…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
19.08.2026. სამშაბათი. მარხვა.
ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
ხსნილია თევზით.
ყურძნისა და სხვა ნაყოფთა კურთხევა.
დღის ლოცვები
ფერისცვალება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
მწუხრ.: 1) გამ. 24: 12-18. 2) გამ. 33: 11-23; 34: 4-6, 8. 3) 3 მეფ. 19: 3- 9, 11-13, 15-16.
ცისკ.: ლკ. 9: 28-36 (დას. 45).
ლიტ.: 2 პეტ. 1: 10-19 (დას. 65). მთ. 17: 1-9 (დას. 70).
მწუხრ.: 1) გამ. 24: 12-18
12. უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს – რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე. 13. ადგა მოსე და მისი მსახური იესო, და ავიდა მოსე ღვთის მთაზე. 14. ხოლო უხუცესებს უთხრა: აქ იყავით, ვიდრე თქვენთან მოვბრუნდებით; აჰა, თქვენთან იქნებიან აარონი და ხური. თუ ვისმე რამე საქმე გაუჩნდა, მათ მიაკითხოს. 15. ავიდა მოსე მთაზე და დაფარა ღრუბელმა მთა. 16. მოეფინა უფლის დიდება სინაის მთას. ექვს დღეს ეფარა მას ღრუბელი და მეშვიდე დღეს მოუწოდა უფალმა ღრუბლიდან. 17. გამოჩნდა უფლის დიდება მოგიზგიზე ცეცხლივით ისრაელიანთა თვალწინ. 18. შევიდა მოსე ღრუბელში და ავიდა მთაზე. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მოსე მთაზე.
მწუხრ.: 2) გამ. 33: 11-23; 34: 4-6, 8
11. პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე, ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს. 12. უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში. 13. და თუ მართლაც მადლი მიპოვნია შენს თვალში, მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ, რომ მადლი ვპოვო შენს თვალში. იცოდე, რომ შენი ერია ეს ხალხი. 14. თქვა უფალმა: მე თავად წაგიძღვები და დაგავანებ. 15. უთხრა მოსემ: თავად შენ თუ არ წაგვიძეღი, ვერ გავალთ აქედან. 16. როგორ მივხვდი, რომ მადლი ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ერმა? ხომ იმით, რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა ხალხიდან, რაც კი დედამიწის ზურგზეა? 17. უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ. 18. თქვა მოსემ: მახილვინე შენი დიდება. 19. თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია. 20. თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს. 21. თქვა უფალმა: აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე. 22. როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული. 23. როცა ხელს მოგაშორებ, ჩემს ზურგს დაინახავ, პირი კი უხილავი იქნება.
4. გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი, ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა. ორი ფიქალი ეჭირა ხელში. 5. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და ახსენა უფლის სახელი. 6. ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.
8. იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა.
მწუხრ.: 3) 3 მეფ. 19: 3- 9, 11-13, 15-16
3. შეშინდა ელია; ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. მივიდა იუდას ბერშებაში და დატოვა იქ თავისი მსახური. 4. თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე; მივიდა ერთ ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარ. 5. მიწვა და მიეძინა ბუჩქის ძირას. და, აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: ადექი, ჭამე. 6. გაიხედა და, აჰა, ნამცხვარი და წყლიანი დოქი უდგას სასთუმალთან. შეჭამა, შესვა და ისევ მიწვა. 7. მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს. 8. ადგა, ჭამა, დალია და ამ საჭმელით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე. 9. შევიდა იქ ერთ გამოქვაბულში და დაიღამა. აჰა, გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა: აქ რა გინდა, ელია?
11. უთხრა: გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე. აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსრველი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე – მიწის ძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი. 12. მიწისძვრის მერე – ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი; ცეცხლის მერე – ოდნავი ჩქამი. 13. როცა გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: აქ რა გინდა, ელია?
15. უთხრა უფალმა: წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, მირონი სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ. 16. ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მელქოლადან რომ არის, სცხე მირონი, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად.
ცისკ.: ლკ. 9: 28-36
28. მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე. 29. ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე. 30. და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია, 31. დიდებით მოვლენილნი, და მის წასვლაზე ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალიმს. 32. ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი. 33. ხოლო როცა დააპირეს გასცლოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: მოძღვარო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას, რადგან არ იცოდა, რას ამბობდა. 34. სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი; და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას. 35. და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი; მას უსმინეთ. 36. ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.
ლიტ.: 2 პეტ. 1: 10-19
10. ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ. 11. ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის კარი. 12. ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას. 13. მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ. 14. რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. 15. ასე რომ, ვეცდები ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას. 16. ვინაიდან თავშესაქცევი იგავებით როდი გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა და ძალმოსილება, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ. 17. რადგანაც მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც მისწვდა ესოდენ დიდმშვენიერი დიდების ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე. 18. და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე. 19. ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.
ლიტ.: მთ. 17: 1-9
1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით. 2. და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი. 3. და, აჰა, მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი. 4. და უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას. 5. სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ. 6. ეს რომ ჩაესმათ მოწაფეებს შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ. 7. მაგრამ მივიდა იესო, ხელი შეახო მათ და უთხრა: ადექით, ნუ გეშინიათ. 8. და როცა ზე აიხედეს, ვერავინ დაინახეს, იესოს გარდა. 9. ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა და უთხრა მათ: ნურავის გაანდობთ ამ ხილვას, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგება მკვდრეთით.