2.06.2026. I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

2.06.2026. I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი.

სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული.

კრება მანგლისის ჯვარისა. ღირსთა: ზაბულონისა და სოსანასი, წმიდა მოციქულთა სწორ ნინოს მშობელთა (IV); მოწამეთა: თალალესი, ალექსანდრესი და ასტერისა, ეგეელთა (284); მოწამისა ასკალონისა (287); მოსკოველი მიტროპოლიტისა ალექსისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა, 1431).

დღის ლოცვები

მოწამეთა: თალალეს, ალექსანდრეს და ასტერიოსის კონდაკი:

მოწამეთა თანა ვნებულად გამოსჩნდი და იქმენ მხედარ ჭურვილად მეუფისა დიდისა განცდით, და სატანჯველითა სილაღე იგი კერპმსახურებისა დასთრგუნე; ამისთვისცა უგალობთ პატიოსანსა ხსენებასა შენსა, ბრძენო თალალე.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები

რომ. 1: 1-7,13-17 (დას. 79). მთ. 4: 25-5: 13 (დას. 10).

რომ. 1: 1-7, 13-17 

1. პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული, 2. სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილში, 3. და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს, 4. ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, 5. ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი, 6. რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი; 7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

13. მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის. 14. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. 15. ჩემდა თავად კი ვისწრაფვი, რომ გახაროთ რომში მყოფთაც. 16. რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის. 17. რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.

მთ. 4: 25-5: 13 

25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.

1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ. 13. თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

ღირსი ზაბულონი და სოსანა, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს მშობლები (IV)

წმიდა ზაბულონი და სოსანა, წმიდა ნინოს მშობლები იყვნენ.

წმიდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში დაახ. 280 წელს. წმიდა ზაბულონის მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით წმიდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმიდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა „კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი“ და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა. ფრანგებთან ბრძოლის დროს „მოსცა უფალმან ძალი ზაბულონს“, შეიპყრო ფრანგთა მეფე და მთავარნი და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს.

წმიდა ზაბულონის ქადაგების გავლენით სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონმა იმპერატორს სთხოვა შეესრულებინა ტყვეთა ბოლო სურვილი. სიკვდილმისჯილებს „მისცეს ნათელი ხელსა ქვეშე ზაბულონისა“. წმიდა ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა და იმპერატორმა მიჰმადლა მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე.

წმიდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს. IX საუკუნის უცნობი ქართველი ჰიმნოგრაფი წმიდა ნინოს შესხმისას წერს: „ზაბულონ მამამან მისმან ფრანგნი უკუე მოაქცივნა მახვილითა, ხოლო ნეტარმან ნინო მოაქცივნა ქართველნი, ჯვრითა ცხოველითა“.

წმიდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად. იქ მან მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა ფრანგთა „მამასა და ემბაზს“, „ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ“ ზაბულონს თავისი და, სოსანა მიათხოვა. წმიდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში – კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელსაც ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ „მსახურებასა შინა გლახაკთასა“.

როდესაც ნინო თორმეტი წლის გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისგან აიღო კურთხევა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, „სადა ყოფა მისი უწყის ღმერთმან“. წმიდა სოსანა – „დედა იგი წმიდა ნინოსი მისცა პატრიარქმან მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა“. ცნობა წმიდა ნინოს მშობლების შესახებ მხოლოდ ქართულმა წყაროებმა შემოგვინახა.

1996 წლის 10(23) დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა განჩინება:

„სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ!

ქართველი ერის განმანათლებლის, წმიდა ნინოს მშობლები, ზაბულონ და სოსანა, ოდეს მძლავრობდა წარმართთა სარწმუნოება და მრავალნი ეწამებოდნენ ქრისტესთვის, იყვნენ დაუფარავი აღმსარებელნი ჭეშმარიტი ღმერთისა და ნათლისმცემელ მრავალთა, შემდგომად კი, დაუტევეს რა ყოველი მონაგები, შეუდგნენ ღმერთსა, ზაბულონ – უდაბნოსა შინა, ხოლო სოსანა – გლახაკთა მსახურებასა შინა.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი განაჩინებს, რათა წმიდა ნინოს მშობლები მოციქულთა სწორის აღზრდისათვის და ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის შერაცხილ იქნენ წმიდანთა დასში და ეწოდოთ: ზაბულონს – ღირსი მამა ზაბულონი და სოსანას – ღირსი დედა სოსანა“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წმინდა მოწამენი – თალალე, ალექსანდრე და ასტერი (+284) – 20 მაისი (2 ივნისი)
წმინდა მოწამენი - თალალე, ალექსანდრე და ასტერი (+284) - 20 მაისი (2 ივნისი)
იმპერატორ ნუმერიანეს მეფობის (283-284) დროს ქალაქ ეგეს მთავარმა მეომრები გაგზავნა ქრისტიანთა მოსაძებნად, მასთან მიიყვანეს 18 წლის ქერათმიანი ჭაბუკი თალალე. დაკითხვაზე ყმაწვილმა განაცხადა: “მე ვარ ქრისტიანი, ლიბანელი. მამაჩემი – ბერუკი მხედართმთავარი იყო, დედას რომელეა ჰქვია. მყავს იპოდიაკონი ძმა. მე ექიმობა შევისწავლე მკურნალ მაკარისგან. ქრისტიანთა დევნის ჟამს უდაბნოში გავიქეცი, მაგრამ შემიპყრეს და მმართველ ტიბერიუსთან მიმიყვანეს, მაწამეს, მაგრამ ქრისტეს სახელი ვაღიარე, ღვთის შეწევნით გავიქეცი და ახლა შენს ხელში ვარ. აწ ჰქმენით ჩემ ზედა, რაცა გსურთ. მე მზად ვარ სიხარულით დავითმინო სიკვდილი სახელისათვის უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა”.
განრისხებულმა მთავარმა ორ ჯალათს – ალექსანდრეს და ასტერს – უბრძანა, წვივები გაეხვრიტათ მოწამისთვის, შიგ თოკი გაეყარათ და ხეზე ჩამოეკიდათ. ღვთის განგებით ჯალათებმა შეიბრალეს ახალგაზრდა თალალე, მათ ხის კუნძი გახვრიტეს და ხეზე ისე ჩამოკიდეს, ანუ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს. მმართველმა ეს რომ დაინახა, ჯალათებზე განრისხდა და მათი სასტიკად ცემა ბრძანა. მაშინ წმინდა ალექსანდრემ და ასტერმა ხმამაღლა თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს და ყოვლის შემოქმედი ღმერთი ადიდეს. გამგებლის ბრძანებით მათ იმწუთას თავები მოჰკვეთეს. მერე კი სცადა თალალესთვის წვივევი გაეხვრიტა, მაგრამ ღვთის ნებით ეს ვერ შეძლო, მაშინ წმინდანი ზღვაში დაახრჩვეს.
წმინდა თალალეს დასახრჩობად წასული მსახურები დაბრუნდნენ და გამგებელს მოახსენეს, – ბრძანება შევასრულეთო. ამ დროს თეთრად მოსილი წმინდა თალალე წარმოუდგათ. “ზღვაც კი მოაჯადოვაო”, – იყვირა გაოგნებულმა გამგებელმა. ერთ-ერთმა იქ მყოფმა მოგვმა, ურბიკიანემ, მთავარს ურჩია, მხეცებისთვის მიეგდო წმინდანი, მაგრამ არც მძვინვარე დათვმა, არც მშიერმა ლომმა პირი არ დააკარეს, ფეხებთან მიუწვნენ და ლოკავდნენ. გაოცებული ხალხი გაიძახოდა: “დიდია ქრისტიანეთა ღმერთი, თალალეს უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ!” ბრბომ შეიპყრო ურბიკიანე და მხეცებს მიუგდო, მათ იმწამსვე გაგლიჯეს მოგვი. სხვა რომ ვეღარაფერი მოიგონა, მმართველმა ბრძანა, წმინდა თალალე მახვილით მოეკლათ. გაიყვანეს დასასჯელ ადგილას, რომელსაც ედესას ეძახდნენ. ეს მოხდა 284 წელს. წმინდანმა ილოცა, ხოლო შემდეგ ქედი შეუშვირა მახვილს. მისი წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლის აღათონიკეს ტაძარშია დასვენებული და მრავალ სასწაულს აღასრულებს. წმინდა თალალე ეკლესიის მიერ შერაცხილია უვერცხლო მკურნალად. მას მიმართავენ ლოცვით ზეთის კურთხევისა და აიაზმის (წყლის კურთხევის) დროს. ამბობენ, რომ მისი დასჯის ადგილას ხე ამოვიდა, რომლის ნაყოფი და ფოთოლი ათასგვარი სნეულებისგან ჰკურნავდა ხალხს და თითქოს ამით ერთგვარად წმინდა თალალეს საქმეს აგრძელებდა.
წმინდა მოწამე ასკალონი (+დაახლ. 287) 
წმინდა მოწამე ასკალონი (+დაახლ. 287) - 20 მაისი (2 ივნისი)

წმინდა მოწამე ასკალონი დაიბადა შუა ეგვიპტეში, ქალაქ დიდ ერმოპოლისში. წმინდანი უფლისთვის ეწამა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს.

იგი შეიპყრეს და მმართველ არიანეს მიჰგვარეს. ასკალონმა თამამად აღიარა ქრისტიანობა და უარი განაცხადა წარმართთა ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვაზე. წმინდანმა თავის განმსჯელ არიანესაც უწინასწარმეტყველა: დადგება დრო, როცა თვითონაც აღიარებ უფალ იესო ქრისტეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. არიანეს ბრძანებით, ასკალონი სასტიკად აწამეს, ხეზე დაჰკიდეს და რკინის იარაღებით იმგვარად დასერეს, რომ ხორცის ნაფლეთები მიწაზე ცვიოდა. წმინდანი მდუ-მარედ დაითმენდა ტკივილებს. ერთ-ერთი ჯალათი მოწამესთან მივიდა, შეხედა და თქვა: “შეხედეთ, მან გრძნობა დაკარგა და სიკვდილის პირასაა მისული”. წმინდანმა თვალები გაახილა და უპასუხა: “მე გრძნობა არ დამიკარგავს, მოუკლებლად განვადიდებ ჩემს შემოქმედ ღმერთს”.
არიანე ნილოსის გაღმა, ქალაქ ანტინუსში აპირებდა წასვლას და ბრძანა, ასკალონიც თან წამოეყვანათ.
მაშინ წმინდა ასკალონი უფალს შეევედრა, მთავრის ნავი იმდენხანს გაეჩერებინა მდინარეში, ვიდრე არიანე ხალხის წინაშე არ აღიარებდა იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად, ყოვლის შემოქმედად. აი, შეცურეს შუა ნილოსში და არიანეს ნავი გაჩერდა. მენიჩბეებმა ვერანაირი ძალით ვერ დაძრეს ადგილიდან. არიანემ ეს სასწაული ასკალონის გრძნეულობას მიაწერა, მაგრამ მაინც მოუხდა დაფაზე დაეწერა, რომ იესო ქრისტეს აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთად. მაშინ ნავი ამოძრავდა.
განრისხდა არიანე და მომხდარი სასწაული ასკალონის ჯადოქრობას მიაწერა. ქალაქში ჩასულმა კვლავ ბრძანა მისი წამება. იგი კვლავ ხეზე ჩამოჰკიდეს, სხეულს ცეცხლით უწვავდნენ, შემდეგ კი მმართველმა მდინარეში ჩაახრჩობინა. წმინდა ასკალონმა იქვე მყოფ ქრისტიანებს მიმართა: “ესწრაფეთ, ძმანო, უფლის წყალობის მისაღებად. ჩემი სიკვდილიდან მესამე დღეს ქალაქის ჩრდილოეთში მოდით, და იქ იპოვით ჩემს ცხედარს, ზედ გამობმულ ქვასთან ერთად, და ასევე დამმარხეთო. წმინდანი 287 წელს წარვიდა უფალთან. მესამე დღეს ქრისტიანებმა წმინდა-ნისაგან მითითებულ ადგილას იპოვეს მოწამე ასკალონის ქვაგამობმული ცხედარი და მისი ანდერძისამებრ ქვიანად დაასაფლავეს.

სტატიის ავტორი: ჟურნალი “კარიბჭე” admin