2.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ორშაბათი

2.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ორშაბათი

           „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

           ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

           ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).        

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

 2.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ორშაბათი 

დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (IV); მღვდელმოწამისა თეოდორე აჭარელისა, ოსმალოთაგან წამებულისა (XIX); მართლისა მარიამნასი, მოციქულისა ფილიპეს დისა (I); მოწამისა მინა კალიკელადისა (აღმოყ. წმ. ნაწ-თა 867-889); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, რუსეთის პატრიარქისა, სასწაულთმოქმედისა (1612); ახალმოწამისა თეოდორე ბიზანტიელისა (1795).

 

დღის ლოცვები

 

წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის

ტროპარი:

დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.

კონდაკი:

სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

ორშ. VI ჟამზე: ეს. 4: 2 – 5: 7

2. იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი ღირსებად და დიდებად ისრაელის ნატამალისთვის. 3. სიონს შემონახული და იერუსალიმში დარჩენილი წმიდად იქნება წოდებული ყველა, ვინც განწესებულია იერუსალიმში სასიცოცხლოდ, 4. როცა ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით. 5. მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება. 6. კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანებაში და თავშესაფრად და საყუდრად ავდარსა და წვიმაში. 

1. ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს. 2. დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ხენეში ნაყოფი გამოიღო. 3. ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი. 4. კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ხენეში ნაყოფი, როცა სავსე მტევნებს ველოდი? 5. ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს. 6. გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე. 7. რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!

მწუხრზე: დაბ. 3: 21 – 4: 7

21. გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა. 22. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს. 23. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. 24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.

1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან. 2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი – მიწის მუშაკი. 3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. 4. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. 5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. 6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? 7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.

მწუხრზე: იგავ. 3: 34 – 4: 21

34. გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს. 35. დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ.

1. მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა: 2. რომ ვცადოთ შენთან ლაპარაკი, ვაითუ დაგიმძიმდეს სატკივარი. მაგრამ ვის ძალუძს დადუმება? 3. შენ ხომ ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ მკლავებს განამტკიცებდი, 4. წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს აღონიერებდი. 5. ახლა შენ დაგიდგა ჯერი და ილაჯი გაგიწყდა; შენ გეწია და შეძრწუნდი! 6. განა მოშიშება არ გქონდა სასოდ? განა შენი სიალალის იმედი არ გქონდა? 7. გაიხსენე, თუ ვინმე დაღუპულა უდანაშაულო, მართალნი თუ ამომწყდარან? 8. როგორც მინახავს, სიავის მხვნელნი და სიცრუის მთესველნი მასვე მოიმკიან. 9. უფლის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე გაწყდებიან. 10. ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება; 11. ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან; 12. იდუმალ მომეპარა სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში; 13. ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი, 14. შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა; 15. წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა. 16. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე: 17. ღმერთზე მართალია ადამიანი? თავის შემქმნელზე წმიდაა კაცი? 18. აჰა, თავის ყმებში შეაქვს ეჭვი და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს! 19. რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე უმალ რომ იჭყლიტებიან? 20. დილასა და მწუხრს შორის რომ იღუპებიან, სამარადისოდ ქრებიან უსახელოდ? 21. აჰა, გაწყდება მათი სიცოცხლის ძაფი და უაზროდ დაიხოცებიან.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14)

 

ღირსი მარიამი ფილიპე მოციქულის (ხს. 14 ნოემბერს) და იყო. წმიდა ქალწული თავის ძმასა და ბართლომე მოციქულს (ხს. 11 ივნისს) ახლდა თან და მქადაგებლურ მოღვაწეობაში ეხმარებოდა. ფრიგიის ქალაქ ივრაპოლში წმიდანები შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ფილიპე ვერ გადაურჩა წარმართთა შურისგებას, იგი ჯვარზე აღესრულა, მარიამი და ბართლომე კი გაანთავისუფლეს. ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად, წმიდა მარიამი კი ლუკაინიაში (მცირე აზია) ქადაგებდა და აქვე აღესრულა მშვიდობით. 
წმიდა ავქსივიუსი მდიდარ რომაელთა შვილი იყო. მშობლებმა ყმაწვილს კარგი საერო განათლება მიაღებინეს, რის შემდეგაც მის დაქორწინებას აპირებდნენ. როცა ეს შეიტყო, ავქსივიუსმა ფარულად დატოვა სახლი, კუნძულ კვიპროსს მიაღწია და ქალაქ სოლონის მახლობლად დასახლდა. ღვთის ნებით, აქ წმიდანი შეხვდა წმიდა მოციქულსა და მახარებელს მარკოზს, რომელმაც ქალაქ სოლონის ეპისკოპოსად დაადგინა იგი, თვითონ კი ალექსანდრიას მიაშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად. წმიდა ავქსივიუსი ქალაქის დასავლეთ კარიბჭესთან, ზევსის წარმართული ტაძრის მახლობლად დაემკვიდრა და თანდათანობით ქრისტიანობაზე მოაქცია იქაური ქურუმი და სხვა კერპთმსახურები. ერთხელ მღვდელმთავართან მოვიდა წმიდა ჰერაკლე, კვიპროსის ყოფილი ეპისკოპოსი, და ურჩია მას, სახარება საჯაროდ ექადაგა. მართლაც, ერთხელ ავქსივიუსი სავაჭრო მოედანზე გავიდა და აქ დაიწყო ქრისტეს მოძღვრების სწავლება. მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ნიშნებისა და სასწაულების მრავალმა მხილველმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი.
წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა – მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმერთების დედის“ – სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.
ამასოფლის მოყვარეთაგან განწირულ მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: „გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისმიცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრ სამოსელში გამოწყობილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები გააღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.
წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დაბრძანებული.
წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო – თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.
ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.
წმიდა მოწამე მინა კალიკელადი (მჭევრმეტყველი) წმიდა ერმოგენთან და ევგრაფთან (ხს. 10 დეკემბერს) ერთად აღესრულა დაახლოებით 313 წლს. წმიდანი ბასილი მაკედონელის (867-886) ზეობისას ძილში გამოეცხადა ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს და მიანიშნა თავისი ცხედრის ადგილსამყოფელზე. ამ ჩვენების მიხედვით, მისი წმიდა ნაწილები მოიპოვა მხედართმთავარმა მარკიანემ.
ღირსი თეოდოსი გრიგოლ სინელის (ხს. 8 აგვისტოს) სულიერი შვილი იყო. წმიდა გრიგოლის მონასტერი შევიწროებული იყო ყაჩაღთა თავდასხმებით. იღუმენმა ღირსი თეოდოსი ბულგარეთის მეფესთან, ალექსანდრესთან გაგზავნა დახმარების სათხოვნელად. კეთილმსახურმა ხელმწიფემ უხვი შეწირულობანი გაიღო სავანის გალავნით შემოსაზღუდად და მონასტრისთვის ნახირიც შეიძინა. სამეფო კარზე უკანასკნელად ყოფნის დროს, თეოდოსისთან ერთად დიდებული მოვიდა და სთხოვა, ისიც თან წაეყვანა სავანეში. ეს იყო რომანოზი, რომელიც შემდგომ ღირსი მამის გულწრფელი და საყვარელი მოწაფე გახდა. გრიგოლ სინელის სიკვდილის შემდეგ თეოდოსიმ უარი განაცხადა წინამძღვრობაზე, რომანოზთან ერთად დატოვა მონასტერი და ქალაქ ტირნოვის მახლობლად საკუთარი სავანე დააარსა. წმიდა მამამ სახელი გაითქვა მართლმადიდებლური მოძღვრების ქადაგებით. აღსანიშნავია მისი ღვაწლი წმიდა მამათა ნაწერების ბერძნულიდან სლავურ ენაზე თარგმანში. 1360 წელს წმიდანი მძიმედ დაავადდა. მან მონასტერზე ზრუნვა თავის მოწაფეს, რომანოზს გადააბარა, თვითონ კი მეგობრის, ღირსი კალისტეს მოსანახულებლად გაემგზავრა კონსტანტინეპოლში, სადაც გარდაიცვალა 1362 წელს. 
წმიდა მოწამე თეოდორე ბიზანტიელი კონსტანტინეპოლის მახლობლად დაიბადა. ბავშვობაში იგი გაამაჰმადიანეს, შემდეგ კი დაუბრუნდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, რისთვისაც თურქებმა სასტიკად აწამეს და ბოლოს ჩამოახრჩვეს (+1795).
წმიდა თეოდორე აჭარელი ეკუთვნის საქართველოს უძველესი კუთხის აჭარის მკვიდრთა იმ მრავალათასიან წმიდა მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ ოსმალთაგან.
წმიდა თეოდორე დაიბადა XVIII სს 70-80-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მიუხედავად მუსულმანური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადარჩენის მიზნით უცხოობაში არჩია ცხოვრება. ერთ-ერთ ასეთ ოჯახში დაიბადა წმიდა თეოდორეც, ის თვალნათლივ ხედავდა ძალად გამუსულმანებული ქართველი მოსახლეობის მუსულმანური ტრადიციების იძულებით მორჩილებასა და მათ ფარულ ქრისტიანულ ცხოვრებას.
წმიდანის ცხოვრებიდან არ ჩანს, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა მათი ოჯახი ტრაპეზენტში, ან მათმა რამდენმა თაობამ იცხოვრა სამშობლოს გარეთ, ცნობილია, რომ წმიდა თეოდორემ უარი თქვა მუსულმანობაზე. მან მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და რადგანაც ეს ძალიან საშიში იყო, წმიდა თეოდორემ თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში (იზმირი) არსებულ ერთ-ერთ ქართულ მონასტერს, იქვე აღიკვეცა მონაზვნად და მისი ძმის შვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე წმიდა თეოდორე ამ მონასტრის პროიღუმენიც გამხდარა.
1822 წელს წმიდა თეოდორემ ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია ამ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის წმიდა მთაც. სწორედ მათ შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ მოუკლავთ, მოწამის გვამი უსჯულოებს ზღვაში გადაუგდიათ.