეთთან საერთო ტრაპეზზე, ყოველ მეშვიდე დღეს მართალი იობი მსხვეპლს სწირავდა უფალს შვილებისათვის: „იქნებ ვინმემ შესცოდა, იქნებ ვინმემ მკრეხელობა გაივლო გულშიო“. სამართლიანობისთვის და პატიოსნებისთვის წმიდა იობი საყოველთაო პატივით სარგებლობდა თანამოქალაქეებში.ერთხელ, როცა უფალს საყდარში წმიდა ანგალოზები გამოცხადდნენ, მათ შორის გამოჩნდა სატანაც. ღმერთმა ჰკითხა სატანას, ნახა თუ არა მან მონა უფლისა იობი, მართალი და უმანკო. სატანამ ქედმაღლურად უპასუხა, რომ უფალი იცავს მას და უმრავლებს დოვლათს, მაგრამ თუ უბედურება დაატყდება თავს, იობი დაგმობს უფალს. ღმერთს სურდა გამოეცადა იობის მოთმინება და სატანას უთხრა: „ყველაფერს, რაც იობს გააჩნია, შენს ხელში ჩავაგდებ, მხოლოდ მას ნუ შეეხები“. ამის შემდეგ იობს მოულოდნელი უბედურებების წყება დაატყდა თავს: ერთმა მაცნემ ხარების გატაცების ამბავი მოუტანა, მეორემ ცხვრის ფარისა და მსახური ბიჭების დაწვა აუწყა ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლით, მესამემ აქლემების ამოხოცვა ამცნო. მაგრამ ყველაზე თავზარდამცემი იყო ის, რაც ბოლოს შეიტყო: როცა იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში ილხენდნენ, უდაბნოდან მონაბერმა მძლავრმა ქარმა ჭერი თავზე დაამხო ყმაწვილებს და ყველა ამოხოცა. მწუხარებისაგან გულშემოყრილმა იობმა მოსასხამი შემოიხია, გლოვის ნიშნად თავი გადაიპარსა, მაგრამ უფლის დასაგმობად ერთი სიტყვაც არ დასცდენია, პირიქით, მიწაზე დაეცა, შემოქმედს თაყვანი სცა და თქვა: „შიშველი გამოვედ საშოითგან დედისა ჩემისა, შიშველი მივალ დედისა ჩემისა მიწისა მიმართ. უფალმა მომცა, უფალმა წამგვარა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“.
უფლის ანგელოზები კვლავ წარდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ თქვა, რომ იობი მართალია, სანამ თვითონ არის უვნებელი, „თუ თვით მას შეეხება უბედურება, პირში დაგიწყებს გმობასო“. უფალმა აუწყა: „უფლებას გაძლევ, გააკეთო რაც გინდა, ოღონდ სულს ნუ შეეხები“. სატანამ საშინელი ავადმყოფობა – კეთრი შეჰყარა იობს. ვნებული იძულებული გახდა ხალხს განშორებოდა. მეგობრებმა და ნაცნობებმა მიატოვეს ერთ დროს დიდებული და სახელგანთქმული კაცი. ცოლი კი საყვედურით ეუბნებოდა: „სად არის შენი სარწმუნოება და კეთილი საქმე, რატომ არ გშველის ღმერთი? სჯობს ჰგმო იგი, იქნებ ბოლო მაინც მოგიღოსო“. მართალი იობი განსაცდელშიც უფლის ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.
იობის უბედურება გაიგო მისმა სამმა მეგობარმა და მოინახულა ავადმყოფი. დავრდომილის დანახვაზე მათ ტირილი წასკდათ. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უსიტყვოდ შესცქეროდნენ მის ტანჯვას და გულწრფელად თანაუგრძნობდნენ. ბოლოს იობმა გახსნა ბაგე და თავისი გაჩენის დღე დასწყევლა. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ იობი ღვთისგან ისჯებოდა ცოდვებისათვის და ურჩიეს, მონანიება. მართალი კი პასუხობდა, რომ ის ცოდვებისთვის კი არ იტანჯებოდა, არამედ უფალმა გამოსაცდელად მოუვლინა ეს სატანჯველი.
ამგვარი მოთმინებისთვის ღმერთმა ხელახლა დააჯილდოვა იობი. იგი სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდა ამისა, მას კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ქალი. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 248 წლისა.
წმიდა მოწამე ბარბარ მხედარი, ბაქო, კალემახოსი და დიონისე (+362)
წმიდა მოწამენი ბარბარ მხედარი, ბაქო, კალემახოსი და დიონისე (+362) ცხოვრობდნენ მე-4 საუკუნეში და იმპერატორ იულიანე განდგომილის არმიაში მსახურობდნენ. წმიდა ბარბარი ფარული ქრისტიანი იყო. ფრანკებთან ომის დროს მან გაიმარჯვა მტრის გოლიათ მეომართან ორთაბრძოლაში და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ფრანკებზე გამარჯვების შემდეგ მხედართმთავარმა ბაქომ გადაწყვიტა მსხვერპლი შეეწირა წარმართული ღმერთებისათვის და პირველი მსხვერპლშეწირვის პატივი დაუთმო ბარბარს, როგორც გამარჯვებულს. წმიდა ბარბარმა საჯაროდ გამოაცხადა თავისი ქრისტიანობა და უარი თქვა მსხვერპლშეწირვაზე. ამისთვის იულიანე განდგომილის ბრძანებით სასტიკად აწამეს. წმიდანი ხეზე დაკიდეს და ისე დაუსერეს სხეული, რომ შიგნეული გადმოუცვივდა. წმიდა მოწამემ ღვთისგან შემწეობა ითხოვა. მაშინ გამოჩნდა უფლის ანგელოზი და წმიდანის წყლულები განკურნა. ამ სასწაულის მხილველმა ბაქომ და ორმა მხედარმა – კალემახოსმა და დიონისემ წარმართული ღმერთები უარყვეს და ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც თავი მოეკვეთათ. წმიდა ბარბარი ურმის თვალზე აწამეს და ცეცხლი შეუნთეს, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა მოწამე, ალი ჯალათებს მოედო და დაწვა. ამის შემდეგ წმიდანს კიდევ 7 დღე აწამებდნენ, მაგრამ ღვთაებრივი ძალის შემწეობით უვნებელი რჩებოდა. ამ სასწაულების მხილველი ბევრი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. წმიდა ბარბარმა თავისი საოცარი მოღვაწეობა დაასრულა 362 წელს. ის მახვილით განგმირეს. წმიდანის სხეული მიწას მიაბარა პელოპონესის ეპისკოპოსმა ფილიკიმ.მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე. ბარბარს მოაგონდა ყველა ბოროტება, მის მიერ ქმნილი და სინანულში ჩავარდა. „უფალს სათნო ეყო მის გვერდით ჯვრაცმული ავაზაკის ლოცვა, მეც დამიცავს თავისი გამოუთქმელი მოწყალების გამო“. მან მთელი საგანძური გამოქვაბულში დატოვა და უახლოეს ეკლესიაში წავიდა, მღვდელს მოუთხრო ყველაფერი და შეევედრა, მიეღო მისგან აღსარება. მღვდელმა ბარბარს თავის სახლში მისცა ბინა. მღვდლის სახლში ავაზაკყოფილი საღორეში დასახლდა, საქონლის საჭმელს ჭამდა და ცხოველზე უარესად მიაჩნდა თავი. მღვდლისგან ცოდვათა შენდობის შემდეგ წმიდა ბარბარი ტყეში წავიდა და 12 წელი გაატარა გამუდმებულ ლოცვასა და ტირილში. ბოლოს, წმიდანმა ზეციდან ნიშანი მიიღო, რომ მისი ცოდვები აღხოცილ იქნა უფლისაგან. ერთხელ იმ ადგილებში ვაჭრებმა გაიარეს. მათ შენიშნეს, ხშირ ბალახში რაღაც შეიძრა, იფიქრეს, რომ ნადირი იყო და ისარი ესროლეს. ახლოს რომ მივიდნენ, შეძრწუნდნენ. წინ მომაკვდავი ადამიანი იწვა. წმიდანი ვაჭრებს შეევედრა, არ ედარდათ, მხოლოდ მღვდლისთვის შეეტყობინებინათ ეს ამბავი. მღვდელმა, რომელმაც მიიღო წმიდა ბარბარის აღსარება, და მისცა მას წმიდა ზიარება, ამჯერად ვერ მიუსწრო სულთმობრძავს. ის კრძალვით მიეახლა წმიდანის ღვთაებრივი შუქით განათებულ ცხედარს. დაასაფლავა იქვე, სადაც გარდაიცვალა. შემდგომ წმიდა მოწამის კუბოდან წმიდა მაკურნებელმა მირონმა იწყო დენა. წმიდა ბარბარის ნაწილები განისვენებენ კელიის მონასტერში თესალიაში, ქალაქ ლარსის მახლობლად.