19.09.2026. სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული. შაბათი

19.09.2026. სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული. შაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27). 

     …სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი (ებრ. 13: 9).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

19.09.2026. შაბათი. ხსნილი

ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა (IV);

მოწამეთა: ევდუქსესი, ზენონისა და მაკარისა (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამეთა რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილესი, გორტინელი ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11 მოწამეთა (დაახ. 250); ღირსისა დავითისა (VI) 

დღის ლოცვები

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა

ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო მიქაელ, გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა შენითა შეგვზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენ ჩუენ, დიდნო მთავარო ზეცისა ძალთაო.
კონდაკი: მთავარანგელოსო ღმრთისაო მიქაელ, მსახურო საღმრთოსა მის დიდებისაო, ანგელოზთა მთავარო და წინამძღვარო შეცდომილთაო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენ დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის-მთავარო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

 

დღის საკითხავები 

1 კორინთელთა მიმართ 10:23-28; ებრაელთა მიმართ 2:2-10;
მათეს სახარება 24:34-44; ლუკას სახარება 10:16-21.

1 კორ. 10:23-28 

23. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს. 24. ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს. 25. ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 26. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. 27. თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.

ებრ. 2:2-10 

2. ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს, 3. ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში, 4. ღვთის თანამოწმობით, სასწაულებით და ნიშებით, ნაირგვარი ძალითა და სული წმიდის ნიჭით, რაც განაწილებუღ იქნა მისი ნებისამებრ? 5. რადგანაც ღმერთმა ანგელოზებს როდი დაუმორჩილა მომავალი ქვეყანა, რომელზედაც ვმსჯელობთ. 6. არამედ ვიღაცის მოწმობით სადღაცა თქმულა: „რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ან ძე კაცისა, რომ მოიხილავ მას? 7. ოდნავ თუ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ 8. და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე. და რაკი ყველაფერი დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა, მაგრამ აწ ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი მას მორჩილებდეს; 9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო. 10. და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.

მთ. 24:34-44 

34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვეს: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება. 35. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. 36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. 37. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, 39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 41. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.

ლკ. 10:16-21 

16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. 17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. 18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ. 

 

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ
კოლასეს შინა, რომელ არს ხონა (IV); ღირსი არქიპო (IV)

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა. ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში დამო ინათლა. 

მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს მიმართულება შეუცვალა. ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს.

ღირსი არქიპო ქალაქ იერაპოლში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო. იგი ათი წლისა მივიდა ხონაში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოსალოცად, იქვე დარჩა და სიკვდილამდე მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. ნეტარი მამა მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამით გააფთრებულ კერპთმსახურებს ქურუმების მეთაურობით არაერთხელ უცდიათ წმიდა არქიპოს მოკვლა, მაგრამ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ბოლოს წარმართებმა გადაწყვიტეს, ჩაეძირათ ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული და საძულველი მნათეც დაეღუპათ. წმიდა არქიპო, ხედავდა რა მზადებას ამ უსჯულოებისთვის, არ განეშორებოდა უფლის სახლს და მხურვალედ ლოცულობდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ნეტარი მამა გახადა მოწამე მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აქ აღსრულებული დიდი საკვირველებისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა არქიპომ ღრმა მოხუცებულობაში, სამოცდაათი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა ღირსი მამის წმიდა ნეშტი ხონაში, მისი მოღვაწეობის ადგილას მიაბარეს მიწას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით” 

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე რომილე და მასთან მრავალნი სხვანი (+107-115)
წმიდა მოწამე რომილე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მხედართუფროსი იყო. ტრაიანე იმპერიის აღმოსავლეთში ჩავიდა იქ მკვიდრი ხალხების შფოთის ჩასაცხრობად და ჯარი დაათვალიერა, მეომართა შორის თერთმეტი ქრისტიანი აღმოაჩინა. ისინი მან დაუყოვნებლივ სომხეთში გადაასახლა. წმიდა რომილემ ამხილა იმპერატორი უღმრთოებასა და უგუნურებაში და თან აღიარა, რომ ისიც ქრისტიანი იყო. გააფთრებული ტრაიანეს განკარგულებით წმიდანი სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს.
სომხეთში გადასახლებული ქრისტიანი მხედრებიც სხვადასხვაგვარი სატანჯველებით გამოასალმეს სიცოცხლეს.
წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე (+დაახლ. 250)
წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულენ ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება მმართველ ვალერიუსის წინაშე, რისთვისაც დაახლოებით 250 წელს თავი მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მიაბარეს მიწას. 
წმიდა მოწამენი: ევდოქსი, ზენონი და მაკარი (+311)
წმიდა მოწამენი, ევდოქსი, ზენონი და მაკარი დიოკლეტიანეს მემკვიდრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ მოწამეობრივად.
როცა დიოკლეტიანემ ბრძანება გამოსცა, სიკვდილით დაესაჯათ ყველა მართლმორწმუნე, რომელიც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა, ქრისტიანთა გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის დიდგვაროვნებმა და სახელმწიფო მოხელეებმა, თავი აარიდეს მოსალოდნელ ტანჯვა-წამებას და სხვადასხვა ქვეყნებში გაიხიზნნენ. ევდოქსიმ დატოვა მაღალი თანამდებობა და მეუღლესთან – ბასილისასთან და მთელ სახლეულთან ერთად სომხეთის ქალაქ მელიტინას მიაშურა.
როცა ქალაქის მმართველმა წმიდანის ჩამოსვლა შეიტყო, მხედრები გაგზავნა მის მოსაძებნად. მეომრები შეხვდნენ გლახაკის სამოსელში გადაცმულ მარტვილს, ვერ იცნეს იგი და ევდოქსის ადგილსამყოფელი ჰკითხეს. წმიდანმა თავისი ვინაობა დამალა, სახლში მიიწვია მეომრები და ღამეც გაათევინა. მხედრებთან შეხვედრა მან უფლისგან მოწამეობრივი ღვაწლისთვის მოწოდებად აღიქვა და დილით სტუმრებს თავისი ვინაობა განუცხადა. მეომრები შეწუხდნენ და ევდოქსის შესთავაზეს, „არა განგცეთ ჩუენ კეთილი ეგე მასპინძელი ჩუენი, არცა მივაგოთ ბოროტი უცხოთმოყვარებასა შენსა“; მაგრამ მარტვილმა უარი განაცხადა. მან მეუღლეს მოუხმო, „განგებაჲ სახლისა თჳსისაჲ განუწესა“ და სთხოვა, ჩემი მოწამეობრივი აღსასრულის დღეს კი ნუ იგლოვ, იზეიმეო. ევდოქსის თან გაჰყვნენ მეუღლე ბასილისა და მისი მეგობრები – ზენონი და მაკარი. ქალაქის თავი წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვის საფასურად სიცოცხლის, მაღალი მდგომარეობისა და ქონების შენარჩუნება აღუთქვა, მაგრამ ნეტარი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. იქვე მდგომმა ათასზე მეტმა მეომარმა, ქრისტეს ფარულმა აღმსარებელმა, მიჰბაძა ნეტარს. შეცბუნებული მმართველი იმპერატორს დაეკითხა, როგორ მოქცეულიყო, „ხოლო მან უბრძანა, რაჲთა წინამძღუარნი იგი ესევითარისა მის კადნიერებისანი მძიმეთა სატანჯველთა შესთხინეს, ხოლო სხჳსა მის ერისათჳს, ვითარცა თჳთ ენებოს, ეგრეთ განაგოს“. წმიდა ევდოქსი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასასჯელად გაიყვანეს. აღსასრულის წინ მარტვილი იქვე მდგომ აცრემლებულ ბასილისასკენ მიბრუნდა, გაამხნევა და სთხოვა, მიმნად წოდებულ სოფელში დაეფლა მისი გვამი; შემდეგ მეგობარს – ზენონს უწინასწარმეტყველა, ერთად წარვდგებითო უფლის წინაშე. ამ სიტყვებით აღფრთოვანებულმა ზენონმა ხმამაღლა აღიარა ქრისტე. მეუღლის ხვედრის გაზიარების მოსურნე ბასილისამ უშიშრად ამხილა უსჯულო ხელისუფალი. ქალაქის თავი მიხვდა მხნე აღმსარებლის გულისწადილს, არ აწამა იგი და გააძევა. წასვლის წინ ნეტარმა დედამ მტარვალს მიმართა: შენი ხელით სიკვდილი თუ ვერ ვპოვე, გგონია, გვირგვინს დავაკლდები? დაფარულთა მხედველი ჩემი მეუფე მარტვილობის სურვილსაც აღსრულებულ ღვაწლად მიმითვლის და ჩემი ქმრის თანასწორ საზღაურს მომაგებს!
შვიდი დღის შემდეგ ევდოქსი ძილში ეჩვენა ბასილისას და ამცნო, ჩემს მეგობარსა და ეზოსმოძღვარ მაკარის გადაეცი, რომ მე და წმიდა ზენონი მის მოსვლას ველოდებითო. ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ გამოცხადდა მმართველთან, აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. ამ დროს კიდევ მრავალი ქრისტიანი ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგულებისათვის (+311-312). 
მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი (III-IV)
მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 9 ივლისსა და 6 სექტემბერს (ცხოვრება იხილეთ 9 ივლისის საკითხავში).
ღირსი არქიპო (IV)
ღირსი არქიპო ქალაქ იერაპოლში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო. იგი ათი წლისა მივიდა ხონაში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოსალოცად, იქვე დარჩა და სიკვდილამდე მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. ნეტარი მამა მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამით გააფთრებულ კერპთმსახურებს ქურუმების მეთაურობით არაერთხელ უცდიათ წმიდა არქიპოს მოკვლა, მაგრამ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ბოლოს წარმართებმა გადაწყვიტეს, ჩაეძირათ ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული და საძულველი მნათეც დაეღუპათ. წმიდა არქიპო, ხედავდა რა მზადებას ამ უსჯულოებისთვის, არ განეშორებოდა უფლის სახლს და მხურვალედ ლოცულობდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ნეტარი მამა გახადა მოწამე მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აქ აღსრულებული დიდი საკვირველებისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა არქიპომ ღრმა მოხუცებულობაში, სამოცდაათი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა ღირსი მამის წმიდა ნეშტი ხონაში, მისი მოღვაწეობის ადგილას მიაბარეს მიწას. 
ღირსი დავითი (VI)
ღირსი დავითი მონასტერში მისვლამდე ავაზაკთა რაზმის მეთაური იყო ეგვიპტეში, ჰერმოპოლის უდაბნოში. მას მრავალი მკვლელობა და სხვა უსჯულოება უმძიმებდა სულს. როცა მოხუცებულობას მიაღწია, ნეტარმა გადახედა განვლილი ცხოვრების გზას და თავისმა შავბნელმა საქმეებმა ძრწოლა მოჰგვარა. სინანულით აღვსილმა, დატოვა ბანდა, მონასტერს მიაშურა და იღუმენს სთხოვა, საძმოში მიეღო. იღუმენი დიდხანს უარზე იდგა. არწმუნებდა მოსულს, ჩვენი ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლებო; დავითი კი დაჟინებით ითხოვდა თავისას, დაბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდა, დაიმუქრა, მე ცნობილი ავაზაკი დავითი ვარ და თუ მონასტრის კარებს არ გამიღებთ სინანულისთვის, დავუბრუნდები ძველ ცხოვრებას, დავარბევ სავანეს და ბერებსაც ამოვხოცავო. მაშინ იღუმენმა მიიღო ავაზაკი, ის კი, ყველას გასაოცრად, სამაგალითო ბერი დადგა და თავისი მკაცრი ღვაწლით მონასტრის ძმებს ბევრად გადააჭარბა. რამდენიმე ხნის შემდეგ უფალმა დავითს მთავარანგელოზი გაბრიელი მოუვლინა და ცოდვათა მიტევება აუწყა, ღირსმა მამამ ვერ დაიჯერა, რომ ისეთ დიდ ცოდვილს, როგორც ის იყო, უფალი ასე მალე შეუნდობდა. მცირედმორწმუნეობისა და უნდობლობისათვის დავითი დამუნჯდა და მხოლოდ კანონთა კითხვისა და საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის დროს უბრუნდებოდა მეტყველების უნარი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ამგვარი ცხოვრებით იცხოვრა მან მრავალი წლის მანძილზე, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა (VI).