2.04.2026. დიდი მარხვის მე-6 შვიდეული. ხუთშაბათი

2.04.2026. დიდი მარხვის მე-6 შვიდეული. ხუთშაბათი

     … თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

      ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-6 შვიდეული

2.04.2026. ხუთშაბათი

ღირსმოწამეთა: იოანესი, სერგისა, პატრიკიოსისა და სხვათა, წმიდისა საბას ლავრაში მომწყდართა (796); მოწამისა ფოტინე სამარიტელისა, ძეთა მისთა: ბიქტორისა, ფოტინად წოდებულისა და იოსიასი; მოწამეთა: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კვირიაკიასი, დომნინასი და სებასტიანესი (დაახ. 66); მოწამეთა: ალექსანდრასი, კლავდიასი, ევფრასიასი, მატრონასი, იულიანასი, ეფემიასი და თეოდოსიასი (310); ნიკიტა აღმსარებელისა, აპოლონიადელ მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 813-820); იოანე ურჰაელი კათოლიკოზისა (VIII).

 

დღის ლოცვები

 

ღირსთა მამათა, რომელნი წმიდა საბას ლავრაში მოისრნენ სარკინოზთაგან
კონდაკი: 
ქუეყანისა და ხორცთა ფუფუნებაი უგულებელს-ჰყავთ ცხადად, ყოვლადსანატრელნო, და უდაბნოსა ცხორებაი აღირჩიეთ, ხოლო სოფლისა შუენიერებაი და საზრდელი საწუთოსა მოიძულეთ, ვინაცა ღირს-იქმნენით ზეცისა სასუფეველსა, და გუნდსა თანა მოწამეთა დამმარხველთასა იხარებთ; ამისთვისცა პატივისმცემელნი ხსენებისა თქუენისანი გიგალობთ თქუენ წადიერად და ვიტყვით: გვიხსნენით ჩუენ ჭირთაგან, წმიდანო მოწამენო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დღის საკითხავები

 

VI ჟამზე: ეს. 65: 8-16 

8. ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო. 9. გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და დასახლდებიან იქ. 10. გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა – საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის. 11. თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის სუფრის გამშლელნო და მენისათვის თასის ამვსებნო, 12. სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით. 13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით! 14. აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი! 15. დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს. 16. ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთისგან იქნება კურთხეული; ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთის მოფიცარი იქნება; რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება.

მწუხრზე: დაბ. 46: 1-7 

1. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს. 2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ. 3. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. 4. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით. 5. აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა. 6. წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს – იაკობი და მთელი მისი მონაგარი. 7. თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები – მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს.

მწუხრზე: იგავ. 23: 15 – 24: 5 

15. შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს. 16. ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ. 17. შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს. 18. რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება. 19. მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული. 20. ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის; 21. რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს. 22. გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ. 23. ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი. 24. მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს. 25. გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ. 26. შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ. 27. მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი. 28. ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს. 29. ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? 30. ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის. 31. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს; 32. ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს; 33. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს. 34. შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით. 35. იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო. 

1. ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ: 2. რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გული და მათი ბაგენი ბოროტებაზე ლაპარაკობენ. 3. სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული. 4. ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით. 5. ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (დაახლ. 66). წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (ინ. 4,5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი ბიქტორი რომაელთა ლაშქარში იბრძოდა ბარბაროსთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული სიმამაცისათვის ბიქტორი მხედარმთავრად დანიშნეს ქალაქ ატალიაში (მცირე აზია)
როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმიდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა, დედასა და ძმას კი საჯაროდ ქადაგება შეეწყვიტათ. წმიდა ბიქტორმა უთხრა: „დედაჩემისა და ჩემი ძმის მსგავსად მეც მინდა საჯაროდ ვაღიარო ქრისტე“. სებასტიანემ კვლავ გააფრთხილა უშიშარი ქრისტიანი: „ამის გამო უბედურება მოგელისო“, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, სახე შეეცვალა და დამუნჯდა.
სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა წარმოთქვა: „მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი“, გვერდით მყოფ ბიქტორს უთხრა: „ქრისტე მიხმობს“. პირჯვარი გადაისახა და თვალიც აეხილა. სასწაულის მხილველმა სებასტიანეს მსახურებმა ბატონის მსგავსად პირჯვარი გადაისახეს.
მომხდარის შესახებ ნერონს ეუწყა. მან ბრძანა, ქრისტიანები რომში ჩაეყვანათ. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებლებს და უთხრა: „მე ვიქნები თქვენთან და ნერონიც და მისი მსახურნიც ძლეულნი იქმნებიან, შემდეგ წმიდა ბიქტორს მიმართა: „დღეიდან შენი სახელია ფოტინი – ნათელსხივოსანი, რამეთუ მრავალნი გაანათლო“, წმიდა სებასტიანეც გაამხნევა: „ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს სრულიად“. ღვთის მიერ მომავალგანცხადებული ფოტინე რამდენიმე ქრისტიანთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, რათა აღმსარებლებს შეერთებოდა.
რომში იმპერატორმა თავისთან მოიხმო წმიდანები და დაკითხა. ყველა აღმსარებელმა უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე. ნერონმა ბრძანა, წმიდანებისთვის თითები მოეჭრათ. წამების დროს აღმსარებლებს ტკივილები არ უგვრძვნიათ, ფოტინეს ხელები კი უვნებელი დარჩა. ნერონის ბრძანებით სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზავნეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმიდა ფოტინემ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია აგრეთვე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს. გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმიდანები, აწ უკვე სასაწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც ბლომად მიდიოდა მათთან და საპყრობილე ლამის მონასტრად ქცეულიყო. იმპერატორმა ბრძანა, ჯვარზე გაეკრათ წმიდანები და სამი დღის განმავლობაში ეცემათ. მეოთხე დღეს, წამების ადგილზე მისული ნერონის მსახურები დაბრმავდნენ. უფლის ანგელოზმა მოწამენი გაანთავისუფლა და განკურნა. წმიდანები შეევედრენ უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა წარმართებისათვის. განკურნებულმა ირწმუნეს ქრისტეს ყოვლისშემძლეობა და მოინათლნენ.
გამძვინარებულმა ნერონმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ წმიდა ფოტინესათვის და ჭაში ჩაეგდოთ. წმიდა სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას წვივები დააჭრეს, ძაღლებს მიუგდეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. საშინლად აწამეს წმიდა ფოტინეს დებიც. ნერონმა ბრძანა, მათთვის მკერდი დაეჭრათ, შემდეგ კი ტყავი გაეძროთ. წმიდა ფოტიდა ფეხებით მიაბეს ორი დადრეკილი ხის წვეროებს და შუაში გაგლიჯეს. დანარჩენებს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ფოტიდა ჭიდან ამოიყვანეს და ოცი დღით ჩაამწყვდიეს საპყრობილეში.
ამის შემდეგ ნერონმა თავისთან მოიხმო წმიდანი და ურჩია დამორჩილებოდა და კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდა ფოტიდამ შენერწყვა იმპერატორს და უთხრა: „უსჯულო, ბრმაო, უგნურო და გონდაკარგულო! ნუთუ იფიქრე, რომ უარვყოფ მეუფე ქრისტეს და მსხვერპლს შევწირავ შენსავით ბრმა კერპებს?“ ნერონმა კვლავ ჭაში ჩააგდებინა წმიდანი, სადაც აღესრულა კიდეც.
წმიდა ქალწულმოწამენი: ალექსანდრა, ევფრასია, კლავდი, მატრონა, იულიანა, ეფემია და თეოდორა მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) დროს შეიპყრეს ქალაქ ამასიაში (შავი ზღვის ნაპირას). დაკითხვაზე მათ უშიშრად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც სასტიკად აწამეს. ქალწულმოწამენი სასტიკად სცემეს, მკერდი მოაჭრეს, ალესილი კავებით დაუსერეს სხეული, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს გახურებულ ღუმელში.
ღირსი მამანი, წმიდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი. VIII საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმიდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები ორჯერ შეეცადნენ დაერბიათ წმიდა საბა განწმენდილის ლავრა, მაგრამ ღმერთი იფარავდა სავანეს. ლავრის ბერებს შეეძლოთ იერუსალიმისათვის შეეფარებინათ თავი, მაგრამ ვერ დატოვეს ადგილი, სადაც წლების განმავლობაში განიწმინდეს სული და შეიგრძნეს უფლის მადლი.
დიდმარხვის დასასრულს, ბზობის წინა დღეს, 13 მარტს, სარკინოზები შეიჭრნენ მონასტერში და სავანის მთელი საგანძური მოითხოვეს. ბერებმა უპასუხეს, რომ ტაძარში არ იყო არაფერი, გარდა მწირი საკვებისა და ძონძებისა. მძარცველებმა მამები ისრებით განგმირეს. ოცდაათი მამა გარდაიცვალა, მრავალი დაჭრა, ცეცხლის ალი ავარდა სენაკების თავზე. მომხვდურებს ტაძრის დაწვაც უნდოდათ, მაგრამ შეეშინდათ მოახლოებული ხალხისა, მონასტერი გაძარცვეს და გაიქცნენ.
20 მარტს, დიდ ხუთშაბათს, სარკინოზთა რაზმი კვლავ დაესხა თავს ლავრას. სიკვდილს გადარჩენილი ბერები ეკლესიაში შეყარეს და საგანძურის გამოტანა მოსთხოვეს, ახალგაზრდა ბერი იოანე შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ ხელებზე და ფეხებზე ძარღვები დააჭრეს და კლდიდან გადააგდეს.
ეკლესიის მეჭურჭლემ, ღირსმა სერგიმ წმიდა ნივთები გადამალა და შეეცადა გაქცეულიყო, მაგრამ სარკინოზებმა შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. რამდენიმე ბერმა მოახერხა გამოქვაბულში დამალვა, მაგრამ შეამჩნიეს და უბრძანეს, გამოსულიყვნენ. ღირსი პატრაკი გამოვიდა და სარკინოზებს უთხრა, რომ მარტო იმალებოდა. წმიდა მამის ლავრის ეკლესიაში მიიყვანეს, სადაც სხვა ძმებიც იყვნენ დამწყვდეული.
სარკინოზებმა 4000 ოქრო და საეკლესიო ჭურჭელი მოითხოვეს გამოსასყიდლად, მაგრამ ბერებს ასეთი თანხის გაღება არ შეეძლოთ. უსჯულოებმა წმიდა მამები შერეკეს გამოქვაბულში და კვამლით გამოგუდეს. გამოქვაბულში დაიღუპა 18 მამა.
უფალმა დასაჯა ლავრის მძარცველი ბარბაროსები. ისინი მოულოდნელმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა.
წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, აპოლონიის მთავარეპისკოპოსი, ღვთისმოსავი და მოწყალე მღვდელმთავარი, გამოირჩეოდა წმიდა წერილის ღრმა ცოდნით. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) დროს მტკიცედ იცავდა ხატმთაყვანისმცებლობას, რისთვისაც გადაასახლეს. გარდაიცვალა გადასახლებაში.