…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-3 შვიდეული. შაბათი
2.05.2026. ხსნილი
ღირსისა იოანესი, პალესტინის ძველი ლავრის ხუცისა (VIII); მოწამეთა: თეონასი, ქრისტეფორესი და ანტონინესი (303); მღვდელმოწამისა პაფნუტი იერუსალიმელ ეპისკოპოსისა (284-305); გიორგი აღმსარებელისა, პისიდიის ანტიოქიის ეპისკოპოსისა (813-820); ტრიფონ კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (933); ღირსისა ნიკიფორე იღუმენისა; ღირსისა მატრონა მოსკოველისა (1952).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 9 : 19-31 (დას. 22). ინ 15: 17 – 16: 2 (დას. 52).
საქმ. 9 : 19-31
19. საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში. 20. დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა. 21. ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და მღვდეღმთავართათვის მიეგვარა ისინი? 22. სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე. 23. საკმაო დრომ რომ განვლო, იუდეველებმა განიზრახეს მოეკლათ იგი. 24. მაგრამ სავლემ გაიგო მათი განზრახვა, ვინაიდან დღე და ღამ მოსაკლავად უდარაჯებდნენ კართან. 25. მაშინ მოწაფეებმა ღამით აიყვანეს და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით. 26. სავლე იერუსალიმში მივიდა და ცდილობდა შეერთებოდა მოწაფეებს, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგანაც არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. 27. ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით. 28. ასე დარჩა მათთან ერთად იერუსალიმში, მიმოდიოდა და თამამად ქადაგებდა უფლის სახელით. 29. ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა ელინისტებსაც, ისინი კი ცდილობდნენ მოეკლათ იგი. 30. ეს რომ გაიგეს ძმებმა, კესარიაში წაიყვანეს და ტარსოსს წარგზავნეს. 31. ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.
ინ 15: 17 – 16: 2
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოწამენი ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე (+303)
წმიდა მოწამენი ქრისტეფორე, თეონი და ანტონინი (+303) იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ჯარში მსახურობდნენ. ისინი წმიდა დიდმოწამე გიორგის (ხს. 23 აპრილს) წამებას ესწრებოდნენ, იხილეს მომხდარი სასწაულები, წმიდანის სარწმუნოება და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეომრებმა წარმართი მეფის მსახურებას ქრისტეს მხედრობა არჩიეს, განიძარცვეს ოქროს სარტყლები და იმპერატორის წინაშე განაცხადეს, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ. ქრისტეს ახალი აღმსარებლები ციხეში ჩაყარეს. მეორე დღეს იმპერატორმა მხედრებს სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ წმიდანები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და ადიდებდნენ მაცხოვარს. დიოკლეტიანეს ბრძანებით ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე ცემეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს. ეს მოხდა 303 წელს.მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო. მან მრავალი ტანჯვა-წამება დაითმინა წარმართთაგან, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.არსებობს ვარაუდი, რომ მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და პალესტინის საბადოებში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დევნილობის დროს.
მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა. წმიდანის კანონი დაიწერა ხატმბრძოლობის ერესის მძლავრობის დროს (842 წლამდე).
ღირსი იოანე, რომელი იყო ხუცესი, ძველი ლავრისა პალესტინასა შინა (VIII)
ღირსი იოანე, რომელი იყო ხუცესი ძველი ლავრისა პალესტინასა შინა (VIII), ახალგაზრდა იყო, როცა დატოვა სახლ-კარი, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად წავიდა და საღვთო შურით აღძრული დაემკვიდრა ღირსი ხარიტონის (ხს. 28 სექტემბერს) ლავრაში, რომელიც უძველესი იყო პალესტინის სავანეთა შორის. ეს ლავრა მდებარეობდა ბეთლემთან ახლოს, მკვდარ ზღვასთან. გამუდმებული მოღვაწეობით წმიდა იოანემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. კეთილმსახურებით გამორჩეულ ბერს მღვდლად დაასხეს ხელი. თავისი წმიდა ცხოვრებით მან შორს გაითქვა სახელი.წმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი (IX)
წმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი (IX) ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების დროს ცხოვრობდა. წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად. განიდიდა წმიდა ცხოვრებით და ხელდასხმულ იქნა ანტიოქიის პრუსაიდის ეპისკოპოსად.იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) მიერ წმიდა ხატთა თაყვანისცემის აკრძალვის ჟამს წმიდა გიორგი კონსტანტინეპოლს ჩავიდა, ეპისკოპოსთა კრებაზე ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და მოუწოდა იმპერატორს დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. წმიდანმა უარი განაცხადა ტაძრიდან ხატების გატანაზე, რისთვისაც დაიჭირეს და გადაასახლეს (+დაახლ. 813-820).
წმიდა ტრიფონ კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+933)
წმიდა ტრიფონი – კონსტანტინეპოლის პატრიარქი (+933) სიყრმეში აღიკვეცა ბერად. ამ დროს ბიზანტიაში მეფობდა იმპერატორი რომანოზი (919-944), რომელსაც სურდა პატრიარქის კათედრაზე აღესაყდრებინა თავისი უმცროსი ძე თეოფილაქტე. როცა პატრიარქი სტეფანე (925-928) გარდაიცვალა, თეოფილაქტე 16 წლისა იყო. იმპერატორმა ღირს ტრიფონს სთხოვა, პატრიარქის თანამოსაყდრე ყოფილიყო თეოფილაქტეს სრულწლოვანებამდე.ღირსმა ტრიფონმა მორჩილებით მიიღო საპატრიარქო მსახურების სიმძიმე და სამი წლის განმავლობაში ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. როცა თეოფილაქტე 20 წლის გახდა, იმპერატორმა წმიდა ტრიფონს შესთავაზა, უარი ეთქვა პატრიარქის ხარისხზე. ღირსი ტრიფონი შეუძლებლად მიიჩნევდა გამოუცდელი ყმაწვილის საჭეთმპყრობელობას და უარი განაცხადა იმპერატორის წინადადებაზე. იმპერატორმა საბაბი ვერ მონახა პატრიარქის გადასაყენებლად, მაგრამ ისარგებლა კესარიის ეპისკოპოსის თეოფილეს ვერაგობით.
თეოფილე მივიდა ღირს ტრიფონთან, მოუწოდა გადაწყვეტილება, მაგრამ ურჩია, წინასწარი ზომებიც მიეღო: მის უწიგნურობაზე იმპერატორის აზრის გასაბათილებლად ფურცელზე დაეწერა თავისი სრული ტიტული. უბოროტო პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრებაზე სუფთა ფურცელზე დაწერა „ტრიფონი – ნებითა ღვთისათა არქიეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა. ახალი რომისა, პატრიარქი მსოფლიოსა“. იმპერატორის ბრძანებით ხელმოწერას ვერაგულად დაამატეს შემდეგი წინადადება: „პატრიარქის ტახტს ვტოვებ მხოლოდ იმიტომ, რომ თავს ღირსად არ ვთვლი“. როდესაც ეს ნაყალბევი წაიკითხეს, წმიდა ტრიფონი პატრიარქის სასახლიდან გააძევეს. ღირსმა ტრიფონმა სულგრძელად დაითმინა საშინელი ღალატი, მონასტერში დაბრუნდა და აღსასრულამდე იქ ცხოვრობდა (+933). მისი გვამი კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და პატრიარქთა საძვალეში დაკრძალეს.
ღირსი ნიკიფორე იღუმენი
ღირსი ნიკიფორე იღუმენი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ და ცნობილ ოჯახში. მშობლები, ანდრია და თეოდორა ქრისტიანულად ზრდიდნენ შვილს. მათი სიკვდილის შემდეგ ნიკიფორემ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და ქალკედონში გაემგზავრა. ღირს ნიკიფორეს მოეწოდა წმიდა ანდრიას მონასტრის მკაცრი ცხოვრების წესი და იქვე დარჩა სამოღვაწეოდ.მან ისეთი არაჩვეულებრივი გულმოდგინება გამოამჟღავნა ლოცვასა და შრომაში და ისეთი მონდომება მოთმინებასა და მოღვაწეობაში, რომ მალე იღუმენმა ფინიკიის კუნძულზე გაგზავნა საქადაგებლად და დაადგინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენად.
ღირსმა ნიკიფორემ კუნძულზე გაატარა 33 წელი და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ღირსმა იღუმენმა ძმებს სთხოვა, ხომალდზე აეყვანათ, თვითონ კი ხომალდის პატრონს უთხრა: „მშვიდად იყავით, სული ჩემი უფალთან მიდის, გვამი კი ქალკედონზე წაიღეთ, წმიდა ანდრიას ლავრაში“, ხომალდმა მშვიდობით მიაღწია ქალკედონამდე. წმიდა ანდრიას მონასტრის მამებმა პატივით დაკრძალეს წმიდა მოღვაწის ცხედარი.