2.07.2026. მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

2.07.2026. მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

2.07.2026. ხსნილი თევზით

მოციქულისა იუდასი, ძმისა უფლისა (80); მოწამისა ზოსიმესი (II); ღირსისა პაისი დიდისა (V); ღირსისა იოანე განდეგილისა (VI); ღირსისა პაისი ხილანდარელისა (XVIII). 

დღის ლოცვები

მოციქული იუდას, ძმისა უფლისა
ტროპარი: ნათესავად ქრისტესა, ჰოი, იუდა, და მხნედ მოწამედ საღმრთოდ გქადაგებთ შენ საცთურისა უჩინომყოფელად და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისათვისცა დღეს ყოვლადწმიდისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნასა მოველით ლოცვითა შენითა.

კონდაკი: პავლეს თანამზრახველად გამოსჩნდი, მოციქულო, და მის თანა ქადაგებაი მოგვითხრენ ჩუენ საღმრთოსა მადლისა, საიდუმლოთა მეტყუელო იუდა ნეტარო; ამისთვის გიღაღადებთ შენ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩუენ ყოველთათვის.

სხვა კონდაკი: გონებითა მტკიცითა მოწაფედ რჩეულად გამოსჩნდი შენ და გოდლად უბრძოლველად ქრისტეს ეკლესიისა, და წარმართთა უქადაგე სახარებაი ქრისტესი, და რწმუნებად სიტყვისა ერთითა ღმრთაებითა, რომლისა მიერ იდიდე და მოიხვენ ნიჭნი კურნებათანი სენთა კურნებად, რომელნი მოვივლტით შენდა მომართ, მოციქულო იუდა ყოვლადქებულო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

რიგ.: რომ. 15: 17-29 (დას. 118). მთ. 12: 46-13: 3 (დას. 49).
მოც.: იუდ. 1: 1-10 (დას. 77). ინ. 14: 21-24 (დას. 48, შუა).

რიგ.: რომ. 15: 17-29 

17. ამიტომ დიახაც შემიძლია ვიქადოდე ქრისტე იესოში ღვთის წინაშე. 18. რადგანაც ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც ჩემი მეშვეობით არ ექმნას ქრისტეს, წარმართთა დასამორჩილებლად, სიტყვით თუ საქმით, 19. სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით; ასე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან მოყოლებული ილირიკამდე გავავრცელე სახარება ქრისტესი. 20. თანაც ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა. 21. არამედ, როგორც დაიწერა: „ვისაც არ უწყებია, ისინი იხილავენ, და ვისაც არ სმენია, ისინი შეისმენენ“. 22. სწორედ ამან მრავალგზის შემიშალა ხელი თქვენთან მოსვლაში. 23. ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და დიდი ხანია მსურს თქვენთან მოსვლა, 24. ამიტომ, როგორც კი ესპანეთს გავემგზავრები, თქვენთანაც მოვალ, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გზად მიმავალი გიხილავთ და კიდეც გამაცილებთ, მას შემდეგ, რაც ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით. 25. ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად. 26. ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს. 27. ინებეს და მართებთ კიდეც, რადგან თუ წარმართნი სულიერად მათი თანაზიარნი გახდნენ, თავიანთი მხრივ, მოვალენი არიან ხორციელად დაეხმარონ მათ. 28. ამას რომ მოვრჩები და ჩავაბარებ მათი გულმოდგინების ნაყოფს, თქვენც გინახულებთ, მერე კი ესპანეთს გავემგზავრები. 29. ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას ქრისტეს სახარების სრული კურთხევით მოვალ.

რიგ.: მთ. 12: 46-13: 3 

46. და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას. 47. მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და სიტყვის სათქმელად გეძებენ შენ. 48. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები? 49. გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. 50. რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი. 

1. იმ დღეს სახლიდან გამოვიდა იესო და ზღვის პირას დაჯდა. 2. და შემოკრბა მის ირგვლივ დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავში შევიდა და დაჯდა, ხოლო მთელი ხალნი ნაპირზე იდგა. 3. ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.

მოც.: იუდ. 1: 1-10 

1. იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, – მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის. 2. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ. 3. საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ. 4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს. 5. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი. 6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს. 7. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი. 8. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ. 9. მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა! 10. ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.

მოც.: ინ. 14: 21-24 

21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას. 22. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტელმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას? 23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ. 24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა (+დაახლ. 80)
წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა – იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი (მთ. 10,3); თადეოზი (მთ. 10,3; მკ. 3,18); ბარსაბა (საქმე, 15,22).
გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი კუთვნილი მიწების დანაწილება დაიწყო ძმებს შორის, ისურვა, მარიამ ქალწულისგან შობილი ქრისტე მაცხოვრისთვისაც გამოეყო ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (ინ. 7,5). მხოლოდ უფროსმა მათგანმა – იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობლად. მოგვიანებით იუდამ ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი, მაგრამ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა – თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება.
იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქული იუდა სახარების საქადაგებლად გაემგზავრა. იგი ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს. 
წმიდა მოწამე ზოსიმე მხედარი (II)
წმიდა მოწამე ზოსიმე თრაკიის ქალაქ აპოლონიაში ცხოვრობდა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ტრაიანეს (89-117) ზეობისას. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მან დააგდო სამხედრო სამსახური და ჭეშმარიტ ღვთისმოსავებს შეერთო. უსჯულოებმა უფლის რჩეული ანტიოქიის მმართველ დომიციანესთან დაასმინეს. სამსჯავროზე წარმდგარმა ზოსიმემ ახოვნად აღიარა ქრისტე, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე კი უარი განაცხადა. ამისთვის მარტვილი სასტიკად აწამეს. მმართველის ბრძანებით, იგი გახურებულ სარეცელზე გააწვინეს, მაგრამ პირჯვრის მადლით დაცულს არანაირი ტკივილი არ უგრძვნია. დომიციანემ განკარგულება გასცა, წმიდანი ლანჩებში ლურსმნებგაჩრილი სანდლებით ეტარებინათ. შემდეგ ნეტარი ზოსიმე საპყრობილეში ჩააგდეს მშიერ-მწყურვალი. ანგელოზმა პურითა და წყლით განუახლა ძალა მოუძლურებულს. როცა ხანგრძლივი და აუტანელი სატანჯველებით ვერ მოდრიკეს ქრისტეს აღმსარებელი, უღონოქმნილმა მტარვალებმა მას თავი მოჰკვეთეს. წმიდანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. 
ღირსი პაისი დიდი (V)
პამვას სიკვდილამდე ამ სავანეში ცხოვრობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, ნიტრიის უდაბნოს სიღრმეში შევიდა და საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დაეყუდა. აქ ნეტარი მამა საოცარი ჩვენების ხილვის ღირსი შეიქმნა: თავად უფალმა იესო ქრისტემ განუცხადა, რომ მისი ღვაწლის მეოხებით მთელი უდაბნო სულიერ მოღვაწეთა სამკვიდრებლებით მოიფინებოდა. პაისი გაკადნიერდა ეკითხა, როგორ შეძლებენო ისინი არსებობას ამ უსიცოცხლო გარემოში. უფალმა მიუგო: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავენ, მე თვითონ მივაწვდი მათ ყველაფერ აუცილებელს და ბოროტის საცთურთა მახესაც განვარიდებ!“
თანდათან წმიდა მამის ირგვლივ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები შემოიკრიბნენ და მონასტრებიც დაარსდა. წმიდა მამას სული დაუმძიმა მდუმარების აღთქმის დარღვევამ და უფრო შორეულ მღვიმეში გადასახლდა.
დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის წმიდანს სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა: ერთხელ, მისი კურთხევით ეგვიპტეში ხელსაქმის გასაყიდად წასულ ბერს გზად ერთი ებრაელი დაემგზავრა. იგი გულმართალ მონაზონს ჩასჩიჩინებდა, ქრისტე მაცხოვარი არ არის მესია, სხვა, ჭეშმარიტ მხსნელს უნდა მოველოდეთო. ბოლოს მოწესემ დაეჭვებით თქვა: „შესაძლოა მართალიცაა, რასაც ლაპარაკობ“, მაგრამ თავისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. სავანეში დაბრუნებულ ბერს წმიდა პაისიმ მწუხარებით მიმართა: „ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, შენ კი ქრისტიანი აღარა ხარ – ნათლისღების მადლი განგეშორა“. მონაზონი სინანულში ჩავარდა და მწარედ აცრემლებულმა შენდობა ითხოვა. მხოლოდ მაშინ დადგა წმიდა მამა ლოცვად და უფლისგან სულიერი შვილისათვის ცოდვის ახსნა გამოითხოვა.
ღირსი პაისი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დაეფარა თავისი ღვაწლი. ძმების შეკითხვაზე, რომელი სათნოებააო ყველაზე აღმატებული, წმიდანი პასუხობდა: „ის, რომელიც ფარულად აღესრულება და რომლის შესახებაც არავინ უწყის“.
ღირსი პაისი V საუკუნეში მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში. ბერებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ისიდორე პელუსიოტელმა (ხს. 4 თებერვალს) ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები თავის სავანეში გადაასვენა და მისი სულიერი მეგობრის, ღირსი პავლე მეუდაბნოეს ნეშთის გვერდით დააბრძანა. 
ღირსი იოანე განდეგილი (VI)
ღირსი იოანე განდეგილი პალესტინაში, იერუსალიმის მახლობლად მოღვაწეობდა. ერთადერთი, რაც უპოვარ მოსაგრეს გააჩნდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იყო. წმიდა მამა ხშირად მოგზაურობდა იერუსალიმისა და სინას მთის წმიდა ადგილების მოსალოცად. მღვიმიდან გასვლის წინ იგი ღვთისმშობელს გამოსთხოვდა კურთხევას და ხატთან ანთებულ კანდელს ტოვებდა. ერთი, ზოგჯერ კი ექვსი თვის შემდეგაც უკან მობრუნებულ მამას კანდელი ყოველთვის ჩაუმქრალი და ზეთით სავსე ხვდებოდა. ერთხელ, ვიწრო ბილიკზე ბერს ლომი შემოხვდა, გაქცევაც შეუძლებელი იყო და გვერდის ავლაც. მაშინ თვითონ ნადირთა მეფემ მოიდრიკა ქედი წმიდანის წინაშე: უკანა თათებზე დამდგარი ფრთხილად აეკრა კლდეს და მოწიწებით გაატარა განდეგილი.
ღირსი იოანე განდეგილი VI საუკუნეში გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში. 
ღირსი პაისი ხილენდარელი (ბულგარელი) (XVIII)
ღირსი პაისი ხილენდარელი 1722 წელს დაიბადა ბანსკოში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მისი ერთი ძმა ხილენდარის მონასტრის იღუმენი იყო, მეორე – ტაძრებისა და მონასტრების უხვი შემომწირველი. თავად პაისი რილის სავანეში მსახურობდა მორჩილად. 1745 წელს 23 წლის ასაკში, წმიდანი ძმასთან, ხილენდარის მონასტერში გადავიდა და ბერად აღიკვეცა. ღვთივგაბრძნობილი მოსაგრე მალე მღვდლად აკურთხეს. 1762 წელს ღირსმა პაისიმ დაწერა „სლავო-ბულგარეთის ისტორია“ – წიგნი, რომელმაც განამტკიცა ბულგარელი ხალხის ეროვნული თვითშეგნება. უცხოტომელთა უღლით დათრგუნულ და შევიწროებულ ქვეყანაში მან კვლავ ააელვარა მოციქულთასწორების, კირილესა და მეთოდეს (ხს. 11 მაისს) მიერ აგზნებული მართლმადიდებლობის ლამპარი.
ნეტარი მამის მიცვალების დრო და ადგილი დღემდე უცნობია. ბულგარეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით იგი 1962 წლის 26 ივნისს შერაცხა წმიდანად. პაისი ხილენდარელის (ბულგარელის) სახელი მიეკუთვნა პლოვდივის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბულგარეთის მრავალ ინსტიტუტსა და სკოლას, რაც მისადმი მთელი ერის დიდ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემაზე მეტყველებს.